ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

1

და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

2 მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის. 2 და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.
3 მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე. 3 და გულისხმის-მყოფელნი განბრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროჲსა და მართალთაგანნი მრავალთანი, ვითარცა ვარსკულავნი, საუკუნეთადმი და მერმეცა.
4 შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა. 4 და შენ, დანიელო, დაჰმარხენ სიტყუანი და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამამდე აღსასრულისა, ვიდრემდის განისწავლნენ მრავალნი და განმრავლდეს მეცნიერება.
5 მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. 5 და ვიხილე მე, დანიელმან, და აჰა, სხუანი ორი დადგეს: ერთი - ამიერ ბაგესა მდინარისასა და ერთი - იმიერ.
6 უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო? 6 და ვარქუ მას კაცსა მოსილსა ბადენით, რომელი იყო ზემოჲთ წყლისა მდინარისასა: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი?
7 სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო. 7 და მესმა კაცისა მის მოსილისა ბადენითა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თჳსი და მარცხენე ზეცად მიმართ და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისა შორის განბნეულებისა ჴელისა წერისა განწმედილისასა აცნობნენ ყოველნი ესენი.
8 გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? 8 და მესმა, და ვერ გულისხუმა-ვყავ და ვარქუ: უფალო, რამე იყოს უკანასკნელნი ამათნი?
9 მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. 9 და თქუა: წარვედ, დანიელ, რამეთუ დაჴშულნი და დაბეჭდულნი არიან სიტყუანი ვიდრე დასასრულამდე ჟამამდე.
10 მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან. 10 გამოირჩინენ, და გამოსპეტაკნენ, და გამოჴურდენ, და განწმდენ მრავალნი; და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხუმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხუმა-ყონ.
11 მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა. 11 და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი.
12 ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს! 12 ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა.
13 შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს. 13 და შენ მოვედ და განისუენე, რამეთუ მერმე არიანღა დღენი აღსავსებადმდე და დასასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსრულებასა თანა დღეთასა.