მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

მართალი იოსებისთვის საიდუმლოს გამოცხადება

მათე 1, 18-25

გვაჩვენა რა ქრისტეს წარმომავლობაში, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული ჩამომავალი აბრაამისა და დავითისა, მახარებელი მათე სახარების დასაწყისშივე გვამცნობს, რომ უფალი და მხსნელი ჩვენი სხეულით არ იყო შვილი იოსებისა, როგორც ეს არასწორად წარმოედგინათ ზოგიერთებს ურიათაგან, სწორედ ამიტომ იწყებს იგი ისეთი საკვირველი ამბის მოყოლას, რომელიც უდავოდ ამოწმებს ქრისტეს უთესლოდ ჩასახვას წმიდა სულისაგან. მაცხოვრის შობის შესახებ წმიდა მათე ასე იწყებს თხრობას: ხოლო ქრისტეს შობა ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედა მისი მარიამ იოსებისა, - არ ამბობს მახარებელი ქალწული, არამედ უბრალოდ დედამისი, რათა თხრობა უფრო გასაგები გაეხადა. მახარებელი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ მოხდა მარიამის იოსებზე დაწინდვა, ამაზე საეკლესიო გადმოცემამ შემოგვინახა შემდეგი: ყოვლად-წმიდა ქალწული, რომელიც მშობლებმა სამი წლის ასაკში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში, თოთხმეტ წლამდე ტაძარში იმყოფებოდა. იმ დროს, ებრაელ გოგონებს, მოელოდნენ რა აღთქმული მესიის დაბადებას, დიდ უბედურებად მიაჩნდათ სამუდამოდ ქალწულად დარჩენა, რადგან არ გამორიცხავდნენ, რომ მხსნელი შეიძლებოდა შობილიყო მათგან. ყოვლადწმიდა მარიამი, თავისი დიდი სიმდაბლის გამო, არ აძლევდა თავს უფლებას, რომ ასეთი იმედი ჰქონოდა და უყვარდა რა ღმერთი მთელი გულით, აღთქმა დადო სამუდამო ქალწულებისა, რაც ჩანს სიტყვებიდან, რითაც მან მთავარანგელოზს მიმართა: „ვითარ იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ (ლკ. 1,34) (მას რომ ქალწულების აღთქმა არ ჰქონოდა დადებული, მაშინ ასე არ იტყოდა). მარიამს მოხუცი მშობლები ადრევე გარდაეცვალა, ამიტომ მასზე ზრუნვა სამღვდელო პირთ მოუწიათ. გაიგეს რა მარიამის ქალწულების აღთქმის შესახებ, ეკლესიის მსახურნი საგონებელში ჩავარდნენ, აღარ იცოდნენ რა ექნათ. იძულებით აღთქმის დარღვევა მათ ცოდვად მიაჩნდათ, მაგრამ მოზრდილი გოგონას ტაძარში გაჩერებასაც არ თვლიდნენ მიზანშეწონილად. ასეთი გაურკვევლობისას მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და ღმერთმაც გამოუცხადა, რომ მოეძიათ ღირსეული კაცი, რომელიც ვითომ მეუღლე, დაიცავდა მის ქალწულებას. ამისათვის შეარჩიეს 12 უცოლო კაცი დავითის ტომიდან, რომელთა შორისაც იყო მართალი იოსები, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, იმ დროს 80 წლისათვის მიეღწია. მღვდელმთავარმა გამოართვა მათ კვერთხები, და ისინი ღვთის საკურთხეველში მოათავსა. მეორე დღეს ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლდა, მსგავსად აარონის კვერთხისა. ამრიგად, მოხუცებული იოსები ნაზარეთიდან გახდა დამწინდველი ყოვლადწმიდა ქალწულისა. ზოგიერთი განმმარტებელი ღვთის სიტყვისა პირდაპირი მნიშვნელობით ღებულობს მახარებელ მათეს შემდეგ სიტყვებს: ვიდრე შერთუადმდე მათდა: ე.ი. ვიდრე იცხოვრებდნენ ერთად, რისთვისაც მიუთითებენ ანგელოზის სიტყვებზე. ძილში იოსებს რომ უთხრა: „ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“. გასაგებია, რომ მახარებელს სურს თქვას: იქამდე, ვიდრე იქორწინებდნენ, იპოვა იგი მიდგომილ. მახარებლის სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს იყო რაღაც მოულოდნელი და განსაკუთრებული. და რომ არ იკითხოს ვინმემ, თუ როგორ შეიქნა ფეხმძიმედ ქალწული, წმ. მათე იქვე უმატებს: სულისაგან წმიდისა. ნუ იკითხავ, როგორ ჩასახა წმიდა სულმა ყრმა ქალწულ მარიამში? შევძლებთ კი ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი, ავხსნათ ეს საიდუმლო, რომელსაც ვერ წვდებიან ანგელოსნიც კი? მხოლოდ იმის თქმას უნდა დავჯერდეთ, რომ ეს საიდუმლო მოახდინა ღვთის სულმა; ქრისტეს ჩასახვა ქალწულ მარიამში სულიწმიდისაგან არის ღვთის დიდი სასწაული, რომელიც შეიცავს ამოუცნობ საიდუმლოს. გონებისათვის მიუწვდომელია, თუ დაუტევნელი, ყველგან მყოფი, როგორ დაეტია საშოში? ყოველივეს მომცველი როგორ შეიძლებოდა ქალისგან შობილიყო? როგორ დაბადა ქალწულმა და ქალწულადვე დარჩა? ქალწულს როგორ შეიძლება დედა ვუწოდოთ? როგორ უნდა ითქვას, რომ მისგან შობილი წარმოიშვა დავითის თესლისაგან?.. ყოველივე ეს არის ღვთის საიდუმლო, ირწმუნე ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის, და ნუ შეეცდები იმას მიაგნო, რაც არის დაფარული.

