ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი პირველი

(თ. 1, მ. 1-3)

დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ.

ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარ-მეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზა-დენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.

როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას.

ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.

იოანეს წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელს, მახარებელი წარმოადგენს, როგორც ძე ღმერთის სახარების დასაბამს, ვინაიდან ძველი აღთმის დასასრული, დასაბამია ახალი აღთქმისა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას წინამორბედზე, იგი აღებულია ორი წინასწარმეტყველისგან: მალაქიასგან: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შესა, რომელმანც განმზადნეს გაზნი შენი წინასე შენსა“ (3, 1); და ესაიასაგან: „ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა...“ (40, 3) და ასე შემდეგ. ეს მამა ღმერთის სიტყვებია ძის მიმართავი იგი ანგელოზს უწოდებს წინამორბედს მისი ანგელოზებრივი და თიტქმის უსხეულო ცხოვრების გამო და სოფლად მომავალი ქრისტეს გამოცხადების და მასზე მინიშნების გამო. ამზადება რა, ნათლბის მეშვეობით, იუდეველთა სულებს ქრისტეს მისაღებად, იოანე გზას განუმზადებდა უფალს. „წინაშე პირსა შენსა“ ნიშნავს: „ახლოსაა შენთან ანგელოზი შენი“. ამით აღინიშნება ნათესაური კავშირი წინამორბედის ქრისტესთან, რამდენადაც მეფეებსაც წინ უმთავრესად მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირები მიუძღოდნენ. „ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა“ ... მაშასადამე, იორდანეს უდაბნოში, უფრო მეტად კი იუდეველთა სინაგოგაში, რომელიც ცარიელი იყო სიკეთისგან. „გზანი“ აღმნიშვნელია ახალი აღთქმისა, „ალაგნი“ - ძველისა, რომელიც არაერთგზის ირღვეოდა იუდეველთა მიერ. „გზისათვის“, ანუ ახალი აღთქმისათვის ისინი უნდა მომზადებულიყვნენ, ძველის „ალაგნი“ კი განემართათ, რადგან თუმცა ძველად მიიღეს კიდეც ისინი, მაგრამ შემდგომში გადაუხვიეს საკუთარ ალაგთან და გზა აებნათ.

(თ. 1, მ. 4-5)

იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისა-ტევებელად ცოდვათა.

და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.

იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

იოანეს ნათლისღებას ტან არ ახლდა ცოდვათა მიტევება, არამედ მოჰქონდა ადამინებისთვის მხოლოდ სინანული. მაშ როგორღა ამბობს მარკოზი აქ: „მისატევებელად ცოდვათა?“ ამაზე ვუპასუხებთ, რომ იოანე ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა. ამ ქადაგებას კი საით მიჰყავდა? ცოდვათა მიტებევებისკენ, რომელიც თავის თავში ცოდვათა მიტევებასაც მოიცავდა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ, მაგალითად ესა და ეს მოვიდა, როგორც წინამორბედი მეფისა, ბრძანებდა რა განემზადებინათ საჭმელი მეფისათვის, ვგულისხმობთ, რომ ამ ბრძანების აღმასრულებელნი კეთილს მოიღებდნენ მეფისგან. ასეა აქაც: წინამორბედი ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა იმისათვის, რომ ადამიანები შეინანებდნენ რა და მიიღებდნენ ქრისტეს, ცოდვათაგან განთავისუფლებაც მიეღოთ.

(თ. 1, მ. 6)

ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს.

ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მათეს სახარებაში, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც იქ გამოგვრჩა, კერძოდ: რომ იანეს სამოსელი იყო ნიშანი მწუხარებისა და წინასწარმეტყველს ამით იმის ჩვენება სურდა, რომ მონანული უნდა გლოვობდეს, რამდენადაც უხეში ქსოვილის სამოსელი ჩვეულებრივ არის ნიშანი გლოვისა; ტყავის სარტყელი იუდეველი ხალხის უსიცოცხლო მდგომარეობას აღნიშნავდა. იმაზე, რომ ეს სამოსელი გლოვის მომასწავლებელია, თავად უფალი საუბრობს: „ვოგოდებდით, და არა იტყებდით“, უწოდებს რა აქ გოდებას წინამორბედის ცხოვრებას, რამდენადაც შემდგომში ამბობს: „რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყიან, ვითარმედ ეშმაკეულ არს“ (მათე, 11; მ. 17-18). ისე როგორც იანეს საკვები მინიშნებულია, რაღა თმა უნდა, თავშეკავებისა, ამავე დროს, მაშინდელი იუდეველთა სულიერი საკვების ხატია, რომლებიც წმინდა ზეციური ფრინველებით არ იკვებებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ არაფერ მაღალზე, არამედ იკვებებოდნენ ამაღლებული სიტყვებით, რომლებიც მთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისევ ბარში ვარდება. რამდენადაც კალია ისეთი მწერია, რომელიც მაღლა ხტება, მაგრამ სემდეგ ისევ მიწაზე ეცემა. ზუსტად ასევე ხალხი იკვებებოდა თაფლით, რომელსაც ფუტკრები, ანუ წინასწარმეტყველები ამზადებდნენ; მაგრამ იგი მოუვლელი რჩებოდა მათთან და არ მატულობდა მასში ჩაღმავებითა და სწორი გააზრებით, თუმცა ებარელები ფიქრობდნენ, რომ ისინი იაზრებენ და წვდებიან წმინდა წერილს. ისინი ფლობდნენ წმინდა წერილს, როგორც ერთგავ თაფლს, მაგრამ არ შრომობდნენ მასზე და არ იკვლევდნენ მას.

(თ. 1, მ. 7-8)

ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.

მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი.

მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

ძეო, ამბობს, მის უკანასკნელ მონის ყოფნის ღირსიც კი არ ვარ, რომელიც საკვრელს, ანუ კვანძს შეხსნიდა მისი ჩექმების თასმებზე. თუმცა იგებდნენ ასეც: ყველა ვინც მოდიოდა და ნათელს იღებდა იოანესაგან, სინანულის მეშვეობით თავისუფლდებოდა საკუთარი ცოდვების საკვრელთაგან, იწამებდა რა ქრისტეს. ამდენად იოანე ყველას შეუხსნიდა ხოლმე თასმებსა და ცოდვის საკვრელთ, ხოლო იესოსთვის არ შეეძლო შეეხსნა ამგვარი თასმა, ვინაიდან მას ვერც უპოვა ეს თასმა, ანუ ცოდვა.

(თ. 1, მ. 9-11)

და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.

და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.

და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან.

წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე.

და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

იესო ცოდვათა მიტევებისათვის არ მოსულა მოსანათლად, რადგან მას ცოდვა არ უქმნია, ისევე როგორც სული წმიდის მისაღებად, ვიანიდან როგორ შეეძლო იოანეს ნათლობის სულის მინიჭება, როდესაც მას, როგორც ვთქვი არ შეეძლო ცოდვათაგან განწმენდა? მაგრამ არც სინანულისთვის მიდის ის მოსანათლად, რამდენადაც თავად მეტი იყო ნათლისმცემელზე (მათე, 11. 11). მაშ რიღასთვის მიდის? ეჭვგარეშეა, იმისათვის, რომ იოანემ გამოუცხადოს მის შესახებ ხალხს. რამდენადაც მრავალი შეიკრიბა იქ, ინება მისულიყო რათა დაემოწმებინათ მრავალთა წინაშე, თუ ვინ არის ის და ამავე დროს, იმისთვისაც, რომ აღესრულებინათ „ყოველი სიმართლე“ ანუ სჯულის ყოველი მცნება, რამდენაც წინასწამეტყველის მორჩილება, როგორც ღმრთისაგან წარმოგზავნილი, იყო ასევე მცნება, ამდენად ქრისტეს ამ მცნებასაც აღასრულებს. სული გადმოდის არა იმიტომ, რომ ქრისტეს სჭირდება ეს (რადგანად არსებითა იგი მასში მყოფობს), არამედ იმიტომ, რომ შენ იცოდე, ნათლისღების ჟამს შენზეც სულიწმინდა გამოდის. სულიწმინდის გარდამოსვლისას მეყვსეულად წარმოითქმება მოწმობაც. რამდენადაც მამა ხმას მოსცემდა მაღლით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი“. მსმენელს რომ არ ეფიქრა თითქოს იგი იოანეზე საუბრობდა, იესოზე გადმოდის სული, აჩვენებს რა ამით, რომ ეს მასზეა ნათქვამი. ცანი კი განიხვნებიან იმიტომ, რომ ვიცოდეთ, ისინი ჩვენითვის განიხვნებიან, როდესაც ვინათლებით.

(თ. 1, მ. 12-13)

და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.

და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცა-დებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.

ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.

იმისთვის, რომ გვასწავლოს არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, როდესაც ნათლისღების შემდგომ განვიცდებით, უფალი მიდის მთაში გამოსაცდელად, ან უფრო სწორად კი არ მიდის, სულიწმინდის მიერ განიყვანება, გვიჩვენებს რა ამით, რომ ჩვენც ჩვენი ნებით არ უნდა ჩავვარდეთ საცდურებში, არამედ მივიღოთ, როდესაც ისინი გვეწვევიან. მთაში კი იმიტომ ადის, რომ ადგილის უდაბურებისა გამო, ეშმაკმა ჰპოვოს კადნიერება და მიუდგეს მას, რამდენადაც იგი, ჩვეულებრივ მაშინ გვესმის თავს, როდესაც მარტონი ვართავი ადგილი იმდენად ველური იყო, მეტწილად მხეცები დაძრწოდნენ, ანგელოზებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მისი მსახურება, როდესაც მან სძლია მაცდურს. ყველაფერი ეს მათეს სახარებაში ვრცლად არის გადმოცემული.

(თ. 1, მ. 14-15)

და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუ-ფეველისა ღმრთისასა

და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.

ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას.

და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.

გაიგებს რა იოანეს დილეგში ყოფნის ამბავს, იესო მიდის გალილეაში, რათა ჩვენც გვიჩვენოს, რომ თავად არ უნდა ვესწრაფოდეთ საცდურებს, არამედ ვერიდოთ მათ, ხოლო როცა ვვარდებით - მოვითმინოთავი ქრისტე, ერთი შეხედვით, ქადაგებს იმასვე, რასაც იოანე, როგორიცაა: „შეინანეთ“ და „მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი“. მაგრამ სინამდვილეში იმსვე არა: იოანე ამბობს: „შეინანეთ“, ცოდვათაგან რომ განაშოროს, ხოლო ქრისტე ამბობს: „შეინანეთ“ სჯულის სიტყვათაგან დახსნისათვის, ამიტომაც დასძენს: „და იწამეთ სახარება“, რამეთუ მან, ვისაც სურს სწამდეს სახარების მიხედვით, უკვე გააუქმა სჯული. უფალი ამბობს, რომ „აღსრულებულ არს ჟამი“ სჯულისა. აქამდე ამბობს ის, მოქმედებდა სჯული, ხოლო ამიერითგან მოიწევა ღმერთის სასუფეველი, ცხოვრება სახარების მიხედვითავი ამგვარი ცხოვრება სამართლიანად წარმოსდგება, როგორც ღმერთის სასუფეველი, ვინაიდან როდესაც ხედავ, რომ სახარების მიხედვით მცხოვრები ისევე იქცევა, როგორც უხორცო, როგორ არ იტყვი, რომ მან უკვე მოიპოვა ღმერთის სასუფეველი, (სადაც არც საჭმელია და არც სასმელი), თუმცა კი ის ჯერაც შორეულად გვესახება.

(თ 1, მ. 16-20)

ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.

და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.

ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.

და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.

და უწოდა მათავი ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.

ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.

იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში.

და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.

 პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნე თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დაუკვირდი, რომ ისინი ტავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობითავი ასეთი ხალხი ღირსი იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. მყისვე დააგდეს რა ყვეფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ მართებდათ დაყოვნება, არამედ მაშინვე უნდა გაყოლოდნენ. ამათ შემდეგ იაკობსა და იოანეს მოინადირებს. ეს უკანასკნელი, თუმცა ღირიბები იყვნენ, თავიანთ მოხუც მამას ინახავდნენ. მაგრამ მათ დატოვეს მამა არა იმიტომ, რომ მშობელთა დატოვება კეთილი საქმეა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა ხელი შეეშალა მათთვის გაჰყოლოდნენ უფალს. ასევე შენც, თუკი მშობლები ხელს გიშლიან, დატოვე ისინი და მიჰყევი კეთილს. როგორც ჩანს ზებედეს არ სწამდა, მაგრამ ამ მოციქულთა დედას სწამდა და როდესაც ზებედე გარდაიცვალა, ასევე გაჰყვა უფალს. დააკვირდი იმას, რომ თავდაპირველად მოუწოდებს ქმედებას, ხოლო შემდგომ ჭვრეტას, რამეთუ პეტრე არის სახე ქმედებისა, რამდენადაც ცეცხლოვანი ხასიათისაა და ყოველთვის წინ უსწრებს სხვებს, რაც დამახასიათებელია ქმდებისთვის, იოანე კი პირიქით, განასახიერებს თავისში ჭვრეტას, რამდენადაც უმეტესად ღმერთისმეტყველი იყო.

(თ. 1, მ. 21-22)

და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.

და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.

მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.

უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.

საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს როცა ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშვნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა: არწმუნებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩებს ტანჯვით ემუქრებოდა.

(თ. 1, მ. 23-28)

და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო

და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.

შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!

და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.

და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?

და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:

რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო.

მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.

შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან.

განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?

და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.

ბოროტი სულები „არაწმინდად“ იწოდებიან იმიტომ, რომ უყვართ ყოველგვარი არაწმიდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარი თავის დაღუპვად თვლის, უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხავენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამისთან, არიან რა ავხორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომ ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით განიგდება. არაწმიდამ არ უთხრა ქრისტეს: შენ ხარ წმიდა, არამედ უთხრა „წმიდაი“, ანუ ერთადერთი, თავისი არსით წმიდა. მაგრამ ქრისტე აიძულებს გაჩუმდეს, რათა ვიცოდეთ, რომ ეშმაკებს პირი უნდა დაუყოთ, თუნდაც ისინი სიმართლეს მეტყველებდნენ. ეშმაკი დააკვეთებს და ძლიერად ანჯღრევს მისით შეპყრობილს, რათა თვითმხილველებმა, ნახავენ რა, თუ როგორი უბედურებისაგან თავისუფლდება ადამიანი, სასწაულის გამო ირწმუნონ.

(თ. 1, მ. 29-31)

და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.

ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.

და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღა-დგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურ-ვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად.

ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.

მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.

შაბათს საღამოს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფალი წავიდა მოწაფეების სახლში საკვების მისაღებად. ამასთან ის, ვინც მათ უნდა მომსახურებოდა, მხურვალებით იყო შეპყრობილი, მაგრამ უფალი კურნავს მას და ისიც იწყებს მსახურებას. ეს სიტყვები მანიშნებელია იმის, რომ შენც, როდესაც უფალი განგკურნავს სნეულებისაგან, შენი ჯანმრთელობა წმიდათა სამსახურებელად და ღმრთის სათნოყოფისათვის უნდა გამოიყენო. ერთგვარი მხურვალებით შეპყრობილი ხდება აგრეთვე მრისხანე ადამიანიც და მრისხანებისგან ხელებს სითამამეს აძლევს. მაგრამ თუკი ს ი ტ ყ ვ ა ხელს უპყრობს და მდაბლად გააშვებინებს მას, მაშინ ის, ვინც ადრე მრისხანებით იწვებოდა, ს ი ტ ყ ვ ი ს მსახურებას იწყებს. რამეთუ მრისხანე, ხელს უპყრობს რა ს ი ტ ყ ვ ა, აღდგება და ამგვარად, მრისხანება ს ი ტ ყ ვ ა ს ემსახურება.

(თ. 1, მ. 32-34)

და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი

და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.

და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული.

და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი.

მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას.

უმიზეზოდ არ არის დამატებული „მზის ჩასვლისას“. რამდენადაც ფიქრობდნენ, რომ შაბათ დღეს განკურნება არ შეიძლება და დაელოდნენ მზის ჩასვლას და მერეღა დაიწყეს ავადმყოფთა მოყვანა განსაკურნებლად. „მრავალი“ განკურნა, ნათქვამია ნაცვლად „ყველასი“1 (1. ეს ადგილი, როგორც ჩანს შესაბამისობაშია რა ახალ რუსულზე თარგმნილ სახარებასთან, სადაც ნახმარია სიტყვა „многие“, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ძველ ქართულ ტექსტთან, სადაც ნახმარია სიტყვა „ყოველნი“ თუმცა იგი შეესატყვისება ახალი ქართულით თარგმნილ ტექსტს. აქ ნახმარია სიტყვა „მრავალი“, თუმცა ამან მკითხველი არ უნდა დააბნიოს, რადგან თავადაც პატიობს განმარტებისა, რომ განკურნებისათვის აუცილებელ პირობას რწმენა წარმოადგენდა, სრულ შესაბამისობაშია ზოგადი სახარების პატოსთან.) იმიტომ, რომ ყველა შეადგენს მრავალს; ანუ ყველა არ განუკურნავს, რადგან ზოგიერთი ურწმუნო აღმოჩნდა, რომელნიც არც იქნებიან განკურნებულნი თავიანთი ურწმუნოებისდა გამო. მაგრამ მრავალი, მათგან ვინც მოიყვანეს, განკურნა, ანუ ისინი რომელთაც ჰქონდათ რწმენა. ეშმაკებს უკრძალავდა ლაპარაკს, რათა როგორც ვთქვი, ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მათ არ უნდა დავიჯეროთ, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ. სხვაგვარად, თუკი ნახავენ ვინმეს, ვინც სავსებით ენდობა მათ, რას აღარ იზამენ წყეულნი, შეურევენ რა ტყუილსა და მართალს! ასევე პავლემ აუკრძალა პითონის სულს ელაპარაკა: „ეს კაცნი მონანი არიან ღმრთისა მარლისანი“. წმიდა კაცს არ სურდა მოესმინა შეფასება და არაწმიდა ბაგეთაგან.

(თ. 1, მ. 35-39)

და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.

და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი.

და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.

და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.

ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი.

იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო.

და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.

დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.

მას შემდეგ, რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოებულ ადგილას მიდის, გვასწავლის რა ამათ, რომ ჩვენს საჩვენებლად კი არ ვიქმოდეთ რაიმეს, არამედ თუკი ვიქმნით კიდეც რაიმე სიკეთეს, ვესწრაფოთ რათა დავფაროთ იგი და ლოცულობს ის ასევე იმისთვისაც, რომ გვიჩვენოს, ყოველ ჩვენს მიერ ქმნილ სიკეთეს ღმერთს უნდა ვაწერდეთ და ვეყბნებოდეთ მას: „ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა“. (იაკობი 1, 17)

თავისთავად ქრისტეს საჭიროებაც კი არ ჰქონდა ლოცვისა. შემდგომში, როცა ერი ეძიებს და ძლირ მოითხოვს, იგი არ ეძლევა მათ, თუმცაღა კეთილგანწყობით იღებს ამას, მაგრამ მიდის სხვებთანაც, მათთან, კურნებას და დარიგებას საჭიროებენ. რადგანაც სწავლების სახე ერთი ადგილით არ უნდა იფარგლებოდეს, არამედ საჭიროა ყოველგან განეფინოს სხივები სიტყვისა. მაგრამ იხილე, როგორ აერთებს იგი სწავლებას ქმედებასთან: ქადაგებს, შემდეგ კი ეშმაკებს განასხამს. ასევე შენც, ასწავლე და თან საქმეები აკეთე, რომ შენი სიტყვა არ იყოს ამაო. ქრისტეს თან სასწაულებიც რომ არ ეჩვენებინა, მის სიტყვას არ დაიჯერებდნენ.

(თ. 1, მ. 40-42)

მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნე-ბული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.

ხოლო იესუს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი!

და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი.

მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;

ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.

კეთილგონიერი იყო კეთროვანი და სწამდა; ამიტომაც არ უთქვამს: „თუკი ღმერთს სთხოვ“, არამედ სწამდა რა მისი, როგორც ღმერთისა, თქვა: „უკუეთუ გინდეს“. ქრისტე ეხება მას იმის ნიშნად, რომ არაფერია არაწმიდა. სჯული კრძალავდა შეხებას კეთროვანთან, როგორც არაწმიდასთან: მაგრამ მაცხოვარი, სურს რა გვიჩვენოს, რომ არაფერია ბუნებით არაწმიდა, რომ სჯულის მოტხოვნები უნდა გამარტივდეს და რომ მათი მოქმედების ძალა მხოლოდ ადამიანებზე ვრცელდება, ეხება კეთროვანს; მაშინ როდესაც ელისეს ისე ეშინოდა სჯულისა, რომ ნახვაც კი არ სურდა ნეემანისა, კეთროვანისა და განკურნების მთხოველისა.

(თ. 1, მ. 43-45)

და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი

და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.

ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.

მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.

უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.

მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.

 აქედანაც ვსწავლობთ, აგრეთვე, რომ ყველას დასანახად არ გამოვიტანოთ საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სიკეთეს ვუკეთებთ, ვინაიდან თავად იესოც უბრძანებს განწმენდილს არ გაახმაუროს მის შესახებ. თუმცაღა მან იცოდა, რომ ის არ დაემორჩილებოდა და გაახმაურებდა, მაგრამ როგორც ვთქვი, გვასწავლის რა არ ვიყოთ დიდებისმოყვარენი, უბრძანებს არავის უთხრას. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველი ვისაც კეთილს უყოფენ, მადლიერი და მადლობელი უნდა იყოს, თუნდაც მისი კეთილისმყოფელი ამას არ საჭიროებდეს. ასევე კეთროვანმა გაახმაურა მიღებული წყალობის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა აუკრძალა. ქრისტე მას მღვდელთან აგზავნის, რადგან სჯულის მიხედვით კეთროვანი, სხვგავარდ ვერ შევიდოდა ქალაქში, თუ მღვდელი არ გამოაცხადებდა მისი კეთროვანებისგან განწმენდის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი განგდებული უნდა ყოფილიყო ქალაქიდან. ამასთანავე, უფალი უბრძანებს შესწიროს მსვერპლიც, როგორც ჩვეულებისამებრ მიჰქონდათ განწმენდილებს: ეს იმის ნიშნად, რომ იგი არაა სჯულის მოწინააღმდეგე. პირიქით, იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ თავადაც მოითხოვს სჯულის კანონის აღსრულებას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16