ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეიტყო საბას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მოვიდა დიდძალი დოვლათით. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.

1

და დედოფალსა საბასასა ესმა სახელი სოლომონისა. და მოვიდა სოლომონისა იერუსალჱმდ გამოცდად მისა იგავით ერითა მრავლითა ფრიად, აქლემებითა, რომელთა მოაქონდა სულნელება, ოქრო დიდძალი ფრიად და ქვა პატიოსანი და მოვიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა, რაცა იყო გულსა მისსა

2 ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა. 2 და უთხრა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა თანაწარჴდა სიტყუასა სოლომონ, რომელი არა უთხრა მას.
3 დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი, 3 და იხილა დედოფალმან საბასმან სიბრძნე იგი სოლომონისი და სახლი იგი, რომელი აღაშენა,
4 მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა. 4 და საჭმელი ტაბლათა და სასხდომები იგი მონათა მისთა, და წინაშე დგომა მსახურთა მისთა და სამოსელი მათი, და მწდენი მისნი, და შემკულება მათი, და მსხუერპლი, რომელთა შესწირვიდა სახლსა უფლისასა. განუკჳრდა
5 უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. 5 და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.
6 სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა. 6 და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ.
7 ბედნიერია შენა ხალხი, ბედნიერნი არიან შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. 7 ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი.
8 კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად. 8 იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელმან ინება შენდა დაჯდომად შენდა საყდარსა მისსა მეფედ ერისა შენისა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ უყუარდა უფალსა ღმერთსა შენსა ისრაჱლი დამტკიცებად იგინი უკუნისამდე და მიგცა შენ მათ ზედა მეფედ საქმედ განკითხვისა და სიმართლისა
9 მისცა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, საბას დედოფალს მეფე სოლომონისთვის რომ არ მიეცა. 9 და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს.
10 ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს. 10 და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა.
11

გააკეთა მეფემ სანდალოზისგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის. ებნები და ქნარები მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში.

11

და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა.

12 მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთბ ერთად. 12 და სოლომონ მეფემან მისცა დედოფალსა მას საბასა ყოველი, რაცა უნდა მას, და რომელი ითხოა თჳნიერ მისა, რომელი მოართვა მან სოლომონ მეფესა. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანად თჳსა.
13 ექვსას სამოცდა ექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად. 13 და იყო სასწორი ოქროსა, რომელსა მოართმიდეს სოლომონს წელიწადსა ერთსა, ექუსას სამეოცდაექუსი ტალანტი ოქრო.
14 იმის გარდა, რა ოქრო-ვერცხლიც მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ. 14 გარნა კაცთა მათ განწესებულთა და ვაჭართა, რომელთა დამოაქუნდა ოქრო და ვეცხლი მეფისა სოლომონისა.
15 გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე. 15 და ქმნა მეფემან სოლომონ ორასი ფარი ჭედილი ოქროსა, ექუსასი დრაკანი წმიდა იყო ერთსა მას ფარსა
16 გააკეთა სამასი ფარი ნაჭედი ოქროსაგან, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. 16 და სამასი ლახუარი ჭედილი ოქროსა, სამასი დრაკანი ერთსა მას ლახუარსა ზედა, ეგრეთვე თჳთეულთა მათ და მისცა იგი მეფემან მაღნარისა ლიბანისა.
17 გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა. 17 და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძუალისა შუათა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.
18 ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაკვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. 18 ექუს აღსავალ იყო საყდარსა მას შემტკიცებულ ოქროთა, და იყუნეს იდაყუნი იმიერ და ამიერ, და საყდარსა მას საჯდომელისასა და ორნი ლომნი მდგომარენი იდაყუთა მათ თანა.
19 ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. 19 და ათორმეტნი ლომნი დგეს ექუსთა მათ აღსავალთა იმიერ და ამიერ და არასადა იქმნა ესრეთ ყოველსა სამეფოსა.
20 მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს, 20 და ყოველი ჭურჭელი სოლომონისა იყო ოქროსაგან, და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის მაღნარისა ლიბანისა იყო ოქრო ხვეწილ, არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა.
21

რადგან მეფის ხომალდები ხურამის მორჩილებთან ერთად თარშიშში დადიოდნენ. თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები.

21

რამეთუ ნავი სოლომონისი მეფისა წარვიდოდა თარშით მონათა თანა ქირამისთა, ერთგზის სამსა წელსა მოვიდოდა ნავი თარშად მეფისა სოლომონისი სავსე ოქროთა, და ვეცხლითა, და შუათა პილოსათა, ყაპუზუნათა და ფარშამანგებითა.

22 განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით. 22 და განდიდნა მეფე სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა სიმდიდრითა და სიბრძნითა.
23 ამქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. 23 და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს პირსა სოლომონისსა სმენად სიბრძნისა მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან გულსა მისსა.
24 ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო ყოველწლიურად. 24 და მათ მოაქუნდა კაცად-კაცადსა ძღუენი თჳსი: ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და სამოსელი, შტახსი, და სულნელი საკუმეველი, ცხენები, და ჯორები წელიწადითი და წელიწადად.
25 სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 25 და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი ეტლებისა და ათორმეტი ათასი ახტა საჴედარი და დაადგინნა იგინი ქალაქებსა საეტლოსა და მეფისა თანა სოლომონისა იერუსალჱმს.
26 მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. 26 და იყო იგი მთავარ ყოველთა ზედა მეფეთა მდინარითგან ევფრატით ვიდრე ქუეყანადმდე უცხოთესლთა, ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა.
27 ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. 27 და მოსცა მეფემან ოქრო და ვეცხლი, ვითარცა თქუა, იერუსალჱმდ და ნაძჳ, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,
28 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი. 28 გამოსლვა ცხენებისა ეგჳპტით სოლომონისა და ყოვლისაგან ქუეყანისა.
29 სოლომონის დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მისნის ხილვაში, იერობოამ ნაბატის ძეს რომ შეეხება. 29 და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთა პირველნი და უკუანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა ნათან წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა აქია სელონელისათა და ხილვათა იოელ მხილველისათა იერობოამისა ნაბატისთჳს.
30 იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე ორმოცი წელი. 30 და მეფობდა სოლომონ ყოველსა ზედა ისრაჱლსა ორმეოც წელ.
31 განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე რობოამი გამეფდა. 31 და მოკუდა სოლომონ და დაფლეს იგი ქალაქსა დავითის, მამისა მისისასა. და მეფობდა რობოამ, ძე მისი, მის წილ.