მიცვალება ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთქმოქმედისა

სახარება ლუკასაგან (6,17-23)

„17. და (მას ჟამსა შინა) გარდამოვიდა (იესუ) მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალემით და ზღვის-კიდისაი, ტვიროსით და სიდონით, 18. რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. 20. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი; 21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა. 23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.“

 

I. აწინდელ საკითხავში სახარებისა წარმოდგენილია სწავლება ნეტარებათა შესახებ, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოუცხადა თავის მოწაფეებსა და ერს გალილეის მთაზე და მის ძირას, რის გამოც მთელი ეს ქადაგება, რომელშიც დღეს წაკითხული სახარებაც შედის, მთის ქადაგებად იწოდება. აწინდელი სახარების განსაკუთრებული სამოძღვრებო მნიშვნელობის გამო ღრმად ჩავუფიქრდეთ მის სიტყვებს.

„და (მას ჟამსა შინა) გარდამოვიდა (იესუ) მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა“ (მუხლი 17).

ეს მოხდა უფლის მიერ 12 მოციქულის ამორჩევის შემდეგ თავის მოწაფეთაგან, რაც იმ მთაზე აღსრულდა, გალილეაში, რომელიც შემდგომში „ნეტარებათა მთად“ იწოდა (მის შესახებ იხ. პირველი საკვირაო ცისკრის სახარება). მოციქულთა ამორჩევის შემდეგ უფალი იესო ჩამოვიდა მთიდან და სწორედ აქ, მთის ძირას, ვაკე ადგილას მდგომარე ასწავლიდა პალესტინისა და მეზობელი ქვეყნების ყველა მხრიდან მოსულ ადამიანებს, რომელთაც ყოველთვის მიიზიდავდა თავისი ღვთაებრივი სწავლების ძალითა და საკვირველმოქმედებით. ამავე მოვლენის გადმოცემისას მახარებელი მათე რამდენადმე ეწინააღმდეგება ლუკას, რადგან მისი გადმოცემით, უფალი თვით მთაზე ასწავლიდა ერს, და არა მთის ძირას, ამასთან არა ფეხზე მდგომი, არამედ მჯდომარე. მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: უფალი თავიდან თავის მოწაფეებთან ერთად აღვიდა მთაზე, შემდეგ კი მათთან ერთადვე ჩამოვიდა ქვევით, უფრო მოვაკებულ და ხალხისათვის მოსახერხებელ ადგილას, სადაც ფეხზე იდგა და ასე განკურნავდა მასთან მოსულ ადამიანებს, როგორც წმიდა ლუკა ამბობს.  მერმე კი დაჯდა და ვითარცა მოძღვარი ასწავლიდა მათ, როგორც წმიდა მათე გადმოგვცემს.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „სადღესასწაულო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე