ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 21

1. და უფალმა გადმოხედა სარრას, როგორც თქვა,  და გაუკეთა უფალმა სარრას, როგორც ეუბნებოდა,

2. და მუცლადიღო და უშვა სარრამ აბრაამს ძე სიბერისას, იმ დროს, როგორც ელაპარაკა მას უფალი.

3. და უწოდა აბრაამმა სახელი თავის ძეს, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარრამ, ისააკი.

4. და დასცვითა აბრაამმა ისააკს მერვე დღეს, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.

5. ხოლო აბრაამი იყო ასი წლისა, როცა ეყოლა მას ისააკი, თავისი ძე.

6. და თქვა სარრამ: გასაცინი რამ გამიკეთა მე უფალმა, რადგან ვინც გაიგებს, გაიხარებს ჩვენთან ერთად.

7. და თქვა: ვინ შეატყობინებს აბრაამს, რომ აწოვებს ყრმას სარრა? რადგან ვშობე ძე ჩემს სიბერეში.

8. და გაიზარდა ყრმა და მოაშორეს ძუძუს, და გამართა აბრაამმა დიდი ლხინი, რომელ დღესაც მოაშორეს ძუძუს ისააკი, მისი ძე.

9. და დაინახა სარრამ ეგვიპტელი აგარის ძე, რომელიც ეყოლა აბრაამს, რომ ლაღობდა ისააკთან, მის ძესთან,

10. და უთხრა აბრაამს: გააგდე ეგ მხევალი და მისი ძე, რათა არ დამკვიდრდეს მაგ მხევლის ძე ჩემს ძესთან, ისააკთან.

11. და სასტიკი ეჩვენა ეს სიტყვა ძლიერ აბრაამს მისი ძის შესახებ.

12. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სასტიკი ნუ იქნება ეს სიტყვა შენთვის ყრმისა და მხევლის შესახებ; ყველაფერი, რასაც გეტყვის შენ სარრა, ისმინე მისი ხმისა, რადგან ისააკისგან გეწოდება შენ მოდგმა.

13. ხოლო მაგ მხევლის ძეს, დიდ ხალხად ვაქცევ მას, რადგან შენი თესლია.

14. და ადგა აბრაამი განთიადისას და აიღო პურები და წყლის თხიერი და მისცა აგარს, და შეუსვა მხარზე ყრმაც, და გაუშვა იგი. და წავიდა, და დაიბნა უდაბნოში ფიცის ჭასთან.

15. და იკლო წყალმა თხიერში, და მიაგდო ყრმა ერთი ფიჭვის ქვეშ.

16. და წავიდა და დაჯდა მის პირდაპირ მოშორებით, დაახლოებით მშვილდის სასროლზე, რადგან თქვა: არ ვნახო სიკვდილი ჩემი ყრმისა. და დაჯდა მის წინ. და შეყვირა ყრმამ და ატირდა.

17. და შეისმინა ღმერთმა ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც იყო, და მოუხმო ღვთის ანგელოზმა აგარს ზეციდან და უთხრა მას: რა არის, აგარ? ნუ გეშინია, რადგან შეისმინა ღმერთმა შენი ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც არის.

18. ადექი, აიყვანე ყრმა და მოჰკიდე შენი ხელი მას, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.

19. და აუხილა ღმერთმა თვალები მას, და დაინახა ცოცხალი წყლის ჭა; და წავიდა და აავსო წყლის თხიერი და დაალევინა ყრმას.

20. და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა, და დასახლდა უდაბნოში და გახდა მშვილდოსანი.

21. და დამკვიდრდა ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამ ცოლი ეგვიპტის ქვეყნიდან.

22. და იყო იმ დროს, და უთხრა აბიმელექმა, და ოქოზათმა, მისმა მძახალმა, და ფიქოლმა, მისი ძალების მხედართმთავარმა, აბრაამს და თქვა: ღმერთი შენთან არის ყველაფერში, რასაც აკეთებ;

23. ამიტომ ახლა შემომფიცე მე ღმერთი, რომ არ მომექცევი უსამართლოდ არც მე, არც ჩემს თესლს, არც ჩემს სახელს; არამედ სამართლისაებრ, როგორც მოგექეცი შენ, მომექეცი მე და ქვეყანას, სადაც შენ მწირობდი.

24. და თქვა აბრაამმა: მე დავიფიცებ.

