მეორე ნეშტთა

31

1. და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, განვიდა ყოველი ისრაჱლი, რაოდენნი იპოვნნეს ქალაქებსა იუდასასა, შემუსრეს ძეგლები იგი, და მოკაფეს სერტყები, და დაარღჳნეს მაღალნი და ბომონნი ყოვლისაგან ქუეყანისა იუდასა და ბენიამენისა, და ეფრემისისა, და მანასესისა ვიდრე სრულიადმდე და მიიქცა ყოველი ისრაჱლი კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა და ქალაქსა თჳსსა

2. და განუწესა ეზეკია მდღევრი მსახურებაჲ მღდელთა და ლევიტელთა, და მდღევრი მსახურებაჲ კაცად-კაცადისაებრ მსახურებისა მღდელთასა და ლევიტელთა ყოვლად დასაწველთა დასაკლველთა მათ ცხორებისათა, და ქებად და აღსარებად და მსახურებად ეზოთა სახლისა უფლისათა.

3. და ნაწილი მეფისა ნაყოფთაგან მისთა ყოვლად დასაწველად განთიადისა და მწუხრისა, ყოვლად დასაწველი შაბათთა და თთჳსთავთა, და დღესასწაულთა და წერილთა სჯულსა უფლისასა.

4. და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მკჳდრ იყნნეს იერუსალჱმს, რათა მისცენ ნაწილი მღდელთა და ლევიტელთა, რათა განძლიერდენ მსახურებასა სახლისა უფლისასა.

5. და ვითარ-იგი უბრძანა სიტყუაჲ ესე, გარდარიეს ძეთა ისრაჱლისათა პირველი ნაყოფი იფქლისა, და ღჳნისა, და ზეთისა, და თაფლისა, და ყოველი ნაყოფი ველისა, და ათეული ყოველი მოიღეს მრავლად ფრიად

6. ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს ქალაქებსა იუდასასა და მათცა მოასხეს ათეული ზროხათა და ცხოვართა და ათეული თხათა, წმიდა-ყვეს უფლისა ღმრთისა მათისა და შეიღეს და დადვეს ხვავად და ხვავად.

7. თუესა მესამესა იწყეს მოღებად ხუავებისა მის და მეშჳდესა აღასრულეს.

8. და მოვიდა ეზეკია და მთავარნი იგი და იხილეს ხუავები იგი და აკურთხეს ღმერთი და ერი მისი ისრაჱლი.

9. და ჰკითხვიდა ეზეკია მღდელთა მათ და ლევიტელთა ხვავებისა მისთჳს.

10. და ჰრქუა აზარია მღდელმან, მთავარმან სახლისა სადუკისამან: ვინათგან იწყეს პირველ ნაყოფსა მას შემოღებად სახლსა უფლისასა, ვჭამეთ და ვსუთ, და დაგჳშთა, რამეთუ უფალმან აკურთხა ერი თჳსი და დაშთა ესოდენი ესე სიმრავლე.

11. და ჰრქუა მათ ეზეკია მერმე: გან-ვე-მზადეთ სენაკები სახლსა უფლისასა. და მზა-ყვეს.

12. და შეიღეს მუნ პირველი ნაყოფთა და ათეული სარწმუნოებით. და მას ზედამდგომელ ქოვქენიას ლევიტელი და სემეი, ძმა მისი, ნაცვლად მისა,

13. იეიელ, და აზარია, ნათან, და აზაელ, და იერიმოთ, და იოაზაბათ, და ელიელ, და სამაქია და მაათ და ბანაია, ძენი მისნი, დადგინებულნი, რომელნი იყუნენ ჴელთა ქონენიეს და სემეის მიერ, ძმისა მისისა, ვითარცა-იგი უბრძანა ეზეკია მეფემან, და აზარია მთავარმან სახლისა უფლისამან

14. და კორე იემნასი ლევიტელმან მეკარემან, მზისა აღმოსავლით ერდოებსა ზედა მიცემად პირველთა ნაყოფთა უფლისათა და წმიდა წმიდათასა,

15. ჴელითა ოდომისითა და ბენიამენისითა, და იეუ, და სემეი, და მარეა, და სექონია, ჴელითა მღდელთა სარწმუნოებით მიცემად ძმათა მათთა მსგავსად მდღევრისა მის მსახურებისა დიდისაებრ და მცირისა,

16. გარნა ნაშობთა მათ წულთა სამისა წლითგანისა და უზეშთაესისა ყოვლისა შემავალისა სახლსა უფლისასა და სიტყუად დღითიდღედისა და მსახურებისა მის მდღევრისა ბრძანებულისა მათისა,

17. ესე არს ნაწილად ხუედრებაჲ მღდელთა სახლად-სახლად მამათასა და ლევიტელნი დღითიდღედსა მსახურებასა თჳსსა ოცით წლითგანი და უზეშთაესი განწესებით ხვედრებით,

18. ყოველსა ნაშობსა ძეთა მათთასა და ასულთა მათთასა და ყოველსა მას სიმრავლესა, რამეთუ სარწმუნოებით განწმიდეს სიწმიდე იგი ძეთა ჰარონისთა,

19. რომელნი მღდელობდეს ყოველსა ქალაქად და ქალაქად, კაცნი, რომელთა სახელ-ედვა სახელით, რათა მისცემდენ ნაწილსა ყოველსა წელსა მღდელთა შორის და ყოველსა აღრაცხილსა ლევიტელთა შორის.

