ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოაწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა (იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრები აპირებდნენ მათ ძლევას, თუმცა პირუკუ კი მოხდა, იუდაელებმა ძლიეს თავიანთ მოძულეთ),

1

მეათერთმეტესა თთვესა, ათსამეტსა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, მიიწია წიგნები იგი მიწერილი მეფისაგან: მას დღესა შინა წარწყმდენ მტერნი ჰურიათანი.

2 შეიკრიბნენ იუდაელნი თავ-თავის ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ თავიანთ მოსისხლეებზე. ვერავინ დაუდგა მათ წინ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა ყოველი ხალხი. 2 და ყოვლისა ქალაქებისაგან და სოფლებისაგან შეკრბენ ყოველნი ჰურიანი შურის-ძიებად მტერთა მათ თჳსთა და წინააღდგომად. და არავის ძალ-ედვა დაყენებად მათდა ამისთჳს, რამეთუ ეშინოდათ ყოველთა ერთა ჰურიათა სიმრავლისაგან.
3 მხარეთა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, განმგებლებმა და სამეფო საქმეთა აღმსრულებლებმა პატივი მიაგეს იუდაელებს, რადგან მარდოქაის შიშისზარით იყვნენ მოცულნი. 3 ამისთჳსცა ყოველნი მსაჯულნი და სპასპეტნი და მთავარნი სათნოეყვნეს ჰურიათა, რამეთუ იცოდენ დიდებაჲ მარდოქესი, ეშინოდათ მისგან, რამეთუ მეფისა პალატისა მთავარი იყო და პატივსა უყოფდეს მისთჳს.
4 რადგან დიდი იყო მარდოქაი მეფის სასახლეში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრი და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი, მარდოქაი. 4 ..და აქებდენ სახელსა მარდოქესასა ყოველთა დღეთა და აღემატებოდა და ყოველთა ენა მეტყუელებდა...
5 დასცხეს მტრებს იუდაელებმა, გაწყვიტეს მახვილით და მოსპეს. როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანი მოძულეებს. 5 ამისთჳსცა ჰურიათა ჰგუემეს და მოსრეს მტერნი თჳსნი, ვინათგანრაჲ უნდოდათ მტერთა მათთა მათთჳს.
6 შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცეს და მოსპეს იუდაელებმა ხუთასი კაცი. 6 და ამისა შემდგომად მოსრეს ჰურიათა შუშანს ქალაქსა მბრძოლთაგანი ხუთასი კაცი.
7 ფარშანდათა, დალფონი და ასფათა, 7 ფარასან და ნესტაინ, და დელფონ, და ფაგაფარ,
8 ფორათა, ადალია და არიდათა, 8 ნანაფარ, ათაბარას, და საბაქარ, და მარმასემ,
9 ფარმაშთა, არისაი, არიდაი და იეზათა. - 9 რუფეონ, არსეონ, და ზაბუფუთან,
10 დახოცეს ჰამან ჰამადათას ძის, იუდაელთა მტრის, ათი ვაჟი, მაგრამ გასაძარცვავად ხელი არ აღუმართავთ. 10 ძენი ამანისნი, ძისა ამადოთელისა, ძისა ბარდაიასა, მტერნი ჰურიათანი, მოსწყჳდნეს.
11 იმავე დღეს მიუვიდა შუშანში, სატახტოში, მეფეს დახოცილთა სია. 11 და იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მათი მას დღესა შინა. მიეცა რიცხჳ მეფესა წარწყმედისა მათისა შუშანს ქალაქსა შინა.
12

უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.

12 მაშინ ჰრქუა მეფემან ესთერს: მოსწყჳდეს ჰურიათა შუშანს შინა ხუთასი კაცი, ხოლო გარეთ სოფელთა, რაოდენთა ვჰგონებ, რაოდენი მოსრნეს. აწ რაღასა მევედრები და გიყო შენ?
13 თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ შუშანელ იუდაელებს იმის გაკეთება, რაც დღეს გააკეთეს - ხეზე ჩამოჰკიდონ ჰამანის ვაჟები. 13

და ჰრქუა ესთერ მეფესა: მიეცნედ ჰურიათა გუამნი იგი ძეთა ამანისათა, რათა დამოჰკიდონ ძელსა ვიდრე მზისდასლვადმდე მსგავსად სჯულისა მათისა.