რატომ მოხდა, რომ დაწინდვის შემდგომ კი არა, არამედ დაწინდვამდე ჩაისახა უწმიდეს ქალწულში? და კიდევ ასეთი კითხვა: თუ კი მარიამმა ღმერთს მისცა მარადიული ქალწულების აღთქმა, რაღატომ მიიჩნია ღმერთმა მისი მამაკაცზე დაწინდვა საჭიროდ? - აქ არის ჩასახული ღვთის განგებულების საიდუმლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე. ღმერთმა არ ისურვა, რომ იესო ქრისტეს დაბადებისთანავე, იუდეველებს გაეგოთ, მისი ქალწულისაგან შობა. წმიდა მამები ათანასე დიდი, ბასილი დიდი და იოანე დამასკელი ამბობენ, რომ ღვთისათვის უმჯობესი იყო თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო ბოროტისათვის დრომდე დაეფარა, რათა მისთვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლად წმიდა მარიამი არის ის ქალწული, ვისზეც წინასწარმეტყველებდა წმ. ისაია (ის. 7,14). „აჰა მუცლად-იღებს ქალწული და შობს ძეს“. იუდეველებს რომ ეს საიდუმლო გაეგოთ, ისინი ბოროტის ჩაგონებით, კანონით გაასამართლებდნენ ქალწულს, როგორც მეძავს და ქვით ჩაქოლავდნენ. თუ კი ურიანი მზად იყვნენ ქვით ჩაექოლათ იესო ქრისტე, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სნეულებს კურნავდა შაბათ დღეს, მით უფრო რას მოიმოქმედებდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ქალწული შობს? თუ კი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი ქალწულის სიწმიდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისაგან გადაგვარებული ურიები? ამიტომ არ იცოდნენ რა მათ ეს საიდუმლო, ისინი, რომელთაც არ სწამდათ ქრისტე, დავითის ძეს არ უწოდებდნენ ქრისტეს, არამედ იოსების შვილს. ამიტომაც ეს დიდი საიდუმლო დრომდე მათთვის იყო დაფარული, და ეს მოხდა ქალწულის დაწინდვით მართალ იოსებზე, რომელმაც შეიტყო რა ღვთისაგან დაფარული, ქალწულის მსახურება უდიდესი მოკრძალებით დაიწყო. მართალი იოსების სახით ღმერთმა ქალწულს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რაც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლად წმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს. ეხლა კი ვნახოთ, როგორ შეიცნო იოსებმა ეს საიდუმლო.

მთავარანგელოზისგან ქალწულის ხარების შემდგომ, ყოვლად წმიდა მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, ვისთანაც მან სამი თვე დაჰყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დროა იმისათვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დატყობოდა. სხვებზე უწინ ეს იოსებმა შეამჩნია მისგან დაწინდულს. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მოხუცებული იოსების სულში, როცა სახლში დაბრუნებული ქალწული, რომელზეც იგი იყო დაწინდული, ნახა ასეთ მდგომარეობაში. ალბათ რას იფიქრებდა ქალწულზე იგი, როგორი მტანჯველი ეჭვები არ აღიძრა მასში. ამას ის უფრო ხდიდა აუტანელს, რომ მან კარგად იცოდა როგორი ანგელოზებრივი ცხოვრებითაც ცხოვრობდა აქამდე მისგან დაწინდული ქალწული, ვისი ქალწულების დაცვასა და მფარველობას თავად დათანხმდა იგი. ალბათ არ უნდოდა დაეჯერებინა თავისი თვალებისათვის