ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეატყობინეს დავითს: აჰა, ფილისტიმელები დასხმიან თავს კეყილს და კალოებს აჩანაგებენ.

1

მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა, და გარემოს არბევენ საცხოვარსა, და შესჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანობირსა!

2 დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს. 2 და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ, მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი! და ჰრქუა უფალმან დავითს: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე კეილა!
3 უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: ჩვენ აქ, იუდაშიც შიშით აღარა ვართ და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ? 3 მიუგო ერმან მან, რომელი იყო დავითის თანა და ჰრქუეს: ჩვენ ჰურიასტანს ვართ შიშსა შინა, აწ ვერ მივიდეთ კეილად ღელესა მას უცხოთესლთასა.
4 კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს. 4 მერმე შე-ღავე-სძინა დავით კითხვად უფლისაგან და ჰრქუა უფალმან დავითს: გვალე, მივედ შენ ადრე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!
5 წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი. 5 და წარვიდა დავით კაცითურთ, რომელნი იყუნეს მის თანა კეილად, და ბრძოლა-ყო უცხოთესლთა მათ თანა. და ერეოდა დავით, და მეოტ იქმნნეს იგინი პირისაგან მათისა, და მოსრნა იგინი წყლულებითა დიდითა და დაყარა ნატყუენავი იგი ერსა მას და განარინა მკჳდრნი კეილოს.
6 როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო. 6 და იყო, რაჟამს ივლტოდა აბიათარ, ძე აქიმელექისა, და მივიდა დავითისა და შთავიდა კეილად და აქუნდა ეფუდი იგი.
7 აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი. 7 მაშინ უთხრეს საულს, ვითარმედ: ესერა, მივიდა დავით კეილად! და თქუა: აწ უწყი, რამეთუ განწირა უფალმან ჴელთა მიმართ ჩემთა, რამეთუ შევიდა იგი ქალაქსა მას მოზღუდვილსა და განკრძალულსა ბჭითა და მოქლონებითა.
8 საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები. 8 და ჰრქუა საულ ყოველსა ერსა მოსლვად მის თანა, რათა შთავიდეს და ჰბრძოდიან კეილასა შეცვად დავითისა და ერისა მის, რომელ მის თანა იყო.
9 შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი! 9 და აგრძნა დავით ზედამისლვა იგი საულისი, რამეთუ არღა დაევიწყა საულს უკეთურებაჲ იგი, რომელ ეზრახა დავითისთჳს, და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა: განიპყარ ევფუდი ეგე წინაშე უფლისა.
10 თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი. 10 და თქუა დავით: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, სმენით მესმა მონასა შენსა, რამეთუ ზედამომივალს მე საულ კეილად მოსრვად ქალაქისა ამის ჩემ გამო!
11

თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.

11

აწ ჩამო-თუ-ვიდეს აქა საულ, ვითარცა მესმა მონასა შენსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ესე მაუწყე მე, უფალო, მონასა შენსა, და ჰრქუა უფალმან: ღმერთმან შეიცვას.