14 თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი. 14 და უბრძანა ეგრე ყოფად მეფემან. და მისცნეს გვამნი იგი და დამოჰკიდეს ბჭეთა ზედა შუშანისა მზისა დასლვადმდე.
15 შეიკრიბნენ შუშანელი იუდაელები ადარის თვეშიც, მეთოთხმეტე დღეს, და გაწყვიტეს შუშანში ასი კაცი, გასაძარცვად კი ხელი არ აღუმართავთ. 15 და შეკრბეს ჰურიანი შუშანს ქალაქსა მეათორმეტესა ადარისასა. მოსრეს ჰურიათა სამასი კაცი და იავარ არარაჲ ყვეს.
16 შეიკრიბნენ დანარჩენი იუდაელნი, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, დადგნენ თავის დასაცავად, რომ მოესვენათ მტრებისგან, და ამოხოცეს თავიანთი მოძულენი - სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი. მაგრამ გასაძარცვად ხელი არ აღუმართავთ. 16 სხვათა მათ ებრაელთა, რომელნი იყვნეს სამეფოსა მისსა ქუეშე. თავთა თჳსთა შეეწეოდეს და მოსრნეს მტერნი მათნი შვიდი ათასი კაცი და ასი.
17 ეს იყო ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე. 17 მეათოთხმეტესა ადარისასა, და განისუენოს მისვე თთჳსა მეათოთხმეტესა და განაწესეს დღე იგი დღესასწაულად სიხარულად და მხიარულებად.
18 იკრიბებოდნენ შუშანის იუდაელები მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ლხინისა და სიხარულის დღედ გაიხადეს. 18 და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ასოცდაშვიდთა სამთავროთა და შუშანს შინა, და ყვეს დღესასწაული მეათხუთმეტესაცა მისვე თთვისასა.
19 ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა. 19 და უძღუნობდენ ძღუენსა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, რომელნი იყვნეს დაბნებსა, და რომელნი მკჳდრ იყვნეს დედაქალაქსა, და სადა ვინ დაკლებულ იყვნეს, და ჰყოფდესვე მას დღესასწაულად ვიდრე დღეინდელად დღედმდე და მიმდემ.
20 დაწერა ეს ამბები მარდოქაიმ და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფს და შორს მყოფს, 20 და დაწერა მარდოქე სიტყუანი ესე წიგნსა საჴსენებელსა და მიუძღვანეს ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეუფოსა ასვირეოს მეფისასა, რომელი არს არტაქსექს, რომელნი იყვნეს შორს და რომელნი იყვნეს მახლობელ,
21 რომ დაეწესებინათ ყოველწლიური ზეიმი ადარის თოთხმეტსა და თხუთმეტში, 21 დაწესებად წესნი ესე საგალობელად, სიხარულად, გოდებისა წილ და გლოვისა ყოფად მეათოთხმეტე და მეათხუთმეტე დღე თთჳსა მის ადარისა.
22 რა დღეებშიც მოისვენეს იუდაელებმა მტრებისაგან და რა თვეშიც მწუხარება სიხარულით შეეცვალათ და გლოვა - ზეიმად, რათა ექციათ ეს დღეები ლხინისა და სიხარულის დღეებად, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნისა და ღარიბ-ღატაკთა მოკითხვის დღეებად. 22 დღესასწაულად უფლისა, რამეთუ ამათ დღეთა შინა განისუენეს მტერთაგან მათთა. და თთვესა, რომელსა მიწერა ადარსა, რომელ არს იგრიკა, და უბრძანა ყოვლად ყოფა კეთილისა - დღედ ქორწილთა და სიხარულისა, რომელთა უძღუნობდეს ძღვენსა მეგობართა და გლახაკთა.
23

მიიღეს იუდაელებმა, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს და რასაც სწერდა მათ მარდოქაი,

23 და შეიწყნარეს ჰურიათა, ვითარცა-იგი მიწერა მათ მარდოქე.
24 როგორ ჩაიფიქრა ჰამან ჰამდათას ძემ, აგაგიელმა, მთელი იუდაელობის მტერმა, იუდაელთა დაღუპვა და ჰყარა ფური, ანუ წილი, მათ გასაწყვეტად და გასანადგურებლად, 24

ვითარ-იგი ამან ამადათისი მაკედონელი ჰბრძოდა მათ და მოსცა რიცხვი და წილი განრყუნად მათდა.