20. და ყო ესრეთ ეზეკია ყოველსა შორის იუდასა და ქმნა კეთილი და სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

21. და ყოველსა საქმესა, რომელსა იწყო საქმედ სახლსა უფლისასა, და შჯულსა უფლისა და ბრძანებასა, ყოველსავე შინა ეძიებდა ღმერთსა ყოვლითა გულითა მისითა, ყო და წარემართა.

32

1. და შემდგომად სიტყუათა მათ და ჭეშმარიტებისა ამის მოვიდა სენაქირიმ, მეფე ასურეთისა, მოიწია ჰურიასტანად და დაესხა ქალაქსა მას მოზღუდვილსა და იტყოდა დაპყრობად მათდა.

2. და იხილა ეზეკია, რამეთუ მოვალს სენაქირიმ და პირი მისი მოუქცევიეს ბრძოლად იერუსალჱმდ.

3. და ზრახვა-ყო მოხუცებულთა თანა მისთა ძლიერთა, და-რათა-ყუნენ წყარონი იგი წყალთანი, რომელნი იყუნეს გარეშე ქალაქსა, და დაყუნეს იგინი.

4. და განძლიერდეს მთავარნი იგი და დაყუნეს წყალნი იგი წყაროთანი და მდინარე იგი, რომელი განიყოფოდა შორის ქალაქსა და თქუა: ნუუკუე მოვიდეს მეფე ასურთა და პოოს წყალი ფრიად და განძლიერდეს.

5. და განძლიერდა ეზეკია და აღაშენა ყოველი ზღუდე დარღუეული და გოდლები და გარეშე ზღუდისზღუდე სხუა, და განამტკიცა აღსავალი იგი ქალაქისა დავითისი და მომზადა საჭურველი მრავალი.

6. და დაადგინნა მთავარნი ბრძოლისანი ერსა ზედა, და შეკრბეს მისა უბანსა ზედა ბჭისა მის ჴევისასა, და ეტყოდა ყურთა მიმართ მათთა და თქუა:

7. განძლიერდით და მჴნე იყვენით, ნუ გეშინინ პირისაგან მეფისა ასურეთისა, და პირისაგან ნათესავთასა, რომელნი არიან მის თანა, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლეს არიან ვიდრე მათ თანა.

8. მათ თანა მკლავნი ჴორციელნი, ხოლო ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი ცხორებად ჩუენდა და ბრძოლად ბრძოლასა ჩუენსა და ნუგეშინის-იცა ერმან მან სიტყუასა მას ზედა ეზეკიასასა, მეფისა იუდისასა.

9. და ამისა შემდგომად მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასურეთისამან, მონანი თჳსნი იერუსალჱმდ და იგი თავადი იყო ლაქისს და ყოველი ერი მისი მის თანა. მოავლინა ეზეკიასა, მეფისა იუდისასა და ყოვლისა იუდისასა, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს და ჰრქუეს:

10. ესრეთ იტყჳს სენაქირიმ, მეფე ასურთა: ვის ესავთ თქუენ და სხედხართ მაგრად მოზღუდვილსა იერუსალიმს?

11. ანუ ეზეკიელ გაცთუნებს თქუენ, რათა მიეცნეთ თქუენ სიკუდილსა და სიყმილსა და წყურვილსა და გეტყჳს: უფალმან ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ ჴელისაგან მეფისა ასურეთისა?

12. არა ეგე არს ეზეკია, რომელმან მოსპნა საკურთხეველნი მისნი და მღდელნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და იტყჳს: წინაშე ამის საკურთხეველისასა თაყუანის-სცემდით და ამას ზედა შესწირვიდით?

13. არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა?

14. ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა?

15. აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან

16. და მერმე იტყოდესვეღა მონანი მისნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ეზეკიას მიმართ, მონისა მისისა.

17. და წიგნი მოწერა ყუედრებისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა და იტყოდა მისთჳს და თქუა: ვითარცა-იგი ღმერთთა წარმართთა ქუეყანისათა ვერ განარინნეს ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა, ეგრეთ ვერ განარინოს ღმერთმან ეზეკიასმან ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა.

18. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ რაფსაკ ერისა მიმართ იერუსალჱმისა, რომელი იყო ზღუდესა ზედა, რათა შეეწივნენ მათ და დაარღჳონ იგი, რათამცა დაიპყრეს ქალაქი.

19. და იტყოდა ღმრთისა მიმართ იერუსალჱმისა, ვითარცა ღმრთისა ერისა ქუეყანისა ქმნილსა ჴელითა კაცთასა.

