მოციქულთა საქმეები

თავი 1

ავტორი პირველი წიგნის შესახებ

1. პირველი წიგნი, თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ,

2. იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია,

3. რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე.

4. და შეკრიბა ისინი და უბრძანა: არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: „ჩემგან მოისმინეთ;

5. ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით“.

6. ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“

 

იესოს ამაღლება

7. უთხრა მათ: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.

8. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“.

9. ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს.

10. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით.

11. უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“.

 

დაბრუნება იერუსალიმში

12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე.

13. შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.

14. ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად.
 

 

მათიას არჩევა

15. იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებულ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი):

16. „კაცნო ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს,

17. ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ეს სამსახური“.

18. მან შეიძინა მიწა უსამართობის საზღაურად და, როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.

19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ამგვარად, მათს საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკელდამა, ანუ სისხლის ყანა.

20. „ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში სწერია: „გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი“; და „მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს“.

21. ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,

22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე“.

23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია.

24. ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე,

25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო“.

26. და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.

 

თავი 2

ორმოცდამეათე დღე

1. ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.

2. და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.

3. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.

4. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

5. ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში კაცები, ყველა ხალხთაგან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან.

6. როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე.

7. ყველანი გაოგნებული იყვნენ და უკვირდათ, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?

8. როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?

9. პართნი და მიდიელნი, ყელამელნი, და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადოკიისა, პონტოსი და აზიისა,

10. ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა, და რომიდან ამოსულნი,

11. იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრეტელნი და არაბები, ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე“.

12. გაოგნდა ყველა და საგონებელში ჩაცვივდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?“

13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილით არიან გამტყვრალნი.

 

პეტრეს სიტყვა

14. ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს.

15. ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია.

16. მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ:

17. „იქნება უკანასკნელ დღეებში, - ამბობს ღმერთი, - რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.

18. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.

19. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს.

20. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული.

21. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება“.

22. კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთივის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით,

23. იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით.

24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა.

25. ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: „ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.

26. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს.

27. ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად.

28. შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“.

29. კაცნო ძმანო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდელამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი.

30. რაკი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე,

31. მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება.

32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.

33. ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდით აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ.

34. დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითნვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

35. ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“.

36. ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“.

37. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“

38. ხოლო პეტრემ: მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

39. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი“.

40. და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო.

 

ისინი, ვინც სიტყვა მიიღეს, მოინათლნენ

41. ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული.

42. და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.

43. ყოველი სული შიშით იყო მოცული და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

45. ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ.

46. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულობით და გულუბრალოებით.

47. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის თვალში მადლს ჰპოვებდნენ. უფალი კი ყოველ დღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს.

 

თავი 3

განკურნება ტაძრის კართან

1. პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.

2. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა.

3. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.

4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგხვედე ჩვენ“.

5. იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.

6. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“

7. მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.

8. წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.

9. და ხედავდა მთელი ხალხი მას, მოარულსა და ღვთის მაქებარს.

10. იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით აღვსილნი და გაოგნებულნი იყვნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.

11. და რაკი იგი ჩაბღაუჭებული იყო პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში, როგორც იწოდება.

12. დაინახა პეტრემ და უპასუხა ხალხს: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული?

13. აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას.

14. თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.

15. სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.

16. მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.

17. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.

18. ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.

19. აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.

20. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო,

21. რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.

22. ვინაიდან მოსემ თქვა: „წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.

23. და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწაწრმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან“.

24. ყველა წინასწარმეტყველნი, სამუელიდან და მას აქეთ, რამდენს ლაპარაკობდნენ და ასევე წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებზე.

25. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: „შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!“

26. ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმედან“.

 

თავი 4

მოციქულთა პატიმრობა

1. როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგენენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი,

2. გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.

3. და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა.

4. ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა, მათმა რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია.

5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,

6. და ანა მღვდელმთავარი და კაიფა, იოანე და ალესქანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის მოდგმიდან.

7. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“

8. მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,

9. თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი,

10. ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელი თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით.

11. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა.

12. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“.

 

სინედრიონის მუქარა

13. როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნურნი და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.

14. ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ეუბნებოდნენ:

15. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა.

16. ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ.

17. მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით“.

18. დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.

19. მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?

20. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“.

21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის.

22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა განკურნების სასწაული.

 

ეკლესიის სიხარული და ლოცვა

23. ხოლო ისინი, ვინც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი.

