მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფალი იცავს მოწაფეებს, რომელთაც შაბათ დღეს თავთავი მოკრიფეს

მათე 12, 1-8

ფარისევლები შურით ადევნებდნენ თვალს უფლისა და მისი მოწაფეების ყოველ მოქმედებას: ყველგან და ყველაფერში ეძებდნენ საბაბს, რომ გამოეჭირათ და ემხილებინათ ისინი. მათ განსაკუთრებით აცდუნებდა ის, რომ უფალი არ იცავდა სხვადასხვა გადმოცემას შაბათის უქმობის შესახებ. რათა მისცემოდათ შესაძლებლობა, რომ ამაში ბრალი დაედოთ მისთვის, ისინი განზრაც უმატებდნენ, ამის გარეშე, ისედაც დამძიმებულ გადმოცემებს. უფალი კი ცდილობდა ესარგებლა თითოეული შემთხვევით, რათა განემარტა მათთვის მცნების ჭეშმარიტი არსი შაბათის უქმობაზე.

მას ჟამსა შინა, გვიყვება წმ. მათე, წარვიდოდა იესო დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა, პურის თავთავით რომ იყო დაფარული. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად მოწეულ თავსა ხუვილისასა, რომელსაც ფხვნიდნენ ხელებით, და ჭამად. „გასაკვირია მოწაფეთაგა, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომლებიც იმდენად თავშეკავებულნი იყვნენ, რომ საერთოდ არ ზრუნავდნენ სხეულისათვის, ეხლა სხვა გზით ეზიარნენ ხორციელ ტრაპეზს, და მიუხედავად იმისა, რომ ილეოდნენ შიმშილისაგან, ქრისტეს არ განშორებიან“. სჯული ნებას იძლეოდა, რომ საჭიროების ჟამს, მოყვასის ყანაში ნამგლის გარეშე, ხელით მოეკრიფათ თავთავი. ხოლო ფარისეველთა მათ, იხილეს რა, ბოროტად კმაყოფილებმა ჰრქუეს მას: აჰა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. როგორ შეიძლება ამის დაშვება? - იგივე საყვედურით, ლუკა მახარებლის თქმით, მათ მიმართეს უფლის მოწაფეებსაც. მოსეს სჯულით იკრძალებოდა შაბათ დღეს ცხოვრებისეული საქმეების კეთება, ყველაზე აუცილებელის გარდა, მაგრამ იუდეველთა მწიგნობრებმა შაბათის უქმობა იქამდე დაიყვანეს, რომ თვით კეთილ საქმეებსაც კი თვლიდნენ შაბათის უქმობის დარღვევად. მათი განმარტებით, თავთავების შეგროვება უდრიდა მკას, მათი ხელებით დაფშვნა კი - ლეწვას, ხოლო შაბათ დღეს ასეთი სამუშაოებისათვის, ქვის დაშენა იყო განსაზღვრული. მათი გაგებით, ამ თავხედ გალილეველებს, თავიანთ მასწავლებელთან ერთად, არ შეეძლოთ რამოდენიმე საათიც კი, დაეთმინათ უბრალო შიმშილი, ვიდრე დასრულდებოდა შაბათის უქმობა!

„ფარისეველთ, რომ ჰქონოდათ კეთილი განწყობა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - უფალი მოთმინებით მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ იყვნენ შიმშილისაგაბ მისი მოწაფეები შეწუხებულნი, მაგრამ რადგან ისინი უპატიოსნონი და ადამიანურობიას მოკლებულნი იყვნენ, უფალმა მოუყვანა დავითის მაგალითი: ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რა იგი ჰყო დავით, ოდეს იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ იგი შევიდა სახლსა ღვთისასა, კარავში, რომელიც იმ დროს იდგა ქალაქ ნომვიში, და პური იგი შესაწირავთანი ღვთისთვის განკუთვნილი, შეჰსჭამნა, რომელთა არა ჯერ იყო ჭამად, რაც, სჯულის მიხედვით, მას არ უნდა ეჭამა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღუდელთა ხოლო? მართალია, მაშინ დავითმა შაბათის უქმე არ დაარღვია, მაგრამ მისი საქციელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შაბათის დარღვევა. შაბათის უქმე ხშირად ირღვეოდა, ისეთ შემთხვევაშიც კი, როგორიცაა ყრმის წინადაცვეთა, მაგრამ წმიდა ტრაპეზის შეხება, რომლის უფლება არავის ჰქონდა მღვდლების გარდა, შეემთხვა მხოლოდ დავითს, და თუმცა დავითი არ მღვდელი, თვით მღვდელმთავარმა შესთავაზა მას წმიდა პურები ძალების მოსაკრებად, როცა მას საულისაგან დევნილს, ძალზედ უჭირდა. თუ დიდმა მეფემა და წინასწარმეტყველმა დავითმა, რომელსაც გამორჩევით სცემთ პატივს, ასე ცხადად დაარღვია სჯული, და მაინც არ დაისაჯა, რადგან ეს მან დიდი გაჭირვების გამო ჩაიდინა, რაღატომ უნდა გაიკიცხონ ჩემი მოწაფენი. მათი უდანაშაულო საქციელის გამო, შიმშილმა რომ შეამთხვია?

