მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის პასუხი ფარისევლებს, რომლებიც სასწაულებს ითხოვდნენ ზეციდან

მათე 12, 38-45

როცა უფალმა ამხილა ფარისეველთა ცილისწამების სიცრუე, რომ თითქოს იგი განდევნიდა ეშმაკებს ეშმაკთა მთავრის ძალით, როცა მან გაუხსნა მათ მთელი საშიშროება სული წმიდის ასეთი საშინელი გმობისა, როცა ამ ორგულებს თითქოს აღარაფერი დარჩენოდათ იმის გარდა, რომ მდაბლად მოეხარათ თავი და დადუმებულიყვნენ, მაშინ, წერს წმ. მათე, თითქოს იმათი უტიფრობით გაკვირვებული, მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად, და ითხოვდნენ „სასწაულსა ზეცით“ (ლკ. 11,16). სნეულთა განკურნება, ეშმაკთა განდევნა - ყოველივე ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რათა შენ გიცნათ მესიად, რადგან მიწაცა და ჰაერიც არის ეშმაკთა მთავრის ხელმწიფებაში (ასე სჯეროდათ მათ); აი, გვაჩვენე ჩვენ სასწაული ზეციდან, როგორც ეს ქნა მოსემ, რომელმაც გამოითხოვა ზეციდან მანანა, როგორც ისუ ნავესმა, რომელმაც შეაჩერა მზე, როგორც ილიამ, რომელმაც ზეციდან გადმოიყვანა ხან წვიმა, ხან ცეცხლი, - აი, მაშინ ჩვენ დაგიჯერებთ შენ.

„რა შეიძლება იყოს ამ სურვილზე უფრო უაზრო და არაწმიდა? - იძახის წმ. ოქროპირი. ამდენი სასწაულების შემდეგ ფარისევლები ისე ამბობენ, თითქოს არც ერთი მათგანი არ მომხდარიყო: „გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად!“ და ნახე, როგორ სავსეა მათი სიტყვები პირფერობითა და თვალთმაქცობით: ცოტა ხნის წინ ცილსა სწამებდნენ, ეხლა კი ეპირფერებიან; ცოტა ხნის წინ მას უწოდებდნენ ეშმაკეულს, ეხლა კი აღიარებენ მასწავლებლად. ამიტომაც მაცხოვარი მეტად მკაცრად ამხელს იმათ. როცა ისინი უხეშად ეკითხებოდნენ და აძაგებდნენ მას, იგი მათ სიმშვიდით პასუხობდა, ხოლო როცა დაუწყეს პირფერობა, უფალმა საძაგელი სიტყვებით მიმართა მათ, რითაც აჩვენა, რომ როგორც მაშინ ვერ შეძლეს მათ მისი გაღიზიანება, ასე ეხლა თავიანთი სიცრუით არ შეუძლიათ მისი შესუსტება“.

ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს ზეციდან, მე შემიძლია თქვენ გიჩვენოთ ასეთი საკვირველება, მაგრამ ვიცი, რომ ზეციური სასწაულიც კი მხოლოდ დროებით გაოცებას გამოიწვევს თქვენში, მაგრამ რწმენა ვერ იპოვის ადგილს თქვენს გულში, რომელიც ბოროტებითა და შურით არის ავსილი. რამდენი სასწაული და ნიშანი აჩვენა თქვენს მოდგმას ჩემმა ზეციურმა მამამ უძველესი დროიდან! და რამდენჯერ უღალატეთ მას თქვენ, მისგან გამორჩეულმა ხალხმა, როგორც მასზე დაწინდულმა სასძლომ, როცა მიმართავდით ხელითქმნილ კერპებს თაყვანისსაცემად. როგორც ღალატობდით თქვენ ჩემს მამას, ასევე ჩემიც არ გჯერათ ეხლა. მე კიდეც რომ მეჩვენებინა თქვენთვის ის, რაც თქვენა გსურთ, თქვენ მაინც არ ირწმუნებდით მას, და ამიტომ ეს ზეციური სასწაული თქვენთვის ორმაგ სასჯელად იქცეოდა; ამის გამო სასწაული არა ეცეს მას, ამ ბოროტ და ურწმუნო მოდგმას. არა ადამიანური დიდებისათვის, არა ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვახდენ მე სასწაულებს, არამედ კაცთმოყვარეობის გამო, ჩემი ზეციური მამის სადიდებლად და ადამიანთა საცხონებლად. მე თქვენ უამრავი სიკეთე გაგიკეთეთ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ გამოგახედათ ჩემსკენ. ამიტომ თქვენ შეიცნობთ ჩემს ძალას საპირისპირო საქმეებისგან, როცა დაინახავთ თქვენს ქალაქს სრულიად დაქცეულს, და ნანგრევებად ქცეულ თქვენს ტაძარს, როცა ყველგან დაიწყებთ ხეტიალს, როგორც უსახლკარონი და დევნილნი. ეხლა კი ახალი საკვირველება არ მიეცემა ადამიანთა ბოროტ მოდგმას, გარნა სასწაული იგი იონა წინასწარ-მეტყუელისა. რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე (იონა 2,1).

წმინდა ოქროპირი ამბობს: „გარკვევით არ თქვა, რომ იგი აღსდგება, რადგან ისინი დასცინებდნენ მას, არამედ ამის შესახებ შეფარვით აუწყა, რათა მათ დაეჯერებინათ, რომ ეს მან ადრევე იცოდა. მათაც ზუსტად გაიგეს მისი წინასწარი უწყების აზრი, რაც ჩანს მისი სიტყვიდან პილატესთან: „მან მაცთურმან ჰსთქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვჰსდგეო“ (მთ. 27,63), მაშინ როცა ქრისტეს მოწაფეები ამას ვერ მიხვდნენ. ნახე, როგორი სიზუსტით გამოხატავს მაცხოვარი თავის დაფარულ წინასწარმეტყველებასაც კი: იგი არ ამბობს: „მიწაში“, არამედ „გულსა ქვეყანისასა“, რათა ცხადად აღნიშნოს თავისი საფლავში ყოფნა და რათა არავის ეფიქრა, რომ მისი სიკვდილი იყო მხოლოდ ერთი საოცნებო მოვლენა. მისთვისვე განსაზღვრა მან სამი დღე, რათა მის სიკვდილში ეჭვი არავის შეპარვოდა“.