და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდ დააცქერდა, რომ იქნებ გაეფანტა თავიდან მტანჯველი ეჭვები. ეჭვი ღრღნიდა შიგნით, გული ვერაფრისთვის დაედო. სურდა დაეჭვებისათვის ბოლო მოეღო, მაგრამ ვერ შესძლო. შეიძლება ისიც იფიქრა, რომ თავად მარიამისთვის ეკითხა, მაგრამ ესეც არ შეეძლო, რა უნდა ჰკითხოს იმას, ვინც მას მიაჩნდა ყველაზე უმწიკვლოდ? - რა საჭიროა კითხვებით შეაწუხოს და შეაშფოთოს ის, ვისი სულიც ისედაც იტანჯება თავისი მდგომარეობით. იქნებ დაელოდოს, რათა მისგან დაწინდულმა საიდუმლო თავად გაუმხილოს? მაგრამ მარიამი დუმს... ყოვლად წმიდა ქალწული გაჩუმებული იყო, რადგან მას არ შეეძლო ღვთის ნების გარეშე გაემხილა ღვთის საიდუმლო. მარიამი დადუმებული იყო, რადგან დუმდა თვით უფალი. „მან, გულთამხილავმა, არ შეიძლება არ იცოდეს ჩვენი სადარდებელი, - ფიქრობდა იგი: თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ გააცხადებს საიუდმლოს და სიმძიმეს მოგვიხსნის, თუ არა და უნდა მოვითმინოთ. მამა არ დატოვებს თავის ძეს, ძე კი თავის დედას არ მიატოვებს“. - მას ისიც შეეძლო ეფიქრა, რომ იოსებს ვერ დაარწმუნებდა სიმართლეში, შეიძლებოდა ამას უფრო დაებრკოლებინა იგი. თვითონაც ხომ ადამიანურად სჯიდა, როცა მთავარანგელოზს, რომელმაც სასიხარულო უწყება ამცნო, ასე მიუგო: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი“ (ლუკა 1,34). თუ კი მას გაუძნელდა მიეღო ღვთის საიდუმლო, იოსებს უფრო მეტად შეიძლებოდა რომ ეს ვერ გაეგო და დიდად დაბრკოლებულიყო. ასე რომ იოსები ხედავდა მარიამში იმას, რასაც არ ელოდა და რისი გაგებაც არ შეეძლო; მარიამი გრძნობდა იოსების დაეჭვებით, რამოდენა საფრთხესა და განსაცდელში იყო. შეიძლებოდა იგი გაეკიცხათ და მისთვის პასუხიც მოეთხოვათ, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან არ შეეძლო გაეცხადებინა ღვთის საიდუმლო... რაღა უნდა ექნა იოსებს? მას მართალია ჰქონდა უფლება, რომ ემხილებინა მარიამი საჯაროდ, და მკაცრად დაესაჯათ იგი მოსეს კანონით (ინ. 8,5), მაგრამ ასეთ სიმკაცრეს, რომელიც უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისათვის, იგი ვერ გაიმეტებდა თავისი დაწინდულისთვის, რომლის მიმართ, წმიდა ანგელოზებრივი ცხოვრების გამო, ჰქონდა პატივისცემა დიდი. ყოველივე ამის უყურადღებოდ დატოვება კანონის საწინააღმდეგო იყო და ასეც რომ არა, მართალი მოხუცის სინდისს ამის დათმენა არ შეეძლო. რას მოიმოქმედებს ბოლოს მართალი და წმიდა სული მოხუცისა? - ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო; პირდაპირი და სიმართლის მოყვარული იყო, როგორც ერთგული დამცველი კანონისა და ყოველი სიკეთის მოქმედი, და არა უნდა გამხილებაი მისი, საჯაროდ ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლეს სამჯავროზე გადაცემა, ამიტომ იზრახა ფარულად განტევებაი მისი. არ გაიმეტა კეთილმა მოხუცმა მარიამი არც მკაცრი კანონიერი სასჯელისათვის და არც მეზობლებისა და ახლობელთაგან შერცხვენისათვის და გადაწყვიტა ფარულად განშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა, როცა გაიცემოდა გაყრის საბუთი. (მეორე რჯ. 24,1).