25. და ამხილა აბრაამმა აბიმელექი წყლის ჭების გამო, რომლებიც წაართვეს აბიმელექის მსახურებმა.

26. და უთხრა მას აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ გააკეთა ეგ საქმე, არც შენ მაუწყე მე, არც მე მსმენია დღემდე.

27. და მიიყვანა აბრაამა ცხვრები და ხბოები და მისცა აბიმელექს, და დადო ორივემ აღთქმა.

28. და დააყენა აბრაამმა ცხვრის შვიდი კარავი ცალკე.

29. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ცხვრის ეგ შვიდი კრავი, რომლებიც დააყენე ცალკე?

30. და თქვა აბრაამმა: ეს შვიდი კრავი მიიღე ჩემგან, რათა იყოს ჩემთვის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.

31. ამის გამო დაარქვა სახელი იმ ადგილს „ფიცის ჭა“, რადგან იქ დაიფიცა ორივემ.

32. და დადეს აღთქმა ფიცის ჭაზე. და ადგა აბიმელექი, და ოქოზათი, მისი მძახალი, და ფიქოლი, მისი ძალების მხედართმთავარი, და გაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

33. და დათესა აბრაამმა ყანა ფიცის ჭასთან და მოუხმო იქ უფლის სახელს, საუკუნო ღმერთს.

34. და მწირობდა აბრაამი ფილისტიმელტა ქვეყანაში მრავალ დღეს.

 

თავი 22

1. და იყო, ამ ამბების შემდეგ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ; ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

2. და უთხრა: წაიყვანე შენი საყვარელი ძე, რომელიც შეიყვარე, ისააკი, და წადი მაღალ ქვეყანაში, და შესწირე იგი იქ ყოვლადდასაწველად ერთ-ერთ მთაზე, რომელზეც შენ იტყვი.

3. და ადგა აბრაამი განთიადისას და შეკაზმა თავისი სახედარი; და თან წაიყვანა ორი მსახური და ისააკი, თავისი ძე, და დააპო შეშა ყოვლადდასაწველისათვის, და ადგა და წავიდა და მივიდა ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა, მესამე დღეს.

4. და აახილა აბრაამმა თვალები და დაინახა ადგილი შორიდან.

5. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: დასხედით აქ სახედართან, ხოლო მე და ყრმა მივალთ იქამდე და თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით თქვენთან.

6. და აიღო აბრაამმა ყოვლადდასაწველის შეშა და აჰკიდა ისააკს, თავის ძეს; და აიღო ცეცხლიც ხელით და დანაც, და წავიდა ორივე ერთად.

7. და უთხრა ისააკმა აბრაამს, თავის მამას, და თქვა: მამა. ხოლო მან თქვა: რა არის შვილო? და უთხრა: აჰა, ცეცხლი და შეშა; სად არის ცხვარი ყოვლადდასაწველად?

8. და თქვა აბრაამმა: ღმერთი ნახავს თავისთვის ცხვარს ყოვლადდასაწველად, შვილო. და წავიდა ორივე ერთად.

9. და მივიდნენ ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. და ააგო იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დადო იგი სამსხვერპლოზე, შეშაზე.

10. და გაიწოდა აბრაამმა თავისი ხელი დანის ასაღებად, თავისი ძის დასაკლავად.

11. და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ზეციდან და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

12. და უთხრა: ნუ აღმართავ შენს ხელს ყრმაზე, ნურც უზამ მას ნურაფერს, რადგან ახლა ვიცი, რომ გეშინია ღვთისა შენ და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის.

13. და აახილა აბრაამმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ერთი ვერძი გახლართული იყო საბეკის ნერგში რქებით; და მივიდა აბრაამი და მოიყვანა ვერძი და შესწირა იგი ყოვლადდასაწველად ისააკის, თავისი ძის, ნაცვლად.

14. და უწოდა აბრაამმა იმ ადგილის სახელი „უფალმა იხილა“, რომელზეც ამბობენ დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.

15. და უხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს მეორედ ზეციდან და უთხრა:

16. ჩემი თავი დავიფიცე, - ამბობს უფალი, - რადგან შეასრულე ეს სიტყვა და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის,

17. კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს და როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და დაიკვიდრებს შენი თესლი მოწინააღმდეგეთა ქალაქებს;

18. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინე ჩემი ხმისა.

