ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი - წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები. 2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: დღესასწაულთა, რომელთა ჰხადოთ მათ - წოდებულ წმიდაჲ, ესე იგი არიან დღესასწაულნი ჩემნი.
3 ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს სცხოვრებლებში. 3 ექუს დღე იქმოდე საქმესა, დღესა მეშჳდესა შაბათი - განსუენებაჲ წოდებულ წმიდა უფლისა არს, ყოველი საქმე არა ჰქმნეთ, შაბათი არს ღმრთისა ყოველსა სამკჳდრებელსა თქუენსა. ესე დღესასწაულნი - ნაწილად ხუედრებულნი უფლისა.
4 აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე: 4 ესე წმიდანი არიან, რომელთა უწოდეთ მათ ჟამსა მათსა.
5 პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია. 5 პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა,
6 ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ. 6 და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა.
7 პირველ დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ. 7 და დღე იგი პირველი წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა და ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. და შესწირვიდით
8 შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. 8 მრგულიად დასაწველთა ღმრთისა შჳდ დღე და დღე იგი მეშჳდე წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა, ყოველი საქმე სამსახურებელი არა ჰქმნეთ.
9 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 9 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
10 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. 10 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელ მე მიგცე თქუენ და მომკოთ სამკალი მის ქუეყანისაჲ,
11 შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად. 11 და მოართუათ მჭელეულები პირველისა ყანისა თქუენისაჲ მღდელსა მას და შეწიროს მჭელეული იგი წინაშე ღმრთისა სათნოდ თქუენდა, ხვალისაგან პირველისა მის დღისა შეწიროს მღდელმან მან:
12 მოამზადეთ ძნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად. 12 და ჰყოთ დღესა მას, რომელსა შესწირვიდეთ მჭელეულსა მას ცხოვარი წელიწდეული უბიწოჲ მრგულიად მწურად ღმრთისა.
13 სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო. 13 და მსხუერპლი მისი ორი ათისაგანი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა მსხუერპლად ღმრთისა სულად სულნელად ღმრთისა - და შესაწირავი მის თანა ნაოთხალი მერისაჲ ღვნოჲ.
14 არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ. 14 და პური და ტუსვილი ეტერი ახალი არა ჰჭამოთ იგი მასვე დღესა ვიდრე შეწირვად თქუენდა მსხუერპლისა ღმრთისა ქუენისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
15 გადაითვალეთ შაბათის მეორე დღიდან, იმ დღიდან, როცა შესარხევი ძნა მიიტანეთ, შვიდი სრული შაბათი. 15 და აღირაცხოთ თქუენ ხვალისაგან შაბათთაჲსა, ვინაჲთ დღითგან შესწიროთ მჭელეული იგი, წინაშე დაგებისა შჳდნი შაბათნი სავსედ აღირაცხნე ვიდრე ხვალისაგან.
16 მეშვიდე შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს. 16 უკანასკნელ შაბათისა აღრაცხნე ერგასისნი დღენი და შესწიროთ შესაწირავი ახალი ღმრთისა. სამკჳდრებელისაგან თქუენისა შესწიროთ
17 თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს; საფუარიანი უნდა გამოცხვეს - პირველმოწეულ ნაყოფად უფლისათვის. 17 პური წინაშე დაგებისა ორი პური, ორთაგან ათეულთა იყოს პური იგი, ერთი ცომოვანი შეიცხოს პირველ ნაყოფად ღმრთისა.
18 მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. 18 და ჰყუნეთ პურთა მათ თანა შჳდნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი და ჴბოჲ ერთი მროწლისაგან და ორნი ვერძნი უბიწონი ჰყუნე მრგულიად მწურად ღმრთისა და შესაწირავნი მათნი და ღჳნოჲ მათი მსხუერპლად სულნელად უფლისა.
19 გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად. 19 და ჰყოთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვათათჳს და ორნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი შესაწირავად ცხორებისა.
20 შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის. 20 პურთა თანა პირველთა ნაყოფთასა, რომელნი დაეგნენ წინაშე ღმრთისა, ორთა მათ თანა ტარიგთა. განწმიდნედ ღმრთისა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.
21 გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში. 21 და ჰხადოთ დღესა მას, წოდებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა, შჯულად საუკუნოდ იყოს ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
22 როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 22 რაჟამს მოჰმკიდეთ სამკალსა თქუენსა ქუეყანასა თქუენისასა, არა ყოვლად მოასრულოთ ნეშტი იგი სამკალისაჲ ყანისა მის თქუენისაჲ მკასა მას თქუენსა და დანაცჳვნები იგი სამკალისა თქუენისაჲ არა აღკრიბოთ, გლახაკსა და მწირსა დაუტეოთ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
23 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 23 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
24 უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა. 24 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: თთუესა მეშჳდესა ერთსა მის თთჳსასა იყავნ თქუენი განსუენებაჲ, საჴსენებელი საყჳრთა დაბერვისაჲ, წოდებულ - წმიდაჲ უფლისა.