20. და ილოცვიდა ეზეკია მეფე და ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი ამათთჳს და ღაღად-ყვეს ცად მიმართ.

21. და მოავლინა უფალმან ანგელოზი და შემუსრნა ყოველნი ძლიერნი, და მებრძოლნი, და მთავარნი, და ერისთავნი ბანაკსა შინა მეფისა ასურეთისასა და გარემიიქცია პირი თჳსი სირცხჳლით ქუეყანად თჳსა მეფემან ასურთამან და მოვიდა სახლსა ღმრთისა თჳსისასა და გამოსრულთა მუცლისა მისისაგან დასცეს იგი მახჳლითა

22. და იჴსნა უფალმან ეზეკია და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ჴელისაგან სენაქერემისა, მეფისა ასურთასა, და ჴელისაგან ყოველთა მტერთასა და დაუმშჳდნა მას ყოველნი გარემონი.

23. და მრავალნი მოართმიდეს ძღუენსა უფალსა იერუსალჱმდ და ნიჭსა ეზეკია მეფესა იუდისასა. და უმეტეს აღმაღლდა წინაშე თუალთა ყოველთა თესლთასა ამისა შემდგომად.

24. მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია ვიდრე სიკუდილადმდე და ილოცა უფლისა მიმართ და შეისმინა მისი და სასწაული მოსცა მას.

25. და არა მოსაგებელისათჳს მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან ეზეკიას, მიაგო ეზეკია, არამედ აღმაღლდა გული მისი და იყო მის ზედა რისხვა და იუდასა ზედა და იერუსალჱმსა.

26. და დამდაბლდა ეზეკია სიმაღლისაგან გულისა მისისა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ხოლო არა მოვიდა მათ ზედა რისხვა უფლისაჲ დღეთა ეზეკიასთა.

27. და იყო ეზეკიასა სიმდიდრე და დიდებაჲ დიდი ფრიად და საუნჯენი ქმნა თავისა თჳსისა: ვეცხლისა, და ოქროსა, და ქვისა პატიოსნისა, და ნელსაცხებელთა, და საკუმეველთა, და საჭურველთა დასაკრებელი, და ჭურჭელი გულისსათქმელი.

28. და ქალაქნი ნაყოფთათჳს იფქლისათა და ზეთისა და ღჳნისათა, და დაბნები, და ბაგანი ყოვლისათჳს საცხოვარისა, და ბაკები სამწყსოთათჳს.

29. და ქალაქნი, რომელნი იშენნა თავისა თჳსისა, და განმზადა საცხოვრე და საძროხე დიდად ფრიად, რამეთუ მოსცა მათ უფალმან ხუასტაგი მრავალი ფრიად.

30. ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისა მის გესონისა ზემოსი და წარუმართა მას ქუემო ბღუარით ქალაქად კერძო დავითისა და წარემართა ეზეკიას ყოველსა შინა საქმესა მისსა.

31. და ესრეთ მოციქულთა მათ მთავართა ბაბილოვნით, რომელნი მოივლინნეს მისა კითხვად მის მიერ ნიში, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა და დაუტევა იგი უფალმან, რათა გამოსცადოს იგი და იცოდის გულისა მისისა.

32. და ნეშტნი სიტყუანი ეზეკიასნი და წყალობათა მისთანი, აჰა, ესერა, წერილ არიან წინაწარმეტყუელებასა ესაიასა, ძისა ამონისასა, წინაწარმეტყუელთა და წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

33. და დაიძინა ეზეკია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი აღსავალსა მის საფლავისა ძეთა დავითისთასა, და დიდებაჲ და პატივი მისცეს მას სიკუდილსა მისსა ყოველმან იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.

33

1. იყო ათორმეტისა წლისა მანასე მეფობასა მისსა და ერგასისდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოველთაგან საძაგელებათა საწარმართოთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

3. და მიიქცა და აღაშენნა მაღალნი, რომელნი დაარღჳნა მამამან მისმან ეზეკია. და აღმართა ძეგლები ბაალისი და ქმნა სერტყები, და თაყუანის-სცემდა ყოველთა ერთა ცისათა და ჰმონებდა მათ.

4. და აღაშენა ბომონები საკერპო სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს თქუა უფალმან: იერუსალიმს იყოს სახელი ჩემი საუკუნოდ.

5. უშენა მუნ ბომონები ყოველთა ერთა ცისათა ორთა მათ შინა ეზოთა სახლისა უფლისათა.

6. და მას განჰყუანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა ქუეყანასა ბენენომისასა, და იმისნიდა, იზმნიდა და წამლობდა და ყუნა მუცლით მეზღაპრენი, და მსახურნი განამრავლნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისსა.

7. და დადგა გამოქანდაკებულნი და გამოდნობილნი ხატნი, რომელნი ქმნნა სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს რქუა ღმერთმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, დაუდვა სახელი ჩემი საუკუნოდ.

