ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა.

1

მას ჟამსა შინა მოავლინნა მაროდახ, ძემან ლაადანისმან, მეფემან ბაბილოვნისამან, ეპისტოლენი და მოციქულნი და ძღუენნი ეზეკიასსა, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოუსუსურდა ვიდრე სიკუდიდმდე და აღდგა.

2 გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს. 2 და განიხარა მათ ზედა ეზეკიამან სიხარული დიდი და უჩუენა მათ სახლი ნეხოთაჲსა და შტახსისა, და საკუმეველთა და მიჰრონთა, და ვეცხლისა და ოქროსა, და ყოველნი სახლნი ჭურჭელთა ფასისათანი და ყოველნი, რავდენნი იყვნენ საუნჯეთა შინა მისთა. და არა იყო არარაჲ, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკიამან სახლსა შინა მისსა.
3 მივიდა ესაია წინასწარმეტყველი ხიზკიაჰუსთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიაჰუმ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან. 3 და მოვიდა ესაია წინაწარმეტყუელი ეზეკიას მომართ და თქუა მისდამი: რასა იტყჳან კაცნი ესე? და ვინა მოვიდეს შენდა? და თქუა ეზეკიამან: ქუეყანისაგან შორიელისა მოვიდეს ჩემდამო ბაბილონისაგან.
4 თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიაჰუმ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურებში, რომ არ მეჩვენებინოს მათთვის. 4 და თქუა ისაია: რა იხილეს სახლსა შინა შენსა? და თქუა ეზეკიამან: ყოველნი სახლისა ჩემისაშინანი იხილნეს და არა არს სახლსა შინა ჩემსა, რომელი არა იხილეს, არამედდა საუნჯეთა ჩემთა შორისნიცა.
5 უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე ცაბაოთ უფლის სიტყვა: 5 და ჰრქუა მას ესაიამან: ისმინე სიტყუა უფლისა საბაოთისა.
6 აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი. 6 აჰა, დღენი მოვლენ და მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი, და რავდენნი შეკრიბნეს მამათა შენთა ვიდრე დღისამდე ამის, ბაბილონად შთაიხუნენ, და არცა ერთი რაჲ არ დაუტეონ.
7 წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში. 7 ხოლო თქვა ღმერთმან: ვითარმედ შვილთაგან შენთა, რომელნი ჰშვენ, მიიყვანნენ და ყვნენ საჭურისებრ სახლსა შინა მეფისა ბაბილოვნელთასასა.
8 უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე. 8 და თქუა ეზეკიამან ესაიას მიმართ: კეთილ არს სიტყვა უფლისაჲ, რომელსა იტყოდა; იქმნენით აწ მშვიდობა და სიმართლე დღეთა შინა ჩემთა.