წიგნი ისო, ძისა ნავესი

6

1. და იერიქოჲ შეყენებულ იყო და განძლიერებულ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. და არა ვინ გამოვიდოდა მისგან, არცა შევიდოდა.

2. და ჰრქუა უფალმან ისოს: აჰა, ესერა, მე მოგცე ჴელთა შენთა იერიქოჲ და მეფჱ მისი, რომელ არს მუნ შინა ძლიერი ძალითა.

3. ხოლო შენ მოადგინენ მას ყოველნი მბრძოლნი გარემოჲს იობელითა მით სმენად თქუენდა ჴმაჲ ნესტჳსა და იყოს, ვითარცა დაჰბეროთ ნესტუსა მას, მოადგეთ ქალაქსა მას ყოველნი კაცნი მბრძოლნი გარემო ქალაქსა მას ერთჯერ, ესრე ჰყოთ ექუს დღე.

4. და შჳდთა მღდელთა აღეხუნედ შჳდნი ნესტუნი იობელისნი წინაშე კიდობნისა მის და დღესა მას მეშჳდესა მოადგეთ ქალაქსა მას შჳდგზის და მღდელთა მათ დაჰბერონ ნესტუსა მას რქისასა.

5. და იყოს, რაჟამს დაჰბეროთ ნესტუთა მათ, ღაღად-ყავნ ყოველმან ერმან. და ღაღადებასა შინა მათსა დაეცნენ თჳთ ზღუდენი იგი ქალაქისანი და შევიდეს ყოველი ერი, შეიმართოს კაცად-კაცადმან პირისპირ ქალაქად.

6. და შევიდა ისო, ძე ნავესი, მღდელთა მიმართ. მიუგო და ჰრქუა მათ: აღიღეთ კიდობანი შჯულისაჲ. და შჳდთა მღდელთა აღიხუნენ შჳდნი ნესტუნი რქისანი წინაშე კიდობნისა მის უფლისა.

7. და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ამცენით ესა გარემო მოსლვად და მოდგომად ქალაქსა მას. და მბრძოლნი თანავიდოდედ. შეჭურვილნი წინაშე კიდობნისა მის უფლისა.

8. და იყო აღძრვაჲ ერისაჲ და შვიდთა მათ მღდელთა, რომელთა აქუნდა შვიდნი ნესტუნი სამღდელონი, წარმოვიდენ ეგრეთვე წინაშე უფლისა, ასმინედ მაგრიად და კიდობანი შჯულისა უფლისა შეუდეგინ.

9. ხოლო მბრძოლნი იგი თანაუვიდოდედ წინ და მღდელნი იგი, რომელნი ჰბერვიდენ ნესტუსა და რომელნი შეუდგენ უკუანა კიდობანსა მას შჯულისა უფლისასა, გარეწარვიდოდედ და ჰბერვიდედ ნესტუსა.

10. ხოლო ერსა მას ამცნო ისო და ჰრქუა: ნუ ჰჴმობთ, ნუცაღა ვის ესმინ ჴმაჲ თქუენი ვიდრე დღედმდე, რომელსა გიბრძანა თქუენ ჴმობად, და მაშინ ჴმა-ჰყოთ.

11. და შე-გარე-ვლო კიდობანმან შჯულისა უფლისამან ქალაქი და მუნთქუესვე მივიდა ბანაკად და იყო მუნ.

12. და დღესა მეორესა აღდგა ისო განთიად და აღიღეს მღდელთა კიდობანი უფლისა

13. და მღდელთა მათ შჳდთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი, ნესტუნი, წინავიდოდეს წინაშე უფლისა. და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუთა ღა სხუაჲ იგი ყოველი ერი შევიდეს კუალად ბანაკად. და მისა შემდგომად შევიდენ მბრძოლნი და სხუანიცა ერნი შეუდგენ კიდობანსა აღთქმისა უფლისასა, და ვიდოდენ და ჰბერვიდენ ნესტვთა რქისათა.

14. და გარემოიცუეს ქალაქი დღესა მეორესა ერთბამად და კუალად წარჴდენ ბანაკადვე და ესრეთ ყუეს ექუს დღე.

15. და დღესა მას მეშჳდესა აღდგეს აღმოსლვასა ცისკრისასა და შე-გარე-ვლეს ქალაქი შჳდგზის.