დაამსხვრია რა ამ მაგალითით ფარისეველთა ქედმაღლობა, უფალმა განმარტა მცნება შაბათის უქმობისა: ანუ არა აღმოგიკითხავსა, თქვენ, რა თქმა უნდა, წაკითხული გაქვთ, მაგრამ არ ისურვეთ შეგნება, რაც სწერია ჰსჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღუდელთა თვით ტაძარსა მას შინა, თუ თქვენსავით ვიმსჯელებთ შაბათის უქმობაზე, შაბათი შეურაცხჰყვიან და ამის მიუხედავად, არა მარტო არ ისჯებიან, არამედ უბრალო იყუნიან. ისინი შაბათ დღეს კლავენ შესაწირ პირუტყვს, ატყავებენ მათ, ჭრიან ნაჭრებად, სწვავენ ცეცხლზე - აი, რამდენი საქმე, თქვენი მსჯელობით შაბათის უქმობის საწინააღმდეგოდ რომ უნდა მიგეჩნიათ, - ამასთან, ყოველივე ეს ხდება არა უბრალო ადგილას, არამედ ღვთის ტაძარში, არა უბრალო ხალხისგან, არამედ მღვდელთაგან, და მაინც არავინ არ სდებს ამაში მათ ბრალს, - პირიქით: ყველამ იცის, რომ ისინი ასრულებენ ღვთისგან დადგენილს. გამოდის, რომ არ შეიძლება ასე ვიწროდ, ასე სიტყვა-სიტყვით იქნას გაგებული მცნება შაბათის უქმობისა, როგორც ეს თქვენ გესმით. თუ დავითის საქციელში კიდევ შეიძლება სჯულის უნებლიე დარღვევის დანახვა, რომელიც სწორედ ამის გამო იმსახურებს შეწყნარებასა და პატიებას, რადგან უნებურად მოხდა, აქ, მღვდელთა მოქმედებაში, არა მარტო ვერავითარ ცოდვას ვერ ვხედავთ, არამედ პირიქით, ჩანს მხოლოდ ღვთის ნების შესრულება. თუკი უდანაშაულონი არიან მღვდლები, მით უფრო არ უნდა იყვნენ უბრალონი ჩვემი მოწაფენი? თქვენ იტყვით, რომ ისინი არ არიან მღვდლები? მაგრამ ისინი არიან მღვდლებზე უმეტესნი, რადგან მათთან იმყოფება თვით ტაძრის უფალი, თავად ჭეშმარიტება და არა მისი ჩრდილი: ხოლო გეტყვი თქუენ, ვითარმედ ტაძრისა უფროს არს აქა. თუ ტაძრის მსახურნი, შაბათის დარღვევით, არიან უბრალონი, მაშინ მით უფრო უდანაშაულონი იქნებიან ტაძრის უფალის მსახურნი. ამაშია სწორედ თქვენი უბედურება, რომ ყურადღება მიაპყარით მხოლოდ სჯულის სიტყვას, ხოლო მისი შინაგანი აზრი, თვით სული მისი, თქვენთვის დაფარული დარჩა. თქვენ არც შეეცადეთ გაგეგოთ და აგეთვისებინათ იგი, თქვენ არაფრად მიიჩნიეთ ისინი, და აქედან წარმოსდგება თქვენი უგულოება და სულიერი სიმკაცრე, რითაც თქვენ მოყვასს ეპყრობით. უკეთუმცა გეცნა, რა არს, წინასწარმეტყველ ოსიას მიერ ნათქვამი: წყალობაჲ მნებავს, და არა მსხვერპლი, მაშინ შეიბრალებდით მშიერთ, არამცა დაჰსაჯენით უბრალონი ჩემი მოწაფენი.

შემბრალებელმა გულმა იცის ადამიანური სისუსტენი და არასოდეს მისცემს თავს უფლებას, განიკითხოს მოყვასი, შეგნებული აქვს, რომ თვით შაბათიც კი „კაცისათვის დაებადა, და არათუ კაცი შაბათისათვის“ (მრ. 2,27), - იგი ადამიანს მიეცა იმისათვის, რათა მოარიდოს მისი ფიქრი და გული მიწის მტვერს და მიმართოს იგი ღვთისაკენ, და არა იმისათვის, რომ სჯულით ხელები შეუკრას კაცს, რომელიც სიკეთისკენ ისწრაფვის. ხოლო ის, ვინც ეკლესიაზე მეტია, ვინც იმისთვის მოვიდა, რომ ძველი აღთქმის ჩრდილი შეეცვალა თვით სინამდვილით, როგორც კანონმდებელს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, არ დაავალდებულოს მოწაფენი სჯულის სიტყვა-სიტყვით შესრულებაში, მით უფრო ადამიანური გადმოცემის დაცვაში: უფალ არს ძე კაცისა შაბათისაცა. მას აქვს უფლება განმარტოს შაბათის შესახებ მცნება (რადგან ვის შეუძლია კანონის უკეთ ახსნა, ვიდრე თვით კანონმდებელს) და განაახლოს იგი.

„გესმის რა ეს, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - ნუ იფიქრებ, რომ უფალმა, რომელმაც შექმნა შაბათი, თავად დაარღვია იგი, და დაუშვა მისი გათელვა. მან თქვა, რომ არ მოვიდა „დაჰხსნათ ჰსჯულისა... არამედ აღსრულებად“ (მთ. 5,17). მაგრამ, როგორც შაბათის უფალმა, მან თავისი უფლება განსაკუთრებით იმაში გამოიჩინა, რომ შეინარჩუნა რა პირველდაწყებითი სჯულის არსი, - მეშვიდე დღე მიძღვნოდა უფალს, ამისათვის აკურთხა ახალი დღე თავისი დიდებული აღდგომისა. ძველი შაბათი, ქვეყნიერების შექმნის მოსახსენებლად რომ იდღესასწაულებოდა, არც კი გასახარი გახდა იმ დროიდან, რაც ქმნილება ცოდვით შეიბღალა, და სამართლიანად დაუთმო თავისი დიდება ახალ დღეს აღდგომისა, ახალი ქმნილების სახსენებლად, „რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოს მიერ საქმეთათვის კეთილთა... კუალად გუშვნა ჩვენ, სასოებად ცხოველად აღდგომითა იესო ქრისტესითა მკუდრეთით“ (ეფ. 2,10; 1 პეტ. 1,3). ხედავთ, შაბათის უფალმა როგორ არ დაარღვია იგი, არამედ უფრო აამაღლა. და თუ წმიდა იყო უფლის ძველი დღე, შაბათის დღე, პირველი ქმნილების მოსახსენებლად, განა უფრო მეტად არ უნდა იყოს წმიდა და ღვთისმოსაეობით აღსანიშნი უფლის ახალი დღე, - აღდგომის დღე ანუ კვირა, დღე ახალი ქმნილების სიხარულისა, რომელიც საუკუნეებში იქნება“?

„დიდი სარგებელი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მოიტანა შაბათმა: მან ადამიანები გახადა მშვიდნი და კაცთმოყვარენი, მიიყვანა ისინი ღვთის განგების წვდომასთან, ასწავლა მათ, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი ეზეკიელი, მცირედ-მცირედ მორიდებოდა ბოროტებას, მაგრამ ახლა ხალხისათვის სხვა დრო დადგა“, როცა არ არის საჭირო ასეთი სიმკაცრით, სიტყვა-სიტყვით დაცვა შაბათის მცნებისა. ებრაელებს უფალი შაბათ დღეს სხვა საქმეებს არიდებდა, რათა დაკავებულნი ყოფილიყვნენ საღვთოს სჯულის კითხვით, ქრისტიანებს კი მცნებად დაუდგინა კვირა დღეს ტაძარში წასვლა ლოცვაზე და საღვთო წერილის კითხვა, ზედმეტად არ შეზღუდა რა სხვა საქმეთაგან, რადგან „შეუფერებელია გულხელდაკრეფილი ჯდომა მათთვის, რომლებიც არ იშვერენ ხელებს მცირედი ბოროტებისთვისაც კი, შეუფერებელია სრულთათვის ცხოვრება არასრულყოფილებთან ერთად“...