მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ვაი, რამეთუ დაგიტევებიეს უმძიმესი ჰსჯულისა... ვაი, რამეთუ განჰსწედთ გარეშესა... ვაი, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა...

მათე 23, 23-28

ოხ, როგორი გამომგონებლები ხართ თქვენი უაზრო წვრილმანებისა, ოღონდ კი არ გააკეთოთ უმთავრესი, სჯულში ყველაზე მნიშვნელოვანი! ვაი თქუენდა, მწიგრობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, სჯული გიბრძანებთ თქვენ მიუძღვნათ ღმერთს მეათედი ნაწილი თქვენი შემოსავლისა, საქონლის ნამატისა, მიწის მოსავლისა და სხვა, მაგრამ არაფერს ამბობს ბალახეულობაზე, თქვენ კი მოიგონეთ სამზარეულოში სახმარი ბალახის მეათედისაც კი. რამეთუ ათეულსა მიიღებთ ტაძრისათვის პიტნაკისასა, და ცერეცოსასა და ძირაკისასა, თქვენს ბაღებში რომ იზრდება, და იცავთ რა ამ წვრილმანებს, რომლებიც სჯულში მითითებული არც კია, დაგიტევებიეს შეუსრულებლად უმძიმესი სჯულისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნანი სჯულისა, კერძოდ, სამართალი, სამართლიანობა საქმეთა გარჩევისას და წყალობა, უბედურთა და ღატაკთა შეწყნარება, სარწმუნოება, რწმენა ღვთისა და მისი წმიდა მცნებებისა. მე არ შეგაჩვენებთ თქვენ ამ წვრილმანებისთვის, მაგრამ ისინი თქვენ დააყენეთ პირველ ადგილზე; ესე, ანუ სამართალი, წყალობა და სარწმუნოება ჯერ-იყო საქმედ, უნდა შეგესრულებინათ მონდომებით და იგი არა დატევებად. წინა-მძღუარნო ბრმანო, ვითომ წმიდანებო, ტყუილად რომ იწონებთ თავს ყოველივეს ცოდნით, რომელნი დაჰსწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქავთ! თქვენ ავადმყოფური ეჭვიანობით ზრუნავთ იმაზე, რათა არ დაირღვეს რაიმე გადმოცემა თქვენი უხუცებისა, თითქოს გინდათ განწმინდოთ სითხე მასში ჩავარდნილი კოღოსაგან, და იმავე დროს საერთოთ არ გინდათ შეამჩნიოთ ყველაზე უმთავრესი მოთხოვნანი სჯულისა, და როგორც ანდაზა ამბობს, აქლემსა შთანთქამთ! მაგრამ თუ ადამიანი ივიწყებს ამ მთავარს, მაშინ არავითარი სარგებელი არა აქვს მისთვის უმნიშვნელო წესების დაცვას. თქვენ ჩერდებით ამ წვრილმანებზე, მხოლოდ გარეგნულზე და სრულიად დაგივიწყებიათ შინაგანი, უმთავრესი: ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო რამეთუ განჰსწმედთ გარეშესა სასმელისასა, და პაროფსიდისასა, და პინაკისასა, ხოლო შინაგან ეს მინის ჭურჭლები სავსე არიან საჭმელ-სასმელით, რაც შეძენილია ნატაცებითა და არაწმიდებითა. რა სარგებელი იქიდან, რომ ასე მონდომებითა ზრუნავთ ჭურჭლის სისუფთავეზე, თქვენს მაგიდაზე? ფარისეველო ბრმაო! შენ საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ საჭიროებ გამოსწორებას, ეს კიდევ ცოტაა: შენ თვლი, რომ შეგიძლია სხვები გამოასწორო. მოდი გონს, განჰსწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისა და პაროფსიდისა, გააკეთე ისე, რათა საჭმელი შენს თეფშზე და სასმელი შენს სასმისში იყოს შეძენილი არა ტაცებითა და უსამართლობით, არამედ პატიოსანი შრომით, შემოზღუდე წყლის ნაკადი, - და მხოლოდ მაშინ მოხდება თავისთავად ის, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გიშველის გარეგანი სისუფთავე. „შენ ცდილობ გამოძერწო გარეგანი სახე ჭურჭლისა, - ამბობს ნეტ. თეოფილაქტე, - ანუ გარეგანი შენი არსებისა, მაშინ, როცა შენი შინაგანი სავსეა არაწმიდებით“. „თუ ჭურჭელში მთავარია შინაგანი, მით უფრო ასეა ეს შენში“ (წმ. ოქროპირი). ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო! თქვენ შებღალვათ მიგაჩნიათ მიცვალებულთა სამარხების შეხება; თქვენ ყოველ წელს საგანგებოდ ათეთრებთ მათ - არა სილამაზისთვის, არამედ იმისათვის, რომ მომსვლელნი უნებურად არ შეეხნენ მათ: და ვერ მიმხვდარხართ, რამეთუ მიმსგავსებულხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჰსჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართათა და ყოვლითა არა-წმიდებითა. ეგრეცა თქუენ გარეშე ჰსჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან, თქვენს სულში, თქვენს გულში, სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა!