ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ორმოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუვსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენის ზიდვასაც შეძლებენ, და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი. 1 და უბრძანა იოსებ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა.
2 ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროსს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა. 2 და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა და სასყიდელი-ცა იფქლისა მისისაჲ, ხოლო მათ ყუეს სიტყჳსა მის იოსებისსა, ვითარ-იგი უბრძანა მათ.
3 გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით. 3 ღამე იგი განთენა და კაცნი იგი წარიგზავნნეს და კარაულნი მათნი
4 ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე? 4 და ვითარცა განვლეს ქალაქი, არღა განშორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ?
5 ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ. 5 რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს-ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ.
6 მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები. 6 და ვითარ ეწია იგი, ჰრქუა მათ სიტყჳსა მისებრ.
7 მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან. 7 ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ.
8 ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს? 8 უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?
9 შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს. 9 ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა.
10 უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით. 10 ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა. ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.
11 საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს. 11 და ისწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჴსნეს თითოეულად ძაძა თჳსი.
12 მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი. 12 და იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.
13 შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ. 13 ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათსა და მიიქცეს ქალაქად.
14 მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე. 14 შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა იყო და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა.
15 უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს? 15 ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ-ვსე ჰქმენით? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნის კაცი ჩემ ვითარი?
16 მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი. 16 ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.
17 უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან. 17 ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.
18 ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ. 18 მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა.
19 ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო. 19 შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ?
20 ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. 20 და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა და იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი.
21 გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო. 21 ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.
22 მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი. 22 ხოლო ჩუენ გარქუთ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ ჴელ-გეწიფების ყრმასა მას დატევებად მამისა, უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.
23 გვითხარი შენს მორჩილთ: თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო. 23 ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ-ღა-რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა.
24 როცა მივედით მამაჩემთან, შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი. 24 და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა.
25 გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური. 25 და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი.
26 ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება. 26 ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა.
27 გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა. 27 ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.
28 ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი. 28 და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ-ღა-რა ვიხილე.
29 ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში. 29 აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.
30 ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი. 30 აწ უკუეთუ შევიდე მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა.
31 დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება, და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში. 31 და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ ეგე არა არს ჩუენ თანა, აღესრულოს და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა.
32 რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო-მეთქი მამაჩემის წინაშე. 32 რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა.
33 ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს. 33 აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა.
34 როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს! 34 ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?