წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

11

1. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.

2. ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი.

3. და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.

4. სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

5. ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,

6. და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.

7. გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაჱლთა.

8. და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე.

9. და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.

10. ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე ფარაოსა; ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი, და არავე გამოუტევებდა ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანისაგან ეგჳპტელთასა.

12

1. სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:

2. თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ

3. და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.

4. უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მის და ვერ შემძლებელ იყუნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა, მიიღედ თითოეულად, ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.

5. ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა, საცხოვარისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოთ.

6. და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

7. და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.

8. და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ.

9. ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ, და ადრე შეჭამონ თავფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.

10. ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.

11. და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი - წელთა, ჴამლი - ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.

12. და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.

13. და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.

14. და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.

15. შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.

16. რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

17. ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.

18. იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველსათ, ჭამად უფუველისა მწუხირითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღუარად თთჳსა მის მიმწუხრადმდე

19. შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა, ყოველმან, რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რაჲთურთით.

20. მფუვესა ნუ ვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ!

21. მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თჳთო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა!

22. და მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე რომელსა ჟამსა

23. გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა აუფლოს მომსრველსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.

24. ეკრძალენით და დაიცევით სიტყუაჲ ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე!

25. უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე.

26. და იყოს, გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

27. ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს-იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა. დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაჱლისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის სცეს.

28. და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.

29. და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას, ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუამდე პირმშოჲთგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქჳლთა მათ.

30. აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ. და იყო გოდებაჲ და ღაღადება დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი.

31. უწოდა მუნთქუესვე ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა: აღდგით და წარვედით აწვე ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი იგი ისრაჱლისანი, გუალეთ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

32. ვითარცა-იგი სთქუთ, კაცით, საცხოვარით და ყოვლით აგებულებითურთ თქუენით, გარნა მე ხოლო მაკურთხევდით.

33. მაშინ იწყეს წუევად და იძულებად ეგჳპტელთა მათ, ერისა მის ისრაელისა ურვით, წყევით განსლვად ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა, რამეთუ ესრეთ გულსა დაიდვეს, ვითარმედ წუთღა თუ დაიგჳანონ, ერთბამად მოისპოს, ყოველივე იგი ერი ეგჳპტისაჲ.

34. და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუყოფელი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.

35. და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე და მოითხოვეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისაჲ და სამოსელი პატიოსანი.

36. და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაჱლისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.

37. ხოლო აღიტრნეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთდ ექუსასი ათასი მკჳრცხლი მამაკაცი, თჳნიერ ყრმა - დედებისა და ნართაული მრავალი თანააღვიდა მათ თანა და ცხოვარი და ზროხაჲ და პირუტყჳ მრავალი ფრიად.

39. და შექმნეს იფქლი იგი, რომელი გამოიტანეს ეგჳპტით ყუერბეულებად უცომოდ, რამეთუ არა შეზელილ იყო. და გამოჴადნეს იგინი მეგჳპტელთა და ვერ შემძლებელ იქმნნეს დათმენად, არცა საგზაული უქნეს, თავთა თჳსთა გზისათჳს.

40. ხოლო მსხემობაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი იმსხემეს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანანისასა, მათ და მამათა მათთა წელნი - ოთხას ოცდაათ. და იყო შემდგომად ოთხასოცდაათისა წლისა,

41. გამოვიდა ყოველი ძალი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.

42. ღამე წინა საჴუმილავი არს უფლისაჲ გამოყვანებისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით. ღამე იგი ესე წინა საჴუმილავი არს უფლისა, ვინაცა ყოველთა ძეთა ისრაჱლისათად იყოს ესე ნათესავსა შინა მათსა.

43. და თქუა უფალმან მოსეს და აჰრონის მიმართ: ესე შჯული არს პასექისაჲ, ყოველმან უცხონათესავმან არა ჭამოს მისგანი. და ყოველსა მონასა ვისსამე და ვეცხლით ფრდილსა წინა-დასცჳთო მას, და მაშინ ჭამოს მისგან.

44. მსხემმან და მოსასყიდელმან არა ჭამოს მისგანი.

45. სახლსა შინა ერთსა იჭამოს, და არა დაუტეოთ ჴორცთაგანი განთიადმდე, და აჰა განიღოთ ჴორცთაგანი გარე, და ძუალი არა შეჰმუსროთ მისი.

46. ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს იგი.

47. ხოლო უკუეთუ ვინმე მოვიდეს თქუენდა მწირი და იქმოდის პასექსა უფლისასა, წინა-დასცჳთო მას, ყოველსა წულსა. და მაშინ მოვიდეს ქმნად მისსა და იყოს ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცვეთელმან არა ჭამოს მისგან.

48. შჯული ერთი იყოს მსოფლელისაჲ და მწირისაჲ, მოსრულისა თქუენ თანა.

49. და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათდა მიმართ, ეგრეთ ყვეს.

50. და იყო, მას დღესა შინა განიყვანნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ძალისა თანა მათისა.