იონა წინასწარმეტყველის ისტორია არის მაცხოვარზე წანასწარმეტყველება. გამძვინვარებულ ტალღებზე მოქცეული ხომალდი სახეა კაცობრიობის მთელი მოდგმისა მაცხოვრის მოსვლამდე; იგი უაზრო საცდურებისა და დამღუპველი მანკიერებებისგან ახლოს იყო დაღუპვასთან; საუკუნო სიკვდილის უფსკრული მზად იყო ცოდვილთა შთასანთქმელად. მაგრამ როგორც იონამ სიკვდილისათვის თავი თავად გაიმეტა, რათა დანარჩენი მგზავრები დაღუპვისაგან ეხსნა, ასევე უფალმა იესო ქრისტემ, როგორც კეთილმა მწყემსმა, თავი დასდო თავისი ცხვრების გადასარჩენად. საშინელმა ურჩხულმა გადაყლაპა წინასწარმეტყველი, და ზღვა დაცხრა; ასევე სიკვდილმა და სამარხმა მიწაში შთაფლა მიწისაგან შობილი ცოცხალი იესო ქრისტე და ამ მსხვერპლით მოალბო გული ღვთის მართლმსაჯულებისა. იონა ვეშაპის მუცელში ლოცულობდა, უფალი კი ჯვარზე ლოცულობდა მათთვის, ვინც იგი სასიკდილოდ გაიმეტა, და ლოცვით სული განუტევა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ ვეშაპის მუცელში; სამი დღე, თუმცა არასრული, და სამი ღამე, თუმცა ესეც არასრული, უფალი დაფარული იყო სიკვდილის საფარველით. სიცოცხლის მეუფემ შეამცირა ეს დრო, რათა თითქოს დაეშურა ქვეყნიერებისათვის გამოეცხადებინა ნეტარება ცხონებისა, რადგან დღის ნაწილი მიიჩნია მთელ დღედ და მზის დაბნელება მეექვსედან მეცხრე ჟამამდე - მთელ ღამედ. და როგორც იონა გამოვიდა სასწაულებრივად დაცული ვეშაპის მუცლიდან, ასევე უფალი აღსდგა მკვდრეთით; როგორც იონას სასწაულმა ნინეველებს მოჰგვარა სინანული, ასევე ქრისტეს აღდგომამ ადამიანთა მოდგმა უნდა მიიყვანოს ჭეშმარიტ რწმენამდე და ცხონებამდე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნინეველებმა ირწმუნეს იონას სასწაული და შეინანეს, ხოლო მწიგნობრები და ფარისეველნი არ ირწმუნებენ ქრისტეს აღდგომას, ამიტომაც თავიანთთვის განამზადებენ ორმაგ სასჯელს: კაცნი იგი ნინეველნი აღჰსდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა, და დაჰსჯიდენ მათ: რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა, და ამისათვის ღვთისაგან შეწყალება დაიმსახურეს: იმათმა ქალაქმა ამის შემდგომ კიდევ იარსება 200 წელი, და-აჰა ესერა, უფროს იონასსა არს აქა, რადგან, - ამბობს წმ. ოქროპირი, იონა იყო მონა, მე კი - მეუფე ვარ; იგი ქადაგებდა დაქცევას, მე კი მოვედ რათა გახაროთ სასუფეველი. და ნინეველებმა ირწმუნეს მისი; საკვირველებების გარეშეც, მე კი უამრავი სასწაული მოვახდინე თქვენთან; იონა მოვიდა მუქარით, მე კი პატიებით; ნინევიის მცხოვრებნი იყვნენ წარმართები, თქვენთან კი იყო ბევრი წინასწარმეტყველი. იონაზე არავის უწინასწარმეტყველია, ჩემზე კი წინასწარმეტყველებდა ყველა წინასწარმეტყველი, და ჩემი საქმენი სრულიად ეთანხმება ნაწინასწარმეტყველებს. იგი გაექცა უფლის სახეს, რადგან ფიქრობდა რომ განერიდებოდა დაცინვასა და შეურაცხყოფას, მე კი ადრევე ვიცოდი, რომ ჯვარზე გამაკრავდნენ და შეურაცხმყოფდნენ და მაინც მოვედი დედამიწას. მას არ სურდა იმ დამცირების გადატანაც, რაც გადარჩენილი ნინეველების ყურებისას ექნებოდა, მე კი უნდა დავითმინო სამარცხვინო სიკვდილი და ამის შემდგომ გავაგზავნი სხვებს საქადაგებლად. იგი იყო ნინეველთა შორის, როგორც უცხო ქვეყნიდან, ვისაც არავინ იცნობდა, მე კი - სხეულით თქვენი ნათესავი ვარ...“ უფალს სხვა მაგალითიც მოყავს: დედოფალი იგი სამხრისა, სამხრეთის ქვეყნების დედოფალი, აღჰსდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა, და დაჰსაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ, შორი ქვეყნიდან, სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა, - აქ თვით განხორციელებული ღმერთის სიბრძნეა. სამხრეთის დედოფალმა გადაწყვიტა შორიდან თავად ხლებოდა სოლომონს, თუმცა იყო ქალი, მაინც ამჯობინა ბრძნული მოძღვრების მოსმენა. სოლომონი იყო მეფე მხოლოდ იუდეასი, მე კი მეფე ვარ ცისა და მიწისა; სოლომონმა, ისე რომ სასახლიდან არც გამოსულა, ისე მიიღო დედოფალი თავისთან, მე კი თავად მივედი მათთან, რომელნიც არ მეძიებდნენ მე; მე თავად მიხდება თქვენი ქალაქების მოვლა. სოლომონი ესაუბრა მას ხეებსა და მცენარებზე, მე კი გთავაზობთ საუბრებს გამოუთქმელ საგნებზე, საშინელ საიდუმლოებებზე, და თქვენ არ გინდათ ჩემი მოსმენა!