8. და არღარა შევსძინო შეძრვად ფერჴი ისრაჱლისა ქუეყანისა მისგან, რომელი მივეც მამათა მათთა, გარნა და-თუ-იცვნენ ყოფად ყოველი, რაოდენი ვამცენ მათ ყოვლისა მისებრ სჯულისა ბრძანებათა და სამართალთა ჴელითა მოსესითა.

9. და აცთუნა მანასე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ყოფად ბოროტისა უფროს ყოველთა წარმართთა, რომელნი აიხუნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

10. და იტყოდა უფალი ბოროტსა მანასესათჳს და ერისა მისისათჳს, და არა ისმინა.

11. და მოავლინნა უფალმან მათ ზედა მთავარნი ძლიერებისანი მეფისა ასურასტანელისანი და შეიპყრეს მანასე და შეაბორკილეს ბორკილითა და წარიყვანეს ბაბილონად.

12. და ვითარ-იგი ჭირსა შინა იყო მანასე, ეძიებდა პირსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდაბლდა ფრიად წინაშე ღმრთისა მამათა მისთასა.

13. და ილოცა მისა მიმართ და ისმინა მისი და შეისმინა ღაღადება მისი და კუალად მოაქცია იგი იერუსალჱმდ მეფობასავე თჳსსა და ცნა მანასე, რამეთუ უფალი ესე არს თავადი ღმერთი.

14. და ამისა შემდგომად აღაშენა ზღუდენი გარეშე ქალაქსა დავითისსა დასავლითგან სამხრით კერძო ჴევსა მას და მისლვად ბჭისა მის გარემო და მოსცა ოფლასა და აღამაღლა ფრიად და დაადგინნა მთავარნი ძლიერებისანი ყოველთა ქალაქთა მოზღუდვილთა, რომელნი იყუნეს იუდასნი.

15. და განიშორნა ღმერთნი უცხონი გამოქანდაკებულნი სახლისაგან უფლისა და ყოველი ბომონები, რომელ აღაშენა მთასა მას სახლისა უფლისასა და იერუსალჱმს და გარეშე ქალაქსა.

16. და აღმართა საკურთხეველი უფლისა და შესწირა მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა და ქებისა და ჰრქუა იუდასა, რათა ჰმონებდენ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა.

17. ხოლო ერი იგი მერმეცა ჰმონებდავეღა მაღალთა, გარნა უფალი ღმერთი იყო ღმერთად მათა.

18. ნეშტნი სიტყუანი მანასესი და ლოცვა მისი ღმრთისა მიმართ, და სიტყუანი მხილველთანი, რომელნი ეტყოდეს მას სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა, აჰა, ესერა წერილ არიან სიტყუათა შინა მეფეთა ისრაჱლისათა.

19. და სიტყუანი ლოცვათა მისთასა, და ვითარ-იგი ისმინა მისი და ყოველნი ცოდვანი მისნი და განდგომილება მისი და ადგილნი, რომელთა ზედა აშენნა მაღალნი და დაასხა სერტყები და გამოქანდაკებულნი ვიდრე მოქცევადმდე მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა მხილველთასა.

20. და დაიძინა მანასე მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი სამოთხესა სახლისა მისისასა, და მეფობდა ამოს, ძე მისი, მის წილ.

21. და იყო ამოს ოცდაორის წლისა მეფობასა მისსა და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

22. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან, უზორვიდა ამოსცა და ჰმონებდა მათ.

23. და არა დამდაბლდა წინაშე უფლისა, ვითარცა დამდაბლდა მანასე, მამა მისი, რამეთუ ძემან მისმან ამოს განამრავლა ცოდვა.

24. და დაესხნეს მას მონანი მისნი, სცეს და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა.

25. და მოსწყჳდნა ერმან ქუეყანისამან, რომელნი-იგი დაესხნეს და მოკლეს ამოს მეფე, და მეფე-ყო ერმან ქუეყანისამან იოსია, ძე მისი, მის წილ.

34

1. იყო რვის წლისა იოსია მეფობასა მისსა და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა. და ვიდოდა იგი გზათა დავითისათა, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მარჯვენით და არცა მარცხენით.

3. და მერვესა წელსა მეფობისა მისისასა, ვიდრე იყოღა ჩჩჳლ, იწყო ძიებად უფლისა ღმრთისა დავით მამისა თჳსისასა და მეათორმეტესა წელსა მეფობასა მისისასა, იწყო განწმედად იუდასა და იერუსალჱმითგან და სერტყთა და გამოდნობილთა.

4. და დაარღჳეს წინაშე პირსა მისსა ბომონები ბაალისნი და მაღალნი იგი მას ზედა, და მოკაფეს სერტყები იგი, და გამოქანდაკებულნი იგი, და გამოდნობილნი, და შემუსრნა და დააწულილნა და დასთხია წინაშე პირსა საფლავისა მათისასა, რომელნი უზორვიდეს მათ.

5. და ძუალნი იგი ქურუმთანი დაწუნა ბომონებსა მას ზედა და განწმიდა იუდა და იერუსალჱმი

6. და ქალაქები: ეფრემისი, და მანასესი, და სჳმეონისი, და ნეფთალემისნი და ადგილები მათი გარემო.