25 არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. 25 ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ და შესწიროთ მსხუერპლები ღმრთისა.
26 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 26 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
27 ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. 27 და მეათესა დღესა თთჳსა ამის მეშჳდისასა დღე ლხინებისაჲ ჩინებული წმიდაჲ იყავნ თქუენდა. და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი მეცხრით დღითგან მის თთჳსაჲთ და შეწირეთ თქუენ მსხუერპლები ღმრთისა.
28 არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე. 28 ყოველი საქმე ჰქმნე მას დღესა შინა, რამეთუ არს დღე იგი ლხინებისა თქუენისაჲ, ლხინებად თქუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.
29 ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან. 29 ყოველმან სულმან, რომელმან არა დაიმდაბლოს თავი მას დღესა შინა, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა;
30 ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან. 30 და ყოველმან კაცმან რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, დღესა მას წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
31 არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში. 31 ყოველი საქმე არა ჰქმნეთ შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
32 უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი. 32 შაბათი შაბათთაჲ იყავნ ესე თქუენდა და დაიტანჯნეთ სულნი თქვენნი. მეცხრითგან თთჳსაჲთ მწუხრითგან ვიდრე მწუხრადმდე, ჰშაბათობდეთ შაბათსა მას თქუენსა.
33 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 33 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
34 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე. 34 ათხუთმეტსა თთჳსასა ამის მეშჳდისასა დღესასწაული კარავთაჲ ჰყო შჳდ დღე უფლისა.
35 პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. 35 და დღე იგი პირველი წმიდა წოდებულ იყოს, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.
36 შვიდი დღის მანძილზე შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. 36 შჳდ დღე შესწირვიდე მსხუერპლსა ღმრთისა და დღე იგი მერვე წმიდა წოდებულ იყავნ თქუენდა, და შეწირეთ მსხუერპლები თქუენი ღმრთისა, განსლვაჲ დღესასწაულთაჲ არს, ყოველი საქმე მსახურებისა არა ჰქმნე.
37 აჰა, საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თქვენ - წმიდა შეკრებულობანი, რომ შესწიროთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს - აღსავლენი, საძღვნო საკლავი და ზედაშე დაწესებულ დღეებში, 37 ესე არიან დღესასწაულნი ღმრთისანი, რომელსა ჰხადოთ მათ ჩინებულ წმიდა, რათა შესწირვიდეთ ნაყოფთა თქუენთა ღმრთისა მრგულიად მწუართა და მსხუერპლთა მათთა და შესაწირავთა დღითი დღედ მუნ დღედმდე.
38 გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე. 38 თჳნიერ შაბათთა მათ ღმრთისათა, თჳნიერ დასადებელთა თქუენთა და თჳნიერ ყოველთა მათ აღნათქვემთა თქუენთა და ნეფსით შესაწირავთა თქუენთა, რაოდენი-რაჲ მისცეთ ღმერთსა.
39 მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, შვიდ დღეს - იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს - უქმე და მეშვიდე დღეს - უქმე. 39 და მეთხუთმეტესა დღესა თთჳსა მის მეშჳდისასა, რაჟამს მოასრულოთ ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ და დღესასწაულსა ჰყოფდით უფლისასა შჳდ დღე, და დღე იგი პირველი განსუენება არს.
40 აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს. 40 და მოიღოთ დღესა მას პირველსა ნაყოფი ხისაჲ შუენიერი და ფურცელი დანაკისკუდთაჲ და რტოები ხეთა ბორობანთაჲ, ძეწნი და ტირიფისაგან რტოები ჴევთაგან, რათა იხარებდეთ თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.
41 იდღესასწაულეთ იგი - საუფლო დღესასწაული შვიდ დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. 41 შჳდ დღე მის წელიწადისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა დღესასწაულობდით მას, კარავსა შინა სხდეთ შჳდ დღე. ყოველივე ქუეყანის უფალი ისრაჱლსა შორის,
42 კარვებში იცხოვრეთ შვიდ დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარვებში იცხოვროს; 42 დაემკჳდროს კარავსა შინა,
43 იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კარვებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 43 რათა იხილონ ნათესავთა თქუენთა, რამეთუ კარავთა შინა დავამკჳდრენ ძენი ისრაჱლისანი, რაჟამს გამომყვანდეს მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
44 გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს. 44 და ეტყოდა მოსე დღესასწაულთა ამათ ღმრთისათა ძეთა ისრაჱლისათა.