ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 36

1. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ესავისა; ეს არის ედომი:

2. და ესავმა მოიყვანა ცოლები თავისთვის ქანაანელთა ასულთაგან: ადა - ელონ ქეტელის ასული და ოლიბემა - ეველი სებეგონის ძის, ანანის, ასული.

3. და ბასემათი - ისმაელის ასული, ნაბეოთის და.

4. და უშვა ადამ ესავს ელიფაზი და ბასემათმა უშვა რაგუელი,

5. და ოლიბემამ უშვა იეუსი და იეგლომი და კორე; ესენი არიან ესავის ძეები, რომლებიც ეყოლა მას ქანაანის ქვეყანაში.

6. და წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები და ძეები და ასულები და თავისი სახლის ყველა სულდგმული და მთელი ქონება და მთელი საქონელი და ყველაფერი, რაც შეიძინა და მოიპოვა ქანაანის ქვეყანაში, და წავიდა ქანაანის ქვეყნიდან იაკობისგან, თავისი ძმისგან,

7. რადგან იყო მათი ქონება ბევრი ერთად სახლობისთვის და არ შეეძლო მათ მწირობის ქვეყანას მათი ტვირთვა მათი ქონების სიმრავლის გამო.

8. და დასახლდა ესავი სეირის მთაზე. ესავი - ეს არის ედომი.

9. ესენი არიან ესავის, ედომის მამის, შთამომავლები სეირის მთაზე;

10. და ეს არის ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ადასი, ესავის ცოლისა, და რაგუელი, ძე ბასემათისა, ესავის ცოლისა.

11. და იყვნენ ელიფაზის ძეები: თემანი, ომარი, სოფარი, გოთომი და კენეზი.

12. ხოლო თამნა იყო ელიფაზის, ესავის ძის, ხარჭა, და უშვა ელიფაზს ამალეკი; ესენი არიან ძეები ადასი, ესავის ცოლისა.

13. ხოლო ესენი არიან ძეები რაგუელისა: ნაქოთი, ზარე, სომე და მოზე; ესენი იყვნენ ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

14. ხოლო ესენი იყვნენ ძეები ოლიბემასი, სებეგონის ძის, ანანის ასულის, ესავის ცოლისა. და უშვა ესავს იეუსი და იეგლომი და კორე.

15. ესენი არიან მთავრები, ძეები ესავისა: ელიფაზის, ესავის პირმშოს, ძეები: მთავარი თემანი, მთვარი ომარი, მთავარი სოფარი, მთავარი კენეზი,

16. მთავარი კორე, მთავარი გოთომი, მთავარი ამალეკი; ესენი არიან ელიფაზის მთავრები იდუმეის ქვეყანაში; ესენი არიან ადას ძეები.

17. და ესენი არიან ძეები რაგუელისა, ესავის ძისა: მთავარი ნაქოთი, მთავარი ზარე, მთავარი სომე, მთავარი მოზე; ესენი არიან რაგუელის მთავრები ედომის ქვეყანაში; ესენი არიან ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

18. ხოლო ესენი არიან ძეები ოლიბემასი, ესავის ცოლისა: მთავარი იეუსი, მთავარი იეგლომი, მთავარი კორე; ესენი არიან ოლიბემას მთავრები.

19. ესენი არიან ესავის ძეები და ესენი - მათი მთავრები. ესენი არიან ედომის ძეები.

20. ხოლო ესენი არიან ძეები სეირ ქორელისა, რომელიც დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში: ლოტანი, სობალი, სებეგონი, ანა

21. და დესონი და ასარი და რისონი; ესენი არიან მთავრები ქორელის, სეირის ძისა, ედომის ქვეყანაში.

22. და იყვნენ ლოტანის ძეები: ქორი და ემანი; ხოლო ლოტანის და - თამნა.

23. ხოლო ესენი არიან სობალის ძეები: გოლონი და მანაქათი და გებელი, სოფი და ონამი.

24. ხოლო ესენი არიან სებეგონის ძეები: აიე და ანა; ეს არის ანა, რომელმაც იპოვა იამინი უდაბნოში, როცა აძოვებდა თავისი მამის, სებეგონის, სახედრებს.

25. ხოლო ესენი არიან ანას ძეები: დესონი; და ოლიბემა - ანას ასული.

26. ხოლო ესენი არიან დესონის ძეები: ამადა და ასბანი და იეთრანი და ქარანი.

27. ხოლო ესენი არიან ასარის ძეები: ბალაანი და ზუკამი და იოვიკამი და უკანი.