13

1. ხოლო ჰრქუა უფალმან მოსეს მეტყუელმან:

2. წმიდა-მიყავ მე ყოველი პირმშოჲ პირველშობილი განმღებელი ყოვლისა საშოჲსა ძეთა შორის ისრაჱლისათა, კაცითგან მიპირუტყუამდე: ჩემი არს.

3. და თქუა მოსე ერისა მიმართ: იჴსენებდით დღესა ამას, რომელსა შინა გამოხუედით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა განგიყუანა თქუენ უფალმან ამიერ და არა შჭამოთ ცომი.

4. რამეთუ ამას დღესა შინა განხჳდეთ თქუენ თთუესა შინა ახალთასა.

5. და იყოს, ოდესცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ქანანელთასა, და ქეტელთასა, და აღმორეველთასა, და ეველთასა, და იებოსელთასა, და გერგესეველთასა, და ფერეზელთასა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა შენთა მიცემად თქუენდა ქუეყანა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ თთუესა ამას.

6. და შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ხოლო მეშჳდესა დღესა დღესასწაული არს უფლისაჲ.

7. უცომოსა შჭამდეთ შჳდთა დღეთა, არა იხილვოს შენდა ცომოანი, არცა იყოს ცომი შენდა ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდ დღე.

8. და უთხრობდე ძესა შენსა მას დღესა შინა მეტყუელი; ამის მიერ, ქმნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ვითარცა-იგი მოვიდოდე ეგჳპტით.

9. და იყოს შენდა სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და მოსაჴსენებლად წინაშე. თუალთა შენთა, რათა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შინა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყუანა შენ უფალმან ეგჳპტით.

10. და დაიცევით შჯული ესე ჟამითი ჟამადთა შინა ჟამთასა დღითი დღეთაგან დღეთა მიმართ.

11. და იყოს, ვითარცა შეგიყვანოს შენ უფალმან ქუეყანასა ქანანელთასა, ვითარ სახედ ეფუცა მამათა შენთა, და მიგცეს იგი შენ.

12. და განუჩინო ყოველი განმღებელი საშოჲსა წული უფალსა და ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ სამროწლეთაგან შენთა ანუ საცხთვართა შორის შენთა. წმიდა-ჰყო უფლისად, რაოდენი-რაჲ იყოს შენდა წული.

13. ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ კარაული განსცვალო ცხოვრად, ხოლო უკუეთჱ არა განსცვალო, იჴსნა იგი. ყოველი პირმშოჲ კაცისაჲ ძეთა შენთასა იჴსნა.

14. ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.

15. ხოლო რაჟამს განფიცხნა ფარაო გამოვლინებად ჩუენდა, მოკლა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცისათ ვიდრე პირმშოდმდე საცხოვართა. ამისთჳს შევსწირავ მეცა უფლისა ყოველსა განმღებელსა საშოჲსასა წულსა, და ყოველსა პირმშოსა ძეთა ჩემთასა ვიჴსნი.

16. და იყოს სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ეგჳპტით.

17. ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.

18. და მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

19. და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა

20. ხოლო იტრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ.

21. ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა.

22. და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისა დღისი და სუეტი ცეცხლისა ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.

14

1. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

2. არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიქცენ და წყობა-ყონ წინაშე ეპავლეოჲსა საშუალ მაგდალოსა და საშუალ ზღუასა პირისპირ ბეელსეფონსა, და წინაშე მათსა წყობას-ჰყოფდე ზღუად მიმართ.

3. და თქუა ფარაო ძეთათჳს ისრაჱლისათა: მიმოსცთებიან ისინი ქუეყანასა შინა, რამეთუ გარე შეაქცევს მათ უდაბნო.

4. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და დევნა-უყოს შემდგომად მათსა.

5. და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ზედა მჴედრობასა მისსა და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ყვეს ეგრეთ.

6. და მიეთხრა მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ ივლტოდა ერი, და გარდაიქცა გული ფარაოსი და მსახურთა მისთა ერსა მას ზედა, და თქუეს: რაჲ-ესე ვყავთ განვლინებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ არღარა მონებად ჩუენდა?

7. და შეაუღლნა ფარაო ეტლები თჳსნი და ყოველი ერი თჳსი წარიყუანა თავისა თჳსისა თანა და აღიხუნა ექუსასნი ეტლნი რჩეულნი და ყოველი ცხენი მეგჳპტელთა და სამმდგომნი ყოველთა ზედა.

8. და განაფიცხა უფალმან გული ფარაოსი მეფისა მეგჳპტელთასა, და დევნა-უყო შემდგომად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴელითა მაღლითა.

9. და სდევდეს მეგჳპტელნი შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღჳს კიდესა, და ყოველი ცხენი და ეტლები ფარაოსი და ცხენნი მათნი და ლაშქარი მისი წინაშე ეპავლეოსა პირისპირ ვეელსეფონსა.

10. და ფარაო წინა ვიდოდა და აღიხილნეს ძეთა ისრაჱლისათა თუალნი და იხილეს, და მეგჳპტელნი განწყობილ იყუნეს უკუანა მათსა, და შეეშინა ფრიად.