19. და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და მივიდნენ ერთად ფიცის ჭასთან. და დამკვიდრდა აბრაამი ფიცის ჭასთან.

20. და იყო, ამ ამბის შემდეგ შეატყობინეს აბრაამს და უთხრეს: აჰა, უშვა მელექმაც ძეები ნაქორს, შენს ძმას,

21. ოქსი, პირმშო, და ბავქსი, მისი ძმა, და კამუელი, ასურელთა მამა.

22. და ქასადი და აზავი და ფალდასი და იედლაფი და ბათუელი;

23. და ბათუელმა შვა რებეკა. ეს არის რვა ძე, რომლებიც უშვა მელქამ ნაქორს, აბრაამის ძმას.

24. და მისმა ხარჭამ, რომლის სახელია რეიმა, შვა მანაც გაამი და ტაბექი და ტოქოსი და მოქა.

 

თავი 23

1. და იყო სარრას ცხოვრება ას ოცდაშვიდი წელი.

2. და მოკვდა სარრა ქალაქ არბოკში, (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარრას საგლოვად და დასატირებლად.

3. და წამოდგა აბრაამი თავისი მკვიდრისგან და უთხრა ქეტის ძეებს და თქვა:

4. მწირი და მოსული ვარ მე თქვენთან; ამიტომ მომეცით მე საფლავი საკუთრებად თქვენთან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს მე.

5. და მიუგეს ქეტის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:

6. არა, ბატონო, ისმინე ჩვენიც. მეფე ხარ ღვთისგან შენ ჩვენ შორის; ჩვენს რჩეულ სამარხებში დაასაფლავე შენი მკვდარი; რადგან ჩვენგან არავინ დაგიჭერთ თავის სამარხს შენ, რომ დაასაფლავო შენი მკვდარი იქ.

7. და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ერს, ქეტის ძეებს.

8. და ელაპარაკა მათ აბრაამი და უთხრა: თუ უნდა თქვენს სულს, რომ დავასაფლავო ჩემი მკვდარი მე, ისმინეთ ჩემი და დაელაპარაკეთ ჩემ შესახებ ეფრონს, საარის ძეს,

9. და მომცეს მე ორმაგი გამოქვაბული, რომელიც არის მისი და მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთში; ვერცხლად, რაც ღირს, მომცეს მე იგი თქვენ შორის საკუთრებად სამარხისთვის.

10. ხოლო ეფრონი იჯდა ქეტის ძეებს შორის; და მიუგო ეფრომ ქეტელმა აბრაამს და უთხრა, ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის გასაგონად თქვა:

11. ჩემთან იყავი, ბატონო, და ისმინე ჩემი. მიწას და გამოქვაბულს, რომელიც არის მასში, შენ გაძლევ; ყველას ჩემი მოქალაქის წინაშე მოგეცი შენ; დაასაფლავე შენი მკვდარი.

12. და თაყვანი სცა აბრაამმა იმ ქვეყნის ერის წინაშე,

13. და უთხრა ეფრონს იმ ქვეყნის ერის ყურადსაღებად: რადგან ჩემკენ ხარ, ისმინე ჩემი: ვერცხლი მიწისა აიღე ჩემგან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს იქ.

14. ხოლო მიუგო ეფრონმა აბრაამს და უთხრა:

15. არა, ბატონო, რადგან გამიგონია: მიწა ოთხასი დიდრაქმა ვერცხლიაა; ჩემსა და შენ შორის რა არის ეს? შენ შენი მკვდარი დაასაფლავე.

16. და ისმინა აბრაამმა ეფრონისა, და მისცა აბრაამმა ეფრონს ვერცხლი, რაც თქვა ქეტის ძეთა ყურადსაღებად - ოთხასი დიდრაქმა ვერცხლი, მიღებული ვაჭრებში.

17. და გახდა ეფრონის მიწა, რომელიც იყო ორმაგ გამოქვაბულში და რომელიც არის მამბრეს პირდაპირ - მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, და ყოველი ხე, რომელიც იყო ამ მიწაზე და რომელიც არის მისი საზღვრების გარშემო -

18. აბრაამის საკუთრება ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის წინაშე.

19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარრა, თავისი ცოლი, იმ მიწის ორმაგ გამოქვაბულში, რომელიც არის მამბრეს წინ (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში.

20. და დაუმტკიცა ის მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, აბრაამს საკუთრებად საფლავისთვის ქეტის ძეთაგან.