16. და მეშჳდესა მას გარეშესლვასა დაჰბერეს მღდელთა ნესტუთა მათ და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: ღაღატ-ყავთ, რამეთუ მოგცა თქუენ ქალაქი ესე.

17. და იყოს ქალაქი ესე შეჩუენებულ და ყოველი, რაჲ არს მის შინა ძალითა უფლისათა, ხოლო რააბ მეძავი განარინეთ და ყოველივე, რომელნი იყონ სახლსა შინა მისსა, რამეთუ დამალნა მსტოვარნი, რომელნი მივავლინენი.

18. ხოლო თქუენ ეკრძალენით შესაჩუენებელსა მისგან. ნუსადა გულსა მოგიჴდეს თქუენ და აღიღოთ შესაჩუენებელისა მისგან და ჰყოთ ბანაკი ძეთა ისრაჱლისათა შეჩუენებულ და მოგუსრნეთ ჩუენ.

19. და ყოველი ვეცხლი და ოქროჲ, და ყოველი რვალი და რკინაჲ წმიდა იყოს უფლისა, საფასედ უფლისად შეიღოს.

20. და დაჰბერეს ნუსტჳთა მღდელთა მათ. და რაჟამს ესმა ერსა მას ჴმაჲ იგი ნესტჳთა, ღაღად-ყო ყოველმან ერმან ერთბამად ღაღადებითა დიდითა და ძლიერებითა და დაეცა ზღუდე გარემოს და აღჴდა ყოველი იგი ერი ქალაქად კაცად-კაცადი პირისპირ და იპყრეს ქალაქი იგი,

21. და შეაჩუენეს იგი და რაიცრა იყო ქალაქსა მას შინა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცმდე და ჭაბუკითგან მიმოხუცებულადმდე და ვიდრე ჴბოდ და ცხოვრადმდე და მი-კარაულადმდე პირითა მახჳლისათა.

22. და ორთა მათ ჭაბუკთა მსტოართა ჰრქუა ისო: შევედით სახლსა მას დედაკაცისასა და გამოიყვანეთ იგი მიერ ღა ყოველი რაჲცა არს მისი.

23. და შევიდეს ჭაბუკნი იგი მსტოარნი მის ქალაქისანი სახლსა მას დედაკაცისასა და გამოიყვანეს რააბ მეძავი და მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და ყოველი, რაჲცა იყო მათი და ყოველი ნათესავი მისი და დაადგინეს იგი გარეშე ბანაკსა ისრაჱლისასა.

24. და ქალაქი იგი დაწვეს ცეცხლითა ყოვლითურთ, რაჲცა იყო მას შინა, გარნა ოქროჲსა და ვეცხლისაჲ, რვალისა, რკინისაჲ, მისცეს იგი შეღებად საფასედ უფლისად.

25. და რააბ მეძავი და სახლი მისი და მამული განარინა ისო. და დაეშენა შორის ისრაჱლსა მოდღეინდელად დღედმდე, რამეთუ დამალნა მსტოარნი იგი, რომელ მოავლინა ისო სტუანვად იერიქოჲსა.

26. და აფუცა ისო მას დღესა შინა წინაშე უფლისა და თქუა: წყეულ იყავნ წინაშე უფლისა კაცი იგი, რომელმან აღჰმართოს, ანუ აღაშენოს ქალაქი იგი იერიქოჲ პირმშოსა ზედა თჳსსა. და დადვას საძირკველი მისი და უმწემესსა ზედა მისსა აღმართნეს ბჭენი მისნი (და ეგრე ყო ოზან ბეთელმან აბირონს ზედა, პირმშოსა ზედა, დადვა საძირკველი მისი. და რომელ დაუშთა უმწემესი, მის ზედა აჰმართნა ბჭენი მისნი).

27. და იყო უფალი ისოს თანა. და ისო სახელი მისი დიდ ყოველსა ქუეყანასა.

7

1. და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ. და იპარეს შენაჩუენებისა მისგანი: და აღიღო აქარ, ძემან ქარმისმან, ძისა ზამბრისმან, ძისა ზარასმან, ნათესავისაგან იუდასმან, შენაჩუენებისა მისგან. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ძეთათჳს ისრაჱლისათა.

2. და წარავლინნა ისო კაცნი იგი იერიქოთ გაიდ, რომელ არს პირისპირ ბეთელისა, და ჰრქუა მათ: აღვედით და მოისტუანეთ გაიდ. და აღვიდეს კაცნი იგი და მოისტუანეს ქუეყანაჲ გაისაჲ.