და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, როგორც კი ყოვლად წმიდა ქალწულის სახლიდან გაშვების აზრი განმტკიცდა მასში, ანგელოზი უფლისა, წმიდა მამები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს ახარა მასში უთესლოდ ჩასახვა, ჩუენებით გამოუჩნდა მას, ძილში, რადგან მოხუცის ღვთისმორჩილ სულს არ სჭირდებოდა უფრო საკვირველი ჩვენება. სიზმარში უწებულისადმი საოცარი შინაგანი თანხმობა, რომელსაც მისი სული გრძნობდა, მოწმობდა იმას, რომ ეს არ იყო უბრალო სიზმარი, არამედ ღვთის გამოცხადება. იოსების შეძრწუნება დაფარული საიდუმლო იყო მისი სულისა, არავის არ გაუცხადა მან ეს საიდუმლო, არამედ თავისთან ინახავდა და ცდილობდა მის დაფარვას. და აი, რაც მას გონებაში უტრიალებდა, სწორედ იმის შესახებ მოისმინა მან ანგელოზისგან, - ცხადი იყო, რომ ანგელოზი ღვთისაგან იყო მოსული და ეუბნებოდა ღვთისასა, რადგან მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის, რაც კაცის გულში იფარება. ამასთან, მისი კეთილი სული იყო მზად ყველაფრისათვის, თუ კი ვინმე რამეს ურჩევდა, რათა გამოსულიყო მძიმე მდგომარეობიდან, ისე რომ მისგან დაწინდულ ქალწულს არაფერი ვნებოდა. მაგრამ, რატომ არ გამოეცხადა ანგელოზი მას უფრო ადრე? - იმისათვის, რომ მას არ ეპოვა მასში ურწმუნოება, უფლის წინამორბედის, მართალ ზაქარიას მსგავსად, რათა იოსებსაც იგივე არ დამართვოდა, რაც ზაქარიას შეემთხვა. უფრო ადვილია რწმუნება, როცა საქმე ნათელია, - მაგრამ იოსებთან ერთად სულით იტანჯებოდა ყოვლად წმიდა ქალწული, მას არ შეეძლო არ შეემჩნია იოსების შინაგანი მღელვარება. და, აი, იმ დროს, როცა იოსები თავისი დუმილით ცდილობდა ქალწულისათვის მძიმე მდგომარეობა შეემსუბუქებინა და ეძიებდა გამოსავალს, ყოვლად წმიდა შეძრწუნებული იყო საშინელებით, რაც მას ელოდა: არა მარტო მხილების შიშით, არამედ, როგორც ამას ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, საშინელი გასამართლებითა და სიკვდილით. - და ბოლოს, იოსების უნებური ეჭვი, განა არ ამდაბლებდა და შეურაცხყოფდა უფალს, რომელიც მას მუცელში ეგულებოდა? რატომ აყოვნებდა ღმერთი თავისი მართალი მონის განათლებას და იმის ხსნას, ვისაც უნდა ეხსნა ქვეყანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით მღვდელმთავარ ინოკენტის სიტყვებით: „რატომ დატოვა ღვთის ძემ დიდების საყდარი, და უკანასკნელი ადამიანის მსგავსად, ქალწულის საშოში დამკვიდრდა? იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვებისა და უსამართლობისთვის შეწირულიყო მსხვერპლად, დაეთმინა სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით და ამ გზით ჩვენ გავმართლებულიყავით ღვთის მართლმსაჯულებასთან და შევრიგებოდით უფალს. რაა გასაკვირი იმაში, თუ ის, დაბადებამდე, დედის მუცელში ყოფნისასაც კი, უკვე ეზიდებოდა მძიმე ჯვარს დამცირებისა, რომელიც დაბადების შემდგომ უნდა ეზიდა მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება?“ - მისი უწმიდესი დედისათვის და მისი დაეჭვებული მართალი მამობილის - იოსებისთვის, ეს გამოცდა ღვთისაგან საჭიროდ მიჩნეულ იქნა; რათა ისინი დაეფარა თავის ამაღლებისაგან. წმიდა ქალწული უნდა გამხდარიყო ღვთის სიტყვის დედა, ხოლო წმ. მართალი იოსები იწოდებოდა მის მამად, რამოდენა დიდება და პატივი იყო ეს ორივესათვის! მაგრამ ამასთან რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა ეს სიმდაბლისათვის, რომელიც ყველა სათნოებათა საფუძველია! „მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“ (ლკ. 1,48). შეიძლება მარიამის გონებაში კვლავაც გაჩენილიყო ეს აზრი და გულმართალ იოსებსაც წარმოადგინა მსგავსი, მაგრამ უკვე არა ისეთი სიწმიდითა და კრძალვით, როგორც ეს წარმოთქვა მართალ ელისაბედთან შეხვედრისას. და აი, თავის ამაღლების საშიშროების საპირისპიროდ ღვთის საკვირველი განგებულებით ჩნდება მძიმე, მაგრამ საიმედო ზღუდე - განსაცდელი. ეხლა, რომელ ქვეყნიურ ღირსებაზე შეეძლო ეფიქრა იმას, რომელსაც ვითომ ღირსების მოუფრთხილებლობისათვის, არ შეეძლო შეშფოთების გარეშე ეყურებინა იმისათვის, ვინც დადგენილი იყო მისი ქალწულების მცველად. საკუთარ თავზე კეთილი წარმოდგენა როგორღა ექნებოდა წმიდა მოხუცს, როცა ღვთისაგან უწყებულის შემდეგ, გაახსენდებოდა, როგორი საზიზღარი ეჭვით უყურებდა იგი ყოვლად წმიდა მარიამს. იტანჯებოდნენ რა ყოველივე ამით, ისინი ეზიარნენ უფალ იესო ქრისტეს სატანჯველებს.

