ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ბარუქ წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში

1

და ესე სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწერნა ბარუქ, ძემან ნირისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიასმან, ძისა სადისმან, ძისა ქელკისმან, ბაბილონს შინა.

2 მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროს, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლში დაწვეს. 2 წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.
3 წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იექონიას, იუდას მეფის იეჰოაკიმის ძის, გასაგონად, და მთელი ხალხის გასაგონად, რომელიც მოვიდა წიგნის მოსასმენად. 3 და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,
4 ძალმოსილთა, უფლისწულთა, უხუცესთა გასაგონად და მთელი ხალხის, პატარიდან დიდამდე, ყველას გასაგონად, ვინც კი ბაბილონში, მდინარე სუდის ნაპირას ცხოვრობს. 4 და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.
5 ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე; 5 და რომელთა ესმათ, ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს ლოცვათა წინაშე უფლისა.
6 შეკრიბეს ვერცხლი, ვის რამდენი შეეძლო, 6 და შეკრიბეს ვეცხლი, ვითარცა თჳთეულისაჲ შემძლებელ იყო ჴელი.
7 და გაუგზავნეს იერუსალიმში იეჰოაკიმს, ძეს ხილკიასი, ძისა შალუმისა, მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში. 7 და წარგზავნეს იერუსალჱმდ იოაკიმის მიმართ, ძისა ქელკისსა, ძისა სალომისა, მღდელისა და მღდელთა მიმართ, და ყოვლისა ერისა მიმართ, პოვნილთა მათ თანა იერუსალჱმს შინა,
8 მიიღო ბარუქმა ტაძრიდან გამოტანილი უფლის სახლის ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად სივანის მეათე დღეს, ჭურჭელი ვერცხლისა, რომელიც გააკეთა ციდკიამ, იუდას მეფის, იოშიას ძემ, 8 მოღებასა მისსა ჭურჭელთა სახლისა უფლისათა, გამოხმულთა ტაძრისაგან, მიქცევად ქუეყანად იუდაჲსასა მეათესა სიუაჲსასა ჭურჭელნი ვერცხლისანი, რომელნი შექმნნა სედეკია, ძემან იოსიასმან, მეფისა იუდაჲსამან.
9 მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა იექონია, მთავრები და ტყვეები, ძალმოსილნი და ქვეყნის ერი იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა. 9 შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, იექონიაჲსსა და მთავართა და შემწირველთა და ჴელოანთა და ძლიერთა და ერისა ქუეყანისაჲსა იერუსალჱმით და შეყვანებისა მათისა ბაბილონდ
10 თქვეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და იყიდეთ ვერცხლით საკლავი აღსავლენისთვის და ცოდვებისთვის, და საკმეველი, გაამზადეთ საძღვნო შესაწირავი და მიიტანეთ ჩვენი უფლის სამსხვერპლოზე. 10 და თქუეს: აჰა, წარმოვგზავნეთ თქუენდა ვეცხლი და იყიდენით ვერცხლითა ყოვლადდასაწუელნი და ცოდვათა ძლითნი და გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და აღიღეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩვენისასა.
11 ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე; 11 და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, და ცხორებისათჳს ვალტაშარ, ძისა მისისა, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.
12

და უფალი მოგვცემს ჩვენ ძალას და გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ჩრდილქვეშ და ბალთასარის, მისი ძის ჩრდილქვეშ და დავემორჩილებით მათ მრავალ დღეს და ვპოვებთ სიხარულს მათ წინაშე.

12

და გუცეს უფალმან ძალი ჩუენ, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, და ცოცხალ ვიყვნეთ აჩრდილსა ქუეშე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა და აჩრდილთა ქუეშე ვალტასარ, ძისა მისისა. და ვჰმონოთ მათ დღეთა მრავალთა და ვპოოთ მადლი წინაშე მათსა.

13 ილოცეთ ჩვენთვისაც უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს და დღემდე არ უკუქცეულა უფლის გულისწყრომა და მისი რისხვა ჩვენგან. 13 და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და არ უკუნიქცა გულისწყრომა უფლისაჲ და რისხვა მისი ჩვენგან, ვიდრე დღისამდე ამის.
14 წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულის დღეს და დაწესებულ დღეებში. 14 და წარიკითხეთ წიგნი ესე, რომელი წარმოვგზავნეთ თქუენდა აღსარებად სახლსა შინა უფლისასა დღეთა შინა დღესასწაულისა და დღეთა შინა ჟამისათა.
15 თქვით: უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ კი პირზე სირცხვილი გვაქვს, როგორც დღეს იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრებს, 15 და ჰრქუათ უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ სირცხჳლი პირთაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცსა იუდაჲსასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,
16 ჩვენს მეფეებს და ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს და ჩვენს წინასწარმეტყველებს, და ჩვენს მამა-პაპას, 16 და მეფეთა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა,
17 რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე 17 რომელ ვცოდენით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და არა ვირწმუნეთ და განვეშორენით მისგან.
18 და არ დავემორჩილეთ მას და არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის ხმა, რომ გვევლო უფლის მცნებებით, რომლებიც გამოაცხადა ჩვენს წინაშე. 18 და ვეურჩენით მას და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად ბრძანებათა მისთა, რომელნი მოგუცნა წინაშე პირსა ჩუენსა.
19 იმ დღიდან, როცა უფალმა ჩვენი მამა-პაპა გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, ამ დღემდე ურჩნი ვიყავით უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე და არ გვაწუხებდა, რომ არ ვისმენდით მის ხმას. 19 დღითგან, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი, ქუეყანით ეგჳპტისა და ვიდრე დღისამდე ამის ვართ ურჩ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ვმგულებლობდით არსმენისა მიმართ ჴმისა მისისა.
20 აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნადან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება. 20 და აღგუეწებნეს ჩუენდამი ძჳრნი და წყევაჲ, რომელი შეუწყო უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, დღესა შინა, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, მდინარი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღე ესე.
21 არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის, ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც ჩვენთან გამოგზავნა. 21 და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა ყოველთაებრ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი მოავლინნა ჩუენდამო.
22 დავდიოდით თითოეული საკუთარი უკეთური გულის კარნახით უცხო ღმერთების სამსახურში და ბოროტებას ჩავდიოდით უფლის, ჩვენი ღვთის თვალში. 22 და ვიდოდეთ თითოეული გაგონებისაებრ გულისა თჳსისა უკეთურისა საქმედ ღმერთთა უცხოთა, ქმნად ბოროტთა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.