ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ეზრა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა:

1

და იწყო სიტყუად მეორემან, თქუა ძლიერებისათჳს მეფისასა:

2 ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია? 2 ჵ კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიან კაცნი და უპყრიეს მათ ზღუა და ჴმელი და ყოველივე, რომელ არს მას შინა?
3 ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან. 3 ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა, და თქვის და ბრძანის, და ადრე ყვიან (და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჴდის ბრძანებასა).
4 თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს. 4 და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან და ადრე ქმნიან მანქანანი მათნი, ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან.
5 დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი. 5 და მოკლნიან და მოკუდებიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართჳან მეფესა.
6 ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ. 6 და არა ხოლო ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართვიან მეფესა და მერმე ხარკისმომჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჴადიან ხარკი სამეფო.
7 იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ. 7 და მეფენი ხოლო განძლიერებულნი უფლებენ მას ზედა და თუ უბრძანის მოკლვა, მოკლიან და თუ ცხორებად, აცხოვნიან,
8 ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ; 8 და თუ აშენებად, ააშენიან,
9 თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ. 9 და თუ დარღუევად, დაარღჳვიან და თუ დანერგვად დანერგიან.
10 მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას. 10 და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ და თუ მეფესა რაცა უნებნ, ქმნის და განსუენებულად ზინ სავენაჴესა, და ჭამნ და სუამნ და ეძინის.
11 ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას. 11 და სხუანი ყოველნი გარემოს ჴუმილვედ მის და ბრძანებასა მისსა ელიედ და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ, და ვერცა იკადრიან და გარდაჴდიან ბრძანებასა მეფისასა.
12

ო, კაცნო, როგორღა არ არის მეფე ყველაზე ძლიერი, როცა ასე უსმენენ მას? და დადუმდა.

12 აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფე, რომლისა სიტყუა ბრძანებისა თჳსისა ესრეთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქვა და დადუმნა.
13 ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი. 13

და მესამემან თქუა ძლიერებისათჳს დედათასა და ჭეშმარიტებისათჳს, ესე არს ზორობაბელი, იწყო სიტყუად და თქვა:

14 კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი? 14 ჵ კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფე, ანუ სხუანი მრავალნი კაცნი და ანუ ძლიერ არს ღჳნო, ვინ არს, რომელსა უძლევიეს, დაუპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა?
15 დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც; 15 და არა უკუე დედათა, რამეთუ დედანი არიან, რომელთაგან იშუნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.
16 მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება. 16 მათგანნი იშუნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დასხეს ვენაჴნი, ვინა იყოფის ღჳნო.
17 ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ. 17 იგინი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა და მათ გამო შეიმკობიან და იდიდებიან კაცნი და ვერა ეგების თჳნიერ მათისა ყოფა კაცთა.
18 თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს, 18 და თუ შეიკრიბიან ოქრო და ვეცხლი და ყოველი სიმრავლე, და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი,
19 ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას. 19 მიიქციან მისა, და აღუტკბედ პირი და შეხედვედ მას და ყოვლითა ნიჭითა მათითა ჰყუარობედ მას უფროს ოქროსა და უფროს ვეცხლისა და ყოვლისა საშუებელისა.
20 კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება. 20 და დაუტევის მამა და დედა თჳსი, რომელთა შუნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი თჳსი და მისდევნ კვალსა ცოლისა თჳსისასა.
21 სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას. 21 და ესრეთ შეეყჳს მას და ერთ სულ იქმნის მის თანა და არა მოიჴსენის მამა თჳსი და არცა დედა თჳსი და არცა სოფელი თჳსი.
22 აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ? 22 და ამისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებენ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყთველსავე რასა იქმთ და შურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.
23

აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;

23 და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, თუ შე-რა-იძინის, ანუ მოიავაზაკის, ანუ ზღუასა შინა გინა მდინარეთა ვალს.
24 ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის. 24 გინა მჴეცთა შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, რაჟამს იპარის და მოიტაცის, და ყოველსა ჭირსა განვლის, მოვიდის, მიართვის ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა,
25 კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა. 25

რამეთუ უფროს უყვარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედა თჳსი.

