ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, მათ მამისსახლთა თავკაცნი და მათი საგვარტომო ნუსხა, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:

1

და არიან მფლობელნი მამათმთავარნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა შარავანდობასა არტახშეს მეფისასა და მეფისა მის ბაბილონელთასა:

2 ფინხასიანთაგან გერშომი, ითამარიანთაგან დანიელი, დავითიანთაგან ხატუში. 2 ძეთაგან ფინეზისათა გერსონ, და ძეთა მათგან ითამარისთა დანიელ, და ძეთა მათგან დავითისთა ატუუს.
3 შექანიანთაგან, ფარყოსიანთაგან, ზაქარია და მასთან მითვლილი ასორმოცდაათი მამროვანი. 3 და ძეთა მათგან ნააქისთა ნია, და ძეთა მათგან ფოროსისთა ზაქარია, და მის თანა ასერგასის კაცი.
4 ფახათ-მოაბიანთაგან ელიეჰოყენაი, ზაქარიას ძე, და ორასი მამროვანი მასთან ერთად. 4 და ძეთა მათგან ფაათ ელიანი, ძე ზარესი, და მის თანა ორასი კაცთა მათგანი.
5 შექანიანთაგან იახაზიელის ძე და სამასი მამროვანი მასთან ერთად. 5 და ძეთა მათგან ზათუფელისთა სექენია, ძე აზილისი, და მის თანა სამასი კაცთა მათგანი.
6 ყადიანიანთაგან ყებედი, იონათანის ძე, და ორმოცდაათი მამროვანი მასთან ერთად. 6 და ძეთა მათგან ადეასთა ობენ, ძე იონათანისნი, და მის თანა ერგასისი კაცთა მათგანი.
7 ყელამიანთაგან ესაია, ყათალიას ძე, და სამოცდაათი მამროვანი მასთან ერთად. 7 და ძეთა მათგან ელამისთა ესაია, ძე ათალიასი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
8 შეფატიანთაგან ზებადია, მიქაელის ძე, და ოთხმოცი მამროვანი მასთან ერთად. 8 და ძეთა მათგან საფატიასთა ზამბდია, ძე მიქაელისი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
9 იობიანთაგან ყობადია, იეხიელის ძე, და ორასთვრამეტი მამროვანი მასთან ერთად. 9 და ძეთა მათგან იოაბადია, ძე იეელისი, და მის თანა ორასდაათრვამეტი კაცთა მათგანი.
10 ბაყანიანთაგან შელომითი, იოსიფიას ძე, და სამოცი მამროვანი მასთან ერთად. 10 და ძეთა მათგან ბაანისთა სელიმოთ, ძე იოსებისი, და მის თანა ასსამეოცი კაცი მათგანი.
11

ბებაიანთაგან ზაქარია ბებაის ძე, და ოცდარვა მამროვანი მასთან ერთად.

11

და ძეთაგან ბაბეისთა ზაქარია, ძე ბაბესი, და მის თანა ოცდარვა კაცთა მათგანი.

12 ყაზგადიანთაგან იოხანანი, ძე ჰაკატანისა, და ას ათი მამროვანი მასთან ერთად. 12 და ძეთა მათგან ადონიკამისთა და აზდადისთა იოენან, ძე ზაკატანისი, და მის თანა ასდაათი კაცთა მათგანნი.
13 ადონიკამიანთაგან - უკანასკნელნი და, აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და სამოცი მამროვანი მათთან ერთად, 13 და ძეთა მათგან ადონიკამისთა ესქატი. და ესე არს სახელები ამათ ყოველთა: ელიფალათ, იეიელ და სამეა და მის თანა სამეოცი კაცთა მათგანი;
14 ბიგვაიანთაგან ყუთაი, ზაბუდი და სამოცდაათი მამროვანი მათთან ერთად. 14 და ძეთა მათგან ბაგუისთა უთაია და ზაბუთ და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
15 შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის, და ვიდექით იქ სამ დღეს. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე მათ შორის. 15 და შევკრიბენ იგინი კიდესა მდინარისასა, რომელი ვალს იევის, და მოვიღე მუნ სავანე სამ დღე და სიმრავლე იგი ერისა მის, და ძეთა მათგან მღდელთა, და ძეთა მათგან ლევიტელთა არავინ ვპოვე.
16 დავიბარე ელყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი - თავკაცნი, იოარიბი და ელნათანი - სწავლულნი. 16 და მივავლინენ ელიაზარისა და არიელისა და სემისა მარასა და ზარიბ და ზეილა, ნათან და ზაქარია და მესოლამ და იარიბ და ელმათა.
17 გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის. 17 და გულისჴმა-უყო და მოიყუანნეს იგინი წინაშე მთავართა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ადგილსა მეფასეთასა და მისცნეს სიტყუანი პირსა მათსა. რათა ეტყოდიან ძმათა თჳსთა თანა ნათანიმს, რომელი-იგი არს ადგილსა მეფასეთასა, რომელნი-იგი მოიყვანნეს ჩუენდა, რომელნი-იგი შეასხმიდეს სახლსა ღმრთისასა ჩუენისასა
18 და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი, 18 და მოვიდეს ჩუენდა, რამეთუ იყო ჴელი ღმრთისა ჩუენისა აღსამაღლებელად ჩუენ თანა მარადის ძეთა მათგან ლევიტელთა და ძეთა მათგან ისრაჱლისათა. და პირველად მოვიდეს ჩუენდა ძენი მისნი და ძმანი მისნი ათვრამეტ;
19 და ხაშაბია და მასთან ერთად ესაია მერარიანთაგან, მისი ძმები და ოცი ვაჟი, 19 და ასებია და იესეა და ძეთა მათგან მერარისთა და ძმანი მისნი და ძენი მისნი - ოც კაც;
20 და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო. 20 და ნათანისგანნი, რომელნი-იგი მისცნა დავითმან და მთავართა მათ მონებად, განცდად ლვეიტელთა და ნათანიმ ორასდაოც, და ყოველნივე შეკრბეს მსგავსად სახელისა მათისა.
21

გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.