28. ხოლო ესენი არიან რისონის ძეები: ოსი და არანი.

29. ესენი არიან ქორის მთავრები: მთავარი ლოთანი, მთავარი სობალი, მთავარი სებეგონი, მთავარი ანა,

30. მთავარი დესონი, მთავარი ასარი, მთავარი რისონი. ესენი არიან ქორის მთავრები თავის სამთავროებში, ედომის ქვეყანაში.

31. და ესენი არიან მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში.

32. და გამეფდა ედომში ბალა, ბეორის ძე, და მისი ქალაქის სახელი - დენაბა.

33. ხოლო მოკვდა ბალა და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზარას ძე, ბოსორადან.

34. ხოლო მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ასომი, თემანელთა ქვეყნიდან.

35. ხოლო მოკვდა ასომი და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, რომელმაც გაანადგურა მადიამი მოაბის ველზე, და მისი ქალაქის სახელი - გეთემი.

36. ხოლო მოკვდა ადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამალა მასეკადან.

37. ხოლო მოკვდა სამალა და გამეფდა მის ნაცვლად საული როობოთიდან, რომელიც არის მდინარის პირას.

38. ხოლო მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბალაენონი, აქობორის ძე.

39. ხოლო მოკვდა ბალაენონი, აქობორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, და მისი ქალაქის სახელი - ფოგორი, ხოლო მისი ცოლის სახელი - მეტებეელი, ასული მატრეთესი, მეზოობის ძისა.

40. ეს არის ესავის მთავრების სახელები თავის ტომებში, მათი ადგილის მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერი,

41. მთავარი ოლიბემასი, მთავარი ელასი, მთავარი ფინონი,

42. მთავარი კენეზი, მთავარი თემანი, მთავარი მაზარი,

43. მთავარი მეგედიელი, მთავარი ზაფოინი. ესენი არიან ედომის მთავრები მათ მიერ დაუფლებულ ქვეყანაში დასახლებულთა შორის. ეს არის ესავი, ედომის მამა.

 

თავი 37

1. და დამკვიდრდა იაკობი ქვეყანაში, სადაც მწირობდა მისი მამა, ქანაანის ქვეყანაში.

2. ხოლო ესენი არიან იაკობის შთამომავლები; იოსები ჩვიდმეტი წლის ჭაბუკი იყო და მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად ცხვარს, თავისი მამის ცოლების: ბალას, ძეებთან და ზელფას, ძეებთან ერთად; და მიუტანეს იოსებზე ცუდი ამბები ისრაელს, თავის მამას.

3. ხოლო იაკობს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან სიბერის ძე იყოს მისთვის; და დაუმზადა მას ჭრელი სამოსი.

4. და როცა ნახეს ძმებმა, რომ ის უყვარს მამას თავის ყველა ძეზე მტად, შეიძულეს იგი და არ შეეძლოთ მისთვის რაიმეს თქმა მშვიდობიანად.

5. და ესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო იგი თავის ძმებს

6. და უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:

7. თითქოს ჩვენ ვკრავდით ძნებს შუაგულ მინდორში და ადგა ჩემი ძნა და წამოიმართა და გარშემოერტყნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს ჩემს ძნას.

8. და უთხრეს მას ძმებმა: განა მეფობით იმეფებ ჩვენზე ან ბატონობით გვიბატონებ ჩვენ? და კიდევ მოემატათ მისი სიძულვილი მისი სიზმრების გამო და მისი სიტყვების გამო.

9. და ნახა სხვა სიზმარი და უამბო იგი თავის მამას და თავის ძმებს და უთხრა: აჰა, მესიზმრა სხვა სიზმარი, თითქოს მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი თაყვანს მცემდნენ მე.

10. და გაკიცხა იგი მისმა მამამ და უთხრა მას: რა არის ეგ სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოსვლით მოვალთ მე და დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ შენ მიწამდე?

11. და შეშურდათ მისი მის ძმებს, ხოლო მისმა მამამ დაიმარხა ეს სიტყვა.

12. და წავიდნენ მისი ძმები, რომ ეძოვებინათ თავისი მამის ცხვარი, სიქემში.

13. და უთხრა ისრაელმა იოსებს: შენი ძმები არ მწყემსავენ სიქემში? მოდი, გაგგზავნი შენ მათთან. და უთხრა მას: აჰა, მე.