7. და დაამჴუნა სერტყები და საკურთხეველი და კერპები შემუსრა წულილად და ყოველი სერტყები მოკაფა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მოიქცა იერუსალიმდ.

8. და მეთურამეტესა წელსა მეფობისა მისისასა, ვითარცა აღასრულა განწმედად ქუეყანა და სახლი მეფისა, მიავლინა საფან, ძე სელიასი, და ამასიას, მთავარი ქალაქისა, და ოსია, ძე იოაქაზისი, მოსაჴსენებელად მწერალი მისი განმტკიცებად სახლისა უფლისა ღმრთისა დავითისა.

9. და მოვიდეს ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და მისცეს ვეცხლი იგი შეღებული სახლსა უფლისასა, რომელი-იგი შეკრიბეს ლევიტელთა მცველთა მათ ბჭისათა ჴელისაგან მანასესა და ეფრემისა და მთავართა და ყოველთაგან ნეშტთა ისრაჱლსა შორის, და ძეთა იუდასთა და ბენიამენისათა და მკჳდრთა იერუსალჱმისთა

10. და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მის საქმისათა და დადგინებულთა მათ სახლსა უფლისასა. და მათ მისცეს მოქმედთა საქმეთა, რომელნი იქმოდეს სახლსა მას უფლისასა შემზადებად და განმაგრებად სახლისასა.

11. და მისცეს ხუროთა და მაშენებელთა რათა იყიდონ ქვა მოოხვითი და ძელი მოსლვად და დართვად სახლები, რომელი დაარღჳეს მეფეთა იუდასთა.

12. და კაცნი სარწმუნოებით იყუნეს საქმესა მას ზედა და მათ ზედა მოღუაწენი: იეთ და აბდიას, ლევიტელნი, ძეთაგან მერარისთა, ზაქარია და მოსოლონ, ძეთაგან კათისთანი ზედამდგომელად და ყოველი ლევიტელი გულისხმის-მყოფელი სტჳრითა გალობათათა,

13. და ზურგით მოტჳრთეთა ზედა და ყოველთა ზედა მოქმედთა საქმისათა ლევიტელთაგანნი მწიგნობარნი და მსაჯულნი და ბჭეთა მცველნი.

14. და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა პოვა ქელკია მღდელმან წიგნი სჯულისა უფლისა ჴელითა მოსესითა.

15. და რქუა ქელკია საფან მწიგნობარსა: წიგნი ესე ვპოე სახლსა შინა უფლისასა, და ქელკიმ მისცა წიგნი იგი საფანს.

16. და შეიღო საფან წიგნი იგი მეფისა და მიართვა სიტყუაჲ იგი მეფისა და რიცხჳ ყოველივე მიცემული ვეცხლისა ჴელთა მონათა მისთასა, რომელნიცა იქმოდეს საქმესა.

17. და მოადვნეს ვეცხლი იგი, რომელი იპოა სახლსა უფლისასა, და მისცეს ჴელთა მოღუაწეთა და ჴელთა მოქმედთა საქმისათა.

18. და უთხრა საფან მწიგნობარმან მეფესა და ჰრქუა: წიგნი სჯულისა მომცა მე ქალკია მღდელმან და აღმოიკითხა საფან წინაშე მეფისა.

19. ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი სჯულისანი, დაიპო სამოსელი თჳსი.

20. და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ:

21. მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა.

22. და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის.

23. ხოლო მან რქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: და არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდამო.

24. ამას იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვჴადო ბოროტი ადგილსა მას, რამეთუ სიტყუანი აღმოიკითხეს, წერილი წინაშე მეფისა იუდასა.

25. ამისთჳს დამიტევეს მე და უზორვიდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა მით ბოროტითა ჴელთა მათთა, აღგზებულ არს წყრომა ჩემი მათთჳს და არა დაშრტეს.

26. მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინნა თქვენ ძიებად უფლისა, ესრე არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი, რომელნი გესმა შენ

27. შეიკდიმა გულმან შენმან და დამდაბლდენ წინაშე ჩემსა სმენად სიტყუათა ჩემთა ადგილსა მაგას ზედა მკჳდრთა მაგას ზედა და შენ დამდაბლდე და სტიროდე წინაშე ჩემსა, და დაიპენ სამოსელნი შენნი და მე მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

28. აჰა, ესერა, მე შეგიძინო მამათა შენთა და დაგდვა შენ საფლავთა მამათა შენთასა და არა იხილონ თუალთა შენთა ბოროტი, რომელი მე მოვჴადო ადგილსა ამას და მკჳდრთა მათთა. და მოართვეს მეფესა სიტყუაჲ ესე.

29. და მეფემან შეკრიბნა მოხუცებულნი იუდასანი და ისრაჱლისანი.

30. და აღვიდა მეფე იუდასი ტაძრად უფლისა და ყოველი იუდა და მკჳდრნი იერუსალიმისანი და მღდელნი ლევიტელნი და ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და აღმოიკითხა წიგნი სჯულისაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა.

31. და აღდგა მეფე სუეტსა მას ზედა. და დადვა აღთქმა წინაშე უფლისა შედგომად უფლისა, რათა იმარხვიდეს მცნებათა მისთა და წამებათა მისთა ყოვლითა გულითა სიტყჳსა მის სჯულისათა, რომელი წერილ იყო წიგნსა მას.

32. და ყოველნი დაადგინნა იერუსალჱმსა და ბენიამენსა და ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა აღთქმა სახლსა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

33. და აიხუნა იოსია ყოველნი საძაგელებანი ყოვლისა ქუეყანისაგან, რომელნი იყუნეს ძეთა ისრაჱლისანი და ქმნეს ყოველთა მყოფთა იერუსალჱმისათა, და ისრაჱლნი ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა მათსა ყოველთა დღეთა და არა მიაქციეს გზათაგან უფლისა ღმრთისა მამათა მათთაგან.

35

1. და ყო ოსია პასექი უფლისა ღმრთისა თჳსისა და დაკლეს პასექი იგი მეათოთხმეტესა წელსა თთჳსა მის პირველისასა.

2. და დაადგინნა მღდელნი საცოსა თჳსსა ზედა და განაძლიერნა იგინი საქმესა ზედა სახლსა უფლისასა.

3. და ჰრქუა ლევიტელთა ძლიერთა მათ და ყოველთა ისრაჱლთა, რათა წმიდა იყუნენ იგინი უფლისათჳს. და დადგეს კიდობანი იგი წმიდაჲ სახლსა შინა, რომელი აშენა სოლომონ, ძემან დავითისმან, მეფისა ისრაჱლისამან, თქუა მეფემან: არა არს აღება მჴრითა, არამედ ჰმსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა ერი მისი ისრაჱლი

4. და განემზადენით სახლად ტომთა თქუენთა დღითი დღე სამსახურებელთა თქუენთა, მცნებისაებრ დავითის მეფისა და სოლომონ ძისა მისისათა.

5. და დადეგით ტაძარსა მას შინა ტომად-ტომად თქუენნი წინაშე ძმათა თქუენთა და ნაწილი სახლისა ტომისა ლევიტელთა.

6. დაკალით პასექი და სიწმიდე მზა-უყავთ ძმათა თქუენთა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მოსესითა.

7. და შესწირა იოსია ძეთათჳს ერისათა ცხოვარი, და ტარიგები, და თიკნები, ნაშობი თხათა; ყოველი, რაცა პოვა პასექად ოცდაათი ათასი და ჴბო სამ ათასი, ესე ნაქონი ძეთაგან მეფისთა.

8. და მთავართა მისთა იწყეს მიცემად ერისათჳს, მღდელთა და ლევიტელთა და მისცეს ქელკია და ზაქარია, და იეიელ, მთავარი სახლისა ღმრთისა; მღდელთა მისცეს პასექად მას ცხოვარი, და ტარიგი, და თიკანი ორ ათას ექუსასი, ჴბო სამასი.

9. და ქონენია, და ბასანია, და სამეა, და ნათანაელ, ძმამან მისმან და ასაბია და იეიელ, და იოზაბად, მთავართა ლევიტელთა, შესწირეს პასექსა მას ცხოვარი ხუთი ათასი და ჴბო ხუთასი.

10. და წარემართა მსახურება იგი და დადგეს მღდელნი განწესებისაებრ და ლევიტელნი განაწილებდეს მცნებისა მისებრ მეფისა.

11. და დაკლეს პასექი და მოაპკურეს ჴელითა მღდელთა მათთათა და ლევიტელნი განჴდიდეს ტყავსა.

12. და მომზადეს ყოვლად დასაწველნი მსგავსად განნაწილებისად სახლად და სახლად მამათა მათთასა, ძეთა ერისათა, მორთმად უფლისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისა მოსესასა, ეგრეთვე განთიადისა.

13. და შეწვეს პასექი ცეცხლითა მსგავსად და წმიდად, შეაგბეს ქვაბებითა და სიავებითა, და წარემართა და წარდგენ ყოველნი ძენი ერისანი.

14. შემდგომად განმზადებისა მათისა და მღდელთასა, რამეთუ მღდელნი შესწირვიდეს ცმელსა და ყოვლად დასაწველებსა ვიდრე მწუხრამდე და ლევიტელნი მოუმზადებდეს მათ და ძმათა მათთა და ძეთა არონისათა,

15. და მეფსალმუნენი, ძენი ასაფისნი, სადგურსა თჳსსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის დავითისსა და ასაფ, და ემან, და იდითუმ წინაწარმეტყუელნი მეფისანი და მთავარნი და მეკარენი ბჭისათა თითოეულისა, არა იყო შეძრვა მათი მსახურებისაგან წმიდათასა, რამეთუ ძმანი მათნი ლევიტელნი მოუმზადებდეს

16. და წარემართა ყოველი მსახურება უფლისაჲ მათ დღეთა შინა ყოფად პასექისა და მიღებად ყოვლად დასაწველები საკურთხეველსა უფლისასა და მცნებისა მისებრ ოსია მეფისა იუდასსა.

17. და უყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს მუნ, პასექი და დღესასწაული უცომოებისა შჳდ დღე,

18. რომელ არა ყოფილ იყო მისებრ პასექი ისრაჱლსა დღეთაგან ვითარ სამოელ წინაწარმეტყუელისათა, და მეფეთა ისრაჱლისათა არა ყვეს პასექი, რომელ ყო იოსია მეფემან და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველმან იუდამან და ისრაჱლმან, რომელნი იყუნეს მუნ და მკჳდრმან იერუსალჱმისამა

19. მეათურამეტესა წელსა იოსია მეფისასა, და მუცლითმეზღაპრენი, და მცნობელნი, და თერაფინნი, და კერპნი, და რომელნი იყუნეს ქუეყანასა იუდასა, და იერუსალჱმს, დაწვა ოსია მეფემან, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი, იგი მისისა სჯულისანი და წერილი წიგნსა მას, რომელ-იგი პოვა ქელკია სახლსა შინა უფლისასა, რამეთუ მსგავსი იოსია მეფისა არა იყო უწინარეს მისა მეფე, რომელი მოიქცა უფლისათჳს ყოვლითა გულითა მისითა სჯულისა მოსესითა. და შემდგომად აღარა აღდგა მეფე სხუაჲ მისი მსგავსი, ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა, რომელ განრისხდა უფალი იუდასა ზედა, რომელ განარისხა მანასე, და თქუა უფალმან: იუდაცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, განვიშორო ქალაქი, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახელი ვთქუ დამტკიცებად სახლი ჩემი მუნ

20. და აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა ზედა ასურეთისასა მდინარედ ევფრატად. და გამოვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა, რათა ბრძოლა-სცეს.

21. და მოუვლინა მოციქული ფარაო ნექაო და ჰრქუა მას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო იუდასო? არა შენ ზედა მოვალ ბრძოლისა ყოფად, ღმერთმან მრქუა მე, რათა ვისწრაფო მე, აწ ეკრძალე ღმრთისაგან, რომელი არს ჩემ თანა, ნუუკუე განგრყუნეს შენ.

22. და არა გარემიიქცია იოსია პირი მისგან, არამედ ბრძოლად მისა განეწყო და არა ისმინნა სიტყუანი ნექაოსისნი პირისაგან უფლისა და მოვიდა მისა ბრძოლად ველსა მას მაგედონისასა.

23. და სცეს ისრითა მეფესა იოასსა და ჰრქუა მონასა თჳსსა: განმიყვანეთ მე ამიერ, რამეთუ მელმის მე ფრიად.

24. და გამოიყვანეს იგი მონათა მისთა ეტლისა მისგან და აღსუეს იგი ეტლსა მას მეორესა მისსა და მოიყვანეს იგი იერუსალჱმდ და მოკუდა. და დაფლეს იგი მამათა მისთა თანა და ყოველი იუდა და იერუსალჱმი იგლოვდა იოსიას ზედა.

25. და ჰგოდებდა იერემია იოსიას და თქუეს ყოველთა მთავართა, მამათა და დედათა, ჰგოდებდენ იოსიას ზედა, ვიდრე დღევანდელად დღემდე და მისცეს იგი ბრძანებაჲ ისრაჱლსა და, აჰა, ესერა, წერილ არიან გოდებათა შინა.

26. და იყუნეს სიტყუანი იოსიასნი და სასოება მისი დაწერილ სჯულსა უფლისასა.

27. და ნეშტნი სიტყუანი მისნი პირველნი და უკუანაისკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა ისრაჱლისათა და იუდასასა.

36

1. და მოიყვანა ერმან ქუეყანისამან იოქაზ, ძე იოსიასი, და სცხეს მას მეფედ მამისა მისისა წილ იერუსალჱმსა.

2. ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა, და სამ თვე მეფობდა იერუსალიმსა. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ყოვლისა მისებრ, რაოდენიცა ქმნეს მამათა მისთა.

3. და შეკრა იგი ფარაო ნექაო დებლათას, ქუეყანასა ემათისასა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალჱმსა და მის თანა წარიყვანა ეგჳპტედ და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ერთი ტალანტი ოქროსა.

4. და დაადგინა ფარაო ნექაო ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, გარდაუცვალეს სახელი მისი იოაკიმ და იოაქაზ, ძმა მისი, წარიყვანა ფარაო ნექაო და შეიყვანა იგი ეგჳპტედ და მოკუდა იგი მუნ.

