ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეგვიპტის მეფემ თავი მოუყარა დიდ ლაშქარს, როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და მრავალ ხომალდს და ცდილობდა, ვერაგობით დაეპყრო ალექსანდრეს სამეფო და მიეერთებინა თავისი სამეფოსთვის.

   
2 გაემართა სირიისკენ სამშვიდობო სიტყვებით და უდებდნენ ქალაქთა კარიბჭეებს და ეგებებოდნენ. მეფე ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა, დახვედროდნენ მას, რადგან მისი სიმამრი იყო.    
3 როგორც კი შევიდოდა ქალაქში პტოლემეოსი, ყოველ ქალაქში ჯარებს აყენებდა მცველად.    
4 ხოლო როგორც კი მიუახლოვდა აშდოდს, უჩვენეს მას გადამწვარი დაგონას ტაძხარი, მოოხრებული აშდოდი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, მათი დაჩეხილი და დანახშირებული სხეულები, ბრძოლაში რომ დაიწვნენ. მათ გროვებს ახვედრებდნენ გზაზე.    
5 უამბეს მეფეს, რაც გააკეთა იონათანმა, და ბრალი დასდეს, მაგრამ დუმდა მეფე.    
6 იაფოსთან შეეგება იონათანი მეფეს პატივით. შეხვდნენ ერთმანეთს და იქ გაათენეს.    
7 იმგზავრა იონათანმა მეფესთან ერთად მდინარემდე, რომელსაც ეძახიან ელეფთეროსს, და გაბრუნდა იერუსალიმისკენ.    
8 ხოლო მეფე პტოლემეოსი განაგებდა სანაპირო ქალაქებს ზღვისპირის სელევკიამდე და ბოროტი ზრახვები ჰქონდა ალექსანდრეს წინააღმდეგ.    
9 გაგზავნა ელჩები მეფე დემეტრიოსთან, შეუთვალა: მაშ, მოდი კავშირი შევკრათ ერთმანეთთან; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში.    
10 ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგან ჩემს სიკვდილს ეძიებდაო.    
11 ცილი დასწამა მას, რადგან თვითონ უნდოდა მისი სამეფო.    
12 წაართვა მას ცოლი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და გაცხადდა მათი მტრობა.    
13 შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და დაიდგა აზიის გვირგვინი. ორი გვირგვინი ედგა თავზე - ეგვიპტისა და აზიისა.    
14 მეფე ალექსანდრე კი იმ დროს კილიკიაში იყო, რადგან განერიდა იქაურ ადგილებს.    
15 გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, წინ დაუხვდა მას ძლიერი ხელით და განდევნა იგი.    
16

გაიქცა ალექსანდრე არაბეთში, რომ იქ შეეფარებინა თავი. მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა.

   
17 არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და გაუგზავნა პტოლემეოსს.    
18 მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მის ციხე-სიმაგრეებში მყოფნი ციხე-სიმაგრეების ხალხმა დახოცა.    
19 და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს.    
20 იმ დღეებში თავი მოუყარა იონათანმა იუდას ხალხს, რომ ბრძოლით აეღოთ იერუსალიმის ციხე, და მის წინ უამრავი მანქანა დააყენა.    
21 მათი ერის მოძულე რჯულსგამდგარი კაცები გაეშურნენ მეფისკენ და აცნობეს მას, ციხეს შემოერტყაო იონათანი.    
22 შეიტყო ეს და განრისხდა. და შეიტყო თუ არა, მაშინვე გაემართა პტოლემაისისკენ. შეუთვალა იონათანს, არ შემორტყმოდა ციხეს და დაუყოვნებლივ შეხვედროდა მას პტოლემაისში მოსალაპარაკებლად.    
23 რომ მოისმინა ეს იონათანმა, ბრძანა, განეგრძოთ ალყა. შემდეგ ისრაელის უხუცესთაგან და მღვდელთაგან აარჩია კაცები და თავი საფრთხეში ჩაიგდო.    
24 აიღო ვერცხლი და ოქრო, სამოსელი და სხვა მეტად ძვირფასი ნივთები, გაემგზავრა მეფესთან პტოლემაისში და ჰპოვა მადლი მის წინაშე.    
25 თუმცა ვიღაც ურჯულოებმა მისი ხალხიდან დაასმინეს იგი,    
26 მეფე მაინც ისე მოექცა მას, როგორც მისი წინამორბედნი ექცეოდნენ, და აღაზევა ის ყველა თავისი მეგობრის წინაშე.    
27 დაუმტკიცა მას მღვდელმთავრის ხარისხი და ყველა სხვა პატივი, რაც წინათ ჰქონდა, და უახლოეს მეგობრებში უპირველესად შერაცხა.    
28 მოსთხოვა იონათანმა მეფეს, აეხსნა ხარკი იუდასთვის, სამი ოლქისთვის და სამარიისთვის, და აღუთქვა მას სამასი ტალანტი.    
29 დათანხმდა მეფე და მისწერა იონათანს წერილი ყოველივე ამის თაობაზე ამგვარი შინაარსისა:    
30 მეფე დემეტრიოსი ძმას იონათანს და იუდაელთა ერს მოგიკითხავ.    
31