21

და მივაწვიეთ მუნ მარხვა კიდესა მას მდინარისა აკუთაისსა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვითხოვდით მისგან გზასა სიწრფოებისასა ჩუენთჳს და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისათჳს, რომელი იყო ჩუენ თანა.

22 რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს. 22 რამეთუ შევირცხვინეთ თხოვად მეფისაგან შემწეობისათჳს მჴედრებისა, რათამცა განმარინნეს ჩუენ მტერთა ჩუენთაგან გზასა მას, ვარქუთ ჩუენ მეფესა მას ესრეთ, ვითარმედ: ჴელი უფლისა ღმრთისა ჩნენისა შემწე არს ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას კეთილსა შინა, და ძლიერება მისი და რისხვა მისი ყოველთა ზედა არს, რომელთა დაუტევეს იგი
23 ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი. 23 და ვიმარხევდით და ვითხოვდით ღმრთისაგან ჩუენისა ამის ყოვლისათჳს, და ისმინა ჩუენი უფალმან.
24 გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან. 24 და წარვავლინეთ მთავართა მათგანი მღდელთასა ათორმეტნი, სარაბია და ასაბია და მათ თანა ძმათა მათგანნი ათნი.
25 და წონით ჩავაბარე მათ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლისადმი შეწირული, რომელიც მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და ყველა იქ მყოფმა ისრაელიანმა შესწირეს ჩვენი ღმერთის სახლს. 25 და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი და ოქროჲ და სამსახურებელი პირველთა სახლსა მას ღმრთისა ჩუენისა, რომლითა აღგვამაღლნა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყვნეს მუნ.
26 წონით ჩავაბარე ხელში: ექვსას ორმოცდაათი ქანქარი ვერცხლი და ასი ქანქარი ვერცხლის ჭურჭელი, ოქრო ასი ქანქარი. 26 და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი ექუსასდაერგასისი ტალანტი და ჭურჭელი ვეცხლისაჲ ასი და ოქროსაჲ ასი ტალანტი.
27 ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ. 27 და სხვა ჭურჭელი ოქროსაჲ ოცდასამი და ჭურჭელი სპილენძისა წმინდა, რჩეული, ოქროცხებული.
28 ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ჭურჭელნიც წმიდაა; ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთისადმი. 28 და ვარქუ მათ: თქუენცა განწმედილ ხართ უფლისა ღმრთისა მიერ, და ყოველი ჭურჭელი წმინდა უფლისა არს, ოქროსა და ვეცხლისა რჩეული, უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა.
29 ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში. 29 მღვიძარედ დეგით და ჴუმილევდით, ვიდრემდის აღსწონოთ ეგე წინაშე მთავართა მათ მღდელთა და ლევიტელთა და მფლობელთა მათ მამათა მთავართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს, კარავთა შინა სახლისა უფლისათა.
30 ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში. 30 და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა რიცხჳ იგი ოქროსა და ვეცხლისაჲ და ჭურჭლისა, და მიიღეს იერუსალჱმად სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა.
31

დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.

31

და აღვდეგით და წარვიძრენით იაოს მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თთვე, და მოვედით მის პირველისა და მოვიწიენით იერუსალჱმად, ჴელი ღმრთისა ჩუენისა იყო ჩუენ თანა და მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და მბრძოლთა ჩუენთაგან, რომელნი იყვნეს გზასა მას.

32 მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს. 32 და მოვედით იერუსალჱმად და განვისვენეთ მუნ სამ დღე ოდენ.
33 მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად. 33 და დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქრო და ჭურჭელი სახლსა მას უფლისა ღმრთისა ჩუენისასა ჴელთა მარემოთ ძისა ჰურიასა მღდელისათა, რომელი-იგი იყო მის თანა ელიეზერ, ძე ფინეზისი, და იოაბად, ძე ისუასი, და ნოადია, ძე ბანესი, და სხვანი ლევიტელნი
34 ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა. 34 და იყო აღთუალვა რიცხჳსა მის ყოვლისა, დაიწერა ყოველი იგი წონით რიცხჳსა მის სრულისა.
35 ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელს ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი. 35 და მას ჟამსა შინა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყვეობისა მისგან შვილნი მსხემობისანი, შესწირეს საკვერთხნი უფლისა ღმრთისა ისრაელისა ზვარაკები ათორმეტ ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათექუსმეტ, კრავები სამეოცდააჩვიდმეტ და წელიწდეულნი ცოდვათათჳს - ათორმეტ. ესე ყოველი საკუერთხები შეწირეს უფლისა ღმრთისა
36 გადასცეს მეფის განკარგულება მეფის ნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებლებს. მათაც ხელი შეუწყვეს ერსა და ღვთის სახლს. 36 და მისცეს აღწერილი იგი წიგნი ჭურჭლისა მის, რომელი-იგი ებრძანა მეფესა მას, ნახპეტთა და მთავართა მათ მდინარითკერძოთა ევფრატისათა, და დიდებულ-ყვეს ერი იგი და ტაძარი იგი ღმრთისა.