11. და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და ჰრქუეს მოსეს: არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ-ესე მიყავ ჩუენ გამოყვანებაჲ ჩუენი ეგჳპტით?

12. არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა.

13. და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა.

14. უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით.

15. ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ? არქუ ძეთა ისრაჱლისათა, და აღეგნენ.

16. და შენ აღიღე კუერთხი შენი და განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა და განაღე იგი, და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი საშუალ ზღუასა ვითარცა ჴმელსა.

17. და აჰა, მე განვაფიცხო გული ფარაოსი და მეგჳპტელთა ყოველთა და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა მჴედრობასა მისსა ზედა და ეტლთა მისთა ზედა და ცხენთა მისთა ზედა.

18. რათა გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიდიდო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა.

19. ხოლო აღიძრა ანგელოზი იგი წინამავალი ბანაკისა ძეთა ისრაჱლისათასა და ვიდოდა უკუანაგან, და აღიძრა სუეტიცა ღრუბლისა პირისაგან მათისა და დადგა უკუანაგან მათსა.

20. და შევიდა საშუვალ ბანაკსა მეგჳპტელთასა და საშუვალ ძეთა ისრაჱლისათასა და იყო ალმური და ბნელი, და წარჴდა ღამე, და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა.

21. ხოლო განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა ზედა, და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღუასა ზედა და ყო ზღუაჲ იგი ჴმელ, და განიპო წყალი.

22. და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა ჴმელებრ, და წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით.

23. ხოლო სდევდეს მეგჳპტელნი და შევიდეს შემდგომად მათსა, ყოველი ჰუნე ფარაოსი და ეტლები და მჴედრები შუა ზღჳსასა.

24. და იყო საჴუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგჳპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ღრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგჳპტელთაჲ.

25. და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა და მოჰყუანდეს იგინი იძულებით და თქუეს მეგჳპტელთა: ვევლტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგჳპტელთა.

26. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგენ წყალი, და დაფარნეს მეგჳპტელნი ეტლებსა ზედა და მჴედრებსა ზედა.

27. და განირთხა მოსე ჴელი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასვე ზედა, ხოლო მეგჳპტელნი ივლტოდეს წყალსა ზედა, და შთაყარნა უფალმან მეგჳპტელნი შუა ზღუასა.

28. და მოაქცია წყალმან და დაფარნა ეტლნი და მჴედარნი და ყოველი ძალი ფარაოსი შესრული შემდგომად მათსა ზღუად, და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

29. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა, და იყო წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით.

30. და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელისაგან მეგჳპტელთასა.

31. და იხილნა ისრაჱლმან მეგჳპტელნი მომწყუდარნი კიდესა თანა ზღჳსასა, ხოლო იხილა ისრაჱლმან ჴელი დიდი, რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა. და შეეშინა ერსა უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა.

32. მაშინ იგალობეს მოსე და ძეთა ისრაჲლისათა გალობაჲ ესე ღმრთისა მიმართ და თქუეს:

15

1. უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.

2. შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე.

3. უფალი შემმუსრველ ბრძოლათა, უფალ-სახელი მისი.

4. ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომნი დაანთქნა ზღუასა მეწამულსა.

5. ღრმამან დაფარნა იგინი, შთაჴდეს სიღრმედ ვითარცა ლოდი.

6. მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი.

7. და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ წინააღმდგომნი, მიავლინე რისხვაჲ შენი და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამი.

8. და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიყო წყალი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს ღელვანიცა შუა ზღუასა.

9. თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა, ეუფლის ჴელი ჩემი.

10. მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს ვითარცა ბრპენი წყალსა შინა ფრიადსა.

11. ვინ მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებული, საკჳრველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაჲ?

12. მიჰყავ მარჯუენე შენი, შთანთქნა იგინი ქუეყანამან.

13. უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა წმიდასა შენსა.

14. ესმა წარმართთა და განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.

15. მაშინ ისწრაფეს მთავართა ედომისათა, და მთავართა მოაბელთამან, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და დადნეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.

16. დაეცეს მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისათა ქვა იქმნენ, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან, უფალო, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან ამან, რომელ მოიგე.

17. შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მკჳდრობისა შენისასა განმზადებულსა სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ, უფალო, სიწმიდე, უფალო, რომელ განჰმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.

18. უფალი მეფე არს საუკუნე და საუკუნესა და მერმეცა.

19. რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით ზღუად, და მოაქცია მათ ზედა უფალმან წყალი იგი ზღჳსაჲ. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა.

20. და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ებანი ჴელითა მისითა და განვიდეს ყოველნი დედანი შემდგომად მისსა ბობღნებისა თანა და მწყობრებისა.

21. ხოლო უპირობდა მათ მარიამ მეტყუელი:

22. უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა. და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.

23. ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.

24. და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?

25. ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.

26. და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.

27. და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.