ასლი წერილისა, რომელიც ლასთენეს, ჩვენს ნათესავს, მივწერეთ თქვენს შესახებ, თქვენც გამოგიგზავნეთ, რათა იცოდეთ:

   
32 მეფე დემეტრიოსი ლასთენეს, მამას მოგიკითხავ.    
33 იუდაელთა ერს, ჩვენს მეგობრებს და ჩვენდამი ვალდებულებების ერთგულად შემსრულებელთ, გადავწყვიტეთ სიკეთე ვუყოთ, რადგან კეთილგანწყობილნი არიან ჩვენდამი.    
34 ვუმტკიცებთ მათ იუდას მიწა-წყალს, სამ ოლქს - აფაირემას, ლოდსა და რათამინს, რომლებიც მიუერთდა იუდას სამარიიდან; ყველას, ვინც მსხვერპლს სწირავს იერუსალიმში, ვათავისუფლებთ სამეფო გადასახადისგან, რომელსაც უწინ ყოველწლიურად იღებდა მეფე მიწის მოსავლიდან და ხეთა ნაყოფებისგან;    
35 ამიერიდან სხვა დანარჩენი გადასახადებიდან, რაც გვერგება, მეათედებიდან, ხარკებიდან, რაც გვერგება, მარილის ტბიდან და გვირგვინის ხარკიდან, რაც გვერგება ყოველივე ამისგან ვათავისუფლელთ მათ.    
36 არცერთი ამათგანი არ შეიცვლება ამიერიდან სამარადისოდ.    
37 მაშ, ახლა იზრუნეთ, რომ გააკეთოთ ასლი, გადასცეთ იონათანს და დადოთ წმიდა მთაზე გამოსაჩენ ადგილას.    
38 როცა დაინახა მეფე დემეტრიოსმა, რომ დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე და რომ არაფერი აღდგომია წინ, დაითხოვა მთელი თავისი ჯარები, თითოეული თავისი ადგილისაკენ, გარდა უცხოელთა ჯარებისა, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა სხვა ხალხების კუნძულებიდან, რისთვისაც მტრობდა მას მთელი მამაპაპეული ლაშქარი.    
39 ტრიფონმა, რომელსაც ადრე ალექსანდრეს მხარი ეჭირა, დაინახა, რომ მთელი ჯარი დრტვინავდა დემეტრიოსზე, და გაემართა არაბ იმალკუესკენ, ვინც ზრდიდა ანტიოქოსს, ალექსანდრეს ჩვილ ვაჟს.    
40 არწმუნებდა, მისთვის ჩაებარებინა ბავშვი, რათა გაემეფებინა მამამისის ნაცვლად. მერე უამბო ყველაფერი, რაც გააკეთა დემეტრიოსმა და როგორ მტრობდა მას მისი ლაშქარი. დარჩა იქ დიდხანს.    
41 შეუთვალა იონათანმა მეფე დემეტრიოსს, რომ გაეყვანა იერუსალიმის ციხეში და სიმაგრეებში ჩაყენებული რაზმები, რადგან ებრძოდნენ ისრაელს.    
42 შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს: არა მარტო ამას გავაკეთებ შენთვის და შენი ხალხისთვის, არამედ დიდებით განგადიდებთ შენ და შენს ხალხს, თუკი შესაფერი ჟამი ვპოვე.    
43 ახლა, სწორად მოიქცევი, თუ გამომიგზავნი ჩემს მოკავშირე მეომრებს, რადგან ამბოხებულია მთელი ჩემი ჯარი.    
44 გაუგზავნა იონათანმა სამიათასი მაგარი ვაჟკაცი ანტიოქიაში. წარდგნენ მეფესთან და გაიხარა მეფემ მათი მოსვლით.    
45 ასოციათასამდე ქალაქელი შეიკრიბა შუა ქალაქში და ეწადათ მეფის მოკვლა.    
46

მაგრამ მეფემ სასახლის ეზოში შეასწრო, ქალაქელებმა კი დაიკავეს ქალაქის გასასვლელები და დაიწყეს ბრძოლა.

