მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემსა... რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე... რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა...

მათე 10,37 - 11,1

„თუკი, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - მეუღლური სიყვარულის კანონით, ღმერთი ითხოვს ადამიანისგან თავისი მამისა და დედის დატოვებას, შეუძლია კი ჩვენი სულების ღვთაებრივ სასიძოს, ქრისტე მაცხოვარს, წამოგვიყენოს ნაკლები მოთხოვნანი მათ, რომელთაც გვსურს მასთან სულიერი წინდობა?“ - აი, რატომ ეუბნება იგი თავის მოციქულებს ასეთი ძალითა და უფლებით, მათი სახით კი ყველა მორწმუნეს: რომელსა უყუარეს მამა თავისი ანუ დედა მისი, რომელთაც მისცეს მას ეს დროებითი სიცოცხლე, უფროს ჩემსა, თქვენს გამომხსნელზე მეტად, რომელიც ჩემი სისხლით გაძლევთ თქვენ საუკუნო ცხოვრებას, არა არს იგი ჩემდა ღირს, ასეთი არ არის ღირსი, რომ იწოდებოდეს ჩემს მოწაფედ. პატივი ეცი და გიყვარდეს შენი მშობლები, იზრუნე მათზე სიბერეში, დაემორჩილე მათ, მაგრამ თუ ისინი გაიძულებენ, დაარღვიო ჩემი მცნებები, ნუ დაუგდებ ყურს. და რომელსა უყუარდეს ძე, ანუ ასული უფროს ჩემსა, ისე რომ მათთვის მზად იყო დაივიწყოს ჩემი მცნებებიც კი, იგი არა არს ჩემდა ღირს! ასე შეეძლო ეთქვა მხოლოდ ღმერთს, ან ღმერთკაცს. ასეთი მოთხოვნა არ შეეძლო გამოეთქვა უბრალო ადამიანს. მხოლოდ ღმერთია ზეციური მამა, უპირველესი და უმეტესი ყოველ ქვეყნიურ მამასა და დედაზე. ჩვენს მამებსა და დედებს თავად უნდა უყვარდეთ იგი ყველაზე მეტად და ჩვენგანაც უნდა ითხოვდნენ იგივეს, რათა ჩვენ, როგორც მათ შვილებს, ღმერთი მათზე მეტად გვიყვარდეს. თუ ადამიანს არ უყვარს ღმერთი თავის ხორციელ მამასა და დედაზე მეტად, ასეთსას ქვეყნიური მშობლები ღმერთზე მაღლა ჰყავს დაყენებული და იგი აღარაა ჭეშმარიტი ქრისტიანი.

ზედმიწევნით აღრსულდა უფლის ეს სიტყვები: გაიხსენეთ მაგალითად წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტანჯვა-წამება, რომელიც მან თავისი მშობელი მამისგან მიიღო, ანდა ის დიდებული მშობელი, რომელიც, როცა მისმა შვილმა უარყო ქრისტე, არ შეუშინდა ღვთისაგან განდგომილ იულიანეს და უთხრა პირისპირ: „შენ, მეფეო, მეუბნები მე ამ უკანონო შვილზე, რომელმაც ჭეშმარიტებაზე მეტად შეიყვარა სიცრუე?.. იგი ამის შემდეგ აღარაა ჩემი შვილი“. მაგრამ, რა უნდა ითქვას მშობლებსა და შვილებზე, როცა საკუთარ სულსაც კი, როგორც ამბობს ქრისტე, ამჯობინებ ჩემს სიყვარულს? შენ ჯერ კიდეს შორსა ხარ, რომ ჩემი მოწაფე იყო: და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი, ვინც გახდება და ჩემი მოწაფე და არ იქნება მზად ყოველგვარი ტანჯვისა და გამოცდისათვის, რაც იქნება მძიმე და სამარცხვინო, რის დაშვებასაც ღმერთი საჭიროდ ჩათვლის, რათა ადამიანში მოაკვდინოს ხორციელი ვნებები და მანკიერებანი, - და შემომიდგეს მე, ვინც არ ატარებს თავის ჯვარს ჩემს კვალზე, იმის მსგავსად , როგორც მე ვეზიდები ჩემს ჯვარს, იგი არა არს ჩემდა ღირს. ვინც უარს არ იტყვის ეხლანდელ ცხოვრებაზე და არ გაიმეტებს თავს სამარცხვინო სიკვდილისათვის (ასე ფიქრობდნენ ძველად ჯვარზე სიკვდილზე), იგი არ არის ჩემი ღირსი. და რადგანაც, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, ბევრს ჯვარზე აკრავდნენ ყაჩაღობისა და ქურდობისათვის, ამიტომ უფალი დასძენს: და შემომიდგეს მე, ანუ იცხოვროს ჩემი მცნებებით... ამიტომ წმინდა ლუკა მახარებელთან მაცხოვარი უფრო ძლიერ ამბობს: რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი, და ცოლი, და შვილნი, და ძმანი, და დანი, და მერე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა (ლკ. 14,26). გიბრძანებს არა უბრალოდ მოძულებას, რადგან ეს სრულიად ეწინააღმდეგება სჯულს, არამედ თუკი რომერლიმე მათგანი მოგთხოვს, რომ ის შენ გიყვარდეს ჩემზე უფრო მეტად, ასეთ შემთხვევაში შენ იგი უნდა მოიძულო. ასეთი სიყვარული შეყვარებულსაცა და შემყვარებელსაც ღუპავს.

ვინ მიყვება ქრისტეს კვალს? ის, ვინც მისი წმინდა მცნებების მიხედვითა ცხოვრობს და ყველაფერში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბაძავს მას. - ხოლო ვინც ზედმეტად ზრუნავს ხორციელ ცხოვრებაზე, იგი ფიქრობს, რომ იძენს თავის სულს, ასეთი სინამდვილეში ღუპავს მას: რომელმან მოიპოვოს სული თვისი, ვინც ცდილობს იგი ამქვეყნიური დროებითი სიცოცხლისათვის შემოინახოს, და ნებისმიერი სახით მე განმეშოროს, მან წარიწყმიდოს იგი, იგი დაკარგავს თავის სულს მარადიული ცხოვრებისათვის, მოაკლდება უკვდავ ცხოვრებას და მიეცემა მარადიულ სიკვდილს, ჭეშმარიტი რწმენის ღალატისათვის. პირიქით კი, და რომელმან წარიწყმინდოს სული თვისი, ვინც არ დაზოგაგავს თავის დროებით ცხოვრებას ჩემთვის, ვინც გაწვალდება ჩემთვის, როგორც კეთილი მხედარი მოწამეობრივი ღვაწლით, მან ჰპოვოს იგი, ასეთი დაიცავს თავის სულს მომავალი ცხოვრებისათვის. რატომ არ გინდა მოიძულო შენი სული ? იმიტომ რომ გიყვარს იგი? მაგრამ სწორედ ამისთვის უნდა შეიძულო, და მაშინ ყველაზე მეტ სიკეთეს შესძენ მას და დაამტკიცებ კიდეც, რომ შენ გიყვარს იგი. დიდი იყო ძალა მთქმელისა, და ასევე დიდი იყო სიყვარული მსმენელებისა, რადგან ისინი, ისმენდნენ რა უფრო სამწუხაროსა და მძიმეს, ვიდრე ესმოდათ დიდ მოსესა და იერემიას, მორჩილებით იღებდნენ და არ ეწინააღმდეგებოდნენ (წმ.ოქროპირის სიტყვა).

მოკლედ ამ დიდ გმირობაში, უფალი პირდება თანადგომას მოწაფეებს მორწმუნეთაგან, რომელთაც ასეთი თანადგომისათვის აღუთქვამს დიდ ჯილდოს, რითაც აჩვენებს, რომ იგი ამ შემთხვევაში უფრო წუხს იმათზე, ვისაც უნდა მიეღო, ვიდრე თავად მისაღებზე, და მათ პატივსაც მიაგებს: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ვინაც გცნობთ თქვენ, ის მცნობს მე, ჩემი მეშვეობოთ კი ჩემს მამასაც. რომელი პატივი შეიძლება მიედაროს მამად და შვილად მიღებას? მაგრამ ამასთან ერთად იგი გვპირდება სხვა საბოძვარსაც: რომელმან შეიწყნაროს წინასწარ-მეტყველი, მეფეთა წინაშე , რაღაც ქვეყნიური ანგარიშგების გამო კი არა, არამედ სახელად წინასწარმეტყუელისა, იმ ღვთაებრივი ჭეშმარიტებისათვის, რომელსაც წინასწარმეტყველი წარმოთქვამს ღვთიური შთაგონებით, იმ წმინდა საქმის გამო, რასაც ემსახურება წინასწარმეტყველი; - ხოლო თქვენი მოციქულებრივი მოღვაწეობა არ არის წინასწარმეტყველების ღვაწლზე ნაკლები, - ასეთმა სასყიდელი წინასწარმეტყუელისა მიიღოს, და რომელმან შეიწყნაროს მართალი, - ერული სტუმართმოყვარეობოთ კი არა, სხვათა მოსაჩვენებლად, ზრდილობისათვის, რათა სხვებმა არ განიკითხონ იგი მიუღებლობისათვის, ცუდმედიდურობის გამო კი არა, რომ იგი მართალთან არის სიახლოვეში. არამედ სახელად მართლისა, იმ სიმართლისათვის, რასაც იჩენს მართალი ცხოვრებაში, - თქვენი ცხოვრება კი მართლაც უნდა გამოირჩეოდეს სამართლიანობით, - ასეთმა, თქვენი სახლში მიღებისათვის, სასყიდელი მართლისა მიიღოს, მიიღებს ჯილდოს, იმას, რასაც წინასწარმეტყველისა და მართალი კაცის მიღებისათვის იმსახურებს, იმას, რაც თვით წინასწარმეტყველმა და მართალმა უნდა მიიღოს. ეს ჯილდო სტუმართმოყვარე კაცს ელოდება ზეციურ სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში.

„ასე, რომ ჰქმენ სიკეთე - ამბობს ღირსი ისიდორე პელუსიოტი, არა კაცობრიული დიდებისათვის, არა ქვეყნიური სარგებლის მიღებისათვის, არამედ თავად სიკეთისათვის“; შეხედავ რა სიკეთეს, როგორც ღვთის მადლის ნაყოფს, წმიდანებში რომ მკვიდრობს, შენც განდიდდები წმიდანებთან ერთად, ხოლო იმისათვის, რომ ვინმეს არ დაეჩივლა თავისი სიღარიბის გამო, უფალმა დასძინა: და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა, ერთს, თქვენს შორის, ამ ქვეყნისათვის მცირედთა და უჩინართ, საკუთარ თავზე არანაირი წარმოდგენის მქონეთ, - ვინც დაგალევინათ თქვენ, გზაზე დაღლილთ, სასუმელი ერთი წყალი გრილი, რაც უკვე არაფერი ღირს მომწოდებლისათვის, სახელად მოწაფისა, მხოლოდ იმისათვის, რომ არის ჩემი მოწყურებული მოწაფე, ამინ გეტყვი თქუენ, არა წარწყმდეს სასყიდელი მისი, რადგან იგი ამით გამოაჩენს თავის სიყვარულს ჩემდამი, თქვენი საერთო მასწავლებლისა და უფლისადმი. - „ამრიგად უფალი აფასებს არა იმდენად მიცემულს, რამდენადაც გულმოდგინებას, თავისუფალ ქმედებასა და სიყვარულს მიმცემლისა; ამიტომაც ორიოდე კაპიკი ქვრივისა მან მდიდართა უხვ შეწირულობაზე მეტად შეაფასა, რადგან ისინი გულმოდგინების გარეშე კეთდებოდა“ (ღირსი ისიდორე).

მაგრამ, ვინც მოყვასს კეთილად ეკიდება მაცხოვრის მიმართ მისი სიყვარულის გამო კი არა, არამედ სხვა სურვილებით, თუმცა შესაძლოა ძალზედ კეთილშობილური ზრახვებითაც, მაგალითად, უბრალო ადამიანური თანაგრძნობით, ან თავისი გულკეთილობით, ანდა ე. წ. ჰუმანურობით, ასეთი ჯერ კიდევ ვერ აჩენს ჭეშმარიტ სიყვარულს თავისი მაცხოვრისადმი და ამიტომაც ვერ იმსახურებს ჯილდოდ ნეტარებას მარადისობაში. აი, როგორი განსხვავებაა ჩვეულებრივ სიკეთესა, რომელსაც სჩადიან წარმართებიც, და ჭეშმარიტი ქრისტიანულ სათნოებას შორის, რომელიც სრულდება ქრისტეს გულისათვის, მისი მადლის დახმარებით, რის გამოც მას აქვს ძალა გააცოცხლოს ჩვენი სული და გადაარჩინოს იგი. „უფალი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, აქ ლაპარაკობს წინასწარმეტყველებსა და და მოწაფეებზე, სხვა დროს კი გვიბრძანებს მივიღოთ ყველაზე საძულვენიც კი, და მათ, რომლებიც ასეთებს არ მიიღებენ, სასჯელს უწესებს: „ რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (მთ. 25,45). შეიძლება შენს მიერ მიღებული არ იყოს არც მოწაფე, არც წინასწარმეტყველი, არც მართალი, მაგრამ იგი არის ადამიანი, რომელიც შენს გვერდზე ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, იმავე მზეს უმზერს, ისეთივე სული აქვს, როგორც დიდებულ მეუფეს, ეზიარება ერთსა და იმავე საიდუმლოთ, იგივე ზეცისკენაა მოწოდებული, სამართლიანად აქვს უფლება მოითხოვოს შენგან მზრუნველობა, როცა არის უბედურებაში და საჭირო შეწევნას მოკლებული“. - „ჭიქას ცივი წყლით ისიც აწვდის, რომელსაც გონს მოყავს ადამიანი, მრისხანების ცეცხლით რომ არის აალებული და ხდის მას ქრისტეს მოწაფედ; ასეთიც, რა თქმა უნდა, არ დაღუპავს თავის სასყიდელს“.

და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძნებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. „დაასრულა რა მოძღვრება, უფალი თავად მოერიდა თავის მოწაფეებს დროებით, რათა მიეცა მათთვის შესაძლებლობა იმის კეთბისა, რაც დაავალა მათ, რადგან თუკი მათთან განუშორებლად იქნებოდა, მაშინ არავინ ისურვებდა მოწაფეებთან მისვლას“. და მართლაც, მოციქულები დადიოდნენ სოფლებში, ყველგან ახარებდნენ და მოძღვრავდნენ ხალხს, ქადაგებდნენ სინანულს და ბოროტ ძალებს განდევნიდნენ მათგან, ზეთს ცხებდნენ სნეულებს და განკურნავდნენ მათ...