ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს. 2 და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა.
3 აჰა, დანიელზე ბრძენი ხარ და არცერთი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი. 3 ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა?
4 შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები, 4 ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა.
5 ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით, 5 ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა;
6 ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ, 6 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა.
7 ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას. 7 ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი.
8 საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები. 8 წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა.
9 თუ იტყვი, ღმერთი ვარო, შენი მკვლელის წინაშე, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი, 9 ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა.
10 წინადაუცვეთელის სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. 10 სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი.
11 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 11

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, აღიღე გლოაჲ მთავარსა ზედა ტჳრელსა

12 ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. 12 და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.
13 ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული. 13 საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.
14

მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.

14 შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.
15 სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა. 15 იყავ შენ უბიწო დღეთა შინა შენთა, რომლით დღითგან აღეგე შენ, ვიდრემდის იპოვნეს უსამართლობანი შენნი შენ შორის.
16 უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის. 16 სიმრავლისაგან ვაჭრობისა შენისა აღავსენ საუნჯენი შენნი უსჯულოებითა; და სცოდე და მოწყლულ იქმნეს მთისაგან ღმრთისაჲსა და განგიყვანა შენ ქეროვიმმან საშუალისაგან ქვათა ცეცხლისათაჲსა.
17 გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე. 17 ამაღლდა გული შენი სიკეთესა შენსა ზედა, და განიხრწნა ზედმიწევნულობაჲ შენი სიკეთისა თანა შენისა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა ქუეყანასა ზედა მიგაგდებენ, წინაშე მეფეთასა დაგაგდე შენ სამაგალითოდ დადებად.
18 ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ. 18 სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა და უსამართლოებისა ვაჭრობისა შენისა შევაბილწენ სიწმიდენი შენნი; და აღვაგზნა ცეცხლი საშუალ შენსა, ამან შეგჭამოს შენ და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა ზედა შენსა, წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.
19 ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე. 19 და ყოველნი მეცნიერნი შენნი წარმართთა შორის დაჭმუნდენ შენ ზედა; წარსაწყმედელ იქმნე და არა იყო მერმე უკუნისამდე.
20 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 20 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა
21 ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე, 21  
22 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში. 22

და თქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ქმნასა შინა ჩემგან შენ შორის მსჯავრთასა, და ვიდიდო მე შენ შორის.

23 მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 23 და გამოვავლინო შენ ზედა სიკუდილი და სისხლი უბანთა შორის შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლებითა შენ შორის, გარემოჲს შენსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
24 აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ. 24 და არა იყვნენ არა მერმე სახლისა ისრაჱლისა საქენჯნელ, საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის ყოველთაგან გარემოთა მათთა, უპატიომყოფელთა მათთა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.
25 ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი. 25 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევკრიბო სახლი ისრაჱლისაჲ წარმართთაგან, სადა განითესნეს, მუნ, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის, წინაშე ერთა და წარმართთასა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა, იაკობსა,
26 იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი. 26 და დაემკჳდრნენ მის ზედა სასოებით და აღაშენნეს სახლნი, და დაჰნერგნენ ვენაჴოანნი და დაემკჳდრნენ სასოებით, ოდეს ვყო მსჯავრი ყოველთა თანა შეურაცხისმყოფელთა მათთა, გარემოსნი შორის მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და ღმერთი მამათა მათთა.