მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ხელშემხმარი კაცის განკურნება. შეიძლება შაბათს განკურნება?

მათე 12, 9-14

დაიცვა რა შაბათ დღეს თავთავების მომსვრელი თავისი მოწაფენი, და წარმოვიდა მიერ იესო, იქიდან, სადაც ფარისევლებს აუხსნა შაბათის მცნებაზე. შემდეგ შაბათს, უფალი იესო ქრისტე, მოვიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავლიდა. და ჰპოვა მუნ კაცი ერთი, რომელსა ხელი განხმელ-ედგა, მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. უფალს მისდევდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, რათა გაეგოთ, ხომ არ განკურნებდა ამ ხელშემხმარ კაცს, რომ შაბათის უქმობის დარღვევის გამო მისი დადანაშაულებისათვის ახალი მიზეზი გასჩენოდათ. ისინი ასე მსჯელობდნენ: ექიმმა ავადმყოფის განსაკურნავად, უნდა შექმნას წამალი, მოუაროს სნეულს, - ერთი სიტყვით, თავი დაიტვირთოს, იშრომოს; ხოლო ყოველი საქმე შაბათ დღეს ღვთის სჯულით იკრძალებოდა, - ანუ შაბათ დღეს სნეულის განკურნება იყო ცოდვა, მათ არ სურდათ იმის გახსენება, რომ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას შაბათ დღეს სჯული არ კრძალავდა, - შესაბამისად უბრალო მკურნალისთვისაც ცოდვა არ იყო შაბათ დღეს სნეულთა განკურნება. უფალი კი სნეულებს ერთი შეხებით კურნავდა, თავისი ყოვლისშემძლე ერთი სიტყვითაც. მხოლოდ მისი მტრების ბრმა ბოროტებას შეეძლო უფლის ღვთაებრივი სასწაულმოქმედი ძალა მიეჩნიათ. როგორც შრომა და გარჯა, სჯულითაც რომ ყოფილიყო აკრძალული შაბათ დღეს ავადმყოფთა განკურნება.

გულთამხილავი ხედავდა მათ ბოროტ ზრახვებს, თავად მათაც კი ვერ შეძლეს, რომ არ გამოეთქვათ ისინი: ჰკითხვიდეს მას, და ეტყოდეს: უკეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნება, რათამცა შეასმინეს იგი. კითხვას, ჩანს, მიზნად ჰქონდა მისი გამტყუნება, რათა გაჩენილიყო საბაბი, რომ მისთვის ცილი დაეწამათ. კითხვა მეტად ორაზროვნად იყო დასმული: თუ იგი იტყოდა „არ შეიძლება“, მაშინ შეიძლებოდა მისთვის სისასტიკეში ბრალის დადება; თუ იტყოდა „შეიძლება“, მაშინ იგი თავს შაბათის უქმის აშკარა დამრღვევად გამოაჩენდა, და შეიძლებოდა მისი დასმენა ადგილობრივ სამსჯავროში, როგორც მაშინ იყო პალესტინის ქალაქებსა და სოფლებში. არ უპასუხა რა მათ, უფალმა, წმიდა მარკოზ და ლუკა მახარებლების თქმით, მიმართა ხელგამხმარ კაცს სიტყვებით: „აღსდეგ და წარმოსდეგ შორის“. იგიც წამოდგა და შუაში დადგა, რათა მისი შეხედვით ისინი მოელბო, რათა მათ, ამ სახილველით შეძრულთ, თავიანთი ბოროტება დაეტოვებინათ; მაგრამ დაუწყნარებელთა და არაადამიანთ უფრო სურდათ ქრისტეს დიდების დამდაბლება, ვიდრე განკურნებული ავადმყოფის ხილვა“. და აი, უფალი მათ კითხვაზე კითხვითვე პასუხობს: „ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე?“ როგორც მე ვიქმ, „ანუ ბოროტისა“, როგორც თქვენ გაქვთ გულებში განზრახული? „სულისა ცხოვრება, ანუ მოკლუა?“ (მრ. 3,4; ლკ. 6,9). თქვენი პირობა ამბობს: ვისაც შეუძლია, მაგრამ არ სურს, და ამიტომაც არ აკეთებს სიკეთეს, იგი ბოროტს სჩადის; ვისაც შეუძლია გადარჩენა, მაგრამ არ შველის, იგი ღუპავს“. ფარისევლები თვითონ გაეხვივნენ მათგანვე გაბმულ ბადეში: მათ ისღა რჩებოდათ, ან ეღიარებინათ, რომ სჯულის არსი არ ესმოდათ, ან საერთოდ არ ამოეღოთ ხმა. იმისათვის კი არ მოვიდნენ აქ, უფალს იმიტომ კი არ დაჰყვებოდნენ განუშორებლად, რომ ჭეშმარიტება მოეძიათ: „ხოლო იგინი ჰსდუმნეს“ (მრ. 3,4).

მაგრამ დუმილმა არ უშველა მათ: იესო ქრისტემ მაშინვე მიმართა მათი სინდისის მსაჯულს და დაანახა მათ, რომ თავად ისინი, თავიანთ ცხოვრებისეულ საქმეებში არც ისე მკაცრად იცავდნენ სწავლებას შაბათის უქმობაზე, და არღვევდნენ მას უბრალო ანგარებისთვისაც. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, ვისაც ერთადერთი და ამიტომაც მისთვის მეტად სასურველი ცხვარი ჰყავს, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? ნუთუ ორმოდან იმას არ ამოიყვანს? და თუ თქვენ არ თვლით შაბათის დარღვევად ორმოდან ცხვრის ამოყვანას, ნუთუ შეიძლება იყოს ცოდვა ადამიანის შეწყალება? რაოდენ უმჯობეს არს კაცი რომელიც ღვთის ხატადაა შექმნილი, ვიდრე უტყვი ცხოვარისა? როგორ არა გრცხვენიათ თქვენ, ჩემს წინაშე ასეთი თვალთმაქცობა? ამისთვის - აი, ჩემი პასუხი თქვენს ბოროტ კითხვაზე: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე, ცოდვაა და არც თუ უსაფრთხო კეთილი საქმის მეორე დღისთვის გადადება, მაგრამ ამაში, რა თქმა უნდა, ეჭვი თქვენ არ გეპარებათ, - თქვენ მხოლოდ ემსგავსებით უცოდინართ!“

იხილა რა ეს სიცრუე, ფარისეველთა ზნეობის შინაგანი სიცარიელე, მშვიდი და მოწყალე უფლის წმიდა გული აღივსო სამართლიანი გულისწყრომით და მასთან - ღრმა მწუხარებით, ამ ვითომ მართალთა გააფთრებული გულებისა, და ამ შელამაზებული საფლავების ხილვით. იგი უმზერდა მათ მსაჯულის მკაცრი მზერით, წვდებოდა რა მათ შინაგან გულისზრახვებს; ხელგამხმარ კაცზე უწინ მას სურდა ჯერ ემკურნალა მათთვის, მაგრამ მათი უხილავი სატკივარი განუკურნებელი იყო, და ამიტომაც მან დიდი სიცხადისთვის, იქვე განკურნა ავადმყოფი ერთი სიტყვით: მაშინ ჰქრუა იესო კაცსა მას: განირთხ ხელი შენი! და მანაც, მისი ყოვლისშემძლეობის რწმენით, შეასრულა ნაბრძანები: და განირთხა ხელი და კვალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი. იესოს მტრები ახლა მთლიანად განადგურებელები იყვნენ. ქრისტე, თითითაც არ შეხებია სნეულს, არც რაიმეს შესრულება უბრძანებია მისთვის განკურნებული ხელით, - მან მხოლოდ სამი სიტყვა წარმოსთქვა: „განირთხ ხელი შენი!“ და გაუმრთელდა ხელი. ყველაზე შარიან ფარისეველსაც კი არ შეეძლო იმის თქმა, რომ წარმოთქმული სამი სიტყვა შეიძლებოდა შაბათის დარღვევად ჩაეთვალათ. მაგრამ სწორედ ეს განიარაღება ყველაზე მეტად აღვივებდა ქრისტეს მტრების მძვინვარებას. ლუკა მახარებლის თქმით, ისინი გაცოფდნენ.