14. და უთხრა მას ისრაელმა: წადი და ნახე, ჯანმრთელად თუ არიან შენი ძმები და ცხვარი და შემატყობინე მე. და გაგზავნა იგი ქებრონის ხევიდან, და მივიდა სიქემში.

15. და ნახა იგი კაცმა გზააბნეული ველზე; და ჰკითხა მას კაცმა და უთხრა: რას ეძებ?

16. ხოლო მან უთხრა: ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი მე, სად აძოვებენ.

17. და უთხრა მას კაცმა: წავიდნენ აქედან, რადგან გავიგონე, რომ ისინი ამბობდნენ: წავიდეთ დოთაიმში. და გაჰყვა იოსები კვალდაკვალ თავის ძმებს და იპოვა ისინი დოთაიმში.

18. და დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა იგი მათ და ბოროტად განიზრახეს მისი მოკვლა.

19. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: აჰა, ის მესიზმრე მოდის;

20. ახლა მოდი, მოვკლათ იგი და ჩავაგდოთ იგი ერთ-ერთ ჭაში და ვთქვათ: ბოროტმა მხეცმა შეჭამა იგი; და ვნახავთ, რა იქნება მისი სიზმრებიდან.

21. და გაიგონა რუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან და თქვა: არ მოვკლათ მისი სული.

22. და უთხრა მათ რუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს; ჩააგდეთ იგი ამ ჭაში, რომელიც უდაბნოშია, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე. - რათა დაეხსნა იგი მათი ხელიდან და გადაეცა იგი თავისი მამისთვის.

23. და იყო, როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს ჭრელი სამოსი, რომელიც ემოსა,

24. და წაიყვანეს იგი და ჩააგდეს ჭაში; ხოლო ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა.

25. და დასხდნენ პურის საჭმელად და აახილეს თვალები და დაინახეს: აჰა, მოგზაური ისმაელელები მოდიოდნენ გალაადიდან და მათი აქლემები დატვირთულები იყვნენ საკმევლით და მკვრისკევით და შტახსით; და მიდიოდნენ, რომ ჩაეტანათ ეგვიპტეში.

26. და უთხრა იუდამ თავის ძმებს: რა სარგებელია, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს?

27. მოდი მივყიდოთ იგი ამ ისმაელელებს და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმა და ჩვენი ხორცია. და ისმინეს ძმებმა მისი.

28. და გამოიარეს კაცებმა, მადიამელმა ვაჭრებმა, და გამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელელებს ოც ოქროდ; და ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.

29. და დაბრუნდა რუბენი ჭასთან და ვერ ნახა იოსები ჭაში და შემოიხია თავისი სამოსი.

30. და დაბრუნდა თავის ძმებთან და უთხრა: ყრმა არ არის; და მე სადღა წავიდე?

31. და აიღეს იოსების სამოსი და დაკლეს თხის თიკანი და ამოსვარეს სამოსი სისხლში.

32. და გაგზავნეს ჭრელი სამოსი და შეუტანეს თავის მამას და უთხრეს: ეს ვიპოვეთ; ამოიცანი, შენი ძის სამოსია თუ არა.

33. და ამოიცნო იგი და თქვა: სამოსი ჩემი ძისაა; ბოროტმა მხეცმა შეჭამა იგი, მხეცმა მოიტაცა იოსები.

34. და შემოიხია იაკობმა თავისი სამოსი და შეიმოსა ძაძა თავის წელზე და გლოვობდა თავის ძეს მრავალ დღეს.

35. და შეიკრიბა მისი ყველა ძე და ასული და მივიდნენ მის სანუგეშებლად, და არ ისურვა ნუგეშისცემა და თქვა: ჩავალ ჩემს ძესთან მგლოვიარე ჯოჯოხეთში. და დასტიროდა მას მისი მამა.

36. ხოლო მადიამელებმა მიჰყიდეს იოსები ეგვიპტეში პეტეფრას, ფარაონის საჭურისს, მცველთმთავარს.

 

თავი 38

1. და იყო, იმ დროს წამოვიდა იუდა თავისი ძმებისგან და მივიდა ვიღაც ოდოლამელ კაცთან, რომლის სახელია ირასი.

2. და დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის ასული, რომლის სახელია სავა, და მოიყვანა იგი და შევიდა მასთან.

3. და მუცლადიღო და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ერი.

4. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ავნანი.

5. და შემატა კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი სელომი. და იგი იყო ქაზბიში, როცა შვა ისინი.

6. და მოუყვანა იუდამ ერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომლის სახელია თამარი.