და, აი, განსაცდელი დასრულდა. უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს და ჰრქუა: იოსე, ძეო დავითისო! იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის - დავითის ძედ მოიხსენა იგი, რითაც გაახსენა მას, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა, რომელიც ეუწყა დავითს, და რად მდგომარეობდა მესიის მის შთამომავალთაგან შობაში. „იოსებ, ძეო დავითისო!“ როგორ ახლობლური და ამავე დროს ღრმააზროვანი ნათქვამია. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ნიშნავდა შემდეგს: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ ხარ ასეთ სულმოკლეობასა და შფოთში? რისა გეშინია, წუხარ იმის გამო, რომ სახლში გეგულება მრუშებაში ეჭვმიტანილი? რა თქმა უნდა, რომ არა ეს ეჭვი, შენ მის გაშვებას არც იფიქრებდი. ნუ გეშინია, ის სუფთაა და არაფერში მიუძღვის ბრალი, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა. მე არ მოვიხსენებდი მას შენს ცოლად დაწინდვის შემდგომ, მას რომ არ დაეცვა სიქალწულე თვისი. ნუ გეშინია მიიღო შენს სახლში ის, რომელიც შენ გონებით უკვე მოიცილე თავიდან. მას შენ მოგანდობს ღმერთი არა ქორწინებისთვის, არამედ რათა შენ დაიცვა იგი. ხომ ხედავ, მე ვიცი შენი შეძრწუნების საიდუმლო;  ერწმუნე ჩემს სიტყვებს, გაიხსენე, რომ დავითის მოდგმიდან, რომელსაც შენ ეკუთვნი, უნდა დაიბადოს მეუფე დიდებისა - ქვეყნიერების მხსნელი. გაიხსენე, რომ, ის წმიდა ისაიას წინასწარმეტყველებით, უნდა იშვეს ქალწულისაგან. ასე, რომ შენ ზედმეტად იყავი საშინელ ფიქრებს მიცემული, საკმარისად იტანჯე და ეწამე სულით. ეხლა გაიგე სიმართლე, მოერიე შიშს და გაიხარე, რამეთუ რომელი იგი მისგან იშუეს, ქალწულ მარიამში, რომელიც ასე გაძრწუნებს შენ, ადამიანისაგან კი არა ღვთისაგანაა ჩასახული, სულისაგან წმიდისა არს. ჰშუეს, შენგან დაწინდულმა ძეი, და შენ, მართალია არა ხარ მისი მამა, მაგრამ მამის უფლებით უწოდებ მას სახელს, ოღონდ იმას კი არა, შენ რასაც ისურვებ, არამედ იმას, რასაც მე შენ მაღალი ღმერთისგან გაუწყებ: უწოდონ სახელი მისი იესო, იესოს, რაც ნიშნავს მხსნელს. ეს, და არა რომელიმე სხვა სახელი შეეფერება იმას, რომელიც ქალწულისაგან უნდა იშვეს, რადგან იგი იქნება მხსნელი ქვეყნისა: რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდუათა მათთაგან, მარტო თავის რჩეულ ერს - ისრაელს კი არა, არამედ ყველა მის მორწმუნესა და მისი სახელის მქონეს იხსნის, არა ხილული მტრებისაგან, რაც შეუძლია ღვთისაგან გამორჩეულ ხალხსაც გააკეთოს, არამედ ცოდუათა მათთაგან (ინ. 17,2-6), ცოდვებისა და საუკუნო სიკვდილისაგან, რომელთაგანაც არავის შეუძლია დააღწიოს თავი. აი, რას ნიშნავს ჩვენი უფლის უტკბესი სახელი - იესო. სახელი, რომელიც ზეციდან იქნა მოტანილი, და ადამიანთაგან კი არა, არამედ ანგელოზის მიერ იქნა განმარტებული. ჭეშმარიტად „არცაღა არს სახელი სხუა ცასა ქუეშე, მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ იყო ცხოვრება ჩვენდა“ (საქ. 4,12); ასეთია მხოლოდ სახელი უფალი ჩვენი იესო ქრისტესი, რომლის წინაშეც „ყოველი მუხლი მოჰსდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელისათანი“ (ფილ. 2,10). ცოდვას თავიდან ჯოჯოხეთი შემოაქვს ადამიანში, შემდეგ კი თვით ადამიანი ჩაჰყავს ჯოჯოხეთში. ცოდვა აშორებს კაცს ღმერთს; ცოდვისაგან იშვება ყოველი ბოროტება და თვით სიკვდილიც. ამიტომ - ცოდვათაგან ხსნა ნიშნავს ხალხის შერიგებას ღმერთთან და მათთვის მარადისული სიცოცხლის დაბრუნებას. მაგრამ ღმერთის გარდა არავის შეუძლია ცოდვათა პატიება, ამიტომ ის, რომელიც ქალწულისაგან იშვება არის სრული ღმერთი. - იგი იშვება დედამიწაზე იმიტომ კი არა, რომ იცხოვროს, ამისათვის არ სჭირდებოდა მას შობა ქვეყნიური, არამედ რომ მოკვდეს და ჩავიდეს ჯოჯოხეთში, რათა სიკვდილისაგან გამოიხსნას სიცოცხლე, ხელახლა დაჰბადოს იგი, ჯოჯოხეთიდანა ამოიყვანოს ძენი ზეცისანი, აუწყოს გადარჩენა მათი. ასე იხსნის იგი თავის ხალხს ცოდვებისაგან. ანგელოზმა არ უთხრა იოსებს: გიშობს შენ შვილს, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, არამედ თქვა მხოლოდ: ჰშუეს ძეი, რადგან მარიამმა ჰშვა არა იოსებისგან და იოსებისთვის, არამედ სულიწმიდისაგან და მთელი ქვეყნიერებისათვის.

