წიგნი იობისაჲ

1

1. კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

2. და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.

3. და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას, და მსახურთა სიმრავლე ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზისა აღმოსავალისათაგანი.

4. და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.

5. და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთასა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს. და ამას ჰყოფდა იობ ყოველთა დღეთა მისთა.

6. და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.

7. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.

8. და ჰრქუა მას უფალმან მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

9. მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მედად ჰმსახურებსა იობ უფალსა?

10. ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ? და გარეშე ყოველივე რაჲ არს მისი, მოიცევ, საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ-ჰყავ,

11. არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს.

12. მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, ყოველი, რაცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. და გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა.

13. და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.

14. და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.

15. და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

16. ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

17. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

18. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა.

19. და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

20. და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

21. და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.

22. ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.

2

1. და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა.

2. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ.

3. ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.

4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.

5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.

6. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე.

7. და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე და შეჭურა იგი ფაქლითა.

8. და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა,

9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.

10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.

11. და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა.

12. ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწა გარდაისხეს თავსა.

13. და დასხდეს მის თანა შჳდ დღე და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად

3

1. და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა

2. და თქუა:

3. წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს.

4. ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი.

5. და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი.

6. ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თთუეთასა.

7. არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ.

8. არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა.

9. დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა.

10. რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა.

11. რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად წარვწყმდი?

12. ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ?

13. აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე.

14. მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,

15. ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა.

16. ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი.

17. მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა,

18. ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა.

19. მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა.

20. რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან, სულნი,

21. რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა.

22. და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან,

23. რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა.

24. უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა,

25. რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე.

26. ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა.

4

1. მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2. ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

3. დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა.

4. და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა.

5. აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე!

6. ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

7. აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს,

8. ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ.

9. ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს.

10. ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

11. ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი.

12. უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.

13. შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

14. ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს

15. და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

16. და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

17. აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

18. ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა?

19. ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ.

20. და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან,

21. რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

22. მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე.

5

1. ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2. და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

3. მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.

4. განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.

5. რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,

6. რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.

7. არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

8. არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,

9. რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.

11. რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,

12. და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

13. რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.

14. დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.

15. უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16. იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.

17. ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,

18. რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

19. ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

20. სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

21. გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

22. ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

23. რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.

24. მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

25. მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

26. და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.

27. აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.