7. და იყო ერი, იუდას პირმშო, ბოროტი უფლის წინაშე და მოკლა იგი ღმერთმა.

8. და უთხრა იუდამ ავნანს: შენი შენი ძმის ცოლთან და შეირთე იგი და აღუდგინე თესლი შენს ძმას.

9. და იცოდა ავნანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი; და იყო, როცა შედიოდა თავისი ძმის ცოლთან, ღვრიდა მიწაზე, რომ არ მიეცა თესლი თავის ძმისთვის.

10. და ბოროტად გამოჩნდა ღვთის წინაშე, რადგან გააკეთა ეს; და მოკლა ისიც.

11. და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: დაჯექი ქვრივად შენი მამის სახლში, ვიდრე დიდი გახდება სელომი, ჩემი ძე; რადგან თქვა: ვაითუ მოკვდეს ისიც, როგორც მისი ძმები. და წავიდა თამარი და დაჯდა თავისი მამის სახლში.

12. და გავიდა მრავალი დღე და მოკვდა სავა, იუდას ცოლი; და ინუგეშა იუდამ და ავიდა თავისი ცხვრის მპარსავებთან, ის და ირასი, მისი ოდოლამელი მწყემსი, თამნაში.

13. და შეატყობინეს თამარს, მის რძალს, და უთხრეს: აჰა, შენი მამამთილი ადის თამნაში თავისი ცხვრის გასაპარსად.

14. და გაიხადა ქვრივობის სამოსი და შემოისხა მოსასხამი და მოირთო და დაჯდა კარიბჭესთან ენანისა, რომელიც არის თამნას გზაზე, რადგან ნახა, რომ დიდი გახდა სელომი, ხოლო მან არ მისცა იგი მას ცოლად.

15. და დაინახა იგი იუდამ და ეგონა, რომ იგი მეძავია, რადგან დაეფარა თავისი პირი, და ვერ იცნო იგი.

16. და გადაუხვია მისკენ გზაზე და უთხრა მას: ნება მომეცი მე, რომ შემოვიდე შენთან; - რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. ხოლო მან უთხრა: რას მომცემ მე, თუ შემოხვალ ჩემთან?

17. და მან უთხრა: მე შენ გამოგიგზავნი თხის თიკანს ფარიდან. ხოლო მან უთხრა: მომეცი წინდი, ვიდრე გამომიგზავნი შენ.

18. და მან უთხრა: რა წინდი მოგცე შენ? ხოლო მან უთხრა: შენი ბეჭედი და მძივი და კვერთხი, რომელიც შენს ხელშია. და მისცა მას და შევიდა მასთან, და მუცლადიღო მისგან.

19. და ადგა და წავიდა და მოიხსნა მოსასხამი და ჩაიცვა თავისი ქვრივობის სამოსი.

20. და გაუგზავნა იუდამ თიკანი თხებიდან თავისი ოდოლამელი მწყემსის ხელით, რათა მიეღო წინდი დედაკაცისგან, და ვერ იპოვა იგი.

21. და ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის მეძავი, რომელიც იყო ენანში, გზაზე? და უთხრეს: არ ყოფილა აქ მეძავი.

22. და დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე; და იმ ადგილის კაცები ამბობენ: არ არის აქ მეძავი.

23. და თქვა იუდამ: ჰქონდეს ისინი, მაგრამ ნუღარ დაგვცინებენ; მე გავუგზავნე ეს თიკანი, ხოლო შენ ვერ იპოვე.

24. და იყო, სამი თვის შემდეგ შეატყობინეს იუდას და უთხრეს: ისიძვა თამარმა, შენმა რძალმა, და აჰა, მუცლადიღო სიძვით. და თქვა იუდამ: გამოიყვანეთ იგი და დაიწვას.

25. ხოლო როცა იგი გამოიყვანეს, გაუგზავნა თავის მამამთილს და თქვა: იმ კაცისთან, ვისიც არის ესენი, ვარ მე მუცლადღებული, და უთხრა: ამოიცანი, ვისია ბეჭედი და მძივი და ეს კვერთხი.

26. და ამოიცნო იუდამ და თქვა: გამართლდა თამარი ჩემზე მეტად, რადგან არ მივეცი იგი სელომს, ჩემს ძეს. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.

27. და იყო, როცა შობდა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.

28. და იყო, როცა შობდა იგი, ერთმა წინ გამოყო ხელი; და აიღო ყრმის ამქმელმა და შეაბა მის ხელს მეწამული და თქვა: ეს გამოვა პირველი.

