წინაწარმეტყველება ზაქარიასი

11

1. და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.

2. და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ დაიფხურა მაღნარი ნერგოანი.

3. ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი.

4. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა დაკლვისათა,

5. რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას.

6. ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა.

7. დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი

8. და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს ჩემდამო.

9. და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა თჳსისათა.

10. და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა.

11. და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით, რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს.

12. და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ.

13. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ.

14. და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა.

15. და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი მწყემსისა გამოუცდელისანი

16. მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს.

17. ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს.

12

1. ნეშტი სიტყჳსა უფლისა ისრაჱლსა ზედა, - იტყჳს უფალი, გარდამრთხმელი ცისაჲ და დამამყარებელი ქუეყანისაჲ და შემქმნელი სულისა კაცისასა მის შორის:

2. აჰა, მე დავსდებ იერუსალჱმსა, ვითარცა კარსესა მერყევსა გარემოჲს ყოვლისა ერისა და იუდას შორის და იყოს გარემოცვაჲ იერულალჱმსა ზედა.

3. და იყოს მას დღესა შინა, დავდვა იერუსალიმი ქვად დათრგუნვილად ყოველთა წარმართთა მიერ. ყოველი დამთრგუნველი მისი სიმღერით იმღეროდის და შეკრბენ მის ზედა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი.

4. მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დავსცე ყოველი ცხენი განკრთომილებითა და აღმავალი მისი ცნობავნებულებითა. ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა განვახუნე თუალნი ჩემნი. და ყოველნი ცხენნი ერთანი დავსცნე დაბრმობითა.

5. და იტყოდიან ათასისოავნი იუდაჲსნი გულთა შინა მათთა: ვპოვნეთ თავთა თჳსად დამკჳდრებულნი იერუსალჱმს უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისა.

6. მას დღესა შინა დავსხნე ათასისთავნი იუდაჲსნი, ვითარცა მუგუზი ცეცხლისაჲ შეშათა შორის და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლელწამთა შორის, და შესჭამდენ მარჯვენით და მაცხენით ყოველთა ერთა გარემო. და დაიმკჳდროს იერუსალიმმან მერმე თჳსაგან იერუსალჱმი.

7. და აცხოვნნეს უფალმან კარვებნი იუდაჲსნი, ვითარცა დასაბამსა, რაჲთა არ განდიდნებოდის სახლი დავითისი და სილაღე მკჳდრთა იერუსალიმისათა იუდას ზედა.

8. და იყოს მას დღესა შინა, შემწე იყოს უფალი ყოველთა მკჳდრთათჳს იერუსალჱმისათა. და იყოს უძლური მათ შორის მას დღესა შინა, ვითარცა დავით. და სახლი დავითისა სახლ, და ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა.

9. და იყოს მას დღესა შინა, ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა მიმავალთა იერუსალჱმსა ზედა.

10. და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა.

11. მას დღესა შინა განდიდნეს იერუსალჱმსა შორის ტყებაჲ, ვითარცა ტყებაჲ ბროწეულთა ველსა ზედა მოკუეთილისაჲ.

12. და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად-ტომად თჳსაგან:

13. ტომი სახლისა დავითისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ლევისი თჳსგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა სჳმეონისა თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

14. ყოველნი ნეშტნი ტომნი - ტომი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

13

1. მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად.

2. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან.

3. და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა.

4. და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ.

5. და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან.

6. და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა.

7. მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.

8. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.

9. და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.

14

1. აჰა, დღენი მთვლენ უფლისანი, და განიბნინენ ნატყუენავნი შენნი შენ შორის.

2. და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და წარიტყუენოს ქალაქი, და განიბძარნენ სახლნი, და დედანი შეიბილწნენ, და განვიდეს ნახევარი ქალაქისაჲ ტყუეობად, და ნეშტი ერისა ჩემისა არა მოისრნენ ქალაქისა მისგან.

3. და გამოვიდეს უფალი და განეწყოს ნათესავთა მათ მიმართ, ვითარცა დღესა წყობისა მისისასა, დღესა შინა ბრძოლისასა.

4. და დადგენ ფერჴნი მისნი მას დღესა შინა მთასა ზედა ზეთისხეთასა პირისპირ იერუსალჱმსა აღმოსავალით კერძო; და განიპოს მთაჲ ზეთისხეთაჲ კერძოჲ მისი აღმოსავალად მიმართ და კერძოჲ მისი ზღუად მიმართ, დანახეთქად დიდად ფრიად და მიდრკეს ნახევარი მთისა ჩრდილოდ მიმართ, და ნახევარი მისი სამხრად მიმართ.

