მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლა

მათე 21, 18-22

რათა აერიდებინა მისი მტრებისგან საიდუმლო ქმედებანი და ხალხის მღელვარება, წამებამდე დარჩენილი ღამეები უფალმა გაატარა ბეთანიაში, ერთგული მაღიარებლებისა და მეგობრების გარემოცვაში. მაგრამ გათენდებოდა თუ არა, იგი მაშინვე მიეშურებოდა იერუსალიმში, რათა ექადაგა ტაძარში. ასევე მოხდა მისი ქალაქში დიდებით შესვლის შემდეგ დღესაც. იგი იმავე გზით მიდიოდა, ოღონდ ახლა ყოველგვარი ზეიმურობის გარეშე. „გაზაფხულის დილის სიხასხასე, მთის ჰაერის სისუფთავე, სხვადასხვა სანახაობანი, რომლებიც უხვად იმზირებოდა ელეონის მთიდან, ამ მგზავრობას სასიამოვნოსა და მსუბუქს ხდიდა. უფალმა შეიგრძნო შიმშილი და ისურვა მისი დაცხრომა, ალბათ არ ჰქონდა განზრახული იერუსალიმში სადმე გაჩერება, გარდა ტაძრისა (მთ. ეპ. ინოკენტი). და განთიად, მორავიდოდა ქალაქად, შეემშია. „მოშივდა, რათა დაეთმო ხორცის მოთხოვნისადმი“, - როგორც ამბობს წმ. ოქროპირი; მოშივდა ადრე დილით „თავისი განსაკუთრებული განზრახვით“, - როგორც გამოთქვამს ნეტარი თეოფილაქტე: „ცოდვილთა ხსნის შიმშილით“. ძველი წინასწარმეტყველების მსგავსად, მან ისურვა ნიშნეული მოქმედებით ეჩვენებინა თავისი მომავალი სამსჯავრო მოუნანიებელ ცოდვილებზე, რათა ამ სამსჯავროს შიშით, შეეგონებინა ისინი. და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა, მარტო რომ იდგა გზის ნაპირას, და რის გამოც იგი არავის ეკუთვნოდა და სხვებისგან გამოირჩეოდა ხშირი ფოთლებით, და მივიდა მისა თითქოს იმისათვის, რომ მისი ნაყოფით დაეცხრო შიმშილის გრძნობა. ყოვლისმცოდნემ იცოდა, რასაც წარმოადგენდა ეს ხე. ნაყოფის დრო ჯერ არ დამდგარიყო; მაგრამ არის ისეთი ლეღვებიც, რომლებსაც ნაყოფი ზამთარშიც კი აბიათ და გაზაფხულზეც კი მწიფან ახალ ფოთლებში. ამასთან, ასეთი ლეღვის ხე ახალ ნაყოფსაც იბამს, ვიდრე იგი ახალი ფოთლებით შეიმოსება, ხოლო რადგან ის ლეღვის ხე ხშირი ფოთლებით იყო შემოსილი, შეიძლებოდა კაცს იმედი ჰქონოდა, რომ მასზე ნაყოფიც იქნებოდა. მაგრამ ხეზე არც ერთი ძველი ნაყოფი არ აღმოჩნდა, არც ახალი ნაყოფის ნიშანი აჩნდა; ლეღვის ხე იყო სრულიად უნაყოფო! და არა რა ჰპოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. ამისგან არც მომავალში შეიძლებოდა ნაყოფის იმედი ჰქონოდა კაცს, ამიტომ იგი ყველასთვის იყო უსარგებლო: „რასათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად“ (ლკ. 13,7). მაშინ უფალმა მშვიდად, მაგრამ ხელმწიფებით, როგორც მეუფემ ქმნილებისა, წარმოსთქვა ამ უნაყოფო ხისათვის განაჩენი: და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ შენგან საუკუნოდ! რათა აღარავინ მიიღოს შენგან ნაყოფი, - და განჰხმა ლეღვი იგი მეყუსეულად.

