ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.

1

და მოიწია თთუჱ მეშჳდე და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ქალაქსა და შეკრბა ყოველი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი იერუსალჱმდ.

2 ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები - ზერუბაბელ შალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს ისრაელის ღმერთს სამსხვერპლო, რათა აღსავლენი მსხვერპლი შეეწირათ მასზე, როგორც მოსეს, ღვთისკაცის რჯულში იყო დაწერილი. 2 და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.
3 დადგეს სამსხვერპლო თავის ადგილზე, რადგან ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, და სწირავდნენ მასზე აღსავლენ მსხვერპლს უფლისადმი დილით და საღამოთი. 3 და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.
4 მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ აღსავლენ მსხვერპლს განსაზღვრულ რიცხვში ყოველდღიური წესის მიხედვით. 4 და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.
5 ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის. 5 და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თვისთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესასწაულთა წლისათა უფლისა სიწმიდეთა ყოველთა უნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.
6 მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს აღსავლენის შეწირვა უფლისადმი. უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი. 6 და პირველსა მას თთჳსასა მეშჳდისა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და სახლისა მის აღარ დადებულ იყო საფუძველი.
7

დაურიგეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებს და ტვიროსელებს, რომ მოეზიდათ კედარის ძელები ლიბანიდან ზღვით იაფოში სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის გაცემული ნებართვით.

7 და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა სასმელი და საჭმელი და ზეთი სიდონელთა და ტჳრელთა, და მოაქუნდა ნაძჳსძელი ლიბანით ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა მათ კჳროს, მეფემან სპარსთამან.
8 ღვთის სახლთან, იერუსალიმში, მათი მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები - ლევიანები და ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული მთელი ხალხი, და დაადგინეს ლევიანები, ოც წელს გადაცილებულნი, უფლის სახლის სამუშაოების ზედამხედველებად. 8 და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა უფლისასა იერუსალჱმად თთუესა მას მეორესა, იწყეს ზორაბაბელ სალათიელმან და ისუ იოსედეკიანმან და ძმათა მათთა მღდელთა ლევიტელთა ყოველთა მოსლვად ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ, და დაადგინებდეს ლევიტელთა ოც წლითგან ზედამდგომელად საქმისათჳს სახლისა უფლისასა
9 დადგნენ იესო, მისი შვილები და ძმები, კადმიელი, და მისი შვილები, იუდას შვილები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად; აგრეთვე ხენადადიანები, მათი შვილები და მათი ძმები, ლევიანები. 9 ისუ და ძენი მისნი, მდგომელნი ზედა საქმისა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისანი და ძმანი მისნი და ლევიტელნი.
10

როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.

10

და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლისა უფლისა; დგეს მღდელნი, და შთაეცვა კუართები, და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა ლევიტელნი და ძენი ასაფისნი წინწილითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.

11 უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო. 11 და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.
12 ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ. 12 და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა
13 ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა. 13 და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.