5. და აღმოიგნენ ღელენი მთათა ჩემთანი და შებრძჳლდეს ჴევი მთათა ჩემთაჲ ვიდრე ასაილამდე. ვითარ-იგი აღმოიგო დღეთა შინა ძრვისათა და დღეთა შინა ოზიაჲ მეფისა იუდასთასა და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნი წმიდანი მის თანა.

6. და იყოს მას დღესა შინა, არა იყოს ნათელი და ნეფხუაჲ და ყინელი.

7. იყოს ერთსა დღესა, და დღე იგი ეცნობოს უფალსა: და არა დღე, და არა ღამე. და სამწუხროდ იყოს ნათელი.

8. და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი მცოცხლი იერუსალჱმით, ნახევარი მისი ზღუასა ზედა პირველსა და ნახევარი ზღუასა ზედა უკანასკნელსა; ზაფხულსა შორის და არესა შორის იყოს ესრეთ.

9. და იყოს უფალი მეფედ ყოველსა ზედა ქუეყანასა. მას დღესა შინა იყოს უფალი ერთ, და სახელი უფლისაჲ - ერთ,

10. მომცველი ყოველსა ქუეყანასა და უდაბნოსა ღაველითგან ვიდრე რემონამდე, სამხრით კერძო იერუსალიმისა, ხოლო რამაჲ ადგილსა ზედა ეგოს ბჭითგან ბენიამენისით ვიდრე ბჭედმდე პირველად, ვიდრე ბჭისამდე მებოძირთაჲსა და ვიდრე გოდლამდე ანამეილისსა, ვიდრე საწნეხლის წედთამდე მეფისათა.

11. დაემკჳდრნენ მის შორის და არა იყოს შენაჩუენები მერმე და დაემკჳდროს იერუსალჱმი სასოებით.

12. და ესე არს დაცემაჲ, რომლითა მოჰკუეთს უფალი ყოველთა ერთა, რაოდენთა განილაშქრეს იერუსალჱმს ზედა. და დადგნენ ჴორცნი მათნი დგომასაღა მათსა ფერჴთა ზედა მათთა, და თუალნი მათნი აღმოსცჳვენ ბუდეთაგან მათთა, და ენაჲ მათი დადნეს პირსა შინა მათსა.

13. და იყოს მას დღესა შინა განკრთომაჲ უფლისაჲ დიდი მათ ზედა, და მოეკიდოს თითოეული ჴელსა მოყუსისა თჳსისასა, და თანშეათხზნას ჴელი მისი ჴელისა მათ მოყუსისა მისისაჲსა.

14. და იუდა წყობა-ყოს იერუსალიმს შინა, და თანააქუნდეს ძალი ყოველთა გარეშემოთა ერთაჲ: ოქროჲ და ვეცხლი და შესამოსელი სიმრავლედ ფრიად.

15. და ესე იყოს დაცემაჲ: ცხენთა და კერძოვირთა, და აქლემთა, და ვირთა, და ყოველთა საცხოვართა, მყოფთა ბანაკთა მათ შინა დაცემისა ამისებრ.

16. და იყოს: რაოდენნიცა დაშთენ ყოველთაგან წარმართთა მოსრულთა იერუსალჱმსა ზედა და აღმოვიდოდიან წლითი წლად თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და დღესასწაულებად დღესასწაული კარვის-დგმისა.

17. და იყოს: რაოდენნიცა არა აღვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და არა იყოს მათ ზედა წჳმაჲ და იგინიცა მათვე თანა შეეძინნენ.

18. ხოლო უკუეთუ ტომი ეგჳპტისა არა აღვიდეს, არცა მივიდეს მუნ, მათ ზედაცა იყოს დაცემაჲ, რომელი შეამთხჳოს უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნათესავთა, რაოდენნიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად კარვის-დგმისა დღესასწაულსა.

19. ესე არს ცოდვაჲ ეგჳპტისაჲ და ცოდვაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რაოდენიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად და დღესასწაულსა კარვის-დგმისასა.

20. მას დღესა შინა იყოს აღჳრსა შორის ცხენისასა: წმიდაჲ უფლისაჲ, და იყუნენ სიავნი სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა ფიალი წინაშე პირსა მსხუერპლისსაცავისასა.

21. და იყოს ყოველი სიავი იერუსალიმს შინა და იუდაჲსა შორის წმიდაჲ უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, და მივიდოდიან ყოველნი მსხუერპლველნი და მიიხუმიდენ მათგან და აგბობდენ თავთა მათთად, და არა იყოს ქანანელი მერმე სახლსა შინა უფლისა ძალთაჲსასა მას დღესა შინა.