 

თავი 24

1. და აბრაამი იყო მოხუცებული და ხანგადასული, და უფალმა აკურთხა აბრაამი ყოველმხრივ.

2. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, თავის სახლთუხუცესს, რომელიც განაგებდა ყოველივეს, რაც იყო მისი: დადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ,

3. და გაფიცებ შენ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს ქვეყნისას, რომ არ მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისააკს, ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ.

4. არამედ ჩემს ქვეყანაში, სადაც დავიბადე, და ჩემს ტომში, წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.

5. და უთხრა მას მსახურმა: რომ არ მოინდომოს დედაკაცმა წამოსვლა ჩემთან ერთად არ ქვეყანაში, დავაბრუნო შენი ძემ ქვეყანაში, საიდანაც მოხვედი?

6. და უთხრა მას აბრაამმა: გაფრთხილდი შენ, არ დააბრუნო ჩემი ძე იქ.

7. უფალი, ღმერთი ცისა და ქვეყნისა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ქვეყნიდან, სადაც დავიბადე, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა მე და მითხრა: შენ მოგცემ ამ ქვეყანას, და შენს თესლს, - იგი გაგზავნის თავის ანგელოზს შენ წინ, და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.

8. ხოლო თუ არ მოინდომებს დედაკაცი წამოსვლას შენთან ერთად ამ ქვეყანაში, თავისუფალი იქნები ამ ფიცისგან; მხოლოდ ჩემს ძეს ნუ დააბრუნებ იქ.

9. და დადო მსახურმა თავისი ხელი აბრაამის, თავისი ბატონის, საზარდულის ქვეშ და შეჰფიცა მას ამ სიტყვაზე.

10. და თან წაიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემებიდან და წაიღო თავისი ბატონის მთელი სიმდიდრიდან და ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნაქორის ქალაქში.

11. და დააწვინა აქლემები ქალაქის გარეთ, წყლის ჭასთან შეღამებისას, როცა გამოდიან მერწყულები.

12. და თქვა: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, წარმართე გზა ჩემ წინაშე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

13. აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, ხოლო ქალაქის მკვიდრთა ასულები გამოდიან წყლის ამოსაღებად.

14. და იქნება ქალწული, რომელსაც მე გეტყვი: დახარე შენი ჭურჭელი, რომ დავლიო; - და მეტყვის მე: დალიე, და შენს აქლემებსაც დავალევინებ, ვიდრე არ დაწყულდებიან; ეს გაუმზადე შენს მონას, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

15. და იყო, ვიდრე იგი დაამთავრებდა ლაპარაკს გონებაში, აჰა, რებეკა გამოდიოდა - აბრაამის ძმის, ნაქორის, ცოლის, მელქას, ძის, ბათუელის, შობილი, რომელსაც ედგა ჭურჭელი მხრებზე.

16. ხოლო ქალწული იყო ძლიერ მშვენიერი შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცმა არ იცოდა იგი. და ჩავიდა წყაროზე, აავსო ჭურჭელი და ამოვიდა.

17. და გაიქცა მსახური მის შესაგებებლად და უთხრა: დამალევინე მე ცოტა წყალი შენი ჭურჭლიდან.

18. ხოლო მან უთხრა: დალიე, ბატონო. და იჩქარა და გადმოიღო ჭურჭელი თავის მკლავზე და დაალევინა მას, ვიდრე არ მოიკლა წყურვილი.

19. და უთხრა: შენს აქლემებსაც დავარწყულებ, ვიდრე ყველა არ დალევს.

20. და აჩქარდა და დაცალა ჭურჭელი სარწყულებელში და გაიქცა ისევ ჭისკენ წყლის ამოსაღებად და ამოიღო დაარწყულა ყველა აქლემი.

21. ხოლო კაცი აკვირდებოდა მას, და გაჩუმდა, რათა გამოეცნო, წარმართა უფალმა მისი გზა თუ არა.

22. და იყო, როცა დარწყულდა ყველა აქლემი, აიღო კაცმა ოქროს საყურეები, თითო დრაქმის წონისა და ორი სამაჯური მისი ხელებისათვის, ათი ოქრო იყო მათი წონა.

23. და ჰკითხა მას და უთხრა: ვისი ასული ხარ? მითხარი მე, თუ არის მამაშენთან ადგილი ჩვენთვის დასასვენებლად?