ურწმუნოება და გულის წახდენა ეს იგივეა, რაც ბოროტი სული ეშმაკეულისა. ხოლო რაჟამს სული იგი არა-წმიდა, ანუ საერთოდ ყოველგვარი ცოდვის ვნება, რომელიც დაუფლებულია ადამიანის გულს, განვიდეს კაცისაგან, სინანულით განიდევნოს, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა, ეტანება წმიდანების სულებს, რომლებთანაც ადგილი არა აქვს ვნებიან გულისთქმებს, ბოროტი ჩვევანი ვერ კვებავენ, - და დაეხეტება ეს სული, და ეძიებნ განსუენებასა, და არა ჰპოვის, რადგან ვერ ნახულობს ბოროტ გულებს, სადაც შეეძლო თავისი ცოდვიანი ვნებისთვის ბუდე დაედო; - მაშინ ჰსთქვის: მივიქციე სახედ ჩემდა, ჩემთვის ნაცნობი ადამიანის მანკიერ გულში, ვინაცა გამოვედ; საიდანაც გამოვიდევნე ღვთის ბრძანებით. და მორავიდის, ჰპოვოს იგი მოცალე, ნახულობს კაცის გულს, რომ არაფრითაა დაკავებული, და არის განჰშუენებული და შემკული; ასეთის გულში ყველაფერი დალაგებულია, ცოდვილი ფიქრების ნაგავი გადაყრილია, ცოტათი კიდეც გამშვენებულია, - კეთილადაა მოწყობილი. მაგრამ თუ ადამიანი დაუდევარია და მოუქნელი, უქმია და უყურადღებო საკუთარი თავისადმი, თუ მის გულში ქრისტეს ჯერ კიდევ არ დაუდვია ბინა, საიდანაც მტერი განიდევნა, თუ ეს გული კიდევ ღიაა და მზადაა პირველყოფილის მისაღებად, მაშინ წარვიდის ეს ბოროტი სული, ეს ბოროტი ვნება, და მოიყუანნის მის თანა სხუანი შვიდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და ბრუნდება უკან დიდი ძალითა და მძვინვარებით, შვიდნი მომაკვდინებელი ცოდვითა და ვნებიანი განზრახვით (რადგან, როგორც არსებობს შვიდი ნიჭი წმიდა სულისა, ისევე არსებობს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვაც). და მოვიდის და დაემკვიდრის მუნ; და იქმნის უკანასკნელი კაცისა მის უძვირეს პირველისა, რადგან უწინ კიდევ იყო იმედი გამოსწორებისა, ეხლა კი ბოროტება უფრო ძლიერ ეუფლება კაცის გულს, ვიდრე ადრე. ესრეთ იყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა, თუ არ გინდათ, რომ მომისმინოთ მე, თუ განიზრახავთ უფრო მეტ ბოროტებას, რომ მე, თქვენი უფალი სასიკვდილოდ გამიმეტოთ, და „რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისათ ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს“ (მთ. 24,21). ასე მოუვა ყოველ ადამიანს, თუ იგი სინანულის შემდეგ არ იბრძოლებს თავის დაძველებული ცოდვიანი ჩვევების წინააღმდეგ; როგორც მშიერი მხეცები, ისინი ამის შემდეგ დაესხმიან თავს მის უბედურ გულს უფრო მეტი გააფთრებით...