3. და მოიქცეს ისოჲსა და ჰრქუეს მას: ნუ აღმოვალნ ყოველი ერი! არამედ ვითარ ორ ათას ოდენ, ანუ სამ ათას კაც აღვიდედ და მოიცვან ქალაქი. ნუ აღიყვანებთ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედ არიან.

4. და აღვიდეს მუნ ვითარ სამ ათას კაც. და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გალილეველთასა.

5. და მოსწყჳდნეს მათგანნი კაცთა გაისათა ოცდაათექუსმეტ კაც და დევნა-უყვეს მათ ბჭითგან, ვიდრემდის შემუსრნეს იგინი შთამართებსა და შეძრწუნდა გული ერისა მის და იქმნა, ვითარცა წყალი.

6. და ჩამოიპო ისო სამოსელი თჳსი და დავარდა ქუეყანასა ზედა პირსა ზედა თჳსსა წინაშე უფლისა მიმწუხრადმდე, იგი და მოხუცებულნი ისრაელისანი და გარდაისხეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა.

7. და თქუა ისო: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს წიაღმოიყუანა მონამან შენმან ერი ესე იორდანესა მიცემად იგი ამორეველსა და წარწყმედად ჩუენდა? და-თუმცა-ვეშენენით და დავემკჳდრენით წიაღ იორდანესა

8. და რაჲ ვთქუათ? რამეთუ მოიდრიკა ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა მისთა

9. და ესმას ესე ქანანელთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, გარემოგუადგენ ჩუენ და მოგუსრნენ ჩუენ ქუეყანით. და ვითარ ჰყო სახელი იგი შენი დიდი?

10. და ჰრქუა უფალმან ისოს: აღდეგ! რაჲსათჳს-ეგე დაცემულ ხარ შენ პირსა ზედა შენსა?

11. ცოდა ერმან მაგან და გარდაჴდა შჯულსა ჩემსა რომელ დავდევ მათა მიმართ. და იპარეს შესაჩუენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა.

12. ვერ უძლონ ძეთა ისრაჱლისათა დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა. და დაიდრიკონ ქედი მათი წინაშე მტერთა მათთასა, რამეთუ შეჩუენებულ იქმნნეს. არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ განიშოროთ თქუენგან შესაჩუნებელი იგი.

13. აღდეგ და განწმიდე ერი ეგე და არქუ წმიდა-ყოფად ხვალისა, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: შენაჩუენები თქუენ შორის არს ისრაჱლ. ვერ შეუძლოთ წინადადგომად წინაშე მტერთა თქუენთა, ვიდრემდის არა მოსპოთ შენაჩუენები იგი თქუენგან.

14. და შეკრიბენით ყოველნი დილითი ნათესავად-ნათესავადი თქუენი. და იყოს, ნათესავი, რომელი გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ ნათესავად-ნათესავად სახლად. და სახლი, რომელ გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ კაცად-კაცადი.

15. და იყოს, რომელი გამოჩნდეს შენაჩუენებსა მას ზედა, დაიწუას ცეცხლითა იგი და ყოველი, რაჲცა არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა აღთქუმასა უფლისასა და ყო ურჩულოებაჲ შორის ისრაჱლისა.

16. და აღიმსთო ისო განთიად და წარმოადგინა ერი იგი ნათესავად-ნათესავად მათად. და გამოჩნდა ნათესავი იუდასი.

17. და წარმოადგინეს ტომად-ტომადი იუდაჲსი: და გამოჩნდა ტომი ოზარაჲსი და წარმოადგინეს ტომი ოზარაჲსი სახლად-სახლად და გამოჩნდა სახლი ზამბრისი.

18. და წარმოადგინეს სახლი მისი კაცად-კაცადი. და გამოჩნდა აქარ, ძე ქარმისი, ძისა ზამრისი, ძისა ზარაჲსი, ნათესავისაგან იუდაჲსისა.

19. და ჰრქუა ისო აქარს: შვილო, მიეც დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, და ეც აღსარებაჲ, და მითხარ მე, რაჲ ჰყავ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან.

20. და მიუგო აქარ ისოს და ჰრქუა: ჭეშმარიტად მე ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრე და ესრე ვყავ.

