ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეშვიდ

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა 2 და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე სორსა ზედა გოდებაჲ.
3 და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო. 3 და ჰქუა სორსა, დამკჳდრებულსა შესავალსა თანა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთა ჭალაკთაგან მრავალთასა, ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: შენ სთქუ, მე შევმოსე თავსა ჩემსა სიკეთე.
4 ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება; 4 გულსა შინა ზღჳსასა, ბეელიმსა, ძეთა შენთა შეგმოსეს შენ სიკეთე.
5 კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის; 5

ნაძჳ სანირით გეშენა შენ, პებულნი ფიცართა კჳპაროსისათანი ლიბანით მოღებულ იქმნეს ქმნად შენდა ანძათა სანავეთა.

6 ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს; 6 ბასანით გამო ყვნეს სარეველნი შენნი, ტაძარნი შენნი პილოჲსძვალისაგან, სახლნი სერტყოანნი ჭალაკთაგან ქეტტიემისათა.
7 ეგვიპტური მოქარგული ზეზის იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისგან იყო; 7 ბისონი ჭრელებსა თანა ეგჳპტით იქმნეს შენდა სარეცელად, შემოსად შენდა დიდებაჲ და მობლარდნად შენდა ჳაკინთე და პორფირი, ჭალაკთაგან ელისეაჲესთა იქმნნეს სამოსელნი შენნი.
8 ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი; 8 და მთავარნი შენნი, დამკჳდრებულნი სიდონს, და არაბნი იქმნეს ნიჩბის-მცემელ შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი მმართებელებ შენდა.
9 გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის. 9 მოხუცებულნი წიგნთანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, იგინი განაძლიერებდეს განზრახვასა შენსა. და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და ნიჩბის-მცემელნი მათნი იყვნეს შენ შორის მიმგებელ შერევნასა შენსა, და გექმნნეს შენ დასავალთა ზედა დასავალთასა.
10 სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას. 10 სპარსნი და ლჳდნი და ლიბჳელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცნი მბრძოლნი შენნი, რომელთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შენ შორის, ამათ მოსცეს დიდებაჲ შენი.
11

არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.

11

ძენი არაბიელთანი და ძალი შენი ზღუდეთა შენთა ზედა მრგულივ იყუნეს, არამედ და მიდნიცა გოდლებსა შენსა შინა იყვნეს მცველებ; კაპარჭნი მათნი დამოჰკიდნეს სამართთა შენთა ზედა გარემო, ამათ განასრულეს სიკეთე შენი.

12 თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ. 12 კარქიდონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი მოსცეს სავაჭროსა შენსა.
13 იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში. 13 ელლადაჲ ყოველი და განმავრცობელნი მისნი ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა.
14 თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ. 14 სახლისაგან თორგამოჲსისა ცხენნი და ცხენოსანნი და კერძოვირნი მისცნეს სავაჭროდ შენდა.
15 დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ბევრი კუნძული გიცვლიდა საქონელს, სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად. 15 ძენი როდელთანი, ვაჭარნი შენნი ჭალაკთაგან, განამრავლებდეს სავაჭროსა შენსა, რქათა და კბილთა პილოჲსათა მომავალთა ნაცვლად მისცემდეს სასყიდელსა შენსა კაცთა.
16 არამი ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი გქონდა; იაგუნდს, ძოწეულს, ნაქარგებს, ბისონს, მარგალიტს და ბადახშს გაძლევდნენ სანაცვლოდ. 16 ვაჭართა შენთა, სიმრავლისაგან შემყოფისა შენისა შტახსი და პორფირი და ბისონი დაჭრელებულნი თარშით და რამოთით და ხორხორით მოსცნეს საფარდულსა შენსა.
17 იუდა და ისრაელის ქვეყანა შენი გამსაღებლები იყვნენ: მინითის ხორბალს, ნამცხვარს, თაფლსა და ზეთს, და ბალზამს გაძლევდნენ შენს საქონელში. 17 იუდა და ძენი ისრაჱლისანი, ესენი ვაჭარ შენდა იფქლისა ფრდასა შინა; და მიჰრონნი და კასიანი და პირველი თაფლი და ზეთი და რეტინი მისცეს შემყოფისა მიმართ შენისა.
18 დამასკო ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი და ბევრი დოვლათი გქონდა; ხელბონური ღვინო და ქათქათა მატყლი. 18 დამასკოჲ - სავაჭრო შენდა სიმრავლითა საქმეთა შენთაჲთა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მელიტონით.
19 დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში. 19 ღვინოჲ, დედან, იოვან და მეოზელ სავაჭროდ შენდა მოსცეს; ასილით რკინაჲ ქმნული და ეტლისთუალი შემყოფისა შენისა შორის არს.
20 დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის ასალით და მორთულობით. 20 დედან საფარდულ შენდა საცხოვართა თანა რჩეულთა საეტლედ.
21

არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ.