ნუ გაკვირვებს საიდუმლო, რომელსაც მე შენ გიცხადებ, - თითქოს აგრძელებდეს ანგელოზი, - ყოველივე ეს საუკუნეებზე უწინ იყო ღვთისაგან განსაზღვრული და ადრევე წინასწარმეტყველთაგან მოცემული. ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა, პირითა წინასწარმეტყუელისათა თქმული: აჰა ქალწული მიუდგეს და ჰშუეს ძეი. ასე რომ, გესმის? მე კი არა, თვით უფალი წმ. ისაიას პირით, 700 წლის წინ, იხსენებს ქალწულად იმას, ვიზედაც ხარ დაწინდული, ისაიამ მხოლოდ გამოთქვა, წინასწარმეტყველებდა კი უფალი. შენთვის ცნობილია ეს წინასწარმეტყველება, კარგად გაიხსენე იგი, და დაუჯერე თვით ღმერთს, რომ მარიამში სულიწმიდისაგან ჩაისახა ის, რომ იგი ქალწულადვე დარჩა. იოსები, - შენიშავს წმ. იოანე ოქროპირი, არ დამშვიდდებოდა, თუ ანგელოზი არ გაახსენებდა მას ისაიას წინასწარმეტყველებას და მასთან ერთად უფალს, ამიტომაც ამბობს: „სიტყუა იგი უფლისა, პირითა წინასწარმეტყუელისათა თქმული“, და არა: „წინასწარმეტყველის ნათქვამი“. წინასწარმეტყველი ისაია წერს ჭეშმარიტი მესიის ნიშანზე, ქალწულისაგან მის საკვრველ შობაზე: „თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს“, (ის. 7,14). ქალწულს, რომ არ ეშვა, არამედ ქალს, მაშინ ამაში არაფერი იქნებოდა საკვირველი. და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, ამ სიტყვას ზეციური მაცნე მის განმარტებასაც დასძენს: რომელ არს თარგმანებით: ჩუენთანა ღმერთი.

ანგელოზს თითქოს გაეგრძელებინოს სათქმელი: „შენ, იოსებ, უწოდებ მას სახელად იესოს, ხოლო მისი საქმენი, მისი ღვთაებრივი სწავლანი და სასწაულები მოახსენენ იმას, რომ მთელი ხალხი, ყოველი ერი, ყველა ვინც კი მას იწამებს, უწოდებენ მას ემმანუილს, ანუ მასზე იტყვიან: „ჩუენთანა ღმერთი“. მართალია ღმერთი ყოველთვის იყო და არის ადამიანთან, მაგრამ ხალხთან ასე ახლოს და ხილულად იგი არ ყოფილა არასდროს (იბ. 1,14). ჩვენთანაა ღმერთი იესოში განსხეულებული. მასში შეურევნებლად არის შერწყმული და შეერთებული ღვთიური და ადამიანური ბუნება, ამიტომ როგორც ამბობს მოციქული, „რომლისათვისცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაი მათი“ (ებრ. 2,11). ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ გამოხსნით: იესოს გარეშე ჩვენთან იყო ცოდვა, ჩვენთან იყო ეშმაკი, რადგან „რომელმან ჰქმნეს ცოდვაი იგი ეშმაკისაგან არს“ (1 ინ. 3,8). იესომ, თავისი მოსვლით, გამოგვიხსნა ცოდვისა და ბოროტისაგან. ჩვენთანაა ღმერთი იესოში, სული წმიდის მადლით: ძე ღვთისა ევედრებოდა მამას, რათა საუკუნო ნუგეშისმცემელი მოევლინა მას (ინ. 14,16). ჩვენთანაა ღმერთი იესოთი, რადგან მკვიდრდება „ქრისტეს სარწმუნოებითა გულთა შინა ჩვენთა“ (ეფ. 3,17). ჩვენთანაა ღმერთი იესოთი, თუ ჩვენ სრულიად მივენდობით მას, რადგან მაშინ ჩვენ კი აღარ ვცხოვრობთ, არამედ ქრისტე იწყებს ჩვენში ცხოვრებას. (გალ. 2,20). უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელის გამო ჩვენთან არს ღმერთი ყოველთვის და ყველგან, მთავარია ჩვენ თავად არ მოვაკლდეთ მასთან სიახლოვეს მისი მოუკლებელი ხსოვნით, მისადმი აღვლენილი ლოცვებით, რწმენითა და სიყვარულით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს კეთილ საქმეებში, რომლებიც დაგვაახლოვებენ ღმერთს“ (მიტრ. ფილარეტი).

