ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.

1

და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!

2 თქვა სამუელმა: როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს. უთხრა უფალმა: წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო. 2 მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.
3 მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი. 3 და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!
4 ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი. 4 და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?
5 მიუგო სამუელმა: მშვიდობა! მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი. 5 ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოვსრულ ვარ უფლისა! არა განწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴ-იდგით დღეს, მსხუერპლისა ამის ჟამსა. და განწმიდნა მან იესე და ძენი მისნი, მიუწოდა მათ მსხუერპლთა მათ ზედა.
6 როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული. 6 და მოვიდეს იგინი მის წინაშე. და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა წინაშე უფლისა: ესე-მე იყოს ცხებული მისი?
7 უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს. 7 და ჰრქუა უფალმან სამოველს: ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს.
8 დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: არც ეს აურჩევია უფალს. 8 და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოდგა იგი სამოველის წინაშე და თქუა: არცაღა ესე გამოირჩია ღმერთმან.
9 ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: არც ეს ამოურჩევია უფალს. 9 მერმე წარმოუდგინა მას იესე სამაა და თქუა სამოველ: არცაღა ეგე გამოირჩია უფალმან!
10 ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: არ აურჩევია ესენი უფალს. 10 და წარმოუდგინა იესე შჳდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა სამოველ იესეს: არა ვინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.
11 უთხრა სამუელმა იესეს: სულ ეს არიან შენი ყმაწვილები? მიუგო: კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა. უთხრა სამუელმა იესეს: გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი. 11

მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოველ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომა, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.

12

გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.

12 და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა. და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!
13 აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს. 13 და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე.
14 განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან. 14 და სული უფლისა განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას.
15 უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ. 15 მიუგეს მონათა საულისათა და ჰრქუეს: ესერა, სული უკეთური შეგაშფოთებს შენ უფლისა მიერ;
16 უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა. 16 აწ ისმინე სიტყუათა მონათა შენთა. და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობა გალობათა უფლისათა ქნარითა. და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერ, იტყოდის იგი გალობასა უფლისასა ქნარითა. და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენებდი.
17 უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ. 17 და თქუა საულ მონათა მისთა მიმართ: მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს უფლისასა, და მოიყვანეთ იგი ჩემდა.
18 მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: ბეთლემელი იესეს შვილი მეგულება, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი; უფალია მასთან. 18 მი-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მჴნე, მჭევრი სიტყჳთა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა.
19 გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს. 19 და წარავლინა საულ მოციქული იესესა თანა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძე შენი, რომელი არს სამწყსოსა ცხოვართა შენთასა!
20 აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან. 20 და აჰკიდა იესე კარაულსა ცხოვარი ერთი, პური, თხიერი ერთი ღჳნო და ერთი თიკანი და მიუძღვანა იგი იესე დავითის მიერ, ძისა თჳსისა, საულს. და შემოვიდა დავით და დადგა მის წინაშე და შეიყვარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთმელი მშჳლდ-კაპარჭთა მისსა.
21 მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.    
22 შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში. 21 და მიავლინა საულ კაცი ერთი იესესა და ჰრქუა: რათა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა!
23 როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; ამოისუნთქავდა საული, უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული. 22 და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულსა, და სათნო-უჩნ მას, და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.