„რატომ მისცა წყევლას უსულო ხე?“ - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: - „ამით ქრისტე აჩვენებს, რომ მას შეუძლია დასაჯოს თავისი მტრებიც და მაინც, საკუთარი ნებით გაიმეტა თავი ჯვარზე გაკვრისათვის“. იგი მოვიდა, რათა მოეძია და გადაერჩინა დაღუპული, ამიტომაც მოუკლებლად იწყალებდა, კურნავდა, აღადგენდა: სხვათა შორის მას უნდა გამოეჩინა, თუნდაც ერთხელ, რომ იყო რა მხსნელი ქვეყნისა, იგი არის კიდევ მომავალი მსაჯულიც ადამიანთა და რომ ღვთის სიკეთე, უფლის ყოვლადძლიერი შუამდგომლობის მიუხედავად, არასოდეს გადააფარებს ხელს უსამართლობასა და ბოროტებას. და აი, ამ წმიდა სამსჯავროს გამოსაცდელად შეირჩა არა რომელიმე ადამიანი, არა რომელიმე სულიერი არსება, არამედ უსულო ლეღვის ხე, ისეთი ხე, რომელსაც პალესტინაში, სიმრავლის გამო, არ გააჩნდა რაიმე ღირებულება, იდგა გზის ნაპირას, არავის საკუთრებას იგი არ შეადგენდა და თავისი უნაყოფობით ახლოს იყო გახმობასთანაც. „უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, - ამბობს წმ. ეფრემ ასური, - რათა ეს მოყვასისთვის ქცეულიყო მაგალითად, ხოლო მტრებისთვის - გაფრთხილებად“. მან „გაახმო ლეღვის ხე იმისათვის, რათა ეჩვენებინა, რომ უკვე აღარ იყო საჭირო ის ფურცლები ლეღვისა, რითაც იმოსებოდა ადამი, რადგან იგი ამაღლებულ იქნა ძველ დიდებაში, რომლის დროსაც მას არ ჭირდებოდა, არც ფოთლებით შემოსვა და, არც სხვა ტანსაცმელი“ (შექ. 3,7). - „ლეღვის ხე მოასწავებს იუდეველთა სინაგოგას“, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - „რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ფოთლები, ანუ ხილული ასო, ხოლო სულიერი ნაყოფი არ გააჩნია. ყოველი ადამიანიც, რომელიც ამ ცხოვრების სიამეებს არის მიცემული, ემსგავსება ლეღვის ხეს: მას არ გააჩნია სულიერი ნაყოფი მოშიებული იესოსათვის, არამედ მხოლოდ ფურცლები, ანუ დროებითი, წარმავალი ქვეყნის აჩრდილი და იგი მოისმენს ამას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც განმზადებული არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის“ (მთ. 25,41). და იგი გახმება, რადგან დაიტანჯება ცეცხლში, გაუხმება მას ენა, როგორც ეს შეემთხვა ცნობილ მდიდარს (ლკ. 16,24). უფალი ეძებს ლეღვის ხეზე ნაყოფს, თუმცაღა ჯერ არ დამდგარა დრო ნაყოფის გამოღებისა: იგი ელოდა სინანულის ნაყოფს იუდეველთაგან, თუმცა ჯერ არ დამდგარიყო დრო საყოველთაო განსჯისა. ლეღვის ხე შემოსილი იყო ფოთლებით, ამიტომაც შეიძლებოდა მისგან ნაყოფის იმედი ჰქონოდათ: იუდეველებს ჰქონდათ სჯული და წესები, წინასწარმეტყველთა სწავლანი, და ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო იმისათვის, რომ მათ სხვა ხალხებზე უწინ გამოეღოთ ნაყოფი სინანულისა. მაგრამ ისინი მხოლოდ თავს იწონებდნენ ამ უპირატესობით და რჩებოდნენ უნაყოფონი. უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე და. მან მოირიდა იუდეველთა ერი და ეს ხალხი დღემდე დარჩა, როგორც გამომშრალი, უსიცოცხლო ხე, რომელსაც არ შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის ცნობის ნაყოფის გამოღება, არ შეუძლია დაცხრომა სულიერი შიმშილისა, რომელიც ეძიებს ხსნას. გამხმარი ლეღვის ხის მსგავსად იგიც დგას გზაზე, რომელიც ზეციური იერუსალიმისაკენ მიემართება, დგას როგორც ღვთის მსჯავრის პირქუში ძეგლი მოუნანიებლებზე.

„უნაყოფო ლეღვის ხე, უფლის საუბრებში, ადრეც იყო მიჩნეული სახედ ცოდვილი კაცისა,“ - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. - „ლუკა მახარებელმა შემოგვინახა მთელი იგავი, რომელიც ლეღვის ხეს ეხება. ამ იგავში ლეღვის ხეს ინდობს მომავალში ნაყოფის გამოღების იმედით, მას მისჯილი ჰქონდა მოკვეთა და გადაგდება, რითაც გამოიხატება ღვთის დიდხანს მოთმინება ცოდვილთა მიმართ. ახლა კი ლეღვის ხე დაწყვლილია უნაყოფობისათვის მართლმსაჯულების ნიშნით, რომელიც ადრე თუ გვიან სჯის მოუნანიებლებს. ამრიგად, უწინდელი იგავი ქრისტეს მოწაფეთათვის უნდა ყოფილიყო კარგი განმარტება ლეღვის ხეზე უფლის მსჯავრისა, ეს განაჩენი კი ავსებდა იმ გაკვეთილს, რომელიც იგავში იყო მოცემული, რაც აჩვენებდა, რომ უფლის შემწყნარებლობას აქვს თავისი დრო და დასასრული, რომ მოუნანიებლობა, განსაკუთრებით კი პირმოთნეობა, ყველაზე ადრე დაატეხს მუნანიებელ კაცს ზეციურ რისხვას“.

