ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განუდგა მოაბი ისრაელს აქაბის სიკვდილის შემდეგ.

1

ეცრუვა მოაბ ისრაჱლსა შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისა.

2 გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაალზებებს ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან? 2 და გარდმოვარდა ოქოზია ქორსა მას არდაბაგით, რომელ-იგი იყო სამარიას, და დასნეულდა და წარავლინნა მოციქულნი და ჰრქუა მათ: მივედით და ჰკითხეთ ბაალს მწერსა, ღმერთსა მას აკკარონისასა, უკუეთუ განვერე მე ამას სენსა. და წარვიდეს კითხვად.
3 ხოლო უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ საკითხავად? 3 და ანგელოზი უფლისა უწოდდა ელიას თეზბიტელსა და ჰრქუა: აღდეგ და მიეგებოდე მოციქულთა მათ ოქოზია მეფისა სამარიასათა და არქუ მათ: არამე არსა ღმერთი ისრაჱლისა შორის და მიხვალთ თქუენ კითხვად ბაალისასა, მწერსა მას და ღმერთსა აკკარონისასა?
4 ამიტომ ასე ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე. და წავიდა ელია. 4 და არა ეგრე, არამედ ესრე იტყჳს უფალი: ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.
5 დაბრუნდნენ მოციქულები ახაზიასთან. ჰკითხა: რისთვის დაბრუნდით? 5 და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?
6 მიუგეს: კაცი შემოგვხვდა და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერიი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე. 6 და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.
7 ჰკითხა: როგორ გამოიყურება ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ? 7 და ჰრქუა მათ მეფემან: რა ხატი იყო კაცი იგი, რომელი მოგეგებოდა და გრქუა სიტყუაჲ ეგე?
8 მიუგეს: ბალანი მოსავს იმ კაცს და წელზე ტყავის სარტყელი არტყია. თქვა: ეს ელია თიშბელია. 8 და ჰრქუეს: კაცი მატყიერ და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა. და თქუა: ელია თეზბიტელი არს იგი.
9 მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თვისი ორმოცდაათეულითურთ. ავიდა მასთან და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. უთხრა: ღვთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე. 9 და წარავლინა ერგასისთავი ერგასისითურთ მისით, და მივიდეს მისა და ელია ჯდა ზედა თავსა მის მთისასა. სიტყუად იწყო ერგასისთავმან და ჰრქუა მას: კაცო ღმრთისაო, გიწოდს შენ მეფე, გარდამოჴედ მაგიერ!
10

მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ. ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ.

10

მიუგო ელია და ჰრქუა ერგასისთავსა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარ მე, გარდამოჴედინ ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა.

11 კიდევ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თვისი ორმოცდაათეულითურთ. დაუწყო ლაპარაკი და უთხრა: ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ჩამოდი მთიდან! 11 და შესძინა მეფემან და მიავლინა სხუაჲ ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა და აღჴდა ერგასისთავი იგი და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა:კაცო ღმრთისაო, ესრე იტყჳს მეფე: გარდამოჴედ მაგიერ ადრე.
12 მიუგო ელიამ და უთხრა: თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ. ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მის ორმოცდაათი კაცითურთ. 12 მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.
13 მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თვისი ორმოცდაათეულითურთ. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე და მუდარით უთხრა: ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მორჩილის სიცოცხლეს შენს თვალში. 13 და შესძინა მერმეცა მეფემან მესამედ და მიავლინა ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა. და მივიდა მისა ერგასისთავი იგი მესამე და დაიდგნა მუჴლნი წინაშე ელიასა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: კაცო ღმრთისაო, დიდებულ-ყავ თავი მონისა შენისა და თავნი ერგასის ამათ მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა.
14 აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში. 14 რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.
15 უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი. ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან. 15 და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.
16 უთხრა მას: ასე ამბობს უფალი: რაკი ბაალზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები. 16 და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.
17 მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ გააცხადა. მის ნაცვლად იორამი გამეფდა იუდას მეფის იორამ იოშაფატის ძის მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია. 17 და მოკუდა ოქოზია მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია (და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიასა ათორმეტ წელ წელსა მას მეთურამეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასსა, და ქმნა ბოროტი წინაშე, უფლისა, ხოლო არა ვითარცა ძმათა თჳსთა და დედამან თჳსმან, დაამჴუნა ძეგლნი იგი ბაალისნი, რომელ აღმართნა მამამან მისმან და დამუსრნა იგინი, ხოლო ცოდვასა მას სახლისა იერობოამისასა, ძისა ნაბატისა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა. და განრისხნა გულისწყრომითა უფალი სახლსა ზედა აქაბისასა) და მეფობდა იორამ, ძმა მისი, მის წილ წელსა მესამესა იორამ მეფისა იუდეასსა, ძისა იოსაფატისსა, რამეთუ არა ესვა მას ძე.
18 ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 18 და ნეშტნი სიტყუათა ოქროზისთანი და, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, ყოველი წერილ არს წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.