26 ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო. 26 და მრავალნი შესულბეს გონებითა თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.
27 მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით. 27 და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოსწყჳდეს და შესცდეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.
28 ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას? 28 და აწცა არა გრწამს ჩემი, არცაღა დიდსა მაგას შარავანდოსანსა თავსა თჳსსა უფლიეს და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.
29 მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი; 29 და ვხედევდ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა.
30 მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა. 30 და აჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა, და სცა ყურიმალსა მეფისასა.
31 მეფე მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუცინებდა მას, მეფეც გაუცინებდა; თუ ქალი გაწყრებოდა, მასზე, მეფე ეფერებოდა მას, რომ შემოერიგებინა იგი. 31 და ამისთჳს გული არა განუწყრა მეფესა, არამედ პირი აიმტკმო და შეხედვიდა მას, და თუ იცინინ, იგიცა მის თანა იცინინ და, თუ მწუხარე არნ, მეფე ექენებინ ვიდრემდის განმხიარულდა იგი.
32 ო, კაცნო, როგორღა არ არიან ძლიერნი დედაკაცნი, როცა ამას აღწევენ? 32 აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არიან დედანი, რომელნი ამას ყოველსა იქმან?
33 მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს. 33 და მას ჟამსა მეფე იგი და დიდ-დიდნი, რომელნი მის თანა იყუნეს, იწყეს ხედვად კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა. და იწყო სიტყუად ზორობაბელ ჭეშმარიტისათჳს და თქუა:
34 მან კი დაიწყო საუბარი ჭეშმარიტებაზე: კაცნო, მაშ ძლიერნი არ არიან დედაკაცები? დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე. რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. 34 ჵ კაცნო, არამე ძლიერ არიან დედანი? დიდ არს ქუეყანა, მაღალ არიან ცანი, მალედ რბის მზისთვალი, რამეთუ აქუს მას სრბა კამარისმსგავსსა მას კარავსა ცისასა და მერმე მეყსეულად განფრინდის, და მიიწიის ადგილსა თჳსსა ერთსა დღესა.
35

განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია.

35 ანუ არამე დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნანდვილვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროს ყოველსა.
36 ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. 36 და ყოველი ქუეყანა შეევედრების ჭეშმარიტებასა, და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა, და ყოველნი საქმენი იძრვიან და ძრწიან მის წინაშე და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუე არცა ერთ.
37 უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლონი არიან დედაკაცნი, უსამართლოა ყოველი კაციშვილი, უსამართლოა ყოველი საქმე მათი. არ არის მათში სიმართლე და თავიანთ უსამართლობაში წარწყმდებიან. 37

უწესო არს ღჳნო, უწესო არს მეფე, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი, და არა არს მათ თანა ჭეშმარიტება და უწესოებით წარწყმდიან.