24. და უთხრა მას: ბათუელის ასული ვარ მე, მელქას ძისა, რომელიც უშვა ნაქორს.

25. და უთხრა მას: ბზეც და საკვებიც ბევრია ჩვენთან და ადგილიც - დასასვენებლად.

26. და მოეწონა კაცს და თაყვანის სცა უფალს.

27. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი ჩემი ბატონის, აბრაამისა, რომელმაც არ მოაკლო თავისი სიმართლე და ჭეშმარიტება ჩემს ბატონს; მე წარმიმართა გზა უფალმა ჩემი ბატონის ძმის სახლისკენ.

28. და გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა თავისი დედის სახლს ეს სიტყვები.

29. ხოლო რებეკას ძმა ჰყავდა, რომლის სახელი იყო ლაბანი; და გაიქცა ლაბანი იმ კაცთან გარეთ, წყაროზე.

30. და იყო, როცა დაინახა საყურეები და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა გაიგონა სიტყვები რებეკასი, თავისი დისა, რომელმაც თქვა: ასე მელაპარაკა მე ის კაცი. - წავიდა იმ კაცთან, რომელიც იდგა აქლემებთან წყაროზე.

31. და უთხრა მას: მოდი, შემოდი; კურთხეულია უფალი; რისთვის დგახარ გარეთ? მე გამზადებული მაქვს სახლი და ადგილი - აქლემებისთვის.

32. და შევიდა კაცი სახლში და გადმოტვირთა აქლემები. და მისცა ბზე და საკვები აქლემებს და წყალი - მისი ფეხებისა და მასთან მყოფი კაცების ფეხების დასაბანად.

33. და დაუდო მათ პური საჭმელად. და თქვა: არ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი მე ჩემს სათქმელს. და უთხრეს: თქვი.

34. და თქვა: აბრაამის მსახური ვარ მე.

35. და უფალმა აკურთხა ჩემი ბატონი ფრიად, და ამაღლდა; და მისცა მას ცხვრები და ხბოები, ვერცხლი და ოქრო, მონების და მხევლები, აქლემები და სახედრები.

36. და უშვა სარრამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ერთი ძე ჩემს ბატონს მას შემდეგ, რაც მოხუცდა იგი, და მისცა მას ყოველივე, რაც იყო მისი.

37. და დამაფიცა მე ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ მათ ქვეყანაში,

38. არამედ მამაჩემის სახლში, და ჩემს ტომში წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს იქიდან.

39. და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამოვიდეს დედკაცი ჩემთან ერთად?

40. და მითხრა მე: უფალი, რომლის წინაშე სათნო ვიყავი, იგი გამოგზავნის თავის ანგელოზს შენთან ერთად და წარმართავს შენს გზას, და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს ჩემი ტომიდან და მამაჩემის სახლიდან.

41. მაშინ თავისუდალი იქნები ჩემი წყევლისგან; ხოლო როცა წახვალ ჩემს ტომში და არ მოგცემენ შენ, იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან.

42. და მოვედი დღეს წყაროზე და ვთქვი: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ახლა მე ვადგავარ,

43. აჰა, მე ვდგევარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის კაცთა ასულები გამოვლენ წყლის ამოსაღებად, და იქნება ქალწული, რომელსაც მე ვეტყვი: დამალევინე მე ცოტა წყალი შენი ჭურჭლიდან,

44. და მეტყვის მე: შენც დალიე და შენს აქლემებსაც დავარწყულებ, - ეს იქნება დედაკაცი, რომელიც გაუმზადა უფალმა თავის მსახურს, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

45. და იყო, ვიდრე დავამთავრებდი მე ლაპარაკს ჩემს გონებაში, უკვე მოვიდა რებეკა, რომელსაც ედგა ჭურჭელი მხრებზე, და ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. და ვუთხარი მას: დამალევინე მე.

46. და აჩქარდა და ჩამოიღო ჭურჭელი, და თქვა: დალიე შენ, და შენს აქლემებსაც დავალევინებ. და დავლიე, და ჩემს აქლემებსაც დაალევინა.