21. ვიხილე ტყუენვასა მას შინა შატროვანი ერთი ჭრელი და ორასი სატირი ვეცხლი და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასის სატირ სასწორით. გულმან მითქუა მათგანი და მოვიღე. და აჰა, ესერა, ესე დამიმალავს მიწასა ქუეშე კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი იგი დამიმალავს ქუეშე მათსა.

22. და მიავლინნა ისო მოციქულნი. და მირბიოდეს კარავსა მას ბანაკად და ესე დამალულ იყო კარავსა შინა მისსა და ვეცხლი იგი ქუეშე მათსა.

23. და გამოიღეს იგი კარვით და მოიღეს იგი ისოსა. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დადვეს იგი წინაშე უფლისა.

24. და მოიყვანა ისო აქარ, ძე ზარაჲსი, და აღიყვანა იგი ჴევსა აქორისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი, და ზროხანი მისნი და კარაულნი მისნი, და ცხოვარი მისი და კარავი მისი და ყოველი ნაყოფი მისი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანეს იგი სურმექარონდ.

25. და ჰრქუა ისო: რად აღგუჴოცენ ჩვენ? და აღგჴოცოს შენ უფალმან ვითარცა-ესე დღეს. და განტჳნა იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და დაწვეს იგი ცეცხლითა.

26. და აღდგეს მის ზედა ჭორტი ქვისაჲ დიდი მოდღენდელად დღედმდე. და დასცხრა უფალი რიცხვისაგან გულისწყრომისაჲსა, ამისთჳს უწოდეს მას ემეკაქორ მოაქადღედმდე.

8

1. და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.

2. და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.

3. და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.

4. ამცნო მათ და ჰრქუა: თქუენ უმზირდით უკუანა ქალაქსა და ნუ განეშორებით ქალაქსა და მზა იყვენით ყოველნი. და მე

5. და ყოველი ერი ჩემ თანაჲ მიუჴდეთ ქალაქსა. და იყოს ვითარ გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, ვითარცა-იგი პირველად იყო, და ვივლტოდით ჩუენ პირისაგან მათისა.

6. და რაჟამს გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვაშორნეთ ქალაქსა და მათ თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარცა-იგი პირველად.

7. და თქუან: აღსდგეთ სადარანოჲსა მისგან და შეხჳდეთ ქალაქად და მოსრათ ქალაქი იგი. და მოგცეს იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან, ჴელთა თქუენთა.

8. და რაჟამს დაიპყრათ ქალაქი იგი, აღუდვათ მას ცეცხლი და მსგავსად მის სიტყჳსა ყავთ. აჰა, ესერა, გამცნებ თქუენ.

9. და წარავლინნა იგინი ისო ღა მივიდეს სადარანოდ დაიმალნეს საშუვალ ბეთელსა და საშუვალ გაისა ზღჳთგან გაისით. და ისო იყო მას ღამესა საშუვალ ერსა მას.

10. და აღიმსთო ისო განთიად და აღიხილა ერი. და აღვიდა იგი და მოხუცებულნი ისრაჱლინი პირისპირ ერისა მის გაის ზედა.

11. და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა აღვიდა, მივიდეს და მიიწინეს წინაშე ქალაქსა მას აღმოსავალით კერძო. და დადარნებულნი იგი ქალაქსა ზღჳთ კერძო იყვნეს. და დაიბანაკეს ჩრდილოთ კერძო გაისსა.

12. და იყო ჴევი საშუვალ მათსა გაისსა. და წარიყვანა ხუთი ათასი კაცი, დამალნა იგინი საშუვალ ბეთნავსა და საშუვალ ზღუასა გაისსა.

13. და დაიბანაკა ერმან ყოველი ბანაკი ჩრდილოთ კერძო ქალაქისა მის. წიაღჴდა ისო მას ღამესა ჴევსა მას.

14. და იყო, ვითარ იხილა მეფემან მან გაისამან, ისწრაფა, აღიმსთო და გამოჴდა შემთხუევად მათა პირისპირ ბრძოლად, იგი და ერი მისი. და მან არა უწყოდა, რამეთუ დადარანებულ იყვნეს მისთჳს უკუანა ქალაქსა მას.

15. და იხილა და ივლტოდა ისო და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა და ევლტოდეს გზასა უდაბნოჲსასა.

16. და ისწრაფა ყოველმან ერმან შედგომად კუალსა მათსა და სდევდეს ძეთა ისრაჱლისათა და განაშორნეს იგინი ქალაქსა.

17. არა დაშთა არავინ გაისს შინა, რომელმან არა დევნა-უყო უკუანა ისრაჱლსა და დაუტევეს ქალაქი იგი განღებული და სდევდეს უკუანა ისრაჱლსა.

18. და ჰრქუა უფალმან ისოს: მიყავ ჴელი შენი გეონითა, ლახურითა, ჰორლითა, რომელ არს ჴელსა შინა შენსა ქალაქსა ზედა. რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი (დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით). და მიყო ისო გეონი და ჴელი მისი ქალაქსა ზედა.

19. და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.

20. და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.

21. და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.

22. და იგინი გამოჴდეს ქალაქისაგან და მიეგებვოდეს და იქმნეს იგინი საშუვალ ბანაკსა, ესენი ერთკერძო და ესენი ერთკერძო. და მოსრნეს იგინი, ვიდრემდის რაჲთურთით არა დაშთა მათი განრინებული და მეოტი.

23. და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოჰგუარეს ისოს

24. და ვითარ დააცადეს ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ ყოველთა მყოფთა გაისა და რომელ იყვნეს ველთა და მთისა დამოსავალთა, ვიდრემდის სდევდეს მათ. და შევიდეს ყოველნი პირსა მახჳლისასა სრულიად. და მოიქცა ისო გაისად და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა.

25. და იყვნეს ყოველნი დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე ათორმეტ ათას ყოველნი მკჳდრნი გაისნი, გარნა საცხოვრისა.

26. და ისო არა გარემოაქცია ჴელი თჳსი, რომელ მიყო გეონითა ვიდრე შეჩუენებადმდე ყოველთა მკჳდრთა გაისათა.

27. და ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა, აღიჭდეს ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს.

28. და მოწუა ისო ქალაქი იგი ცეცხლითა და ქმნა იგი ბორცუ მიწის უშენებელ უკუნისამდე მოდღენდელად დღედმდე.

29. და მეფე გაისაჲ დამოჰკიდეს ძელსა ბორჯღლედსა და იყო ძელსა მას ზედა დამოკიდებულ მიმწუხრადმდე. და დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიღეს გუამი მისი ძელისა მისგან და შთააგდეს იგი გუბსა ბჭეთა თანა ქალაქისათა და აღადგინეს მის ზედა ღუერფი დიდი ქჳშისაჲ მოდღენდელად დღედმდე.

30. მაშინ აღაშენა ისო საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისა მთასა შინა გებალსა.

31. რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.

32. და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.

33. და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.

34. და ამისა შემდგომად წარიკითხნა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი რაჲთურთით, დაწერილნი შჯულსა შინა მოსესსა.

35. არა იყო სიტყუაჲ ყოველთაგან, რომელ ამცნო მოსე ისოს, რომელ არა აღმოიკითხა ისო ყურთა ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისათა, მამათასა და დედათასა და ყრმათასა და მოქცეულთა, რომელნი მოადგებოდეს ისრაჱლსა.

9

1. და ვითარ ესმა ყოველთა მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და რომელ იყუნეს მთათა და ველთა, და რომელ იყვნეს ყოველსა კიდესა ზღჳსა დიდისასა, და რომელ იყვნეს წინალიბანესა და ქეტელთა, და ამორეველთა და გერგესეველთა და ქანანელთა და ფერეზელთა და ეველთა და იებოსელთა.

2. შეკრბეს ერთბამად ბრძოლად ისოსა და ისრაჱლისა თანად ყოველნი.

3. და მკჳდრთა გაბაონისათა ესმა ყოველი, რავდენი უყო უფალმან იერიქოსა და გაის.

4. და ყვეს მათცა ზაკუვით, და მოვიდეს და იმზადეს საგზალი. და მოიღეს თხიერები ძუელები და აღიკიდეს ზურგებსა მათსა და ღჳნოჲ თხიერებითა ძუელითა და დახეთქილებითა,

5. და სადგმელი ჴამლთა მათთა და სანდალნი მათნი დაძუელებულ და დაბებკულ იყვნეს ფერჴთა შინა მათთა. და სამოსელი მათი დაძუელებულ იყო მათ ზედა და პური საგზლისა მათისა განჴმელ იყო და დამღილულ.

6. და მოვიდეს ისოსსა, ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს ისოს და ყოველსა ისრაჱლსა: ქუეყანით შორით მოვალთ და აწ ყავ ჩუენდამო აღთქუმაჲ, და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა ქორეველსა:

7. იგულე, ნუუკუე ჩემ შორის შენ ხარ, და ვითარ დავდვა შენ თანა აღთქუმაჲ?

8. და ჰრქუეს ისოს: მონანი შენნი ვართ. და ჰრქუა მათ ისო: ვინანი ხართ და ვინა მოსრულ ხართ?

9. და ჰრქუეს მას: ქუეყანით შორით მოსრულ ვართ, მონანი შენნი სახელითა უფლისა ღმრთისა შენისათა, რამეთუ გუესმა სახელი მისი და რავდენი უყო ეგჳპტესა.

10. და რავდენი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა სეონს, მეფესა ესებონისასა, და ოგ მეფესა ბასანისასა, რომელ მკჳდრ იყო ასტაროდს შინა და ედრაინს.

11. და გურქუეს ჩუენ მოხუცებულთა ჩუენთა. და ყოველთა მკჳდრთა მოხუცებულთა ქუეყანისა ჩუენისათა თქუეს: აღიღეთ თქუენდა საგზალი გზად, წარვედით და მიეგებვოდეთ მათ და არქუთ მათ: მონანი თქუენნი ვართ, და აწ აღთქუმა-ყავ ჩუენდა მომართ.

12. რამეთუ ესე პური ტფილი გამოგუცეს ჩუენ თანა დღესა მას, რომელსა გამოვედით მოსლვად თქუენდა, აწ განჴმეს და დამღილულ იქმნნეს.

13. და ესე თხიერები, რომელ ღჳნით გუევსო, ახლები იყო და, ესე, განხეთქილ არიან და სამოსელი ჩუენი დაძუელებულ არს გზისაგან დიდისა ფრიადისა

14. და მოიღეს მთავართა საგზალი მათი და უფალსა არა ჰკითხეს.

15. და ყო ისო მათა მიმართ მშჳდობაჲ და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ განრინებად მათა და ეფუცნეს მათ მთავარნი კრებულისანი.

16. და იყო, მესამესა დღესა შემდგომად აღთქუმისა მის მათა მიმართ ესმა, ვითარმედ მახლობელ არიან მათა და შორის მათსა შენ არიან.

17. და აღდგენ ძენი ისრაჱლისანი და მივიდვეს ქალაქებსა მათსა. ხოლო ქალაქები მათი არს გაბაონი და კეფირაჲ, და ბეთორი და ქალაქი იარიმი.

18. და არა ლალვიდეს მათ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ ეფუცნეს მათ ყოველნი მთავარნი კრებულისანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. და დრტჳნვიდა ყოველი კრებული იგი მთავართათჳს.

19. და ჰრქუეს ყოველთა მათ მთავართა ყოველსა კრებულსა: ჩუენ ვეფუცენით მათ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

20. და აწ ვერ შეძლებელ ვართ ჴელსა შეხებად მათა, რამეთუ ესე ჰყოთ, დაიცვნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩვენ ზედა რისხვაჲ ფიცისა მისთჳს, რომელ ვეფუცენით მათ, და ცხონდენ.

21. და იყვნენ იგინი მრეშველ და მერწყულე ყოველსა ამას კრებულსა. და ყო ეგრე ყოველმან კრებულმან, ვითარცა ჰრქუეს მათ მთავართა.

22. და შეკრიბნა იგინი ისო და ჰრქუა მათ: რად შეურაცხ-მყავთ მე და სთქუთ, ვითარმედ: შორს ვართ შენგან ფრიად და თქუენ მსოფლელ ხართ, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ჩუენ შორის?

23. და აწ წყეულ იყვნეთ, არა მოგაკლდეს თქუენგან მონა მრეშუველი და მერწყული ჩემდა და ღმრთისა ჩემისა.

24. და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: რამეთუ თხრობით მოგუეთხრა ჩუენ, რავდენი უბრძანა უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსეს, მონასა თჳსსა, მიცემად თქუენდა ქუეყანაჲ ესე და მოსპოლვად ჩუენდა ყოველნი მკჳდრნი მისნი პირისაგან თქუენისა. და შეგუეშინა ჩუენ თავთა ჩუენთათჳს ფრიად და პირისაგან თქუენისა და ვქმენით საქმე ესე.

25. და აწ ჩუენ, ესერა, ჴელთა შინა თქუენა ვართ. ვითარცა გთნავს და ვითარცა გნებავს ყოფად ჩუენდა, გჳყავთ.

26. და ყო მათთჳს ესრე და განარინნა იგინი ისო მას დღესა შინა ჴელთაგან ძეთა ისრაჱლისათა და არა მოსრნეს იგინი.

27. და დაადგინნა იგინი ისო მას დღესა შინა მრეშუელად და მერწყულად ყოვლისა კრებულისა და საკურთხეველისა ღმრთისა. ამისთჳს იქმნენ მკჳდრნი გაბაონისანი მრეშუელ და მერწყულ საკურთხეველისა ღმრთისა მოდღენდელად დღედმდე. და ადგილსა, რომელსა გამოირჩია უფალმან.

10

1. და ვითარ ესმა ადონიბეზეკს, მეფესა იერუსალჱმისასა, ვითარმედ: ისო დაიპყრო გაჲ და მოსრნა იგინი, ვითარცა ყო იერიქოჲ და მეფე მისი, ეგრე უყო გაის მეფესა მისსა. და რამეთუ მიადგეს მკჳდრნი გაბაონისნი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

2. და შეიშინეს მათგან ფრიად, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ქალაქი დიდი იყო გაბაონი, ვითარცა ერთი დედაქალაქთაგანი, და ყოველნი კაცნი მისნი ძლიერნი.

3. და მიუვლინა, ადონიბეზეკ, მეფემან ისრაჱლისამან, ელამს, მეფესა ქებრონისასა, და აფიდომს, მეფესა ლაქისასა, და დაბირს, მეფესა ადოლანისასა

4. და ჰრქუა: აღდეგით და აღმოვედით ჩემდა და შემეწიენით მე და ვჰბრძოდით გაბაონსა, რამეთუ მიადგეს იგინი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

5. და აღვიდეს ხუთნი ესე მეფენი იებოსელთანი: მეფე იერუსალჱმისა, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერემოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ, იგინი და ყოველი ერი მათი, და გარე მოადგეს გაბაონსა და ჰბრძოდეს მათ.

6. და მიავლინეს მკჳდრთა გაბაონისათა ისოჲსა ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს: ნუ დაალტობ ჴელთა შენთა მონათა შენთათჳს. აღმოვედით ჩუენდა მსთუად და განგუარინენ ჩუენ და შეგუეწიე ჩუენ, შეკრებულ არიან ჩუენ ზედა ყოველნი მეფენი ამორეველთანი და მკჳდრნი მთისანი.

7. და აღვიდა ისო გალგალით, იგი და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა ყოველი ძლიერი ძალითა.

8. და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიან იგინი, არა დაგიდგეს მათგანი არა ვინ წინაშე თქუენსა.

9. და რამეთუ მიიწია მათა ისო მეყსეულად, ღამე ყოელ მიიწია გალგალით

10. და შესულიბნა იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს შინა და დევნა-უყვეს მათ გზასა აღსავალსა ბეთორონისასა და მუსრვიდეს მათ მიაზეკადმდე და მაკედადმდე.

11. და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.

12. მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.

13. და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.

14. და არა იყო ესე მლევანი დღე პირველი, არცა დასასრული, ვითარმცა ისმინა ღმერთმან კაცისაჲ, რამეთუ უფალი ჰბრძოდა ისრაჱლისა თანა.

15. და მოიქცა ისო და ყოველი იგი ისრაჱლი და დაიბანაკეს გალგალსა.

16. და ივლტოდეს ხუთნი ესე მეფენი. და დაემალნეს ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

17. და უთხრეს ისოს და ჰრქუეს: იპოვნეს ხუთნი იგი მეფენი დამალულნი ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

18. და ჰრქუა ისო: მიაგორვეთ ქვები პირსა ზედა ქუაბისასა და დაადგინენით მას ზედა კაცნი მცველად მათ.

19. ხოლო თქუენ ნუ დასცხრებით უკუანა მტერთა თქუენთათა და ეწიენით ბუნაურსა მათსა. და ნუ აუფლებთ შესლვად ქალაქად მათა. რამეთუ მოგუცნა იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

20. და იყო, რაჟამს დააცადა ისო და ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ მათი ფრიად სრულიად და განრინებულნი განერნეს ქალაქებსა.

21. და მოიქცა ყოველი ერი ისოჲსა მაკედად ცოცხალნი. და არავინ აღიკუმინა ძეთა ისრაჱლისათამან ენითა თჳსითა.

22. და ჰრქუა ისო: აღიღეთ ქუაბსა მას და გამოიყუანენით ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით.

23. და გამოიყვანნეს ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით: მეფე იერუსალიმისაჲ, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერიმოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ, და მეფე ოდალომისაჲ.

24. და რამეთუ გამოიყვანნეს იგინი ისოჲსსა, მოუწოდა ისო ყოველსა ისრაჱლსა და წინამძღუართა ბრძოლისათა, რომელნი თანაუვიდოდეს მას და ჰრქუა მათ: მიდით და დაადგემდით ფერჴთა თქუენთა ქუედთა ზედა მათთა. და მივიდეს და დაადგნეს ფერჴნი მათნი ქედთა ზედა მათთა.

25. და ჰრქუა მათ ისო: ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდებით! მჴნე იყვენით და განძლიერდით! რამეთუ ესრე უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა ჰბრძავთ თქუენ მათ.

26. და მოწყჳდნა იგინი ისო და ვითარცა მოჰკიდნა იგინი ხუთთა ძელთა. და იყვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა მიმწუხრადმდე.

27. და იყო, დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიხუნეს ძელთაგან. და შთასთხინა იგინი ქუაბსა მას, რომელსაცა შეივლტოდეს მუნ და მიაგორეს ქვები დიდ-დიდი მოდღენდელად დღედმდე.

28. და მაკედაჲ დაიპყრეს მას დღესა შინა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აჴოცნეს იგინი და ყოველი მშუმინვიერი, რომელ იყო მას შინა, არავინ განრინებულნი და ოტებულნი. და უყვეს მეფესა მაკედასასა, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

29. და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა მაკედაჲთ ლომნად და ჰბრძოდა იგი ლომნასა.

30. და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს ლემნაჲ და მეფჱ მისი. და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი მას შინა. და არა დაშთა მისგანი არცა ერთ განრინებული და ოტებული და ეგრე უყვეს მეფესა მას, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

31. და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლებნაჲთ ლაქისა და მოადგეს მას.

32. და მისცა უფალმან ლაქისი ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს იგი დღესა მეორესა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ყვეს ლებნასა მაშინ.

33. აღმოვიდა ელამ, მეფე გაბერისაჲ, შეწევნად ლაქისა. და მოკლა იგი ისო პირითა მახჳლისაჲთა და ერი მისი, და არა დაშთა მათგანი განრინებული და ოტებული.

34. და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლაქისით ოდოლამდ. და გარე მოადგეს მას და ჰბრძოდეს მათ. და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა.

35. და დაიპყრეს იგი მას დღესა შინა და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა. და ყოველი მშუმინვიერი მას შინა მოსრეს, ვითარცა უყვეს ლაქისსა.

36. და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ქეგრონდ და გარე მოადგეს მას.

37. და დაიპყრეს და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი, რავდენი იყო მას შინა, არა იყო მას შინა განრინებულ, ვითარცა უყვეს ოდოლამსა, აჴოცეს იგი და რაჲცა იყო მას შინა.

38. და მოაქცია ისო და ყოველმან ისრაჱლმან დაბირდ და გარე მოადგეს მას.

39. და დაიპყრეს იგი და მეფე მისი და დაბნები მისი და მოსრეს იგი პირთა მახჳლისათა. და აღჴოცეს იგი და ყოველი მშუმინვიერი მის თანა, და არა დაუტევეს რაჲთურთით განრინებული, ვითარცა უყვეს ქებრონსა, ეგრე უყვეს დაბირსა და მეფესა მისსა, ვითარცა უყვეს ლებნასა და მეფესა მისსა.

40. და მოსრა ისო ყოველი ქუეყანაჲ მთისაჲ და ნაგები და ველი და აჰლოთი და მეფენი მისნი და არა დაუტევეს მუნ განრინებული და ყოველი მშუმინვიერი მისგან აჴოცეს, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლისა მას.

41. და მოსრნა იგინი ისო კადჱს ბარნეთგან ვიდრე გაზედმდე, ყოველი ქუეყანაჲ გოსომისაჲ მიგაბაონდმდე.

42. და ყოველნი მეფენი ესე და ქუეყანაჲ მათი დაიპყრა ისო ერთბამად. რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა შეეწეოდა ისრაჱლსა.

43. და მოაქცია ისო და ყიველმან ისრაჱლმან მის თანა გალგალდ.