მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იგავი ათ ქალწულზე

მათე 25, 1-13

რათა რაც შეიძლება მტკიცედ ჩაბეჭდო მოწაფეთა გულს ის უდიდესი ჭეშმარიტებანი, რაზეც მათ ესაუბრებოდა უფალი, უთხრა მათ კიდევ ორი საყურადღებო იგავი ათ ქალწულსა და ტალანტებზე. „ეს იგავები ემსგავსება წინა იგავს კეთილ და ბოროტ მონაზე, რომელთაც განაგეს თავიანთი პატრონის ქონება. ყველა ეს იგავი, მართალია განსხვავებული სახით, მიმართულია ერთი მიზნისაკენ: რათა ჩვენ შევეცადოთ გავცეთ მეტი მოწყალება და დავეხმაროთ მოყვასს ყველაფერში, რასაც კი შევძლებთ, რადგან სხვანაირად ვერ გადავრჩებით. იმ იგავში ლაპარაკია საერთოდ ყოველგვარ კეთილშეწევნაზე, რაც ჩვენ უნდა გავუწიოთ მოყვასს, ხოლო ქალწულებზე იგავში საუბარია კერძოდ ფულით დახმარებაზე. იმ იგავით უფალი სჯის მონას, რომელიც სცემს თავის მეგობრებს, სვამს მსმენელებთან, განაბნევს და ღუპავს თავისი ბატონის ქონებას; ამ იგავით კი ამას, ვინც არ ცდილობს მოყვასის სიკეთეს და უხვად არ ეხმარება გაჭირვებულებს თავისი მონაგებებიდან“ (წმ. ოქროპირი).