29. და როგორც კი შეყო ხელი, მაშინვე გამოვიდა მისი ძმა. და მან თქვა: რად გაირღვა შენთვის ზღუდე? და უწოდა მისი სახელი ფარეზი.

30. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომლის ხელზეც იყო მეწამული; და უწოდა მისი სახელი ზარა.

 

თავი 39

1. ხოლო იოსები ჩავიდა ეგვიპტეში და იყიდა იგი პეტეფრამ, ფარაონის საჭურისმა, მცველთმთავარმა, ეგვიპტელმა კაცმა, ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც ჩაიყვანეს იგი იქ.

2. და იყო უფალი იოსებთან და იყო კაცი წარმატებული და იყო სახლში ეგვიპტელ ბატონთან.

3. და იცოდა მისმა ბატონმა, რომ უფალი არის მასთან და რასაც გააკეთებს, უფალი წარუმართავს გზას.

4. და პოვა იოსებმა მადლი თავისი ბატონის წინაშე და სათნო იყო მისთვის და დაადგინა იგი თავის სახლზე და ყოველივე, რაც ჰქონდა მას, მისცა ხელში იოსებს.

5. და იყო მისი დადგენის შემდეგ მის სახლზე და ყოველივეზე, რაც ჰქონდა მას, აკურთხა უფალმა ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა მთელ მის ქონებაზე სახლში და მინდორში.

6. და გადასცა ყოველივე, რაც ჰქონდა მას, ხელში იოსებს და არ იცოდა იმის შესახებ, რაც ჰქონდა მას, არაფერი, გარდა პურისა, რასაც ჭამდა იგი. და იყო იოსები ლამაზი სახით და ძლიერ შვენიერი შესახედად.

7. და იყო, ამ ამბების შემდეგ დაადგა მისი ბატონის ცოლმა თვალი იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან.

8. ხოლო მან არ ისურვა და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: თუ ჩემმა ბატონმა არ იცის ჩემი წყალობით არაფერი თავის სახლში და ყველაფერი, რაც აქვს მას, მომცა მე ხელთ

9. და არ აღმემატება ამ სახლში არავინ, არც დაუჭერია ჩემთვის არაფერი შენ გარდა, რადგან შენ მისი ცოლი ხარ, როგორღა ჩავიდინო ეს ბოროტი საქმე და შევცოდო ღვთის წინაშე?

10. და როცა ელაპარაკებოდა იოსებს დღიდან დღემდე, აღარ უსმენდა მას, რომ დაწოლილიყო მასთან და ყოფილიყო მასთან.

11. და იყო ერთი ასეთი დღე და შევიდა იოსები სახლში თავის საქმეების გასაკეთებლად და არავინ იყო სახლეულთაგან შინ.

12. და ჩაეჭიდა მას სამოსზე და უთხრა: დაწექი ჩემთან. და შეატოვა სამოსი მას ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ.

13. და იყო, როგორც კი დაინახა, რომ შეატოვა თავისი სამოსი მას ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ,

14. მოუხმო სახლში მყოფებს და უთხრა მათ და თქვა: შეხედეთ, შემოიყვანა ჩვენთან ებრაელი მონა ჩვენს დასაცინად; შემოვიდა ჩემთან და მითხრა: დაწექი ჩემთან. და ვიყვირე დიდი ხმით;

15. ხოლო როცა გაიგონა მან, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა თავისი სამოსი მე და გაიქცა და გავიდა გარეთ.

16. და დაიტოვა სამოსი თავისთან, ვიდრე არ მოვიდა ბატონი თავის სახლში.

17. და ელაპარაკა მას ამ სიტყვებით და უთხრა: შემოვიდა ჩემთან ებრაელი მონა, რომელიც შემოიყვანე ჩვენთან, ჩემს დასაცინად და მითხრა მე: დავწვები შენთან.

18. ხოლო როგორც კი გაიგონა, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა სამოსი მე და გაიქცა და გავიდა გარეთ.

19. და იყო, როგორც კი გაიგონა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, რაც ელაპარაკა მას და უთხრა: ასე მომექცა მე შენი მონა, - განრისხდა გულისწყრომით.

20. და წაიყვანა ბატონმა იოსები და შეაგდო იგი დილეგში, იმ ადგილას, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დაჭერილები, იქ, იმ დილეგში.

21. და იყო უფალი იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა და მისცა მას მადლი საპყრობილის მცველთა მთავრის წინაშე.