ხოლო ფარისეველნი იგი, - წერს წმ. მათე, - გამოვიდეს  სინაგოგიდან, და ზრახუა ჰყუეს მისთვის, რათა წარჰსწყმიდონ იგი. მახარებელი მარკოზი ამბობს, რომ ამასთან ფარისევლებმა მიმართეს იროდიანებსაც, მათ, ვინც იროდი ანტიპას უჭერდა მხარს, იმ იმედით, რომ ეს ძლიერი ხალხი გალილეისა, სადაც ცხოვრობდა და მოქმედებდა უფალი, დაეხმარებოდა მათ. ამჯერად, საერთო მიზნის გამო - გათავისუფლებულიყვნენ როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის საძულველი მასწავლებლისაგან, ფარისევლებმა დაივიწყეს თავიანთი სიძულვილი ამ მწვალებლებთან რომ ჰქონდათ, რომლებიც ეგუებოდნენ რომაელთა ბატონობას, ჰბაძვიდნენ წარმართების წეს-ჩვეულებებს და ღვთივსაგმობად ცდილობდნენ იროდის წარმოდგენას აღთქმულ მესიად! ასე, ქრისტეს მიმართ ფარისეველთა ბოროტება ნახულობდა მოკავშირეებს ისეთ ხალხშიც კი, რომელნიც ფარისეველთ სძულდათ! მაგრამ მშვიდი და გულით მდაბალი ჩვენი უფალი, ხედავდა რა თავისი მტრების ბოროტ განზრახვას და არც ისე სურდა, რომ თავისი სიცოცხლისათვის განსაზღვრულ დროზე ადრე, საფრთხე შეექმნა, მათ განეშორა: ხოლო იესო გულის-ხმა-ჰყო, და განეშორა მიერ და წარვიდა, თავის მოწაფეებთან ერთად გალილეის ტბისაკენ.

„ასეთია შური, - ამბობს წმ. ოქროპირი, - არ არის მასზე უარესი ბოროტება! შურიანი აწამებს და აწვალებს საკუთარ თავს  იმაზე მეტად, ვისიც შურს. როცა ახლობელს რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, მხოლოდ მაშინ გრძნობს იგი თავს მშვიდად და მხიარულად; სხვათა უბედურება მას საკუთარ ბედნიერებად მიაჩნია, ხოლო სხვათა კეთილდღეობა - თავის წარუმატებლობად. შური ეშმაკად აქცევს კაცს და ხდის საშინელ დემონად. მისგან მოხდა პირველი მკვლელობა, მისგან შეიბილწა დედამიწა... რის გამო იქცა ასეთ დამნაშავედ კაენი, რამ გააბროტა ესავი, და ლაბანის ძენი, რამ გაახელა იაკობის შვილები, რამ დააბრკოლა კორე, დათან და აბირონი, ანდა მარიამი, აარონი, საიდან გაჩნდა თვით ეშმაკი?.. ამასთან წარმოიდგინე ისიც, რომ შენ იმას კი არ ვნებ, ვისიც გშურს, არამედ საკუთარ თავს განგმირავ მახვილით“. ასე გვასწავლის შურზე წმ. ოქროპირი. ხოლო ნეტარი თეოფილაქტე, განმარტავს რა ხელგამხმარი კაცის განკურნებას, გვაძლევს ასეთ გაკვეთილს: „ახლაც ბევრსა აქვს გამხმარი ანუ უმოწყალო ხელი, რომელიც არასოდეს იშვირება გაჭირვებულისკენ. მაგრამ როცა მათ ამხელს სახარების სიტყვა, მაშინ აღაპყრობენ მათ მოწყალებისათვის. თუმცა ფარისევლებს, ანუ ჩვენგან განშორებულ დემონებს, ჩვენი მტრობის გამო, არ სურთ, რომ ჩვენ სამოწყალოდ გავიშვიროთ ხელნი, მსგავსად იმისა, როგორც მაშინ არ სურდათ ფარისეველთ, რომ განკურნებულიყო სნეული“.