38 ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. 38 ხოლო ჭეშმარიტება დგას და ჰგიეს და ძლიერ არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ჴელმწიფობა მისი უკუნითი უკუნისამდე.
39 არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით; ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. 39 და არა არს მის თანა თუალთ-ხუმა და არა სადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უსჯულოება და უკეთურება და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე.
40 მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა. 40 და არა იპოების სასჯელისა მისისა სიცრუე, რამეთუ ჭეშმარიტება არს ძლიერებაჲ მეფეთა და ჴელმწიფება და სიმდიდრე და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისა.
41 და შეწყვიტა ლაპარაკი. მაშინ ხმა აღმოხდა მთელ ხალხს და თქვეს: დიდია ჭეშმარიტება და მძლეთამძლე. 41 ესე თქუა და დადუმნა სიტყჳსაგან და ყოველმან კრებულმან მას ჟამსა ჴელითა დიდითა ღაღად-ყვეს და თქვეს: დიდ არს ჭეშმარიტება, მძლე არს და ძლიერ.
42 მაშინ უთხრა მას მეფემ: ითხოვე, რაც გსურს დაწერილზე მეტი და მოგეცემა, რადგანაც უბრძენესი აღმოჩნდი ყოველთა შორის. იჯდები ჩემს გვერდით და ჩემი ნათესავი გეწოდება. 42 მას ჟამსა მეფემან ჰრქვა: ითხოვე, რაცა გნებავს და მიგცე შენ უფროს დაწერილისა მაგის, რამეთუ იპოვე ბრძენი უფროს ყოვლისა და შემდგომსა საყდარსა ჩემსა დასჯდე, ნათესავად ჩემდა სახელ-გედვას.
43 უთხრა მაშინ მეფეს: გაიხსენე აღთქმა, რომელიც დასდე იერუსალიმის აღსაშენებლად იმ დღეს, როდესაც მეფობა მიიღე, 43 მაშინ ჰრქუა ზურობაბელ მეფესა: მოიჴსენე აღთქმა იგი, რომელ აღუთქუ აღშენებისათჳს იერუსალჱმისა დღესა მას, რომელსა მოიღე შარავანდობა ეგე შენი და სთქუ,
44 რომ უკან გააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ ყველა ჭურჭელს, რომელიც კიროსმა გამოიტანა, როდესაც ფიცი დასდო, რომ მოაოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა. 44 ვითარმედ: ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი იერუსალჱმისა მუნვე მივაქციო, რომელი-იგი განაშორა და გამოარჩია კჳროს, რაჟამს დასცა ბაბილოვანი და აღუთქვა მან სამსახურებელი იგი უფლისა კუალად-გებად.
45 შენც დადებული გაქვს, რომ ააშენებ ტაძარს, რომელიც ედომელებმა დაწვეს, როდესაც მოოხრდა იუდა ქალდეველთაგან. 45 ეგრეცა შენ, მეფე, აღუთქუ აღშენებად ტაძრისა მის უფლისა, რომელი-იგი მოიცვეს ედომელთა, რაჟამს უდაბნო-ყვეს ჰურიასტანი ქალდეველთა.
46 ახლა ამას მოვითხოვ, მეფე-ბატონო, და გევედრები - ესაა შენი სიდიადე: გევედრები, შეასრულო შენი პირისაგან გამოსული დანაპირები, რომელიც აღუთქვი ზეციურ მეფეს. 46 და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო მეფე, და ვითხოვ შენგან, რათა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქმა ეგე, რომელ აღუთქუ მეფესა მას ცისასა და ყავ ეგრესახედ, ვითარცა აღმოჴდა პირისა შენისაგან.
47

მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა მას და მიუწერა წერილები ყველა მმართველს და მხარეთა განმგებელს, მხედართმთავრებს და სატრაპებს, რათა გაისტუმრონ იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდის იერუსალიმის აღსაშენებლად.

47 მას ჟამსა აღდგა დარეჰ მეფე და ამბორს-უყო ზორაბაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებასა, რათა წარგზავნონ იგი, რომელნი მის თანა იყუნეს მისლვად და აღშენებად იერუსალჱმისა.
48 კოილე სირიისა და ფინიკის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ მისწერა წერილები, მოზიდონ ლიბანიდან კედარის ძელები იერუსალიმში და მით ააშენონ ქალაქი. 48 და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიანთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რათა გარდმოიღონ ნაძჳსძელი ლიბანით იერუსალჱმდ და აღაშენონ ზორაბაბელითურთ ქალაქი იგი.
49 მისწერა სამეფოდან იუდაში წამსვლელი ყველა იუდაელის განთავისუფლების შესახებ, რათა არცერთი უფლებამოსილი და სატრაპი, მხარეთა განმგებელი და მმართველი არ მიადგეს მათ კარს, 49

და მიწერა ყოველთა მიმართ ჰურიათა, რომელნი-იგი განსრულ იყუნეს მეუფებასა მისსა და განათავისუფლნა იგინი ხარკისაგან და ჰრქუა ყოველთა მათ ძლიერთა და უფლებასა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა: ნუმცა ვინ ხარკისათჳს მიადგების კართა მათთა.