მაშინ დიდი განსჯის დღეს, როცა უფალი უეცრად მოევლინება ქვეყანას, როგორც ფარისეველთა და ურწმუნოთა მამხილებელი, იგი თვით მის მორწმუნეთ მისცემს უკანასკნელ გამოცდას, და იმის მიხედვით, გაუძლებენ თუ არა ისინი ამ გამოცდას, მიიღებს ან მოირიდებს - უკვე სამუდამოდ. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათა ქრისტეს ეკლესია, რომელიც არსებობს დედამიწაზე, ათთა ქალწულთა, - ქრისტეს ეკლესიის წევრთ. იმ მეტად გადამწყვეტ დროს, იგივე შეემთხვევათ, რაც გადახდა ათ ქალწულს, რომელიც მიწვეული იყო საქორწილო ლხინში, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა, მოემზადნენ სიძის შესახვედრად, რომელიც უნდა მისულიყო ღამით სასძლოს სახლში, თავისი საპატარძლოსთვის; ხოლო მათგან ხუთნი მათგანნი იყვნენ ბრძენნი, წინდახედულნი, - კეთილგონიერნი და ხუთნი სულელნი, დაუდევარნი, უგუნურნი და უზრუნველნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი, თავიანთი სანათურები, და არა მიიღეს მათ თანა ზეთი საწვავის მარაგი, რათა სიძის დაყოვნების შემთხვევაში, არ ჩამქრალიყო მათი სანათურები; ხოლო ბრძენთა მათ, მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა, და დაყოვნებასა მას სიძისასა ჯერ წასთვლიმეს მიერულა ყოველთა და შემდეგ კი ღრმად დაიძინეს. ისინი იყვნენ მშვიდად, ფიქრობდნენ რა, რომ ყველაფერი მზად ჰქონდათ, რათა მნიშვნელოვან დროს სიძეს შეხვედროდნენ. ხოლო შეიძლება წარმოდგენა უგუნურ ქალწულთა შეშფოთებისა, უკიდურესი უსაშველობა, იმ წუთს, როცა შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, როცა გარედან გაისმა სიძის მხლებელთა და ხალხის მხიარული შეძახილები, რითაც ისინი ესალმებოდნენ სასიძოს, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა, მაშინ აღსდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპრნი მათნი, რომლებიც დიდხანს წვის გამო უკვე ნაკლებ სინათლეს გამოსცემდნენ. კეთილგონიერმა ქალწულებმა დაუმატეს თავიანთ სანათურებს ზეთი, და უკეთ გაანათეს ისინი, უგუნურთ კი არ ჰქონდათ ზეთის მარაგი. თავიანთი უკიდურესი უგუნურებისას ქალწულებმა მიმართეს მეგობრებს; ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რემეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან, მაგრამ დრო ძალზედ ცოტა იყო, ბრძენნი ჩქარობდნენ თავიანთი სანათურების გამართავს; უგუნურ მეგობრებს ისინი აძლევენ ასეთი ვითარებისათვის დამახასიათებელ რჩევას; მიუგეს ბრძენთა მათ: ჩვენ ნამდვილად გაგინაწილებდით, მაგრამ ეს ახლა შეუძლებელია, ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქუენისა. უგუნურ ქალწულებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ ამის მეტი: სანათურის გარეშე ვერ გავიდოდნენ სიბნელეში სიძის შესახვედრად, ამიტომაც წავიდნენ ზეთის შესაძენად. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი. და განმზადებულნი იგი ქალწულნი, რომელთა ხელშიც ანათებდა გამართული სანათურები, შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას. დაიწყო საქორწინო ლხინი და დაეხშა კარი. ამასობაში უგუნური ქალწულები, ამაოდ რომ ეძებდნენ გასაყიდად ზეთს, რადგან ღამით არ ვაჭრობენ, უკან მობრუნდნენ, მივიდნენ სასახლის კარებთან თხოვნით - ეპატიებინათ მათთვის ზეთის უქონლობა: შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს, დახშულ კარებთან გაიძახოდნენ: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ. საქორწინო ლხინიდან მათ მოესმათ მხოლოდ თავიანთ მორიდებაზე განაჩენი: ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ამინ გეტყვ თქუენ, არა გიცნით თქუენ, ჩემიანებად ვერ გცნობთ თქვენ, რადგან ვერ გიხილეთ ჩემი პატარძლის მეგობრებში. ამიტომ იღვიძებდით უკუე, დაასკვნა უფალმა იგავი, ფხიზლად იყავით, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინ ძე კაცისა მოვიდეს. ყოველთვის იყავით მზად მასთან შესახვედრად, რადგან იგი მოვა უცაბედად, - მათთვის, ვინც იცოცხლებს მის მოსვლამდე, - დიდებით მობრძანებამდე მის საშინელ სამსჯავროზე, ხოლო მათთვის, ვინც თავისი განსჯის დღემდე ვერ იცოცხლებს სხეულით, დადგება სულს განსჯის ჟამიც.

ეს იგავი, როგორც სხვა დანარჩენებიც, მაცხოვრის მიერ აღებულია პირდაპირ ცხოვრებიდან, ამიტომაც დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მას მოციქულებზე. აღმოსავლური წესის მიხედვით, შეთანხმების შემდეგ, სადღესასწაულოდ შემოსილი სიძე, თანმხლებ მეგობრებთან ერთად, გაეშურებოდა საპატარძლოსთან სახლში, რომელიც ასევე საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული, მეგობრებით გარემოცული, ელოდა მის მოსვლას. ჩვეულებრივ ეს ხდებოდა ხოლმე ღამით, ამიტომაც სასიძოს ხვდებოდნენ ანთებული ჩირაღდნებით. ამის შემდეგ სასიძო და საპატარძლო, დღესასწაულის ყველა მონაწილესთან ერთად, ხმაურიანი მხიარულობით, სიმღერითა და მუსიკით, მიდიოდნენ სიძის სახლში, სადაც ლხინი, როგორც წესი, გრძელდებოდა შვიდი დღის განმავლობაში. აღმოსავლეთში ეს წესი დაცულია და სრულდება საუკუნეების განმავლობაში; მოგზაურნი ყვებიან, რომ ახლაც კი ქორწილი თითქმის ისე სრულდება იქ, როგორც მაცხოვრის დროს, „ინდუსების ქორწილში, სადაც მე ვიყავი, - ყვება ერთი მისიონერი, - სასიძომ მიაკითხა თავის საპატარძლოს შუაღამისას, მას შემდეგ, რაც მის მოსვლას უცადეს ორი თუ სამი საათი, მისი მოსვლის შესახებ აცნობეს თითქმის სახარებისეული სიტყვებით: „აი სიძე, მოდით, გამოდით მის შესახვედრად!“ თითოეული ჩქარობდა თავისი სანათურის ანთებას, რომელიც ეჭირა ხელში, რათა დაეკავებინა თავისი ადგილი პროცესიაში. ბევრმა დაკარგა თავისი სანათური და აღარც დრო იყო მათი მოძიებისა, რადგან მექორწილე ხალხი უკვე უახლოვდებოდა საპატარძლოს სახლს, მთელი ხალხი ავიდა ბანზე, რომელიც საგანგებოდ იყო მორთული და განათებული, სადაც საზეიმო შესამოსელში, გამოწყობილი ნათესავები და მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, სიძეს, რომელიც მიჰყავდათ თანმხლებთ, სვამენ გამორჩეულ ადგილზე, შეკრებილთა შუაგულში. რაღაც დროის შემდეგ ყველანი შევიდნენ სახლში, რომლის კარებები იყო დახშული და მას იცავდნენ მცველები. მეცა და ჩემი თანმხლებნიც გულითა ვთხოვდით მცველებს, რათა იქ შევეშვით. მაცხოვრის იმ დიდებულ იგავს, ისე არასოდეს შეუძრავს ჩემი სული, როგორც იმ დროს, როცა დაიხშა კარი“.

ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ არაერთხელ უსარგებლიათ ქორწილის სახით, რათა გამოეხატათ ისრაელთან ღმერთის საოცარი სიახლოვე. ახალ აღთქმაშიც არცთუ იშვიათად იყენებდნენ იგივე სახეს, ქრისტეს წინამორბედი, თავად უფალი ჩვენი და წმ. მოციქულები, ამიტომაც იგავში ქორწილის ქვეშ იგულისხმება - უფლის შეერთება მორწმუნეებთან სანეტარო მარადისობაში. „მაგრამ რატომაა, რომ ამ იგავში უფალი წარმოგვიდგენს არა სხვა ვინმეს, არამედ ქალწულებს? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: მან აამაღლა ქალწულება, როცა თქვა: არიან საჭურისნი, რომელთა გამოსაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელი შემძელებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (მთ. 19,12) სიქალწულე-თავისი ბუნებით, არის უდიდესი საქმე; ეს ჩანს იქიდან, რომ როგორც ძველ აღთქმაში, მას არ იცავდნენ წმინდა და დიდი ადამიანებიც კი, ასევე ახალ აღთქმაშიც არ იყო იგი აუცილებელ წესად დადგენილი. ქრისტემ არ მისცა ხალხს მასზე მცნებანი, არამედ დაუტოვა იგი გადასაწყვეტად მსმენელებს. ამიტომაც ამბობს პავლე: „ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა მიერ არა მაქუს“ (1 კორ. 7,25). მე ვაქებ მას, ვინც იცავს ქალწულებას, მაგრამ არ ვაიძულებ მას, ვისაც ქალწულება არ სურს, ამიტომ რჩევას არ გიქცევთ მცნებად. რამდენადაც სიქალწულე დიდი საქმეა და ბევრს აქვს ამაზე მაღალი წარმოდგენა, რათა ვინც იცავს მას, არ მიეცეს კმაყოფილებას, უზრუნველობას, რომ თითქოს მან უკვე გააკეთა ყველაფერი, და ამის გამო უსარგებლო და გამოუსადეგარი არ გახდეს დანარჩენთათვის, იესო ქრისტეს მოყავს ეს იგავი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ რომელთაც აქვთ ქალწულება და სხვა სათნოებები, მაგრამ გულმოწყალება უცხოა მათთვის, განისჯებიან მეძავებთან ერთად, და სამართლიანადაც: ერთნი შეპყრობილნი არიან ხორციელი ვნებებით, სხვები კი ვერცხლისმოყვარებით, მაგრამ ხორციელი ვნება და ვერცხლისმოყვარება არ არის თანასწორი ძალით: პირველი უფრო ძლიერია და მტანჯველი. ამიტომაც, რაც უფრო სუსტია მოწინააღმდეგე, მით უფრო შეუნდობელნი არიან მისაგან დამარცხებული ქალწულები. ამის გამო იესო ქრისტე უწოდებს მათ სულელთ; მათ მოიმოქმედეს დიდი გმირობა, ხოლო მცირედის შეუსრულებლობისათვის დაჰკარგეს ყველაფერი“.

