მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის მოგზაურობა იუდეაში. მისი სწავლება ქორწინებისა და სიქალწულეზე. ბავშვების დალოცვა

მათე 19, 1-15

და იყო ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაით და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა წიაღ იორდანესა. გალილეა მდებარეობდა წმინდა მიწის ჩრდილოეთით, იუდეა კი სამხრეთით; მათ შორის იყო სამარია. ზოგჯერ უფალს გავლა უხდებოდა სამარიაზეც, ახლა კი იგი გავიდა იორდანეზე და მის აღმოსავლეთ სანაპიროს გაუყვა ვიდრე იერიქონამდე; იქ ხელახლა გადავიდა მდინარეზე და შევიდა იუდეაში. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა გალილეიდან, სადაც იგი აღარ დაბრუნებულა. ახლოვდებოდა მისი გამომხსნელი წამების ჟამი. და მისდევდა მას ერი მრავალი, როგორც ყოველთვის, მას უკან მიყვებოდა უამრავი ხალხი, რომელთა შორისაც ბევრი იყო სნეული და განკურნა იგინი მუნ. უფალი სიკეთეს ახარებდა მათ, ვინც მისდევდა. მათი მეშვეობით კი ახარებდა სხვებსაც, - ამბობს წმ. ოქროპირი, - იმიტომ, რომ უძლურებისაგან განკურნებდა რა პირველთ, აძლევდა შემთხვევას ღვთის შემეცნებისა უკანასკნელთ, - მაგრამ არა ფარისევლებს, რომლებიც ამის გამო კიდევ უფრო გაავდნენ და მივიდნენ უფალთან გამოცდის მიზნით. მაშინ მოუხდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას, სურდათ რა ჩაეყენებინათ იგი მძიმე მდგომარეობაში, ემხილებინათ რაიმე სიტყვაში და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაი ცოლისა თვისისა ყოვლისათვის ბრალისა? „მაგრამ შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ბოროტება კითხვაშივეა ჩადებული: ეკითხებიან „უკეთუ ჯერ-არს“, ფიქრობდნენ რა, რომ მას დაავიწყდა თავისი სიტყვები“, რომელიც მან წარმოსთქვა მთაზე ქადაგებისას; „თუ იგი იტყოდა, რომ შესაძლებელია ცოლთან გაცილება ყოველგვარი მიზეზით, მაშინ მას შეეპასუხებოდნენ: მაშინ როგორღა თქვი შენ ადრე, რომ არაფერმა უნდა დააშოროს ისინიო, ნუთუ მარტო მეძავ ცოლთან შეიძლება განშორება? ხოლო თუ ეტყოდა მათ, რომ საერთოდ არ შეიძლება თავიანთ ცოლებთან გაყრა, მაშინ მას ამხელდნენ მოსეს სჯულთან დაპირისპირებაში, რომელმაც დაუშვა განშორება საძულველი ცოლისაგან და ისიც კეთილსაცნაური მიზეზის გარეშე“, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე.

თვით ფარისეველთა შორისაც იყო კამათი განქორწინების გამო. ერთნი ამბობდნენ, რომ შეიძლება ცოლს გაეყარო ნებისმიერი მიზეზით, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ განქორწინება დაშვებულია მხოლოდ მრუშობის შემთხვევაში, ცოლის მხრიდან ღალატის დროს, ხოლო სხვა დანარჩენი მიზეზით განქორწინება არის უკანონო. ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ როგორი აზრიც არ უნდა გამოეთქვა იესო ქრისტეს, საპირისპირო აზრის მომხრენი აღდგებოდნენ მის წინააღმდეგ, მისი მტრები კი სწორედ ამას ელოდნენ. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს უფალს უხდებოდა გავლა იმ ქვეყნებში, რომელიც იყო კუთვნილება იროდისა, რომელმაც მოკლა იოანე ნათლისმცემელი, მისი მკაცრი მხილების შედეგად უდანაშაულო ცოლთან უკანონო განქორწინებისა და მემრუშე ქალთან ქორწინების გამო. მიმართეს რა კითხვით იესო ქრისტეს, ფარისევლები იმედოვნებდნენ, რომ თუ იგი პირდაპირ გამოვიდოდა განქორწინების წინააღმდეგ, მაშინ მისთვისაც შეიძლებოდა იგივე ბრალის წაყენება, რაც მათ იოანე წინამორბედს წაუყენეს. - მაგრამ ისინი თავიანთ გამოთვლებში ახლაც შეცდნენ. უფალმა სიმშვიდითა და სიბრძნით გადაჭრა სადავო საკითხი, მიუთითა რა საღვთო წერილზე. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: „თქვენი კითხვა აცხადებს, - ამბობს წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი, - სიბრძნის პატივისცემას და ამიტომაც იმსახურებს შემწყნარებლურ პასუხს. ვხედავ, რომ ბევრს გააჩნია არასწორი გაგება სიბრძნეზე და თვით კანონიც არასწორად ესმით. რატომაა, რომ სჯული მხოლოდ ქალთა სქესს სდებს ლაგამს, ხოლო მამაკაცთ აძლევს თავისუფლებას? რატომაა, რომ ქმრის მოღალატე ცოლი იდევნება, ხოლო ცოლის მოღალატე ქმარი - იმდენად პასუხისგებას არ მიეცემა? მე ვერ ვცნობ ასეთ კანონსა და ჩვევას“. თქვენ მეკითხებით: „უკეთუ ჯერ-არს“. მაგრამ ამ კითხვაში არის პასუხიც მასზე. არაფერია დასაშვები, რაშიც კაცს ეჭვი ეპარება და რაზეც სჭირდება კითხვა, ხოლო რაც შეეხება ქორწინების სიწმინდეს, განა არა აღმოგიკითხავსა მოსეს წიგნებში, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? განა მარტო კაცი ან მარტო ქალი დაიბადა? „ღმერთს რომ სდომოდა, რომ მამაკაცს მიეტოვებინა ცოლი და შეერთო სხვა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაშინ შექმნიდა ერთ კაცს და უამრავ ქალს“. „ხედავთ, ერთია შემოქმედი კაცისა და ქალისა; ერთი თითი - ორივეს; ერთია ორივესთვის მცნება, ერთი სიკვდილი, ერთი აღდგომა; ერთი და იგივე მოვალეობა აკისრიათ შვილებს როგორც მამის, ისე დედის მიმართ, რამეთუ ნათქვამია: „პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“ და „ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს (გამ. 20,12; 21,17). „რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის“ (ზირ. 3,9). თუ იტყვით: შესცოდა ცოლმა, ამიტომ ქმარმაც შესცოდა; არ გამოდგა ერთი მეორეზე სუსტი - ამბობს წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი, ხედავთ, რომ ღვთის კანონის წინაშე, ორივე თანასწორია. თუ ნათქვამია, რომ ქრისტე წარმოსდგება დავითის ტომისაგან, მაშინ იგივე იწოდება თესლად ქალისა. და თქვა, გააგრძელა უფალმა თავისი საუბარი: ღვთისათვის მოსაწონია, რათა ცოლ-ქმარმა იცხოვროს განუყოფლად, რისთვისაც ღმერთმა დაუდგინა მათ მშობლების დატოვება და მეუღლესთან შეყოფა. არ წაგიკითხიათ განა იგივე შექმნათა წიგნში: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, უფრო მეტად მიეკრას, ვიდრე თავის მამასა და დედას, ისე, რომ ორივე უნდა იქცნენ ერთ ხორცად; და იყუნენ ორნივე იგი ერთ ხორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც, ორი ადამიანი უნდა გახდეს როგორც ერთი - ფიქრებით, გრძნობებით, განზრახვებით, მოქმედებით; ისინი ერთ არსებად უნდა იქცნენ, გასულიერებულნი უნდა იყვნენ ერთი სულით. ქმრისა და ცოლის გაყრა - საძაგელი საქმეა, როგორც ბუნებისათვის, ასევე შემოქმედის კანონისათვის: „ბუნებისათვის, რამდენადაც განიყოფება ერთი და იგივე სხეული“, ამბობს წმ. ოქროპირი, „კანონისათვის, რადგანაც თქვენ ცდილობთ იმის გაყრას, რაც ღმერთმა შეაერთა და არ უბრძანებია გაყრა მათი: აწ უკუე, რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.“ თუ თქვენ მე მიმითითებთ მოსეზე: მოსეს არ შეეძლო დაეწერა ღვთის საწინააღმდეგო მცნება. ღმერთმა უბრალოდ კი არ მიიყვანა ქმარი ცოლთან და დაუდგინა დედისა და მამის დატოვება, არამედ ბრძანა რათა შეერთებულიყვნენ ერთ ხორცად, თვით სიტყვებითაც აჩვენებდა განუყოფლობას“. „გაიკვირვე მასწავლებლის სიბრძნით, - ამბობს წმ. ოქროპირი, - კითხვაზე: უკეთუ ჯერ-არს, მან მაშინვე არ უპასუხა, რომ არ შეიძლება, რათა არ აღშფოთებულიყვნენ; არამედ, ვიდრე მათ უარყოფდა, მან წინასწარ აუხსნა, რომ ეს მცნება არის მამის მცნება და რომ მან დაადგინა იგი ისე, რომ არ შეწინააღმდეგებოდა მოსეს. შენიშნე, რომ იგი ამტკიცებს თავის სიტყვებს არა მარტო იმით, რომ ღმერთმა შექმნა მამაკაცი და ქალი, არამედ მცნებითაც, რომელიც მან წარმოთქვა მათი შექმნის შემდგომ: არ თქვა, რომ ღმერთმა მარტო შექმნა კაცი და ქალი, არამედ ისიც, რომ უბრძანა მათ შეერთება“, მარად ერთად ყოფნა და არასოდეს გაყრა.

ასეთი პასუხის შემდეგ, „რაღა რჩებოდათ მოსაუბრეთ გასაკეთებელი?“ - კითხულობს წმ. ოქროპირი. დადუმებულიყვნენ თუ შეექოთ ნათქვამი? მაგრამ ფარისევლებმა არ გააკეთეს არც ერთი, არამედ ისევ გააგრძელეს კამათი; ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაისათვის უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაი მიცემად და განტევებად? ცნობილია, რომ მოსეს თვით ღვთისაგან მიეცა სჯული, ხოლო ღმერთი ვერ მოიმოქმედებდა თავის საწინააღმდეგოს. „თუმცა მოსემ ამცნო ბევრი სხვაც, მაგალითად, საკვებსა და შაბათის შესახებ, მაგრამ ისინი შეეპასუხნენ უფალს მხოლოდ ამ მცნებაზე, რადგანაც სურდათ მის წინააღმდეგ აემხედრებინათ ხალხი, რამეთუ ისინი ამ მცნებას იცავდნენ. მაგრამ ღვთის გამოუთქმელი სიბრძნე ამ მცნებსაც იცავს და არ უშვებს მოსეს გაკიცხვას და ყოველივეს იმათ წინააღმდეგ მიმართავს“ (წმ. ოქროპირი). მიუგო იესო და ჰრქუა მათ: რამეთუ მოსე, კი არ აკანონებს, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ მხოლოდ უშვებს გაყრას და ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ სურდა შეწინააღმდეგებოდა ღმერთს, არამედ როგორც ბრძენი სჯულმდებელი: მისი დროის საუკეთესო მცნება იყო ძნელად შესასრულებელი: იგი ხედავდა თქვენს უხეშ და მკაცრ ხსიათს და ამიტომაც გულფიცხელობისა თქუენისათვის გიბრძანა განტევებაი ცოლთა თქუენთაი, რათა თქვენ, გენდომებათ რა გათავისუფლება საძულველი ცოლისაგან, არ დაღუპოთ იგი.

უფლის ეს სიტყვები ფარისეველთათვის აუტანელი და მუქარით სავსე იყო. რათა ოდნავ მაინც შეებრალებინა ისინი, უფალმა მაშინვე მიმართა თავისი საუბარი უძველესი, დასაბამისდროინდელი მცნებისაკენ: ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. პირველი ადამიანების შექმნისას - ერთი ქმრისა და ერთი ცოლის გაჩენისას, - თვით ამით იქნა დადგენილი კანონი, რომლითაც გაყრა აკრძალული იყო. განქორწინების დამშვები კანონი რომ მთავარი და სასურველი ყოფილიყო, იგი დასაწყისში მაინც არ იქნებოდა მოცემული. ამრიგად, ძველი, თავდაპირვანდელი კანონი ქორწინებისა არ უშვებდა გაყრას; ეს კანონი, როგორც შემოქმედის სჯული, როგორც მცნება მარადიული, რომელიც ყოველი დროისათვის მიეცა მთელ კაცთა მოდგმას და უნდა იყოს ერთიანი სჯული ყველასათვის, როგორც მცნება უსრულესი. - ასეთი პასუხით აიძულა რა ფარისევლები, რომ დადუმებულიყვნენ, უფალმა, როგორც ახალი აღთქმის სჯულმდებელმა, უფლებით დაამოწმა ქორწინების თავდაპირველი კანონი, ხოლო მე გეტყვი თქუენ, ქორწინების მცნება ისე წმიდაა, რომ მისი დარღვევა შეუძლებელია, ამიტომაც რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა თავისი მიზეზით, ღალატით, როცა ეს ცოდვა უკვე თავისთავად ამსხვრევს ქორწინებას, და სხვაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იმავე მიზეზით, ქმრის ახირებით, იმრუშებს, რადგან იგი ღვთისა და ბუნების კანონებით ჯერ კიდევ დაკავშირებულია თავის უწინდელ ქმართან, თუმცაღა საბუთით იგი გაშვებულია. ასე, უფალმა მთელი სიცხადით, უშიშრად და დაუნდობლად, თუმცაღა არ უხსენებია იროდის სახელი, წარმოსთქვა განაჩენი ამ მცნების დარღვევისათვის, და ამასთან ერთად, მთელი სისრულით გახსნა თავისი ღვთაებრივი სწავლა ქორწინებაზე. მის ეკლესიაში, როგორც მადლის სამეფოში, ქმარი და ცოლი არიან თანასწორნი: არც ქმარსა აქვს უფლება მიატოვოს ცოლი, და არც ცოლს - ქმარი. მაგრამ უფლის მოწაფენი, ჯერ კიდევ იყვნენ რა იუდეველთა ჩვევების გავლენაში, თვლიდნენ დიდ უპირატესობას ქმრისას იმაში, რომ მას შეეძლო გაეშვა ბოროტი ხასიათის მქონე ცოლი; იმათ უდიდეს სიმძიმედ მიაჩნდათ ამ უფლების ჩამორთმევა ქმრისათვის და მოთხოვნა ასეთ ქალთან განუშორებლად ცხოვრებისა. ამიტომ ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა, „თუ ქმარი და ცოლი იმისათვის შეუღლდნენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, რათა ერთად იქცნენ ისინი, თუ ქმარს ეს ევალება, და ამის გამო ყოველთვის, როცა კი მიატოვებს ცოლს, იქცევა სჯულის საწინააღმდეგოდ, მაშინ უფრო ადვილია ებრძოლოს ბუნებრივ მოთხოვნებსა და საკუთარ თავს, ვიდრე ბოროტ ცოლს უკუეთუ ესოდენი ბრალის არს კაცისა დედაკაცისა თანა არა შეჰგავს ქორწინებაი, თუკი ძალზედ აუტენელად ეჩვენება ავი ცოლის ყოლა და ბოროტი მხეცის მოთმენა, რომელსაც სამუდამოდ დაუკავშირდა“.

ამის საპასუხოდ ქრისტე მაცხოვარმა წარმოსთქვა ღვთაებრივი სიტყვა ქალწულებრივი ცხოვრების სიდიდეზე: ჰრქუა მათ იესო: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაი ეგე, ყველას არ შეუძლია საქმით აღასრულოს ეს გმირობა - იცხოვრონ უქორწინებლად, არამედ მხოლოდ იმათ, რომელთადა მიცემულ არს ღვთისაგან. ეს ზოგიერთთათვის განსაკუთრებული მადლია, რომელიც ადამიანთაგან ღირსეულთ ეძლევათ. ეს მადლი ებოძება მხოლოდ მათ, რომელთაც ამისი მიღების სურვილი აქვთ, ხოლო ვისაც არ უნდა, იმას არც მიეცემა. „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ... რამეთუ რომელი ითხოვდეს, მოიღოს“ (მთ. 7,7-8). ამ სიტყვებით უფალი ამაღლებს ქალწულებას, წარმოგვიდგენს დიდებულად და ამით მისკენ გვიზიდავს და სრულყოფილების მაძიებლებში აღვიძებს მას. შესანიშნავია: იგი ქალწულებას უწოდებს მაღალ საქმეს, ხოლო მოწაფეებს იგი მსუბუქად ეჩვენებათ. „მისთვის ჯობდა - ამბობს წმ. ოქროპირი, - ქორწინებისათვის ეწოდებინა დიდი იმისათვის, რათა მოციქულები უფრო გულმოდგინენი გაეხადა, ხოლო მათ ნათქვამი მიეღოთ მსუბუქად და ამგვარად უმეტესად აერჩიათ ქალწულება და სიბრძნე. რადგან პირდაპირ ლაპარაკი ქალწულებაზე არ შეიძლებოდა და ეს შესაძლოა ძალზედ მძიმედ მოსჩვენებოდათ, მან ქორწინების კანონის შეუცვლელობით გააღვივა მათში სურვილი ქალწულობისა“. ქალწულების გმირობა მცირეოდენთა ხვედრია. ყველა უქორწინებელი ცხოვრების მიმყოლი როდი იწოდება ქალწულებში მოღვაწედ, რადგან არიან ისეთებიც, რომლებიც ნებაყოფილობით არ ეწევიან მას და ამიტომაც ასეთი ცხოვრება არ ეთვლება მათ გმირობად და დამსახურებად: რამეთუ არიან საჭურისნი, ამბობს უფალი, რომელნი მუცლითგან დედისა თვისისათ ჭურისნი იშვნეს, ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბუნებით არიან გამოუსადეგარნი ქორწინებისათვის. ასეთ საჭურისებს თავისით არ გააჩნიათ რაიმე დამსახურება, რადგან მათ სიბრძნეს არ შეუძლია განსაცდელში თავის ჩაგდება და არც ამისი გამოცდილება აქვთ. ღირსია ქებისა და ჯილდოსი ის, რასაც ადამიანი აკეთებს კეთილი, თავისუფალი ნებით, და არა ის, რასაც აკეთებს ბუნებითი მიდრეკილებით. რა პატივი უნდა იყოს ცეცხლისათვის ის, რომ იგი წვავს, ან წყლისათვის, რომ მიედინება? და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს, იძულებით და ბუნების დამახინჯებით, რომელთაც წართმეული აქვთ ცოლ-ქმრული ცხოვრების უნარი. ასეთნი, ძალით გამოსაჭურისებულნიც არ არიან დამცველნი ქალწულებისა. და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფევლისათვის ცათაისა, თავიანთი ნებით მოაკლდნენ სიკეთეს ცოლ-ქმრული ცხოვრებისა, იქცნენ საჭურისებად - არა სხეულის ნაწილთა მოკვეთით, - რაც არა ქნას ღმერთმა, - არამედ ბოროტი და არაწმინდა გულისთქმების მოცილებით, რადგან სხეულის ნაწილის მომკვეთი ვარდება წყევაში; იგი ისახიჩრებს თავს, ხდება როგორც კაცისმკვლელი, ამცირებს და ამახინჯებს რა ღვთის ქმნილებას. „თავდაპირველად სხეულის ნაწილთა მოკვეთა, ამბობს წმ. ოქროპირი, იყო ეშმაკის საქმე და სიბოროტე სატანისა, რათა ამ გზით დაესახიჩრებინა ღვთის ქმნილება, რათა ემტრო ადამიანებისათვის, რომელიც შექმნა ღმერთმა. ბოროტი ყოველმხრივ ცდილობს გაანადგუროს თავისუფლება, ღვთისაგან რომ მოგვეცა, გვარწმუნებს რა, რომ ბოროტება არის ფიზიკური ბუნების შედეგი. ჩვენი სურვილით, სხეულთა ნაწილის მოკვეთისა, არა მარტო არ ხდება დამშვიდება და დაცხრომა, არამედ კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება“. ამიტომ ჭეშმარიტი საჭურისნი არიან გულით ქალწულნი; იყვნენ რა სრულიად თავისუფალნი ქორწინებისათვის, არ ჰქონდათ რა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობანი, მათ ნებაყოფილობით, ღვთის გულისათვის გადაწყვიტეს უქორწინებელი ცხოვრება, რათა უფრო მეტად მომსახურებოდნენ ღმერთს, და არ გართულიყვნენ ოჯახური საზრუნავებით, ცხოვრებისეული საქმეებით; ისინი იღწვიან კეთილი გმირობით, მუდამ იცავენ რა სულსა და სხეულს, გონებასა და გულს ყოველგვარი არაწმინდა გულისთქმებისაგან, სიტყვისა და საქმისაგან. ქალწულობა არის გმირობა თვითგანწირვისა, საქმე სინდისისა და გულითადი განწყობისა. თვით მოციქულებსაც კი სრული თავისუფლება ჰქონდათ მიცემული, შეეძლოთ ექორწინათ და შეეძლოთ თავი ქალწულებით დაეცვათ. მძიმეა ეს გზა, უმძიმესია ბრძოლა საკუთარ თავთან, შენს ბუნებასთან, მაგრამ ამისათვის ჯილდოც უდიდესია - სასუფეველი ღვთისა. ყველასათვის არ არის სავალდებულო ქალწულობა, არამედ რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ, ამბობს უფალი, და რადგან გულთამხილავი ასე ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალწულების გმირობა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, იმ რჩეულთათვის მაინც, რომელთაც მიცემული აქვთ ამისი ზიდვა, რომლებიც მოშურნეობენ ღვთის მსახურებაში მსგავსად ღვთისმშობლისა და მარად ქალწული მარიამისა, „მაგრამ თუ ეს დამოკიდებულია ნებაზე, ამბობს წმ. ოქროპირი, მაშინ რაღატომ თქვა დასაწყისში: „არა ყოველთა დაიტიონ... არამედ რომელთადა მიცემულ არს“? იმისათვის, რომ გვიჩვენოს, როგორ უდიდეს ღვთიურ დახმარებას საჭიროებს ის, ვინც ამ გმირობას შეუდგება, როგორ ჭირდება კაცს შეწევნა ღვთისა, რომელსაც უეჭველად ღებულობს მსურველი. თავისი გამოუთქმელი სიმშვიდით გვაჩვენა, როგორ საჭიროა ქალწულების დაცვა, და არ მიაწერა რა იგი მცნებას, უფალი უფრო მეტად აღვივებს სიყვარულს მის მიმართ“. უფალი არ აიძულებს ქალწულებს, არც ქორწინებას ზღუდავს, მაგრამ უპირატესობას ცხადად ანიჭებს ქალწულებას. „ეს რჩევა, - ამბობს ღირსი ისიდორე პელუსიოტი, ზეციდან გადმოვიდა არა როგორც ანგელოზი, არამედ როგორც უწყება“. „ქორწინება - კეთილი საქმეა, ამბობს წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი, მაგრამ არ შემიძლია თქმა იმისა, რომ იგი მეტია ქალწულებაზე. ქალწულებას არავინ მიიჩნევდა ამაღლებულად, იგი რომ არ ყოფილიყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ნუ გამინაწყენდებიან ამით ისინი, რომელნიც შებორკილნი არიან ქორწინებით. „მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქ. 5,29), პირიქით: ქალწულნი და მეუღლენი, შეიკრიბენით ერთად და ერთად მოემსახურეთ ერთმანეთს სიკეთით: არ იქნებოდნენ უქორწინონი, თუ არ იქნებოდა ქორწინება, რადგან აბა საიდან გაჩნდებოდა ქალწული ქვეყნად? არ იქნებოდა ქორწინება პატიოსანი, თუკი ღმერთსა და ცხოვრებას არ მიართმევდნენ ნაყოფს ქალწულნი? დაე ქორწინებაში მყოფმაც მიაკუთვნოს თავი ქრისტეს და ქალწულიც მთლიანად იყოს ქრისტესი“. ქალწულების გმირობა - ხვედრია რჩეულთა, ოჯახური ცხოვრება კი ყველასათვის ნაკურთხი გზაა. ადამიანთა ხსნისათვის მსახურების დასაწყისშივე უფალმა და ჩვენმა მსხნელმა აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში თავისი იქ ყოფნით, ახლა კი, თავისი ქვეყნიური მსახურების დასასრულს, მან წარმოსთქვა ქალწულების ქება, როგორც დიადი გმირობისა და ამასთან აკურთხა ბავშვებიც, რომლებიც წამოადგენენ ყოველი ოჯახის სიხარულს.

მეტად შემძვრელ სურათს წარმოგვიდგენენ წმინდა მახარებლები, როცა გვიყვებიან ამას. მაშინ მოჰგვარეს მას ყრმები, რაითამცა ხელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი. კეთილი დედები განსაკუთრებული სასოებით ეკიდებოდნენ იესო ქრისტეს; მათ უფლისაკენ იზიდავდა ღვთაებრივი სიკეთე, რომელიც მის სახეზე ჩანდა, გამოხატავდა რა ყოველ სიტყვაში, ყოველ საქმეში. მათ, რომელთაც არ იტაცებდათ კამათი, მიყავდათ უფალთან თავიანთი პატარები, მიყავდათ ჩვილნიც კი, რათა მაცხოვარს დაელოცა ისინი, შეეხო მათთვის თავისი ღვთიური ხელი, ელოცა მათი ბედნიერებისა და მომავლისათვის. ხოლო მოწაფენი აყენებდნენ მათ. მოწაფეებს უსიამოვნებას გვრიდა, რომ მათ მასწავლებელს მუდამ აწუხებდა საჭიროების გარეშე ხმაურიანი გროვა ქალებისა და ბავშვებისა, რომლებიც არღვევდნენ მის ამაღლებულ საუბარს. ამის გამო იწყეს შეჩერება დედებისა, რომელთაც კეთილი სურვილი ამოძრავებდა - ბავშვებით მიახლებოდნენ მაცხოვარს. მაგრამ ის, ვინც ჩვენი სისუსტეების საზიდად მოვიდა, რომელიც თავად ითხოვდა ბავშვებივით ჩვენს ყოფნას, გამოჩნდა მფარველად უმწეო ყრმებისა და უდანაშაულო ბავშვებისა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ უგუნური ყრმები შევიდოდნენ მის ეკლესიაში ნათლობის საიდუმლოებით და იქნებოდნენ მემკვიდრენი მისი სამეფოსი, მიუხედავად მათი ყრმობის ასაკისა. მას თავად ჰქონდა სრულიად სუფთა ბავშვური სული და სიხარულით აჩერებდა თავის ღვთაებრივ მზერას უდანაშაულო ჩვილებზე, ჭვრეტდა რა მათში თავისი თავის ასახვას. ამასთან იგი ამით ასვენებდა თავის ადამიანურ სულს ბოროტ და შეურიგებელ მტრებთან - ფარისევლებთან და მწიგნობრებთან საუბრის შემდგომ. უბოროტება, მინდობა, უბრალოება, გულწრფელობა, ალერსიანობა და უანგარო ერთგულება ბავშვებისა - დიდად უყვარდა ჩვენს უფალს, და იგიც ყოველთვის იყენებდა ბავშვებს მაგალითად მისი მიმდევრებისათვის. ეფერებოდა და ეხვეოდა რა პატარებს მშობლიური სიყვარულით, მან მკაცრად და წყრომით, როგორც აღნიშნავს წმ. მარკოზი (10,14), შეაჩერა უადგილო ეჭვი თავისი მოწაფეებისა. ხოლო იესო ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ; მათი ყრმობის ასაკი არ არის დაბრკოლება ჩემი კურთხევის მისაღებად, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი, მაგათ და მაგათ მსგავსთ უბოროტობასა და უბრალოებაში ეკუთვნით სასუფეველი ცათა. უფალმა შემდეგშიც არაერთხელ გაიმეორა ეს. ახლაც, როცა მოწაფეებს დავიწყებოდათ ცოტა ხნის წინანდელი გაკვეთილი, უფალმა რომ მიუთითა ბავშვებზე, ისარგებლა შემთხვევით, რათა გაემეორებინა თავისი სიტყვა: ვინც არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, იგი მასში ვერც შევა და დაასხნა მათ ზედა ხელნი.

„ამრიგად, თუ ჩვენ გვსურს დამკვიდრება ზეცას, გვასწავლის წმ. ოქროპირი, მაშინ მთელი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ სიმდაბლის სათნოების შეძენას, რათა სიბრძნეს შევრთოთ უბრალოება. ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება, რამეთუ ბავშვის სული ყოველგვარი ვნებისაგან თავისუფალია; ბავშვებს არ ახსოვთ წყენა და ადვილად მირბიან თავიანთ მაწყენართან, როგორც მეგობართან, ისე თითქოს მისთვის არაფერი დაეშავებინოთ. რამდენიც არ უნდა დასაჯოს ჩვილი დედამ, იგი მაინც მუდამ ეძებს მას, და სხვებზე მეტად უყვარს. აბა დაანახე მას დედოფალი დიადიმით შემკული, იგი მაინც არ მისცემს მას უპირატესობას დედასთან შედარებით, რომელიც სულ უბრალო სამოსითაც რომ იყოს შემოსილი, უფრო მეტად ისურვებს მის ხილვას უბრალოებაში, ვიდრე დედოფალს ძვირფას სამოსელში. თავისას იგი უცხოსაგან ასხვავებს არა სიღარიბითა და სიმდიდრით, არამედ სიყვარულით. ამიტომაც თქვა იესო ქრისტემ: „ეგევითართა არს სასუფეველი ცათა“, რათა ჩვენ ნებით ვაკეთოთ ის, რასაც ბავშვები აკეთებენ ბუნებრივად და რამდენადაც ფარისევლები მოქმედებდნენ ეშმაკურად და ქედმაღლურად, იმათ უფლის გამოცდისათვის თავს დაიტეხეს წყევლა, ისინი მოერიდნენ უფალს. ბავშვებმა კი, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ ყოველგვარი მანკიერებებისაგან, მიიღეს მისგან კურთხევა. ჩვენც მივემსგავსოთ ბავშვებს, რადგან შეუძლებელია, ვიმეორებ, შეუძლებელია სხვანაირად ზეცის ხილვა“...