ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ტობითი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.

1

ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.

2 მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე. 2 და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა.
3 აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა. 3 მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას.
4 თქვა მოხუცმა: ღირსია. 4 ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა.
5 მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით. 5 და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.
6 მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. 6 მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.
7 კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ. 7 საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ.
8 სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. 8 კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა,
9 მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან, 9 რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა.
10 ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან. 10 ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.
11 არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს. 11 ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.
12

რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.

12

ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.

13 რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი. 13 და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,
14 ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად. 14 მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.
15 მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე. 15 მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა
16 შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა. 16 და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად
17 უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე. 17 და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.
18 რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე. 18 არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე.
19 ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით. 19 ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ.
20 ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ. 20 და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ.
21 ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი. 21 და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი.
22 აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი. 22 და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა.