წიგნი მესამე მეფეთა ებრაელთა შორის პირველი მალაქიმ

16

1. და იყო სიტყუაჲ უფლისა იუას, ძისა ანანიასა, და ჰრქვა: ესრე ეტყოდე შენ ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, და არქვა:

2. ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა.

3. და აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისსა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი ვითარცა იერობუამისი, ძისა ნაბატისნი.

4. მომკუდარნი ბაასნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

5. და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

6. და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.

7. ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.

8. წელსა ოცდამეექუსესა [ასა] მეფისა იუდასასა ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას ორ წელ.

9. და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურჭელთა მისთა და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა ეზოსმოძღურისა თესარისას.

10. და შევიდა ზამბრი, სცა და მოკლა წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელას წილ.

11. და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და მახლობელნიცა მისნი და მეგობარნი მისნი.

12. და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისასა ჴელითა იუ წინაწარმეტყუელისათა

13. ყოველთა მათთჳს ცოდვილთა ბაასისთა და ელას, ძისა მისისა, რომელ სცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

14. და ნეშტნი სიტყუათა ელასთანი და ყოველივე, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაჱლისათა.

15. წელსა ოცდამეშჳდესა ასა, მეფისა იუდასსა მეფობდა ზამბრი შჳდ დღე თერსას, და ბანაკი იგი ისრაჱლისა იყო გაბაონს უცხოთესლთასა.

16. და ესმა ერსა მის ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა მეფედ ისრაჱლმან ზამბრი ერისთავი იგი ისრაჱლისა მას დღესა შინა ბანაკსა მას.

17. და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაჱლი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსას.

18. და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწვა ზედა თავსა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა

19. ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა, და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი.

20. და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისათანი და კრება, რომელ შეკრბა მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

21. მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაჱლისა და ზოგი ერისა შეუდგა თაბენის, ძესა გინოთისასა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.

22. და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისასა, და მოკუდა თამნი (და იორამ, ძმა მისი, მას ჟამსა), და მეფობდა ამბრი შემდგომად თამნისა.

23. წელსა მას მეოცდათერთმეტესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ამბრი ზედა ისრაჱლსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.

24. და მოიგო ამბრი მთა იგი სომოროისი სემერესგან, მეფისა მის მთისასა, ორითა სასწორითა ვერცხლითა და აღაშენა მთა იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.

25. და ქმნა ამრი ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროს ყოველთასა, რომელნი წინაიყუნეს მისა.

26. და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისათა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

27. და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, ყოველი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.

28. დაიძინა ამრი მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ - აქაბ.

29. და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას ოცდამეათურამეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაჱლსა და სამარიას ოცდაორ წელ.

30. და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.

31. და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისასა, ძისა ნაბატისასა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობათასი, მეფისა სიდონელთასა, და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბალას და თაყუანი-სცა მას.

32. და აღუშენა საკურთხეველი ბაალასა სახლსა საძაგელთასა მისთა, რომელ აშენა სამარიას.

33. და აშენნა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა, რომელ იყუნეს წინა მისა.

34. დღეთა მისთა აღაშენა აქელ ბეთელელმან იერიქო აბირონით, პირმშოთ მით მისით, დააბა საძირკველი მისი სეგობაჲთ, მრწემით მით, და აღმართნა ბჭენი მისნი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.

17

1. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:

3. წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.

4. და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.

5. და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა.

6. და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა. განთიად - პურსა და ჴორცსა - მწუხრად, და ნაღვარევისა მისგან სუმიდა წყალსა.

7. და იყო შემდგომად დღეთა მათ და განჴმა ნაღვარევი იგი.

8. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:

9. აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.

10. და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.

11. და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.

12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.

13. და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.

14. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.

15. და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა, მოართვა და ჭამა მან და შვილთა მისთა.

16. და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიასითა.

17. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა. და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა.

18. და ჰრქუა ელიას: რა ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა.

19. და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქვა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა.

20. და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ, შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა?

21. და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე.

22. და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა.

23. და გარდმოიყვანა ელია ყრმა იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი.

24. და ჰრქუა ელიას დედაკაცმან: აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.

18

1. და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა.

2. და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.

3. და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.

4. და იყო, მოსრვასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა დამალა აბდია ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი ერგასის - ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.

5. და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროსთავთა წყალთასა და ნაღვარევთა და, ჰე, თუმცა ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი.

6. და განიყვნენ სლვად გზათა და აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხუასა გზასა მარტო.

7. და აბდიას გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარა, უფალო ჩემო ელია?

8. და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

9. და ჰრქუა აბდია: რა შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა, ჴელთა აქაბისთა მოკულად?

10. ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა.

11. და ჰრქუეს, ვითარმედ: არასადა არს, და მოწვა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ.

12. და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

13. და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით, რომელ არა ვიცოდე, მოვიდე და უთხრა აქაბს და არა გპოო შენ, მომკლას მე, და მონა შენი მოშიში უფლისა არს სიყრმითგან თჳსით.

14. და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა? მე დავმალე წინაწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თჳთოსა ქვაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა.

15. და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ელია არს და მომკლას მე.

16. და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას.

17. და წარვიდა აბდია და მიეგებოდა აქაბს და უთხრა მას. აღირბინა აქაბ და მიეგებოდა ელიას და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა ამრღუე ისრაჱლისა?

18. ჰრქუა ელია: არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა.

19. და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაჱლი მთასა მას კარმელსა და წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინაწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა.

20. და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.

21. და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.

22. და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.

23. და აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიონ ერთი იგი მათ და განაგონ ასოეულად და დადვან ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ. და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივახო.

24. და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ.

25. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზვარაკი ერთი და ჰყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ.

26. და მიიბეს ზვარაკი იგი, რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ხადოდეს სახელსა ბაალისასა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათ თანა ჴმაჲ და არცა სმენა, და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს.

27. და იყო სამხრისა ოდენ, და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლადრე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს; ანუ თუ განსცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს.

28. და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იზახდეს მსგავსად სჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.

29. და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ, და ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გა-რე-მიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს.

30. და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღმართა საკურთხეველი იგი უფლისა დამჴობილი.

31. და მოიხუნა ელია ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ვტყოდა მას უფალი და ჰრქუა: ისრაჱლ იყავნ სახელი შენი.

32. და აღაშენნა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაიტია ორი გრივი თესლი გარემოს საკურთხეველსა მას.

33. და დააზვინა შეშა იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა და განაგო ასოეულად ზვარაკი იგი და დადვა ზედა შეშასა მას და აღზვინა ზედა საკურთხეველსა მას.

34. და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს და თქუა მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს.

35. და მოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბა იგი წყლითა.

36. და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაჱლისაო, დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაჱლისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე.

37. ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და სცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარემოაქციე გული ერისა ამის მართლუკუნ.

38. და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი და მიწა იგი. და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან.

39. ვითარცა იხილა ყოველმან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი.

40. და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი, ნუცა ერთი. და შეიპყრეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღვარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ.

41. და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წვიმისა არს.

42. და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა.

43. და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო! აღჴდა და მიხედნა ყრმამან და ჰრქუა: არარა არს. და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მოიქეც და მიხედენ შჳდგზის! და მიიქცა ყრმა იგი შჳდგზის.

44. და იყო მეშჳდესა მას ჯერსა, და აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისა, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღიმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.

45. და იყო, ვითარცა იგი მიმოიქცეოდა, ცა დაბნელდა ღრუბლითა და ქა- რითა, და იყო წვიმა ძლიერი და ტიროდა აქაბ. და მივიდოდა იეზრაელად.

46. და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად.

19

1. და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაცა ყო ელია და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინაწარმეტყუეელნი მახჳლითა.

2. და წარავლინა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკუეთუ არა, ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისა.

3. და შეეშინა ელიას, აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთა და მივიდა ბერსაბედ ქუეყანასა მას იუდასსა და დაუტევა მუნ ყრმა იგი თჳსი.

4. და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ, მივიდა და დაჯდა ბელეკუნსა ვრთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისა და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა.

5. დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.

6. და აღიხილნა ელია და, აჰა, სათუელით მისით ჴუეზა ერთი ასლისა და წყალი სტამნითა და აღდგა, ჭამა და სვა და მიიძინა მუნვე.

7. და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისა და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე. რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.

8. და აღდგა, ჭამა და სვა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისათა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებად.

9. და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?

10. და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

11. და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.

12. და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.

13. და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?

