საქმე წმიდათა მოციქულთაჲ (აღწერილი ლუკა მახარებელისაჲ)

თავი 22

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს. 2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა: 3. მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს. 4. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, 5. ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა იტანჯნენ. 6. იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა. 7. და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? 8. და მე მიუგე მას: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. 9. და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. 10. და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. 11. და ვითარცა-იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის პყრობითა თანა მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკედ. 12. ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა, 13. მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას. 14. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, 15. რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. 16. და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა. 17. ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა 18. და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. 19. და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. 20. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. 21. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ.

22. ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად. 23. და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა, და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა, 24. ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს. 25. და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად? 26. ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. 27. მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. 28. მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. 29. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ.

30. ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა.

თავი 23

1. მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე. 2. ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. 3. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა. 4. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება? 5. ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი. 6. ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. 7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი. 8. რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. 9. და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ. 10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად. 11. ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ.

12. და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. 13. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს, 14. რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. 15. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა. 16. ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს. 17. ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისა. 18. ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მისთჳს და ჰრქუა: კრულმან პავლე მიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაჲმე სიტყუაჲ თხრობად შენდა. 19. უპყრა ჴელი ათასისთავმან და განიყვანა თჳსაგან და ჰკითხჳდა, ვითარმედ: რაჲ არს, რაჲ გიჴმს თხრობად ჩემდა? 20. ხოლო მან თქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოონ შენგან და პავლე შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს. 21. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე, და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა. 22. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე. 23. და მოუწოდა ორთა მიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიადმდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ. 24. და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა. 25. და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახჱ ესევითარი: 26. კლავდიოს ლუსია მჴნესა ფელიქს მთავარსა გახარებ. 27. კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და ეგულებოდა მოკლვაჲ მაგისი, ზედა მიუჴედ მჴედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს. 28. და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა 29. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა. 30. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ! 31. ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე. 32. და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. 33. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა: 35. ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი.

თავი 24

1. შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. 2. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა: 3. მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა. 4. ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა. 5. რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ, 6. რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ. 7. ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა. 8. და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა. 9. ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:

10. მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო. 11. რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად. 12. და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა, 13. არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე. 14. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს. 15. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა. 16. ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის. 17. მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა, 18. რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა. 19. ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ. 20. ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის. 21. ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ. 22. ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. 23. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.

24. ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს. 25. და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ. 26. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას. 27. ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.

თავი 25

1. ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა იერუსალჱმდ კესარიაჲთ. 2. აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთჳს და ევედრებოდეს მას 3. და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალჱმდ, და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად. 4. ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალჱმით. 5. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას. 6. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი. 7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად. 8. რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე. 9. ფესტოს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე? 10. ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ, ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. 11. უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა; უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ. 12. მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანამზრახველისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე.

13. და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსა. 14. და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, 15. რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა. 16. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს. 17. და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის. 18. რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა; 19. ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად. 20. და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს. 21. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა. 22. მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.

23. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე. 24. და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან. 25. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი. 26. რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო. 27. რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.

თავი 26

1. ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: 2. ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა. 3. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი. 4. ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა. 5. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. 6. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი, 7. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა. 8. რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს? 9. მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათჳს იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძჳრისა საქმედ, 10. რომელი-იგი ვყავცა იერუსალჱმს შინა: და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოვიღე მღდელთ მოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხჳ. 11. და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად, უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა. 12. რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ მოძღუართაჲთა. 13. შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ. 14. და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაჲ დეზისაჲ. 15. და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 16. არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ, 17. განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ, 18. ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ. 19. რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა, 20. არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად. 21. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა. 22. შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა, 23. ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა. 24. და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. 25. ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ. 26. რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე. 27. გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს. 28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად. 29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ. 30. და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი, 31. წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე. 32. ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა.

თავი 27

1. და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. 2. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი. 3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად. 4. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა. 5. მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა. 6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა. 7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო. 8. და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ. 9. და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე 10. და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. 11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა. 12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად. 13. და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. 14. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა. 15. და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით. 16. ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა, 17. რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა. 18. და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა. 19. და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს. 20. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა. 21. და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ. 22. და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა. 23. რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ, 24. და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. 25. ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე. 26. ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ. 27. ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა. 28. და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი. 29. და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა. 30. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა. 31. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების. 32. მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა. 33. და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს. 34. ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს. 35. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად. 36. გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. 37. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული. 38. და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად. 39. და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის. 40. მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო. 41. და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა. 42. ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის. 43. ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად, 44. და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.

თავი 28

1. და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას. 2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო. 3. და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა. 4. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა. 5. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას. 6. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს. 7. ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა. 8. და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი. 9. და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა, 10. რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.

11. და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიაჲსასა, სახელით დიოსკორესსა. 12. და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე, 13. ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს, 14. სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ. 15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა. 16. და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.

17. და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, 18. რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. 19. და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. 20. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე. 21. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა. 22. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს. 23. და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე. 24. და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. 25. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ 26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ. 27. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი. 28. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ. 29. და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.

30. ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა. 31. ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.