ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ორი მსტოვარი და დააბარა მათ: წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ.

1

და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ.

2 ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს: აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად. 2 და მიეთხრა მეფესა იერიქოჲსასა, ვითარმედ: აჰა, ესერა, კაცნი შემუსრულ არიან აქა ძეთა ისრაჱლისათანი მოხილვად ქუეყანისა.
3 შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი. 3 და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან, ეტყოდა ჰრააბს და ჰრქუა: გამოიყვანენ კაცნი იგი, რომელ შემოსრულ არიან სახიდ შენდა ღამე, რამეთ მსტოვრად მოსრულ არიან.
4 ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ. 4 და მიიყვანნა მან დედაკაცმან კაცნი იგი და დამალნა იგინი. და მათ მიუგო და ჰრქუა:
5 მწუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ; საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით. 5 შემოვიდეს ჩემდა კაცნი იგი და, რაჟამს დაჰჴშვიდეს ბჭეთა შერიჟუებასა, კაცნი იგი განვიდეს. არა უწყი, ვიდრე ვიდეს. დევნა-უყავთ უკუანა მათსა, ეწივნეთ ხოლო თუ მათ.
6 თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი. 6 ხოლო მან აღიყვანნა იგინი სჴუენად და დამალნა იგინი სელსა შინა ძნეულსა, რომელ დაზჳნებულ იყო სჴუენსა შინა მისსა.
7 მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე, ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეეს. 7 და კაცთა დევნა-უყვეს უკუანა მათსა გზასა იორდანისასა წიაღსავალით კერძო და ბჭენი დაუჴშნეს. და იყო, რაჟამს განვიდეს მდევარნი იგი უკუანა მათსა.
8 ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე. 8 და ვიდრე დაწოლადმდე მათა აღვიდა იგი თავადი მათა სჴუენად და ჰრქუა მათ:
9 უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. 9 უწყი, რამეთუ თქუენ მიგცა უფალმან ქუეყანა. და აწ რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა
10 რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. 10 და გუასმიეს, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ზღუაჲ იგი ერუთრაჲსაჲ პირისაგან თქუენისა, რაჟამს გამოხჳდოდეთ ეგჳპტით, და რავდენი-იგი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა: სეონ და ოგ, რომელ-იგი მოსრენით.
11 შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე. 11 და, ესერა, გუესმა ჩუენ, უგონ ვიქმნენით გულითა ჩუენითა. და არღარა არს სულ არავის თანა პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცასა შინა ზესკნელს და ქუეყანასა ზედა ქუე.
12 ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ. 12 და აწ მეფუცენით მე უფლისა ღმრთისა, რამეთუ ვჰყოფ თქუენთჳს წყალობასა. და თქუენცა ყავთ წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა.
13

დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები, და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ; გვიხსენით სიკვდილისგან.

13

და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან.

14 უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ. 14 და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.
15 სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი. 15 და გარდასხნა სარკუმლით
16 უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით. 16 და ჰრქუა მათ: მთად წარვედით, ნუუკვე შეგემთხჳნენ მდევარნი იგი თქუენნი და დაემალენით მუნ სამ დღე ვიდრე უკმოქცევადმდე, რომელთა დევნა-უყოფიეს უკუანა თქუენსა. და ამისა შემდგომად წარხჳდეთ გზასა თქუენსა.
17 უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე, 17 და ჰრქუეს მას კაცთა მათ: უბრალომცა ვართ ფიცსა მას შენსა.
18 თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში. 18 აჰა, ესერა, ჩუენ შემოვიდოდით ზოგსა ქალაქისასა და დასდვა შენ სასწაულად: შტანგი ესე მეწამული გამოაბა სარკუმელსა, ვინა-იგი გარდამოგუსხენ ჩუენ მას ზედა. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბნე. შენ თანა სახლსა შინა შენსა.
19 თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ. 19 და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა. ხოლო ჩვენ უბრალო ვიყუნეთ ფიცსა ამას შენსა. და რავდენნივე იყვნენ სახლსა შენსა, ჩუენ თანამდებ ვიყვნეთ,
20 თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე. 20 უკუეთუ ვინმე გუავნოს ჩუენ და განცხადნენ სიტყუანი ესე ჩუენნი უბრალო ვიყვნეთ ფიცსა ამას შენსა.
21 თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი. 21 და ჰრქუა მათ: მსგავსად სიტყჳსა თქუენისა, ეგრეცა ყავთ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს. და მოაბა სასწაული იგი მეწამული სარკუმელსა.
22 წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელს გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს. 22 და წარვიდეს და მივიდეს მთად და იყვნეს მუნ სამ დღე და ეძიებდეს მდევარნი იგი ყოველთა გზათა და არა პოვნეს იგინი.
23 დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. 23 და მოიქცეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს მთით და წიაღვიდეს ისოჲსა, ძისა ნავესისა, და მიუთხრეს ყოველი, რაჲცა-იგი შეემთხჳა მათ,
24 უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან. 24 და ჰრქუეს ისოს: რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელთა ჩუენთა ყოველი იგი ქუეყანაჲ და შეშინებულ არიან ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისან ჩუენგან.