5. და იყო ოცდახუთის წლისა იოაკიმ მეფობასა მისსა და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ზექორ, ასული ნერისი, არამათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, რაოდენ ქმნეს მამათა მისთა, და მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა მის ქუეყანისა და ჰმონებდა მას იოაკიმ სამ წელ. და მერმე მოავლინა უფალმან მათ ზედა ქალდეველნი, და ავაზაკნი ასურეთისანი, და ავაზაკნი მოაბელთანი, და ძენი ამონისთანი, და სამარიასნი, და განდგეს სიტყჳთა მით, სიტყჳსაებრ უფლისა, ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთათა. ხოლო გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო იუდასა ზედა, რათა განიშოროს პირისა მისისაგან ცოდვათათჳს მანასესთა, რაცა ქმნა სისხლი უბრალო, რომელ დასთხია იოაკიმ და აღავსო სისხლითა იერუსალჱმი და არა ინება უფალმან აჴოცა მათი

6. და აღმოვიდა მას ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და შეკრა იგი რვალის ბორკილითა და წარიყვანა იგი ბაბილონად.

7. და ნაწილნი ჭურჭელთანი სახლისა უფლისანი წარიღო ბაბილონად და დადვა იგი ტაძარსა თჳსსა შინა, რომელი იყო ბაბილონს.

8. და ნეშტნი სიტყუათანი იოაკიმისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა მეფეთა იუდასთასა და ისრაჱლისთა. და დაიძინა იოაკიმ მამათა მისთა თანა და დაეფლა განოსს მამათა მისთა თანა და მეფობდა იექონია, ძე მისი, მის წილ.

9. ათურამეტისა წლისა იყო იექონია მეფობასა მისსა, სამ თვე და ათ დღე მეფობდა იერუსალიმს და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

10. და მოქცევასა მის წელიწდისასა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და შეიყვანა იგი ბაბილონად ჭურჭელსა თანა და გულისსათქმელსა სახლსა უფლისასა, და მეფედ დაადგინა სედეკია, მამისძმა მისი, იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა.

11. და ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია, და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

12. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა შეიკდიმა პირისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და სიტყუათა უფლისათა.

13. და შეურაცხ-ყო ნაბუქოდონოსორ მეფე და გარდაჴდა ფიცსა, რომელ ეფუცა ღმერთი თჳსი, და განიფიცხა ქედი თჳსი და არა მოაქცია გული თჳსი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

14. და ყოველთა დიდებულთა იუდასთა, და მღდელთა, და ერმან ქუეყანისამან განამრავლეს უსჯულოებაჲ უსჯულოებათა საძაგელთა მათ ნათესავთა და შეაგინეს ტაძარი უფლისაჲ იერუსალჱმს.

15. და გამოავლინა უფალმან ღმერთმან მამათა მათთამან ჴელითა წინაწარმეტყუელთა და მოუვლინა მოციქულნი თჳსნი, რამეთუ განწირა ერი თჳსი და სიწმიდე თჳსი.

16. შეურაცხ-ყვეს წინაწარმეტყუელნი მისნი და ეკიცხევდენ სიტყუათა მისთა და ემღერდენ მათ, ვიდრე აღსტყდა გულისწყრომა უფლისაჲ ერსა ზედა მისსა, და არღარა იქმნეს შემდგომად საკურნებელ.

17. და მოავლინა მათ ზედა მეფე ქალდეველთა და მოსწყჳდნა ჭაბუკნი მათნი მახჳლითა სახლსა შინა სიწმიდისა მათისათა და არა ერჩდა სედეკიას და ქალწულნი მათნი არა შეიწყნარნა, და მოხუცებულნი მათნი წარიყვანეს და უფალმან მისცა ჴელთა მათთა.

18. და ყოველი ჭურჭელი სახლისა ღმრთისაჲ, დიდნი და მცირენი, ყოველნი საუნჯენი მეფისანი და მთავართანი წარიღო ბაბილონად.

19. და მოწვა სახლი უფლისაჲ და დაარღჳა ზღუდე იერუსალჱმისა და ტაძრები მისი, რომელი იყო მათ შორის, დაწვა ცეცხლითა და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი შეაგინა.

20. და წარიტყუენა ნეშტნი ბაბილონად და იყუნეს მუნ მონად მისა და ძეთა მისთა ვიდრე მეფობადმდე ხუჟიკთა,

21. რათა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ პირითა იერემიასითა, ვიდრე შეიწყნაროს ქუეყანა შაბათად თჳსა და შაბათობად. ყოველთა დღეთა ოჴრებისა მისისა შაბათ იქმნა აღსრულებადმდე სამეოცდაათ წელ.

22. პირველსა წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, შემდგომად აღსრულებისა მის სიტყჳსა უფლისა პირითა იერემიასითა აღადგინა უფალმან სული კჳროს მეფისა სპარსთასა და უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა ქადაგებით და წიგნის წერით და თქუა:

23. ამას იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი სამეფო ქუეყანისაი მომცა მე უფალმან ღმერთმან ცათამან, და მან მიბრძანა მე შენებად მის სახლისა იერუსალჱმს ჰურიასტანისასა, აწ ვინ არის თქუენგანი ყოვლისაგან ერისა მისისა, იყოს ღმერთი მის თანა, და აღვედინ.