მეორე დღეს, როცა უფალი თავის მოწაფეებთან ერთად ისევ მიდიოდა ბეთანიიდან იერუსალიმში, მის მიერ წინა დღეს დაწყევლილი ლეღვის ხე უკვე სრულიად გამხმარი იყო. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ და უკვირდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჰხმა ლეღვი იგი? განსაკუთრებით იყო ამით შეძრული პეტრე მოციქული, რომელმაც, როგორც ჩანს, მაცხოვრის სიტყვები ლეღვის მისამართით ნათქვამი მიიღო როგორც მხოლოდ უკმაყოფილების გამომხატველი. „რაბი! აჰა, ლეღვი იგი, რომელსა ჰსწყევ, განჰხმა“ (მრკ. 11,20-21). უფალმა ამაზე უპასუხა, რომ მათთვის, ვისაც აქვს დიდი და სრული რწმენა, არაფერია შეუძლებელი: ასეთ რწმენას ემორჩილება ბუნების ძალებიც. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ, არ გექნებათ მერყეობა ეჭვების გამო, არა ხოლო ლეღვისა ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას (მოციქულების თვალწინ იყო ელეონის მთა) აღიფხუარ ამიერ, და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ, ასე მოხდება თქვენი რწმენისამებრ. და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცუასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ, უსათუოდ. რწმენას, ლოცვით ფრთებშესხმულს, აყავს ადამიანი ზეცას და აყენებს მას ყოვლისშემძლე ღმერთის პირისპირ და ხდის მას მის ყოვლისშემძლეობის თანამონაწილეს. ღმერთი აძლევს მას თავის ყოვლისშემძლეობის უფლებასა და ძალას ბუნებაზე, მაგრამ ამასთან თქვენ უნდა იცოდეთ მტკიცედ, - დასძინა უფალმა, რომ შეუდგებით რა ასეთ ლოცვას, უნდა ყველაფერი შეუნდოთ, თუკი ვინმეს მიმართ გაქვთ რაიმე ძვირი, სხვანაირად ზეციური მამაც ვერ შეგინდობთ თქვენ შეცოდებებს; ამის გარეშე კი თქვენს თხოვნა-ვედრებას არ ექნება არავითარი ძალა. უკანსკნელი მოულოდნელი დარიგება იყო დროული მოწაფეებისთვის. „იმათი კეთილი გულის მიუხედავად, ჯერ კიდევ აკლდათ ის თავგანწირვა, რაც ასე საჭირო იყო მოციქულებისთვის, რომელთაც მიიღეს უფლება ბუნების ძალაზე მბრძანებლობისა. მათთვის, მაგალითად, თავის მოსაწონ საქმედ ითვლებოდა ზეციდან ცეცხლის გადმოყვანა მთელი სოფლების აღსაგველად მხოლოდ იმისათვის, რომ იქ მცხოვრებლებმა ვერ მიაგეს უფალს საჭირო პატივი (ლკ. 9,54). მოწაფეთა სულის ასეთი განწყობისას, მათი მასწავლებლის გუშინდელი მოქმედება ლეღვის ხის მიმართ, შეიძლებოდა გაეგოთ დამახინჯებულად, ამიტომ საჭირო იყო შეხსენება იმისა, რომ რწმენა სიყვარულის გარეშე არაფერია. და მოწაფენიც, უდავოა მიხვდნენ, თუ საით მიანიშნებდა მათ მოძღვრება სხვათა პატიებაზე“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: „მე მეტყვიან: თუ მე მოვითხოვ რაიმე საზიანოს უგუნური რწმენით და მე უფალი მომცემს ამას, ნუთუ მე მივიღებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვითხოვ ამას რწმენით? - ვუპასუხებ: როგორ იქნება მაშინ ღმერთი კაცთმოყვარე, თუკი იგი შემისრულებს ჩემთვის საზიანო სათხოვარს? როცა გესმის რწმენაზე, იფიქრე არა გაუაზრებელ რწმენაზე, არამედ ჭეშმარიტებაზე, სწორედ ისეთზე, რომელზედაც ამბობს უფალი, და ისეთ ლოცვაზე, რომელშიც ჩვენ ვითხოვთ სასარგებლოს, როგორც უფალმაც დაგვიდგინა, როცა ამბობს: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდლსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ (მთ. 6,13). და კიდევ, ყურადღება მიაქციე სიტყვებს: „არა შეორგულდეთ“. რადგან, ვინც ღმერთთან არის შეერთებული და და არასდროს შორდება მას, ასეთი როგორ ითხოვს რაიმე სავნოს? ასე რომ, თუ ჩვენ განუშორებლად ვიქნებით ღმერთთან და გვექნება შეუორგულებელი რწმენა, მაშინ მივიღებთ ჩვენი კეთილი სათხოვარისამებრ სასიკეთოს, რამეთუ უფალი იძლევა სიკეთეს და არა ბოროტს“.