47. და ვკითხე მას და ვუთხარი: ვისი ასული ხარ? ხოლო მან თქვა: ბათუელის ასული ვარ, ნაქორის ძისა, რომელიც უშვა მას მელქამ. და გავუკეთე მას საყურეების და სამაჯურები - ხელებზე;

48. და კეთილად მივიჩნიე და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი ღმერთი ჩემი ბატონისა, აბრაამისა, რომელმაც წარმმართა მე ჭეშმარიტების გზაზე, რომ მივუყვანო ჩემი ბატონის ძმის ასული მის ძეს.

49. ამიტომ თუ მოიღებთ თქვენს წყალობას და სამართალს ჩემი ბატონის მიმართ, მაუწყეთ მე, ხოლო თუ არა, მაუწყეთ მე, რათა გავბრუნდე მარჯვნივ ან მარცხნივ.

50. მიუგეს ლაბანმა და ბათუელმა და უთხრეს: უფლისაგან გამოვიდა ეს ბრძანება; ამიტომ არ შეგვიძლია გითხრათ შენ ავი კარგის წილ.

51. აჰა, რებეკა შენ წინაშეა; წაიყვანე და იჩქარე, და იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა, როგორც თქვა უფალმა.

52. და იყო, როცა გაიგონა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა მიწამდე უფალს.

53. და გამოიტანა მსახურმა ჭურჭელი ვერცხლისა და ოქროსი და სამოსი და მისცა რებეკას და ძღვენი მისცა მის ძმას და მის დედას.

54. და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა და დაიძინეს. და ადგა დილით და თქვა: გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.

55. და უთხრეს მისმა ძმებმა და დედამ: დარჩეს ქალწული ჩვენთან ათიოდე დღე, და ამის შემდეგ წამოვიდეს.

56. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ მაყოვნებთ მე, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა; გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.

57. ხოლო მათ უთხრეს: მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ მას.

58. და მოუხმეს რებეკას და უთხრეს მას: წახვალ შენ ამ კაცთან ერთად? ხოლო მან თქვა: წავალ.

59. და გაუშვეს რებეკა, თავისი და, მისი მზითვით, და აბრაამის მსახური და მასთან მყოფნი.

60. და აკურთხეს რებეკა, თავისი და, და უთხრეს მას: ჩვენი და ხარ; გახდი ათიათასჯერ ათასი, და დაიმკვიდროს შენმა თესლმა მოწინააღმდეგეთა ქალაქები.

61. და ადგა რებეკა, და მისი შიმუნავრები და შესხდნენ აქლემებზე, და წავიდნენ იმ კაცთან ერთად, და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.

62. ხოლო ისააკი დადიოდა უდაბნოში ხილვის ჭასთან, რადგან იგი მკვიდრობდა ქვეყნის სამხრეთით.

63. და გავიდა ისააკი თავის შესაქცევად ველზე საღამოხანს, და აახილა თვალები და დაინახა მომავალი აქლემები.

64. და აახილა რებეკამ თვალები და დაინახა ისააკი და გადმოვიდა აქლემიდან,

65. და უთხრა მსახურს: ვინ არის ის კაცი, რომელიც მოდის ველზე ჩემს შესაგებებლად? და უთხრა მსახურმა: ეგ არის ჩემი ბატონი. ხოლო მან აიღო მოსასხამი და შემოიხვია.

66. და უამბო მსახურმა ყველაფერი, რაც გააკეთა. და შევიდა ისააკი თავისი დედის სახლში და მიიყვანა რებეკა, და გახდა მისი ცოლი, და შეიყვარა იგი; და ნუგეში ეცა ისააკს სარრას, თავისი დედის, გამო.

 

თავი 25

1. და შეირთო აბრაამმა და მოიყვანა ცოლი, რომლის სახელი იყო ქეტურა.

2. და უშვა მას ზემბრანი და იექსანი და მადანი და მადიამი და იესბოკი და სოვე.

3. და იექსანმა შვა საბანი და თემანი და დედანი, ხოლო დადნის ძეები იყვნენ: რაგული და ნაბდეელი და ასურიიმი და ლატუსიიმი და ლოომიიმი.

4. ხოლო მადამის ძეები: გეფარი და აფერი და ენოქი და აბირა და ელრაგა. ესენი ყველანი იყვნენ ქეტურას ძეები.

5. და მისცა აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისააკს, თავის ძეს,

6. და თავისი ხარჭების ძეებს მისცა აბრაამმა მისაცემი და გაიყვანა ისინი ისააკისგან, თავისი ძისგან, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში აღმოსავლეთით, აღმოსავლეთის ქვეყანაში.