22. და მისცა საპყრობილის მცველთა მთავარმა საპყრობილე ხელში იოსებს და ყველა პყრობილი, და ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ იქ.

23. არ იცოდა საპყრობილის მცველთა მთავარმა მისი წყალობით არაფერი, რადგან ყველაფერი იყო იოსების ხელში, იმიტომ რომ უფალი იყო მასთან, და რასაც იგი აკეთებდა, უფალი წარმართავდა მისი ხელით.

 

თავი 40

1. და იყო, ამ ამბების შემდეგ შესცოდეს ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარმა და მეპურეთმთავარმა თავის ბატონს, ეგვიპტის მეფეს.

2. და განურისხდა ფარაონი თავის ორივე საჭურისს, მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს,

3. და ჩასხა ისინი ციხეში მცველთმთავართან საპყრობილეში, იმ ადგილას, იქ, სადაც იოსები იყო შეპყრობილი.

4. და ჩააბარა საპყრობილის მთავარმა იოსებს ისინი, და ემსახურებოდა მათ; და იყვნენ მრავალი დღე ციხეში.

5. და ნახა ორივემ სიზმარი, თითოეულმა - სიზმარი; ერთ ღამეს ჰქონდათ ხილვა თავისი სიზმრისა - ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს, რომლებიც იყვნენ საპყრობილეში.

6. და შევიდა მათთან იოსები განთიადისას და ნახა ისინი, და იყვნენ შეძრწუნებულნი.

7. და ჰკითხა ფარაონის საჭურისებს, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად ციხეში მის ბატონთან, და უთხრა: რატომ არის თქვენი სახეები დამწუხრებული დღეს?

8. ხოლო მათ უთხრეს მას: სიზმარი ვნახეთ და მისი ამხსნელი არ არის. და უთხრა მათ იოსებმა: განა ღვთისაგან არ არის მათი განმარტება? მიამბეთ მე.

9. და უამბო მეღვინეთმთავარმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში იყო ვაზი ჩემ წინაშე;

10. ხოლო ვაზზე იყო სამი რტო, და იგი ყვაოდა და გამოეღო ყლორტები; მწიფე იყო ყურძნის მტევნები.

11. და ფარაონის სასმისი ჩემს ხელში იყო; და ავიღე ყურძენი და ჩავწურე იგი სასმისში და მივეცი სასმისი ხელში ფარაონს.

12. და უთხრა მას იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა;

13. კიდევ სამი დღე და გაახსენდება ფარაონს შენი გამგებლობა და ისევ დაგადგენს შენ შენს მეღვინეთმთავრობაზე და მისცემ სასმისს ფარაონს ხელში შენი პირველი გამგებლობისამებრ, როგორც იყავი მწდე.

14. მაშინ გამიხსენე მე შენ თვითონ, როცა სიკეთე მოგეგება შენ, და მოიღე ჩემზე წყალობა და გაახსენე ჩემ შესახებ ფარაონს და გამომიყვანე მე ამ დილეგიდან;

15. რადგან პარვით მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია, მაგრამ ჩამაგდეს მე ამ ორმოში.

16. და ნახა მეპურეთმთავარმა, რომ სწორად ახსნა, და უთხრა იოსებს: მეც ვნახე სიზმარი: და თითქოს მარცვლეულის სამი კალათი მედგა თავზე;

17. ხოლო ზედა კალათში იყო მეპურის ნახელავის ყველა სახეობა, რასაც მეფე ფარაონი ჭამს, და ცის ფრინველები ჭამდნენ მათ კალათიდან, რომელიც იყო ჩემს თავზე.

18. და მიუგო იოსებმა და უთხრა მას: ეს არის მაგისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;

19. კიდევ სამი დღე და მოგკვეთს ფარაონი შენ თავს და ჩამოგკიდებს შენ ხეზე, და შეჭამენ ცის ფრინველები შენს ხორცს.

20. და იყო, მესამე დღეს ფარაონის შობის დღე იყო და გამართა სმა ყველა თავისი მსახურისთვის. და გაახსენდა მეღვინეთმთავრის გამგებლობა და მეპურეთმთავრის გამგებლობა თავის მსახურთა შორის.

21. და ისევ დაადგინა მეღვინეთმთავარი მის გამგებლობაზე, და მისცა სასმისი ხელში ფარაონს,

22. ხოლო მეპურეთმთავარი ჩამოახრჩო, როგორც აუხსნა მათ იოსებმა.

23. და აღარ გაახსენდა მეღვინეთმთავარს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.