ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?

1

დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?

2 ჰყავდა საულის სახლს მორჩილი, სასელად ციბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენა ხარ ციბა? მიუგო: გახლავარ, შენი მორჩილი. 2 სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.
3 უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი. 3 და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.
4 უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო ციბამ მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს. 4 და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.
5 გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან. 5 და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.
6 მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი! 6 და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.
7 მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია; წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ ყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს. 7 და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!
8 თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი? 8 მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?
9 მოუხმო მეფემ ციბას, საულის მორჩილს, და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. 9 და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!
10 დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას. 10 და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.
11 უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებს შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე როგორც ერთი უფლისწულთაგანი. 11 მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.
12 პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ. 12 და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.
13 ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი. 13 და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.