ასე ძილში ჩვენებით მოხუცებულ იოსებს განეცხადა გონებისათვის მიუწვდომელი ღვთის ძის ქალწულ მარიამისაგან უთესლოდ შობის საიდუმლო. მას მიეწოდა ის, რაც გონებაშიც კი არასოდეს გაევლო, ყოველივე ისეთი სიცხადითა და სიძლიერით აუწყა ანგელოზმა, რომ მასში აღარ შეიძლებოდა უწყებულის შესახებ რაიმე ეჭვი დარჩენილიყო. ამასთან, აღნიშნული ჩვენებით ეძლეოდა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რითაც შეიძლებოდა ამ გამოცხადების ჭეშმარიტებაში დარწმუნებულიყო, იკუდურეს შემთხვევაში, შედეგებით მაინც: ნათქვამი იყო, რომ მარიამი თავის მუცელში ატარებდა ძეს - ესეც არ შეიძლებოდა უბრალო სიზმრით გაცხადებულიყო. აღნიშნული სიზმრისეული ჩვენების შემდეგ მართალი იოსების კეთილ სულში გაქრა ყველა ეჭვი და ვარაუდი და გახარებული და დამშვიდებული გულით შეეცადა შეესრულებინა ღვთის ნება, რაც მას აუწყა მთავარანგელოზმა. განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან, და ჰყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანგელოსმან უფლისამან, მან თავისი სიზმრისეული ჩვენების შესახებ მოუთხრო მარიამს და გააცხადა ანგელოზისგან უწყებული. ეხლა უკვე მარიამსაც აღარ შეეძლო იოსების წინაშე გაჩუმებული ყოფილიყო, მან შვებით მოიხსნა თავიდან გულისათვის მეტად სამძიმო ტვირთი და მოხუცებულ იოსებთან ერთად უწმიდესმა ქალწულმა სასოებით და კეთილკრძალულებით წარმოთქვა მომავალი მესიის წმიდა სახელი - იესო, რომელიც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ეუწყა სხვადასხვა დროს. ამის შემდეგ ქალწული მარიამი საერთოდ გადავიდა მართალი დამწინდველის სახლში: და წარიყუანა იოსებმა ცოლი თვისი და მთელი გულითა და სულით მიიღო იგი თავის სახლში. და ამ დღიდან დიდი სიკეთითა და კრძალულებით დაიწყო მომსახურება მისი, როგორც აღთქმული მესიის დედისა და მოუთმენლად იწყო ლოდინი მომავალი ქრისტესი. ყოვლად წმიდა ქალწული კი, დაწინდული ცოლის სახელით იფარავდა რა ღვთის დიდ საიდუმლოს, მშვიდობით მოელოდა იოსების სახლში, მისგან ტვირთული მადლიანი ნაყოფის ყოვლადდიდებულ შობას.

და არა იცოდა იგი იოსებმა, ამბობს წმიმდა მახარებელი, ვიდრემდე ჰშუა ძეი იგი მისი პირმშოი, - ანუ არასოდეს არ იცოდა იგი იოსებმა როგორც ქმარმა, რადგან სიტყვა ვიდრემდე წმიდა წერილში არ იხმარება რაღაც განსაზღვრული დროის აღმნიშვნელად. ასე მაგალითად, შექმნათა წიგნში (8,7) ნათქვამია: „და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განხმობამდე წყლისა ქუეყანისაგან“, მაგრამ ყვავი იმის შემდგომაც არ დაბრუნდა კიდობანში; 109-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (ფს. 109,1). მაგრამ მტრების შემუსრვის შემდეგაც ზის ღვთის ძე მარჯვენით მამისა. სახარების იგავშიც ნათქვამია, რომ „და განურისხნა უფალი იგი მისი, და მიჰსცა იგი ხელთა მტანჯუელთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი“ (მთ. 18,34). ე.ი. სამუდამოდ, რადგან მტანჯველთა ხელში მყოფი, როგორ და რით გადაიხდიდა იგი თავის ვალს? - ასევე აქაც, როცა მახარებელი ამბობს: „არა იცოდა იგი, ვიდრემდის ჰშუა ძეი იგი მისი“, არ იფიქრო, რომ იოსებმა შემდეგ იცნა იგი. მახარებელს აქ იმის თქმა სურს, რომ მარიამი იესო ქრისტეს შობამდე იყო ქალწული, და რა იყო შობის შემდგომ, ამაზე შენ შეგიძლია განსაჯო, ცხადია, მახარებლის განმარტების გარეშეც, რომ ისეთი მართალი მოხუცი, როგორიც იყო იოსები, არ იკადრებდა ქალწულის ცნობას იმის შემდეგ, რაც იგი სასწაულებრივად, სული წმიდისაგან შეიქნა დედად ღვთისა და იმ საკვირველი სასწულების შემდგომ, რისი მოწმეც თავად გახდა. ისიც გაიხსენე, რომ თვით ყოვლად წმიდა ქალწულს სამუდამო აღთქმა ჰქონდა დადებული ქალწულებისა