ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გაიგონა ეს ხიზკიამ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.

1

და იყო, ვითარცა ესმა ეზეკიას მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას უფლისასა.

2 გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან. 2 და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.
3 უთხრეს: ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა. 3 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.
4 ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ შემოთვალა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან. 4 ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.
5 მივიდნენ მეფე ხიზკიას მორჩილნი ესაიასთან. 5 და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიასა.
6 უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავენ აშურის მეფის მსახურნი. 6 და ჰრქვა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანისანი.
7 მოვუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისვე ქვეყანაში მახვილით დავცემ. 7 აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მიიქცეს ქვეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.
8 დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი. 8 და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფე იგი ასურასტანისა, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა და ესმა, ვითარმედ იტრა ლაქისით.
9 თირჰაკაზე ქუშის მეფეზეც გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიას და დააბარა მათ: 9 და მას ესმა თართაკ მეფისა მის ეთიოპელთასა და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიასა და თქუა:
10 ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში. 10 ესრეთ ეტყოდით ეზეკიას, მეფესა იუდასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მისცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთასა.
11

ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?

11

აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რა ჰყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი და აწ შენ განრინებასა ჰგონებ?

12 აბა თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან? 12 იჴსნნეს ნუ იგინი ღმერთთა მათ ნათესავთა, რომელნი-იგი განრყუნეს მამათა ჩუენთა გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისნი კიდედმდე ზღჳსა.
13 სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ღივას მეფე? 13 სადა არს მეფე იგი ემათისი და მეფე არფათისი? და მეფე ქალაქისა მის სეფერუმისი ანადავა?
14 გამოართვა ხიზკიამ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი. 14 და მიიღო ეზეკია როარტაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთასა და წარიკითხა და შევიდა სახლსა მას უფლისასა და განმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.
15 ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა. 15 და ილოცვიდა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ზი ქერობინთა, შენ მხოლო ხარ ღმერთი ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შექმენ ცა და ქუეყანა.
16 ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა. 16 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე; აღიხუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილენ და ისმინენ სიტყუანი იგი სენაქერიმისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.
17 მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები, 17 რამეთუ ნანდვილვე, უფალო, წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანა მათი.
18 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო. 18 და მისცნეს ღმერთნი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყუნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნილნი ჴელთა კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.
19 აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი. 19 და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რათა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო.
20 შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიას. ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ. 20 და მიავლინა ესაია, ძე ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: რომელ-ეგე ილოცე ჩემდა მომართ სენაქირიმის თანა, მეფისა ასურასტანელისა, ვისმინე.
21

აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა;

21

ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო. თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.

22 ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე! 22 ვინ აგინე და შეურაცხ-ყავ, ანუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.
23 შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში. 23 მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძუთა, რჩეულ-რჩეული იგი ფიჭუთა, და მივიწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.
24 ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეებიო. 24 მე დავიცევ და ვსუ წყალი უცხოსი და განვაჴმნე და დავტკებნე ბრჭალითა ჩემითა ყოველნი შესაკრებელნი წყალთანი.
25 ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები. 25 არამედ გასმიეს შორით ეგე, რომელ ვყავ დღეთა პირველთა, დავბადე ეგე და განვასრულე ეგე და იქმნეს წარსტყუენველად მბრძოლთა ქალაქთა ძნელოვანთა.
26 მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, შეშინდნენ და სირცხვილში არიან; მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით. 26 და რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას შინა, მოუძლურდეს ჴელითა და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა. და იქმნეს ვითარცა თივა ველისა და ვითარცა მწუანე თივისა ერდოსა და დასატკეპნელად წინაშე მიწევნულთა მაგის ზედა.
27 ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები. 27 აწ ჯდომა შენი და გამოსლვა და შესულა შენი უწყი და გულისწყრომა შენი,
28 იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი. 28 რომელ განრისხენ ჩემ ზედა და აღმღერება ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცვა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი ყბასა შენსა და უკუნგაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.
29 ეს გქონდეს სასწაულად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი. 29 და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეჭამო დაკრებილი შენი, და მეორესა წელსა შეჭამო გერი მისი, და მესამესა წელსა სთესოთ და მოიმკოთ და დანერგოთ ვენაჴები, და სჭამოთ ნაყოფისა მათისა.
30 კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს. 30 და იყოს სახლსა მაგას იუდასსა და რომელ-იგი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი დამართ და გამოსცეს ნაყოფი.
31

რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.

31

რამეთუ ერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით განრინებული, შურმან უფლისა ძალთასამან ყოს ესე.

32 ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. 32 ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთასა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას, არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგასა ზედა მიწა.
33 უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი. 33 გზასა, რომელსა მოვიდა, მასვე მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, - თქუა უფალმან, -
34 მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის. 34 და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.
35 იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა. 35 და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.
36 აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. 36 და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.
37 ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა. 37 და იყო, ვიდრე თაყუანის-სცემდა სახლსა მას ნერსაქისსა ღმერთთა თჳსთა, და ადრიმელექ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა. და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარატისა და მეფობდა ასურდან, ძე მისი, მის წილ.