14. და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაუტევეს აღთქმა შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხევვლნი შენნი დაარღჳნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

15. და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მივედ გზასა უდაბნოსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.

16. და ეუს, ძესა ამესისასა, მეფედ ისრაჱლსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელმაულელსა უცხო წინაწარმეტყუელად შენ წილ.

17. და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.

18. და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.

19. და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.

20. და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?

21. და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.

20

1. და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ბრძოდეს მას.

2. და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაჱლისა ქალაქსა ამას.

3. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქრო შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.

4. მიუგო მეფემან ისრაჱლთამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე ჩემი შენი არს.

5. და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქრო შენი და ცოლნი შენნი, შვილნი შენნი მომიძღვანნე.

6. ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი, და იყოს, რა სათნო-უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიჰყონ ჴელნი თჳსნი და მოიღონ.

7. და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქრო ჩემი არა დავაყენე მისგან.

8. ჰრქუეს მას მოხუცებულთა და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავსა იდებ.

9. და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისათა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რა მარქუ მონასა შენსა, ვყო პირველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.

10. და მიავლინა მისა ძემან ადერისამან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა, და ესე და ესე შემძინონ, უკუეთუ ეყოს მიწა ქუეყანისა შენისა ჴელთა ერისა ჩემისა მკურცხლისათა.

11. მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.

12. და იყო, ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე და იგი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა, ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.

13. და, აჰა, წინაწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

14. და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?

15. და ჰრქუა: შენ აღრაცხენ მონანი იგი მთავართანი! და იპოვნეს ორასოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყუნეს შჳდ ათას.

16. და განვიდეს შუა სამხრის ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და დამთურალ სოკქოთს, იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი, შემწენი მისნი.

17. და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიათ.

18. და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი, და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.

19. და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა, და ერი იგი შეუდგა მათ.

20. და სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს. და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.

21. და გამოვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და დააყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.

22. (და მივიდა წინაწარმეტყუელი მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რა ყო. რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, გამოსლვად არს შენ ზედა).

23. და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათა არს ღმერთი იგი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა, და მისთჳს გუძლეს ჩუენ; უკუეთუ ვეწყუნეთ მათ, ადვილცა ვსძლოთ მათ.

24. და აწ ყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.

25. და აღგედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴვა შენ და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა, სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა. და ყო ეგრე.

26. და იყო შემდგომად მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისამან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკად წყობად ისრაჱლისა.

27. და ძეთა მათ ისრაჱლისათა ახილვა-ყვეს და განგუნდნეს ორგან და მიეგებოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაჱლისანი იყუნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანა იგი.

28. და მივიდა კაცი იგი ღმრთისა და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა. მე მიგცე დღე იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

29. და დაიბანაკეს მათ პირისპირ მთასა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაჱლმან ასურასტანელთა მათ ასი ათასი მკჳრცხლთა ერთსა შინა დღესა.

30. და ნეშტნი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა, და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკით სენაკად.

31. და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა. აჰა, ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაჱლისანი მოწყალენი არიან. აწ შთავიცვათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაჱლისა, გან-ხოლო-თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.

32. და შთაიცვეს ძაძა და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაჱლისასა: მონა შენი, ძე ადერისი. ესრეთ იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმა ჩემი არს.

33. და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისხმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმა შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით, გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსვა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.

34. და ჰრქუა: ქალაქნი იგი დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გააგო შენდავე და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიას და მე აღთქმა-ვყო შენ თანა და დავდვა აღთქმა მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.

35. და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინაწარმეტყუელთაგანმან ჰრქვა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე და არა ინება მან მოკლვად მისა.

36. ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარცა წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.

37. და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე და დასცა მას კაცმან მან და დალეწა.

38. და მოვიდა წინაწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.

39. და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონა შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქვა: დამიმარხე კაცი ეგე, უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.

40. და იყო ვიდრე მონა შენი იქი და აქა, ვხედევდ და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მას: აჰა, შენცა სტყუი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.

41. და ისწრაფა და უკანაიჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა. და იცნა იგი მეფემან ისრაჱლისამან, ვითარმედ წინაწარმეტყუელთაგანი არს იგი.

42. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წინაწარმეტყუელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.

43. და წარვიდა მეფე ისრაჱლისა სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.