და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა მოხუცებულ იოსებზე დაწინდვას, რომ მას იგი დაეცვა და დაეფარა, და არამც და არამც არ გაჰყვა მას როგორც ქმარს. ვინ იკადრებს და იტყვის, რომ მან დაარღვია თავისი აღთქმა? ასეთი აზრი შეურაცხყოფდა დედათა შორის ყოვლად წმიდასა და უფროსად კურთხეულ ღვთის დედას. როგორც შობამდე, ისე შობისას და შობის შემდგომაც იგი ქალწულია, ამიტომაც წმიდა ეკლესია მარადქალწულსა და ღვთის საპატარძლოს უწოდებს მას. წმიდა იოსები მხოლოდ ემსახურებოდა მას, როგორც მონა ემსახურება თავის ქალბატონს, როგორც ღვთის კურთხეულ დედას. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელმაც თავის საიდუმლო ჩვენებაში იხილა რა ხორცშესხმული ღმერთის ქვეყნად მოსვლა, რომელიც ტაძარში აღმოსავლეთის კარიდან შედიოდა, ღვთის სახელით ამბობდა: „ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება“ (ეზეკ. 44,2). წმიდა მამების აზრით ამ კარიბჭის ქვეშ, საიდუმლო მნიშვნელობით, უნდა ვიგულისხმოთ მარად ქალწული მარიამი, რომელიც იქნება დახშული, ანუ სიწმიდესა და დაურღვეველ ქალწულებაში, ვისგანაც მხოლოდ ერთი ქრისტე ღმერთი გამოვიდა ამ სოფელში და არავინ შესულა მასში. ღირსეული და საკვირველი სახელი მარადქალწულისა, უწოდეს მას მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრებათა წმიდა მამებმა თავიანთ კანონებში. და როცა გამოჩნდნენ სხვადასხვა მწვალებლები, რომლებიც ბედავდნენ და ასწავლიდნენ, რომ თითქოს მაცხოვრის შობის შემდგომ ქალწულ მარიამსიოსებისაგან კიდევ ჰყავდა შვილები, ეკლესიის მამებმა ერთხმად აიმაღლეს ხმა უგუნურობაზე და ასეთ სწავლებას უწოდეს მწვალებლობა და ერესი და საჯაროდ დაგმეს იგი ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე. უწოდა რა ღვთის დედას მარადქალწული, წმიდა ეკლესიამ მას კიდევ მიუძღვნა დიდებული სახელი ღვთისმშობელისა. ასე უწოდა მას სული წმიდის ჩაგონებით მართალმა ელისაბედმა: „და ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?“ (ლკ. 1,43). „დედა უფლისა“ იგივეს ნიშნავს, რაც „ღვთისმშობელი“. „ვინც არ ცნობს მარიამს ღვთისმშობლად, იგი მოეკვეთება ღვთიურობას“ - ამბობს წმიდა გრიგორი ნაზიანზელი. მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდა ეკლესიამ საზეიმოდ დაამტკიცა თავისი სწავლება, რომ უფალი იესო ქრისტეს დედა არის ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარად ქალწული. მართალია წმიდა მახარებლები მათე და იოანე  იხსენებენ ქრისტეს ძმებსაც, მაგრამ წმიდა მამები, ეყრდნობიან რა მოციქულთა გადმოცემას, თვლიან რომ ისინი არიან იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან. დედის მხრივ ჩვენს უფალს ძმები არ ჰყოლია. ამიტომაც იყო, რომ ჯვარზე გაკრულმა სიკვდილის წინ, თავისი ყოვლად წმიდა დედა ჩააბარა საპატრონებლად არა ხორციელ ძმებს, არამედ თავის უახლოეს მოწაფესა და მეგობარს - იოანე ქალწულ მახარებელს. ღვთის კურთხეულ დედას რომ ჰყოლოდა თავისი შვილები, მაშინ მისი პატრონობა იესო ქრისტეს შემდეგ იმათ ეკუთვნოდათ. მაგრამ ისინი არ ჰყავდა მარიამს, ამიტომ სიტყვა პირმშო, რომელიც მათე მახარებელთან გვხვდება, უბრალოდ ნიშნავს პირველშობილს, მხოლოდშობილს, ისე როგორც მოციქული უწოდებს იესო ქრისტეს „ყოველთა დაბადებულთა პირმშოს“ (კოლ. 1,15), „შესვენებულთა პირმშოს“ (გამ. 1,5), „პიმშოდ“ მოსეს სჯულითაც იწოდება ყოველი ახალშობილი მამრი, რომელიც პირველად დაიბადება შემდგომ შეუღლებისა, მის შემდეგ დედამისს საერთოდ რომ აღარ დაებადა (გამოს. 13,2). და იოსებმა უწოდა, ქვეყნიური მამის უფლებით და ღვთის დავალებით სახელი მისი იესო. ეს სახელდება მოხდა შობიდან მერვე დღეს, როცა მას შეუსრულდა წესი წინადაცვეთისა.