პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ

თავი 8

1. ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2. წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან. 3. რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს. 4. რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი, ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა, 5. რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისაჲსა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა. 6. ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს. 7. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი. 8. რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი. 9. არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათდა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი. 10. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. 11. და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე. 12. რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე, 13. რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.

 

თავი 9

1. რამეთუ აქუნდა პირველსა მასცა შჯულსა სამართალი მსახურებათაჲ, წმიდაჲ იგი სოფლიოჲ; 2. რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა „წმიდა“. 3. ხოლო შემდგომად მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ, რომელსა ერქუა „წმიდაჲ წმიდათაჲ“. 4. ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ შემოსილი გარეთ და შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი, 5. ხოლო ზედა კერძო მისსა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თჳთოეულად სიტყუად. 6. და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. 7. ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს. 8. და ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისღა კარვისაჲ აქუნდა წესი. 9. რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად შემწირველთა მათ, 10. გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა. 11. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა. 12. არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა. 13. რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისათა, 14. რავდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა! 15. და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუა-მდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა. 16. რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას, 17. რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი. 18. ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა. 19. რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის 20. და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან. 21. თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად სისხლი ასხურის. 22. და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლის დათხევისა არა იყო მოტევებაჲ. 23. საჭიროა არს უკუე, ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ. 24. რამეთუ არა ჴელით ქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ, არამედ თჳთ მათ ცათა აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთჳს, 25. არცა რაჲთა მრავალგზის შეწიროს თავი თჳსი, ვითარცა-იგი მღდელთმოძღუარი იგი შევიდის წელიწადსა ერთ-გზის სიწმიდესა მას სისხლითა სხჳსაჲთა; 26. უკუე ჯერ-ვიდრემე-იყო მისა მრავალ-გზის ვნებად სოფლის დაბადებითგან; ხოლო აწ ერთ-გზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-ყოფად ცოდვათა მსახუერპლითა თჳსითა გამოჩნდა. 27. და ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი, 28. ეგრეცა ქრისტე ერთ გზის შეიწირა მრავალთათჳს აჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.

 

თავი 10

1. რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად. 2. უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა, 3. არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად, 4. რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა. 5. ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე. 6. საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე. 7. მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა. 8. ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან, 9. მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს. 10. რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის. 11. და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა. 12. ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა 13. და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. 14. რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს, 15. ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის, 16. ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი 17. და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე. 18. ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.

19. გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა, 20. რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა, 21. და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა, 22. მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა 23. და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა. 24. და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა. 25. ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა. 26. რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი, 27. არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ. 28. უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების. 29. რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა? 30. რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. 31. საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.

32. მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, 33. ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს; 34. და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი. 35. ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ. 36. რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი. 37. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. 38. ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა. 39. ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა.

 

თავი 11

1. ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა, 2. რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი. 3. სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არა-საჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად. 4. სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე-ღა. 5. სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან. 6. ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების. 7. სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ. 8. სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა. 9. სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა; 10. რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს. 11. სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას. 12. ვინაჲცა ერთისაგან იშვნეს და ესე მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ. 13. სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა. 14. რამეთუ რომელნი-იგი ესევითარსა იტყჳედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ. 15. და თუმცა მას მოიჴსენებედეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაჲ. 16. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს ზეცისასა; ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი. 17. სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო, 18. რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად. 19. ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი. 20. სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი. 21. სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა. 22. სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო. 23. სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა. 24. სარწმუნოებით მოსე, გან-რაჲ-მწჳსნა, უარ-ყო სახელის-დებად შვილად ასულისა ფარაოჲსა, 25. უფროჲსღა გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს მას საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ; 26. უფროჲსად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგჳპტისა საფასეთა ყუედრებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ჰხედვიდა იგი სასყიდლის კუალად-გებასა. 27. სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა. 28. სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ. 29. სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს. 30. სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარე-მოდგომითა შჳდ დღე. 31. სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით. 32. და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად გედეონისთჳს, ბარაკისთჳს და სამფსონისთჳს და რეფთაჲსთჳს, დავითისთჳს და სამოელისთჳს და წინაწარმეტყუელთა, 33. რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; 34. დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ. 35. მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ. 36. ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა; 37. ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, 38. რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. 39. და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, 40. რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

 

თავი 12

1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.

4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?

10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა. 11. ყოველივე სწავლაჲ მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაჲსკნელ ნაყოფი მშჳდობისაჲ მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე. 12. ამისთჳს დაშთომილნი ჴელნი და დაჴსნილნი მუჴლნი აღემართენით 13. და ალაგნი მართლ ყვენით ფერჴთა თქუენთანი, რაჲთა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროჲსღა განიკურნოს. 14. მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი. 15. ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისაგან ღმრთისა; ნუ ვისმე თანა ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი. 16. ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი. 17. უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.

18. რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ჴელით შესახებელსა და აღგზებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა 19. და საყჳრისა ოხრასა და ჴმასა სიტყუათასა, რომელთა-იგი ესმა, იჯმნეს, რაჲთა არღარა შეეძინოს მათ სიტყუაჲ. 20. რამეთუ ვერ ითმენდეს ბრძანებულსა მას; მჴეცი ღათუ შეეხებოდა მთასა მას, ქვითა განიდევნებოდა. 21. და ესრეთ საშინელ იყო საუცრებაჲ იგი, მოსე თქუა: შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ. 22. არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა 23. და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთაჲსა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაჲსა. 24. და შჯულისა მის საღმრთოჲსა შუა-მდგომელისა იესუჲსა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქუმულისა მის აბელის მიერ. 25. ეკრძალენით, ნუუკუე იჯმნათ მეტყუელისა მისგან. რამეთუ უკუეთუ იგინი ვერ განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რაოდენ უფროჲს ჩუენ, უკუეთუ ზეცისასა მას გარე-მოვექცეთ, 26. რომლისა ჴმამან ქუეყანაჲ შეძრა მაშინ, და აწ აღუთქუამს და იტყჳს: მერმე ერთ-გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა. 27. ხოლო ესე „მერმე ერთ გზისღა“ აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა, ვითარცა ქმნულთასა, რაითა ეგოს შეუძრველი იგი. 28. ამისთჳსცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა, 29. რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.

 

თავი 13

1. ძმათ მოყუარებაჲ ეგენ. 2. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს. 3. მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ. 4. პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან 5. ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. 6. ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?

7. მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9. მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10. მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11. რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12. ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13. აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ. 14. რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15. ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. 16. ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

17. დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. 18. ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად. 19. უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა.

20. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, 21. დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

22. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ, დაღათუ მცირედ მივწერე თქუენდა. 23. იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს, გიხილნე თქუენ.

24. კითხვაჲ არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ თქუენ, რომელნი-იგი არიან იტალიაჲთ.

25. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.