25 როგორ წარუდგა მეფეს სიტყვით, რომ ჩამოეღრჩოთ მარდოქაი. მაგრამ მის თავზე მოიქცა ავი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული და ხეზე ჩამოჰკიდეს იგი და მისი ვაჟიშვილები. 25 ვითარ-იგი შევიდა მეფისა გამოთხოვად მარდოქესა, რათა აღაბას ძელსა და რაოდენს ჴელი შეჰყო ჰურიათა ზედა მოწევნად ბოროტისა, და ვითარ-იგი მიაქცია ღმერთმან მის ზედავე. და დამოჰკიდეს ძელსა იგი და შვილნი მისნი.
26 ამიტომაც უწოდეს ამ დღეებს ფურიმი, ფურის, ანუ წილის, სახელი. ამიტომაც თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ, 26 ამისთჳს ეწოდა დღეთა ამათ ფრურენ წელთათჳს, რამეთუ სიტყჳთა მათითა ნაწილთა ფრურე ჰრქვიან, სიტყუათა მათთჳს ამის წიგნისათა, რაოდენი ევნო ამისგან, და რაოდენი შეემთხვია მათ.
27 დაადგინეს და დაუწესეს იუდაელებმა თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულთ, რომ მოუშლელად ეზეიმათ ეს ორი დღე წლიდან წლამდე, დათქმულ დროს, დაწერილისამებრ, 27 და ვითარ-იგი მოელოდეს ჰურიანი მოსრვასა მათ ზედა ნათესავისა მათისასა გამოსრულისა მის ბრძანებისა მათისათჳს. ამის გამო იყვნენ მათა.
28 ხსომებოდათ ეს დღეები და ეზეიმათ ყოველ თაობაში, ყოველ საგვარეულოში, ყოველ სამთავროში და ყოველ ქალაქში. ფურიმის დღეები ყოფილიყო ეს დღეები, არ გაუქმებულიყო იუდაელთა შორის და არ გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა. 28 დღენი ესე დღესასწაული თთვესა ადარისა, თოთხმეტსა მისვე თთჳსასა, კრებითა და სიხარულითა და მხიარულებითა ღმრთისაჲთა თესლითი თესლად ერსა შორის მისსა ისრაჱლისასა ჴსენებულად. საუკუნოდ აღესრულებოდენ თესლითი თესლამდე ქალაქსა შინა, სოფლებსა და დაბნებსა, და იმარხონ ყოველთა ჟამთა და ჴსენება მათი არა მოაკლდეს ნათესავისაგან მათის
29 დაჟინებით წერდნენ დედოფალი ესთერ აბიხაილის ასული და იუდაელი მარდოქაი, რომ შეესრულებინათ ეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე. 29 და დაწერეს ესთერ დედოფალმან, ასულმან აბიაილისამან. და მარდოქე ჰურიამან წიგნი მეორე: ფრურე დიდი დღესასაწული არს.
30 დაუგზავნა წერილები მთელს იუდაელობას, ახაშვეროშის სამეფოს ასოცდაშვიდ სამთავროში, მშვიდობისა და სიმტკიცის სიტყვები, 30 დაწერილი იგი წარსცეს ყოველთა ჰურიათა ასოცდაშჳდთა სოფელთა ასჳრეოს მეფისათა, რამეთუ მშჳდობა არს.
31 რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც დაუწესეს მათ იუდაელმა მარდოქაიმ და ესთერ დედოფალმა, როგორც თავად მათ დაუწესეს თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას - მარხვისა და მოთქმის დღეები. 31 და ესე დღე იპყრეს დღესასწაულად - დღედ მხიარულებისა. მარდოქე და ესთერ დედოფალმან დაამტკიცეს თავისა თჳსისა, რათა ყოველთა ჰურიათა იმარხონ დღე იგი სრულიად მარხვით და დაღადებით, რომელ არს ფრურე აღწერილი.
32 ესთერის ბრძანებამ დააწესა ეს ფურიმი და წიგნშიც ჩაიწერა. 32 და ყოველივე აღწერილ არიან წიგნსა მას შინა, რომელ არს ესთერისა.