   
47 მეფემ იუდაელებს მოუწოდა დასახმარებლად და ყველანი ერთად მოგროვდნენ მასთან, გაიფანტნენ ქალაქში და დახოცეს იმ დღეს ასიათასამდე კაცი.    
48 გადაწვეს ქალაქი და დიდძალი ნადავლი აიღეს იმ დღეს, და იხსნეს მეფე.    
49 როცა დაინახეს ქალაქელებმა, რომ აიღეს ქალაქი იუდაელებმა, როგთრც მათ უნდოდათ, სულით დაეცნენ და თხოვნით შეჰღაღადეს მეფეს.    
50 მოგვეცი მარჯვენა და შეწყვიტონ იუდაელებმა ბრძოლა ჩვენთან და ქალაქთან:    
51 დაყარეს იარაღი და ჩამოაგდეს მშვიდობა. განითქვნეს იუდაელები მეფისა და ყველას წინაშე მის სამეფოში, და მიბრუნდნენ იერუსალიმისკენ დიდძალი ნადავლით.    
52 დაბრძანდა მეფე დემეტრიოსი თავის სამეფო ტახზე და დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე.    
53 მაგრამ ყველაფერში გვიმტყუნა, რაც თქვა, და გაიუცხოვა იონათანი და არ მისცა დაპირებული შეღავათები; ძალზე გაანაწყენა იგი.    
54 ამის შემდეგ იყო, რომ დაბრუნდა ტრიფონი ანტიოქოსთან, უასაკო ბავშვთან ერთად.    
55 შეიკრიბნენ მასთან ჯარები, რომლებიც დაითხოვა დემეტრიოსმა, და გაილაშქრეს მის წინააღმდეგ, გაიქცა და ივლტოდა.    
56 გამოიყვანა ტრიფონმა სპილოები და დაეუფლა ანტიოქიას.    
57 მისწერა ყმაწვილმა ანტიოქოსმა იონათანს: დამიდგენიხარ მღვდელმთავრად და ოთხი ოლქის განმგებლად და მეფის მეგობართა შორის შემირაცხიხარ.    
58 და გაუგზავნა მას ოქროს თასები და სუფრის ჭურჭელი, მისცა მას უფლება, ოქროს თასებით ესვა, ძოწეულით შემოსილიყო და ოქროს ბალთა ეტარებინა.    
59 ხოლო სიმონი, მისი ძმა, სარდლად დანიშნა ტვიროსის კიბიდან ეგვიპტის საზღვრებამდე.    
60 გამოვიდა იონათანი და მოიარა მდინარის ნაპირი და ქალაქები, და შეიკრიბა მის წინაშე სირიის მთელი ლაშქარი მხარის დასაჭერად. ჩავიდა აშკელონში და პატივით შეეგებნენ მას ქალაქის მკვიდრნი.    
61

გამოემართა იქიდან ღაზასკენ, მაგრამ ჩაიკეტნენ ღაზელები. ალყა შემოარტყა მას და ცეცხლით გადაწვა მისი სანახები, და გაძარცვა ისინი.

   
62 შეევედრნენ იონათანს ღაზელები და მანაც მისცა მათ მარჯვენა, აიყვანა მათი მთავრების ვაჟები მძევლებად და იერუსალიმში გაგზავნა ისინი. დამასკომდე მოიარა ქვეყანა.    
63 გაიგო იონათანმა, რომ წამოსულან დემეტრიოსიხ მთავრები კადეშისკენ გალილეაში დიდძალი ჯარით, მისი გადაყენების მსურველნი.    
64 თავად დაუხვდა მათ, მისი ძმა სიმონი კი ქვეყანაში დარჩა.    
65 დაბანაკდა სიმონი ბეთ-ცურთან, ებრძოდა მას დიდხანს და მოიმწყვდია იგი.    
66 სთხოვეს მას მარჯვენის მიცემა და მანაც მისცა მარჯვენა. შემდეგ გამოყარა ისინი იქიდან, აიღო ქალაქი და დაცვა ჩააყენა.    
67 იონათანი და მისი ლაშქარი გენესარეთის წყალთან დაბანაკდა. დილას ადრე ხაცორის ველზე განლაგდნენ.    
68 და აჰა, უცხოტომთა ბანაკი შეეყარა მას ველზე; ნაწილი მთებში ჩაესაფრებინათ მათ წინააღმდეგ, თავად კი პირისპირ შეეტაკნენ.    
69 ჩასაფრებულებიც გამოვიდნენ საფრებიდან და ჩაერთნენ ბრძოლაში.    
70 იონათანთან მყოფნი ყველანი გაიქცნენ, ერთიც კი არ დარჩენილა მათგან, გარდა მატათიასი, აბესალომის ძისა, და იუდასი, ხალფის ძისა - ლაშქრის რაზმეულთა მეთაურებისა.    
71 შემოიხია იონათანმა სამოსელი, თავზე მტვერი დაიყარა და ილოცა.    
72 მერე კვლავ ჩაერთო ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და უკუაქცია.    
73 დაინახეს ეს იონათანისგან გაქცეულებმა და დაბრუნდნენ მასთან, მისდიეს კადეშამდე, მათ ბანაკამდე, და იქ დადგნენ.    
74 დაეცა იმ დღეს მათგან სამიათასამდე კაცი; და გაბრუნდა იონათანი იერუსალიმისკენ.