24. მათ კი, რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;

25. ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: „რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას?

26. აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისის ცხებულის წინააღმდეგ“.

27. ვინაიდან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,

28. რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ.

29. ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,

30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით“.

31. როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გებედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას.

 

მათ ყველაფერი საერთო ჰქონდათ

32. მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

33. დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.

34. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა

35. და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.

36. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,

37. გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

 

თავი 5

ანანია და საფირა

1. ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი

2. და გადამალა საფასურიდან, - ეს მისმა ცოლმაც იცოდა, - ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით.

3. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან?

4. განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს“.

5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა.

6. წამოდგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.

7. სამიოდე საათმა განვლო და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა.

8. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენი გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად“.

9. პეტრემ უთხრა მას: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ“.

10. დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.

11. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა.

 

ხალხი ადიდებს მოციქულებს

12. მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში.

13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ აქებდა მათ ხალხი.

14. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.

15. ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკეცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს.

16. ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

 

პატიმრობა და გათავისუფლება

17. ადგა მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.

18. დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს.

19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

20. „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა“.

21. ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანთა უხუცესების საბჭო და გაგზავნეს საპატიმროში მათ მოსაყვანად.

22. მხლებელნი რომ მოვიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს.

23. უთხრეს: „საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი. რომ გავაღეთ, შინ ვერავინ ვნახეთ“.

24. ეს სიტყვები რომ ესმათ ტაძრის მცველთა უფროსსა და მღვდელმთავრებს, საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო.

25. ვიღაც მივიდა და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს“.

 

მოწმობა სინედრიონის წინაშე

26. მაშინ წავიდა მცველთა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი იძულების გარეშე, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.

27. მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა

28. და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ“.

29. მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.

30. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით ძელზე დაკიდებით.

31. იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება.

32. და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ“.

33. ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა.

34. წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული, და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ.

35. უთხრა მათ: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რასაც უპირებთ მათ.

36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას. მაგრამ ის მოკლეს და, ყველა, ვინც მორჩილებდა მას, გაიფანტა და არარად იქცა.

37. ამის შემდეგ, აღწერის დროს, აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლია. ისიც დაიღუპა, და ყველა, ვინც მას მორჩილებდა, გაიფანტა.

38. ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება,

39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“.

40. დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს.

41. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.

42. ყოველდღე დაუცხრომლად ასწვლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს.

 

თავი 6

შვიდის ამორჩევა მომსახურებისთვის

1. ამ დღეებში, როცა მომრვალდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელების წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.

2. მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.

3. ამოირჩით ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე.

4. ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში“.

5. მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხონი, ნიკარონი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი.

6. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.

7. და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას.

 

ბრალდება სტეფანეს მიმართ

8. სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე დიდი სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.

9. ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს,

10. და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.

11. მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღვთის საგმობ სიტყვებს“.

12. ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.

13. წარმოუდგინეს ცრუ მოწმენი, რომლებიც ამბობდნენ: ეს კაცი დღენიადაგ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.

14. ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ამბობდა, რომ ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.

15. უყურებდნენ მას ყველანი, სინედრიონში მსხდომნი, და ხედავდნენ მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს.

 

თავი 7

სტეფანე სინედრიონის წინაშე

1. უთხრა მღვდელმთავარმა: „მართალია, რასაც ამბობენ?“

2. მან თქვა: „კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას:

3. „გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ“.

4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.

5. მასში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.

6. ასე ელაპარაკა ღმერთი, რომ მისი თესლი მდგმურად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.

7. „იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვიკითხავ“, - თქვა ღმერთმა, - „და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და მომემსახურებიან ამ ადგილას“.

8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისაკმა - იაკობი, იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.

9. მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან

10. და იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის განმგებლად.

11. მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს.

12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.

13. მეორედ ჩასვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავი თავის ძმებს და ფარაონმა შეიტყო იოსების გვარტომობა.

14. გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო, სამოცდათხუთმეტი სული.

15. და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და გარდაიცვალა იგი, ჩვენი მამებიც.

16. გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ემორის ძეთაგან.

17. და როცა ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიპტეში და მრავლდებოდა,

18. ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.

19. ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, აიძულებდა ჩვენს მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.

20. ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.

21. როცა გადააგდეს, აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.

22. და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.

23. როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების, მონახულება.

24. როცა დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი.

25. ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.

26. მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ისინი ჩხუბობდნენ, მათი შერიგება მოინდომა და უთხრა: „კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?“

27. მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: „ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?

28. ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?“

29. ამ სიტყვებზე გაიქცა მოსე და გახდა მდგმური მიდიამის ქვეყანში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.

30. როცა შეუსრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი, ალმოდებული მაყვლოვანიდან.

31. მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვაზე. როცა დასაკვირვებლად მიუახლოვდა, იყო უფლის ხმა:

32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა“. შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა დაკვირვება.

33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ფეხსამოსი ფეხზე, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.

34. მე ვხედავ ჩემი ხალხის გაჭირვებას ეგვიპტეში და მესმის მისი კვნესა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ ეგვიპტეში“.

35. ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: „ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულადო?“ ღმერთმა მთავრად და მხსნელად ეს მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა.

36. მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი.

37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელიანებს: „წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენი ძმებიდან. მას უსმინეთ!“

38. ეს არის, ვინც იყო კრებულში უდაბნოდ ანგელოზთან ერთად, რომელიც მას ელაპრაკებოდა სინაის მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;

39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ.

40. უთხრეს აარონს: „გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიტპის ქვეყნიდან გამოგვიყვანა“.

41. და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.

42. ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში სწერია: „თუ მოგიტანიათ ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, სახლო ისრაელისა?

43. დაატარებდით მოლექის კარავს და თქვენი ღმერთის რემფას ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვნი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით“.

44. მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგოც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის თანახმად, რომელიც იხილა.

45. მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე.

46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და სთხოვა ნებას, რომ იაკობის ღვთისთვის სავანე ეპოვა.

47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.

48. მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:

49 „ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა - ჩემს ფერხთა კვარცხლბეკი, - ამბობს უფალი, - როგორ სახლს ამიგებთ მე, ან რომელი ადგილია ჩემი დასავანებელი ადგილი?

50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“

51. ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.

52. რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,

53. თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი“.

 

სტეფანეს ჩაქოლვა

54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.

55. ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო.

56. და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს“.

57. მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას.

58. და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.

59. რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული“.

60. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას“. ეს თქვა და მიიძინა.

 

თავი 8

დევნა და გაფანტვა

1. სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში.

2. დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი.

3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

4. ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.

 

ფილიპეს ქადაგება და განკურნებანი სამარიაში

5. ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრიტეს.

6. ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი.

7. ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.

8. დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.

9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.

10. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება“.

11. ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით.

12. როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.

13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო.

 

პეტრე და იოანე სამარიაში

14. გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

15. რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.

16. ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით.

17. მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

18. როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.

19. თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა“.

20. პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის უფლით მოპოვება განიზრახე.

21. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.

22. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა.

23. ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს“.

24. მიუგო სიმონმა და უთხრა: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან“.

25. ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსლიმისკენ და სამარიელტა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

 

საჭურისის მოქცევა

26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი“.

27. ადგა და წავიდა, და აჰა, ერთი ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში,

28. უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.

29. უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს“.

30. მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“

31. მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.

32. წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე“.

33. დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი“.

34. მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი. თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“

35. გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.

36. როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს მე მოვინათლო?“

37. უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება“. მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა“.

38. და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი.

39. როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული.

40. ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

 

თავი 9

იესო ეცხადება სავლეს

1. სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა

2. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში.

3. გზად მიმავალს, როცა დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან

4. და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“

5. თქვა: „ვინ ხარ შენ უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, როელსაც შენ სდევნი“.

6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: „რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო?“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო“.

7. კაცები კი, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ, უსიტყვოდ იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.

8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში.

9. სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.

 

ანანიას ჩვენება

10. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო“.

11. უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი.

12. და იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა“.

13. მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება იყო შენს წმიდებს იერუსალიმში“.

14. და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“

15. მიუგო მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.

16. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის“.

17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით“.

18. და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.

 

სავლეს პირველი ქადაგება დამასკოში

19. და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე.

20. და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა.

21. გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთა და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“

22. სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.

23. განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად.

24. ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რომ მოეკლათ იგი.

25. აიყვანეს მოწაფეებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.

26. მივიდა იერუსალიმში და ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.

27. ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.

28. და დარჩა იგი მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსლიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით.

29. ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც გაბერძნებულთ, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.

30. როცა შეიტყვეს ეს ძმებმა, წაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში.

 

პეტრე კურნავს ენეასს და აცოცხლებს ტაბითას

31.