50 და მთელი მხარე, რომელსაც ფლობენ, ხარკისაგან გათავისუფლდეს, და რომ ედომელებმა დასტოვონ იუდაელთა სოფლები, რომლებიც მათ უჭირავთ. 50 და ყოველი ადგილი, რაოდენიცა უპყრიეს უხარკოდ, თავისუფალმცა არს და ყოველთა იდუმელთა უკუნსცედ სოფლები და ადგილები, რომელ ეპყრა ურიათა.
51 მიეცეს ტაძრის ასაშენებლად ყოველწლიურად ოცი ტალანტი, ვიდრე არ დასრულდება შენება. 51 აღსაშენებელად ტაძრისა მისთჳს მისცედ სამეუფოთა წელიწადსა ოცი ტალანტი, ვიდრემდის აღაშენონ ტაძარი იგი.
52 ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური აღსავლენისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა გაეცეთ ათი ტალანტი ყოველწლიურად. 52 და საკურთხევლისათჳს საკვერთხელთასა მისცენ ყოველთა დღეთა, ვითარცა წერილ არს შჯულსა შჳდეული და ათეული დაუბრკოლებელად შეწირვად და სხუაცა ათი ტალანტი წელიწადსა.
53 ყველა, ვინც გაემართა ბაბილონიდან ქალაქის ასაშენებლად, გათავისუფლდეს, ისინიც და მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელი. 53 და ყოველნი, რომელნი აღვიდენ იერუსალჱმად, აღაშენონ ქალაქი იგი და არიანმცა თავისუფალ და უხარკო თჳთ და ნათესავნი მათნი და ყოველნი მღდელნი.
54 მისწერა აგრეთვე სახსრისათვის და სამღვდელო სამოსელისთვის, რომელშიც შეასრულებენ იქ მღვდელმსახურებას. 54 და უბრძანა დაწერად და მიცემად ყოველი საღვაწი და კვართები მღდელთა მათ, რომელნი აღასრულებდეს მსახურებასა მას უფლისასა.
55 ლევიანებს მიუწერა გასცენ სახსარი იმ დღემდე, ვიდრე არ დასრულდება სახლი და არ აშენდება იერუსალიმში. 55 და ლევიტელთა მათ დაუწერა როჭიკი მიმუნდღედმდე, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი იგი უფლისა და იერუსალჱმი აღაშენონ.
56 მისწერა, რომ მისცემოდა ქალაქის ყველა მცველს კუთვნილი წილი და საზრდო. 56 ყოველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა მას, მიწერა მიცემად მათა სამკჳდრებელი ქუეყანისა მის და როჭიკი მათი.
57 დააბრუნა ყველა ჭურჭელი, რომელიც კიროსმა გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე, რის გაკეთებაც ბრძანა კიროსმა, მანაც ბრძანა აღსასრულებლად და იერუსალიმში წარსაგზავნად. 57 და წარუძღუანა ყოველი იგი ჭურჭელი სამსახურებელი ტაძრისა მის, რომელი-იგი გამოიღო კჳროზ ბაბილოვნით და ყოველი, რაცა თქუა კჳროზ, დარეჰ იგი აღასრულა და მიუძღვანა ყოველი იგი სამსახურებელი უფლისა.
58 ხოლო როდესაც გამოვიდა ჭაბუკი, აღაპყრო პირი ზეცისაკენ იერუსალიმის მხარეს, ადიდა უფალი ზეციერი და წარმოსთქვა: 58 და რაჟამს გარეგამოვიდა მეფისა მისგან ზურობაბელ, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად იერუსალჱმდ კერძო და აკურთხა უფალი მეუფე ცისა.
59 შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი. 59 და თქვა: შენ მიერ არს სიბრძნე და შენ მიერ არს ძლიერებაჲ და შენდა შვენის დიდებაჲ და მე მონა შენი ვარ.
60 კურთხეული ხარ, რომელმაც მომანიჭე მე სიბრძნე; გმადლობ, შენ, ჩვენი მამა-პაპის უფალო. 60 და გაკურთხებ შენ, რომელმან მე მომეც სიბრძნე და გმადლობ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
61 წაიღო წერილები და მივიდა ბაბილონში და ახარა თავის ძმებს, ყველას. 61 და მოიღო წიგნები იგი და წარვიდა და მოვიდა და შევიდა ბაბილოვნად და მიუთხრნა ყოველნი ძმათა თჳსთა.
62 ადიდებდნენ თავიანთ მამა-პაპის ღმერთს, რომ დაიხსნა ისინი და მისცა ნება, 62 და აკურთხევდეს ღმერთსა მამათა თჳსთასა, რამეთუ მომადლა მათ ფართოება და განტევება მათთჳს,
63 წასულიყვნენ და აეშენებინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც ეწოდა სახელი მისი. ზეიმობდნენ მუსიკით და სიხარულით შვიდ დღეს. 63 რათა მივიდენ და აღაშენონ იერუსალჱმი და ტაძარი იგი უფლისა, რომელსა ეწოდა სახელი მისი მის ზედა. და ყვეს სიხარული დიდი ყოვლით მენოაგითურთ შჳდ დღე.