12 თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ. 12 და თქუა დავით: და მი-მე-მცნეა კეილელთა და ერი ესე ჩემი ჴელთა საულისათა? და ჰრქუა უფალმან: მიგცნე.
13 აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად. 13 და აღდგა დავით სწრაფით, და წავიდა და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, ვითარ ოთხას ოდენ კაცი, ვიდრეცა ვიდოდეს და უთხრეს საულს, ვითარმედ: განერა დავით, და განერა და გავიდა კეილაჲთ. და ადგილობანს ფერჴი დაიპყრა საულ.
14 ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და მთაში, ზიფის უდაბნოში. მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო იგი. 14 და მოვიდა დავით და დაადგრა უდაბნოსა ძნელოვანსა მას ზიფელთასა, მთასა მას არმუროვანსა, და ეძიებდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და არა მოსცა იგი უფალმან ჴელთა მისთა.
15 დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში. 15 რაჟამს სცნა დავით, ვითარმედ ეძიებს მას საულ, და დავით ჯდა მთასა მას არმუროვანსა ზიფელთასა.
16 ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით. 16 და აღდგა იონათან, ძე საულისი, და მივიდა დავითისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ.
17 უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს. 17 და თქუა: ნუ გეშინინ შენ, დავით, რამეთუ არა გპოოს შენ მამამან ჩემმან, და შენ მეფობდე ისრაჱლსა ზედა, და მე ვიყო შემდგომად შენსა, და საულცა, მამამან ჩემმან, უწყის ესე, რამეთუ ესრე არს.
18 შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა. 18 და აღთქმა აღთქვეს და წამება დადვეს წინაშე უფლისა. და დავით დაადგრა მუნვე ახალთა მათ და იონათან წარვიდა სახიდ თჳსა.
19 მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ. 19 და მოვიდეს ზიფელნი იგი საულისა ბორცვად და ჰრქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩვენ შორის მესერამს, ძნელოვანსა მას, ახალთა მათ ოდენ ბორცუსა მას ქელას, რომელ არს მარჯულ კერძო ესემონსა.
20 ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში. 20 და აწ აღესრულა ყოველი ნება გულისა შენისა, მეფე, რამეთუ შემოყენებულ არს იგი ჴელთა შენთა.
21

თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!

21

სიტყუად იწყო საულ ერისა მის მიმართ და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ გელმოდა თქუენ ჩემთჳს!

22 წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო. 22 და აწ მოვედით და მზა იყვენით, და მოიხილეთ ადგილი იგი და ჭეშმარიტად მაუწყეთ მე, ნუუკუე მო-რამე-გერგოს თქუენ ზაკულებითა მისითა.
23 ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, მხოლოდ ამის მერე წამოგყვებით. თუ ჩვენს ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა სამთავროში დავუწყებ ძებნას. 23 არამედ ჭეშმარიტად დაისწავეთ ადგილი იგი, სადა დამალულ იყოს. და მოდით და მითხართ ჩუენ, და ჩუენ მოვიდეთ განმზადებულნი და მოვიძიოთ იგი, სადაცა დამალულ იყოს ათასითა ამით ერითა იუდასითა.
24 ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ. 24 და წარვიდეს ზიფელნი იგი საულისგან, და დავით და ერი მისი ჯდა მარჯულ კერძო ესემონისა.
25 წავიდა საული საძებრად თავისი კაცებითურთ. შეატყობინეს დავითს და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში. 25 და წარვიდა საულ ერითურთ ძიებად დავითისა და უთხრეს დავითს გუშაგთა მათ მისთა, ვითარმედ: აჰა, ეგერა, საულ ერითურთ მისით გეძიებს შენ! ვითარცა ესმა დავითს, შთავიდა მას, რომელ-იგი იყო უდაბნოსა მას მაონათ კერძო. და საულ დევნა-უყო დავითს უდაბნოსა მას მაონისასა.
26 მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი. 26 და საულ ვიდოდა ერითურთ მისით მიერ კერძო მთასა მას. და დავით ერითურთ გარდაფარულ იყო სივლტოლასა მას პირისაგან საულისა. და საულ და ერმან მისმან შეიცვეს დავით და ერი მისი, რომელ მის თანა იყო. და ვითარ შე-ოდენმცა-იპყრეს იგინი,
27 ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას. 27 მეყსეულად მოციქული ხოლო ვიდა სოფლით საულისა და ჰრქუა: მოიქეც ადრე, რამეთუ, აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოეტევნეს სოფლად ჩუენდა!
28 მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელა ჰამახალკოთ (კლდე გაყრათა). 28 და მუნთქუესვე ხოლო იქცა საულ და დაუტევა დევნა იგი დავითისი, და მოვიდა შემთხუევად უცხოთესლთა მათ. ამის გამო ერქუმის ადგილსა მას "კლდე განსაყენებელი".