7. და ეს არის წლები აბრაამის სიცოცხლის დღეებისა, რაც იცოცხლა: ას სამოცდათხუთმეტი წელი.

8. და აღესრულა და მოკვდა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღესრული და შეუერთდა თავის ერს.

9. და დაასაფლავეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, ორმაგ გამოქვაბულში, ეფრონის, საარ ქეტელის ძის, მიწაზე, რომელიც არის მამბრეს პიდაპირ,

10. მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა ქეტის ძეთაგან, იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი.

11. და იყო, აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე; და დამკვიდრდა ისააკი ხილვის ჭასთან.

12. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ისმაელის, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აგარმა, სარრას მხევალმა, აბრაამს;

13. და ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, მის მოდგმათა სახელების მიხედვით: ისმაელის პიმშო ნაბეოთი და კედარი და ნაბდეელი და მასამი

14. და მასმა და იდუმა და მასე

15. და ქოდადი და თემანი და იეტური და ნაფესი და კედმა.

16. ესენი არიან ისმაელის ძეები; და ეს არის მათი სახელები მათ კარვებში და მათ ეზოებში: თორმეტი მთავარი მათი ხალხის მიხედვით.

17. და ეს არის ისმაელის სიცოცხლის წლები: ას ოცდაჩვიდმეტი წელი; და აღესრულა და მოკვდა და შეუერთდა თავის მოდგმას.

18. და დამკვიდრდა ევილატიდან სურამდე, რომელიც არის ეგვიპტის პირდაპირ, ასურელთა მისასვლელამდე; თავისი ყველა ძმის პირდაპირ დამკვიდრდა.

19. და ესენი არიან შთამომავლები ისააკის, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისააკი.

20. და იყო ისააკი ორმოცი წლისა, როცა მოიყვანა რებეკა, ასული ბათუელ ასურელისა, შუამდინარეთიდან, და ლაბან ასურელისა, თავისთვის ცოლად.

21. და ევედრებოდა ისააკი უფალს რებეკას, თავისი ცოლის გამო, რადგან ბერწი იყო; და შეისმინა მისი ღმერთმა, და მუცლადიღო რებეკამ, მისმა ცოლმა.

22. და კრთებოდნენ ბავშვები მასში, და თქვა: თუ ასე უნდა ვიყო, რატომ ხდება ეს ჩემთვის? და წავიდა საკითხავად უფალთან,

23. და უთხრა უფალმა მას: ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი შენი მუცლიდან გაიყოფა, და ერი ერს აღემატება, და უფროსი დაემონება უმცროსს.

24. და შეუსრულდა დღეები, რომ ეშვა მას; და უყვნენ ტყუპები მის მუცელში.

25. და გამოვიდა ძე, პირმშო, წითურია მთლიანად, როგორც ტყავი ბეწვიანი; და დაარქვა მისი სახელი ესავი.

26. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, და ხელი მისი მოჭიდებული იყო ესავის ქუსლზე; და უწოდა მას სახელი იაკობი. ხოლო ისააკი იყო სამოცი წლისა, როცა შვა ისინი რებეკამ.

27. და გაიზარდნენ ჭაბუკები და იყო ესავი ველის კაცი, მცოდნე ნადირობისა, ველური, ხოლო იაკობი - კაცი უბრალო, მკვიდრი სახლისა.

28. და შეიყვარა ისააკმა ესავი, რადგან მისი ნანადირევი იყო მისთვის საჭმელად, ხოლო რებეკას უყვარდა იაკობი.

29. და მოხარშა იაკობმა ნახარში; და მოვიდა ესავი ველიდან დაღლილი,

30. და უთხრა ესავმა იაკობს: გამასინჯე მე ეს წითელი ნახარში, რადგან დაღლილი ვარ. ამის გამო ეწოდა თავისი სახელი ედომი.

31. და უთხრა იაკობმა ესავს: მომეცი მე დღეს შენი პირმშოობა. ხოლო უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს, და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა?

32. და უთხრა მას იაკობმა: შემომფიცე მე დღეს. და შეჰფიცა მას; და მისცა ესავმა პირმშოობა იაკობს.

33. და უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა.

34. ხოლო იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის ნახარში, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა; და არად ჩააგდო ესავმა პირმშოობა.