ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გაწყვეტს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანას შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და სახლებში,

1

უკეთუ მოსრვით მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი, რომელთაჲ-იგი მოგცეს უფალმან ღმერტთმან შენმან ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად. და დაეშენო შენ ქალაქთა მათთა და სახლთა მათთა.

2 გამოაცალკევე სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად. 2 სამი ქალაქი გამოირჩია უფალმან თავისა შენისა ქუეყანისა მისგან, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
3 მოიწყვე გზა და სამად დაჰყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც წილად გარგუნა უფალმა, შენმა ღმერთმა. იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა. 3 აღიწონე გონებასა შენსა გზაჲ იგი მისი და სამად ნაწილად განჰყო საზღვარი იგი მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და განუყო შენ ნაწილად თითოჲ ქალაქი და იყოს იგი შესავედრებელად კაცისმკლველთა.
4 აი, წესი მკვლელისთვის, რომელმაც თავი უნდა შეაფაროს იქ, რომ გადარჩეს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე რომ არ ჰქონია მისი მტრობა არც გუშინ, არც გუშინწინ, 4 და ბრძანებაჲ ესე იყოს კაცისა მკლველისა მის ზედა, რომელ-იგი მეოტ იქმნეს და შევარდეს ქალაქსა მას, განერეს.
5 ან ვინც თავის მოყვასთან ერთად წავა ტყეში შეშის მოსაჭრელად, მოიქნევს ცულს ხის წასაქცევად, ტარს რკინა წასძვრება, მოხვდება მის მოყვასს და მოკლავს, ამ კაცმა ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს უნდა შეაფაროს თავი, რომ გადარჩეს. 5 რომელმან მოკლას მოყუასი იშვით, არანებსით, არცა ზაკვით, არც ყოფილ იყოს გული მისი სიძულილით მისა მიმართ გუშინ, გინა თუ ძოღან. შე-თუ ვინმე-სრულ იყოს ტყესა შეშისა კრვად მოყუასისა თანა დაცემასა მას ცულისასა, განერეს ჴელთა მისთა და მახვილი იგი ეცეს მოყუასსა მას თჳსსა და მოკუდეს, ეგევითარი იგი ივლტოდის და შევარდეს ერთსა ქალაქთა მათგანსა,
6 რომ არ გამოეკიდოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ მიეწიოს, რადგან გზა დიდია, და არ მოკლას; ის სასიკვდილო არ არის, რადგან არ ჰქონია მასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ. 6 რათა არა მახლობელმან ვინმე მის სისხლისამან დევნა-უყოს მომკლველსა მას, განჴურვებითა მით გულისაჲთა ეწიოს მას და მოკლას, რამეთუ შორს იყოს გზაჲ მისი და იგი არა თანამდებ იყოს, რამეთუ არა მტერობით, ანუ სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან.
7 ამიტომაც გიბრძანებ: გამოიცალკევე სამი ქალაქი. 7 ამისთჳს განმცნებ შენ სიტყუასა ამას, რათა გამოჰყუნე შენ სამნი იგი ქალაქნი განსარინებელად მკლველთა მათ.
8 როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას, 8 უკეთუ განვრცობით განგივრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი იგი შენნი, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა და მოგცეს შენ ყოველი-იგი ქუეყანაჲ, ვითარცა-იგი ეტყოდა მამათა შენთა.
9 თუ დაიცავ მთელს ამ ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ შეასრულო ის, შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე მთელი სიცოცხლე, მაშინ მიუმატე ამ სამს კიდევ სამი ქალაქი 9 უკეთუ სმენით ისმინნე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა ჩემთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი გზათა მისთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, შესძინო შენ სამიღა ქალაქი სხუაჲ სამთა მათ ქალაქთა,
10 და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე. 10 რათა არა დაითხეოდის სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მას შენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ დამკვიდრებად და ნუმცა იპოების შენ შორის თანამდებ სისხლისა.
11

მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,

11

უკეთუ იყოს ვინმე კაცი, რომელსა სძულდეს მოყუასი იგი თჳსი მტერობით და უმზიროს მას და აღდგეს მის ზედა და მოკლას და შევარდეს ერთსა ქალაქთაგანსა,

12 მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან. 12 მიავლინეთ ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გამოიყვანეთ მიერ. და მიეცეს იგი ჴელთა შურისმგებელისა მის სისხლისასა და მოკლან იგი.
13 წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, ჩამორეცხე უბრალო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის. 13 და ნუ დაჰრიდებნ თუალი მისი და ნუცა შეიწყალებნ მას და განსწმიდო სისხლი იგი უბრალოჲ ისრაჱლსა შორის და კეთილი გეყოს შენ.
14 ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად. 14 ნუ გარდასცვალებ საზღვართა, რომელ დაამტკიცნეს მამათა შენთა სამკვიდრებელსა მას შენსა ქვეყანასა მას ზედა, რომელსა დაგამკვიდროს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
15 ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე. 15 წამებასა ერთისა მოწამისასა ნუ თავს-იდებთ, რომელი წამებდეს ყოვლისავე უსჯულოებისათჳს და ცოდვისათჳს რომლისავე კაცისა მიმართ. რამეთუ ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაჲ.
16 თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას, 16 წარმო-თუ-ვინმე-დგეს ცრუმოწამე რომლისავე კაცისათჳს და იტყოდის უსჯულოებასა,
17 წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან, 17 წარმოდგედ ორნივე იგი კაცნი და იტყოდედ წინაშე უფლისა და წინაშე მღდელთა და წინაშე მსაჯულთა, რომელნი იყუნენ მათ ჟამთა.
18 კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის, 18 და გამოიკითხონ მათ ჭეშმარიტებით და თუ იპოვნენ კაცი იგი წამებასა მას ზედა ცრუსა, სიცრუით წამებდა მოყუსისა მისისათჳს.
19 ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. 19 და ვახად აღუდგა მას და უყვედ მას მსგავსად სიბოროტისა მისისა, რომელ-იგი ზრახა ყოფად მოყუსისა მის თჳსისათჳს და მოსპეთ ეგევითარი იგი ბოროტი თქუენ შორის,
20 დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში. 20 რათა ნეშტთა მათ, რომელნი-იგი დაშთენ, ეშინოდის და არღა შესძინონ საქმედ ბოროტისა რაჲთურთით.
21 ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ. 21 ნუ ჰრიდებნ თუალი შენი ეგევითარსა მას, სული სულისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ, რაჲცა ვინ უყოს მოყუასსა თჳსა, მიეგოს მას.