21

არაბიაჲ და ყოველნი მთავარნი კიდარისანი - ესენი ვაჭარ შენდა ჴელთა მიერ შენთა აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა და აგარაკებსა, რომელთა მიერ გვაჭრობდეს შენ.

22 შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ. 22 ვაჭარნი საბაჲსანი და რათმაჲსანი - იგინი ვაჭარ შენდა პირველთა თანა სულნელთა და ქვათა კეთილთა, რომელთა ოქროჲცა მოსცეს სავაჭროსა შენსა. ხარრანი და ქალანი და დადანი,
23 ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი, შენთან ვაჭრობდნენ; 23 ესე ვაჭარნი შენნი, საბლ და ასური და ხარვანი - მოფარდულებ შენდა,
24 ძვირფას შესამოსელს, ლურჯ ნაქარგ მოსასხამებს, ყუთებში ჩაწყობილ ქემახს, თოკებით შეკრულს და შეფუთულს, შენი საქონელის სანაცვლოდ გიგზავნიდნენ. 24 მომღებელ სავაჭროსა ჳაკინთსა და ჭრელთა და საუნჯეთა რჩეულთა, შეკრულთა საბლებითა.
25 თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდა შენი საქონელი; აივსე და დიდად გაითქვი ზღვათა შორის. 25 და ნავთა შინა კჳპაროზისათა, მათ შორის ვაჭარნი შენნი. კარქიდონელნი ვაჭარნი შენდა; სიმრავლისა თანშემყოფისა შორის შენისა და აღივსე და დაჰმძიმდი ფრიად გულსა შინა ზღჳსასა.
26 ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში. 26 წყლისა შორის მრავლისა მოგიყვანეს შენ ნიჩბისმცემელთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმუსრა შენ შორის გულსა ზღჳსასა.
27 შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს. 27 ძალნი შენნი და მმართებელნი შენნი და განმზრახნი შენნი და შემყოფნი შენნი და ნიჩბის-მცემელნი შენნი და თანშემყოფნი თანშეყოფისა შენისანი და ყოველნი კაცნი, მბრძოლნი შენნი, შენ შორის. და ყოველი კრებული შენ შორისი დაეცნენ საშუალ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაკუეთებისა შენისასა.
28 შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი. 28 ჴმითა ღაღადებისა შენისაჲთა მმართებელნი შენნი შიშით შეშინდენ.
29 გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან. 29 და შთამოვიდენ ნავთაგან მათთა ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი და ეპივატნი შენნი და მპირველობნი ზღჳსანი ქუეყანასა ზედა დადგენ.
30 შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ. 30 და ვალალაებდენ შენ ზედა ჴმითა მათითა და ღაღადებდენ მწარედ და ზედდაიდვან მიწაჲ თავსა ზედა მათსა,
31

თავს გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.

31

და ნაცარნი დაირეცონ, და იმტიერნენ შენ ზედა მტიერობანი; და გარემოირტყან ძაძაჲ და ტიროდიან შენ ზედა სიმწარითა სულისათა.

32 გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში? 32 და ტყება მწარე მოიღონ შენ ზედა. და აღიღონ შენ ზედა ძეთა მათთა გოდებაჲ და გოდებდენ გოდებათა სორისათა: ვინ, ვითარ ტჳროსი, დადუმებული საშუალ ზღჳსა?
33 როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი. 33 რაოდენი რაჲმე ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან? აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, შემყოფისგან შენისა და ზედშემყოფისა შენისა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.
34 როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად. 34 აწ შეიმუსრე ზღუასა შინა სიღრმესა შორის წყლისასა. შემყოფი შენი და ყოველი კრებული შენი საშუალ შენსა, დაეცნეს ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი.
35 ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ. 35 ყოველნი მკჳდრნი ჭალაკთანი დაჭმუნდეს შენ ზედა და მეფენი მათნი. განკრთომით განჰკრთეს, და ცრემლოოდა პირი მათი შენ ზედა.
36 ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე. 36 ვაჭართა წარმართთასა დაგისტჳნეს შენ, წარსაწყმედელად იქმენ, და არა მერმე იყო უკუნისამდე.