მოკლედ, ქრისტეს ამ იგავში ქალწულება როდი აღნიშნავს მხოლოდ ერთ ხორციელ სისუფთავესა და კეთილგონიერებას, სულიერი გაგებით, ქალწულის სახით უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს სარწმუნოების წმიდად აღიარება, როგორც პირიქით, - ერესი და ღვთისაგან ყოველი განდგომილება, შეიძლება, ქალწულების დარღვევად მივიჩნიოთ. ასეთი გაგებით ქალწულები იგავში აღნიშნავენ ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს, რომელიც მოელის ყველას განსჯად მომავალ ჩვენს უფალს - იესო ქრისტეს, რათა მისგან საუკუნო ცხოვრება მიიღონ. მაგრამ ყველა მართლმადიდებელი მორწმუნე როდი ცხოვრობს იმ რწმენის შესაფერისად, რომელსაც ბაგენი აღიარებენ: ერთნი ცხოვრობენ ღვთის მცნებებით და თავიანთ რწმენას აჩენენ კეთილ საქმეებში; ესენი არიან ბრძენი ქალწულები; სხვები რჩებიან ქრისტიანებად უფრო სახელით, ვიდრე სულით, ცხოვრობენ უზრუნველად, და თუ მაინც აკეთებენ კეთილ საქმეს, ამას ისინი იქმან გულის გარეშე, ესენი არიან სულელი ქალწულები, უგუნურები, სიბრძნეს მოკლებულნი. ოხ, როგორ ბევრია ჩვენ შორის ასეთი ნახევრადქრისტიანი!... ამაშია სწორედ საშიშროება მათი, რომ თავიანთ თავზე ფიქრობენ: ჩვენ არა ვართ ისეთები როგორც წარმართნი, რომელთაც არ სწამთ ღმერთის, ჩვენ გვწამს მართლმადიდებლურად და ვაკეთებთ სიკეთეს: ნუთუ ხელს გვკრავს ჩვენ უფალი? რამდენია ჩვენზე უარესი“... და თავიანთ უზრუნველობაში ისინი ეძლევიან სულიერ თვლემას, ავიწყდებათ რა, რომ ვისაც არაფერი აქვს, ჩამოერთმევა ისიც, რის ქონასაც ფიქრობს იგი, წაერთმევა ის მცირე ნაწილი ღვთის მადლიანი წყალობისა, რაც ღვთის მოწყალებით, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს... მათი სახლი ქვიშაზე შენდება; მადლიანი სიტყვის თესლი მათთვის ქვიან ადგილზე ეცემა და ისინიც ამთავრებენ სიცოცხლეს ამ სულიერ უგრძნობელობაში...

რას ნიშნავს სანათურები და ზეთი ჭურჭელში? წმ. ოქროპირი ამბობს: „სანათურებს უფალი აქ უწოდებს თვით ქალწულების მადლს, სიწმიდის მადლს, ხოლო ზეთს - კაცთმოყვარებას, გულმოწყალებასა და გლახაკთა შეწევნას“. ვიდრე ცოცხალნი ვართ, ვიდრე არ მიგვიტაცა სიკვდილმა, ავიღოთ სანათურები კეთილი საქმეებისა ჩვენს ხელთ და აღსრულდება ჩვენზე ქრისტეს სიტყვები: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მთ. 5,16), თუ ჩვენ, იაკობ მოციქულის მსგავსად, რწმენას ვუწოდებთ სხეულს, ხოლო საქმეებს - სულს, მაშინ ამ იგავში რწმენა არის სანათური, ხოლო კეთილ საქმეები - ზეთი ჭურჭელში. ხოლო, პავლე მოციქულის მსგავსად, კეთილ საქმეები მაშინ იქნება ღვთისათვის მოსაწონი, როცა ისინი გასულიერებულია რწმენითა და სიყვარულით, მაშინ საქმენი - სანათურია, ხოლო სიყვარული და რწმენა - ზეთი, რომელიც კვებას მას. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ბრძენი ქალწულებისათვის ზეთი ჭეშმარიტი, ეს ადამიანური შექებაა, რომელიც მთავრდება ადამიანის სიკვდილთან ერთად“. სიძემ დააყოვნა: ამით უფალი შეფარვით გვაჩვენებს, რომ არ უნდა ველოდოთ უფლის მეორედ მოსვლას უახლოეს დროში.

რას ნიშნავს „მიერულა ყოველთა და დაიძინეს“? „ეს არ ნიშნავს, - ამბობს ეპისკ. მიქაელი, - რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისას ყველა ქრისტიანი დაიძინებს ანდა არ იქნებიან, ფხიზელ მდგომარეობაში, ან იქნებიან უზრუნველობაში, რწმენაში გაგრილებულნი, არამედ მიუთითებს მხოლოდ ქრისტიანთა მუდმივ მოვალეობაზე, რომ იყვნენ ფხიზლად, იყვნენ მზად უფალთან შესახვედრად, ამიტომ ძილი არ მიანიშნებს სიკვდილს“. „ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო“ - ეს არის ოხვრა, რაზედაც ამბობს მოც. პავლე: „ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთა მთავრისათა და საყვირითა ღვთისაითა გარდამოხდეს ზეცით“ (1თეს. 4,16). უფალი გადმოვა ზეციდან, გადმოვა ანგელოზთა თანხლებით, რომლებიც არიან ზეციური სასიძოს მეგობრები; იახლებს თან საპატარძლოს - მოზეიმე ეკლესიის წმინდანებს, და მოელოდება მისალმებას მებრძოლი ეკლესიის მხრიდან, რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე იღვაწებს. ღაღადება გაისმე შუაღამისას: ებრაელებს სწამდათ, რომ მესია მოვიდოდა უეცრად, შუაღამისას, მსგავსად იმისა, როგორც წინაპრები გამოვიდნენ ეგვიპტიდან. ამ შუაღამით საოცრად ცოცხლად აისახება უფლის დღის უცაბედობა. მისი მოულოდნელი მოსვლა. თუ გვღალატობს საკუთარი საქმენი, მაშინ არაფერი გვიშველის, ამის სურვილიც რომ გამოვთქვათ. ასევე ქალწულები ეჭიდებიან შეუძლებელს... ეს ახსნა ნეტარმა აბრაამმა, როცა თქვა: „შორის ჩვენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსვლად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსვლად“ (ლკ. 16,26).

„წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქუენისა“. ვინ არიან ეს მოვაჭრენი? ისინი არიან ღატაკები. სად არიან ისინი? ისინი აქ არიან, და მხოლოდ ახლა შეიძლება მათი მოძიება, შემდეგ კი - აღარ. ამიტომ ნუ დახარჯავ ამაოდ შენს ქონებას ფუფუნებასა და ფუჭი დიდებისათვის, რადგან იქ ზეთი გახდება საჭირო შენთვის“. - ვინც ანთებს სანთელს სხვისთვის, იგი არ დაშრეტს თავისი სანთლის ნათელს: მაგრამ არავის შეუძლია გადასცეს სხვას ის, რაც შეადგენს მიუტაცებელ მონაპოვარს მისი სულისა, არ შეუძლია გადასცეს სიკეთე მისი გულისა, სისუფთავე, სინდისი, სიწმინდე... ბრძენი ქალწულები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათ აქვთ რაღაც ჭარბი, რომელიც, როგორც მათთვის არასასურველი, შეძლოთ გადაეცათ სხვებისათვის, ბედნიერნი არიან ისინი, თუ მათი საკუთარი სანთებლები ისე კაშკაშად ანთია, რომ მათ შეუძლიათ შესვლა საქორწინო ლხინის სიხარულში. „ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ“ - გვაჩვენებს ჩვენ, რომ ჩვენი ამქვეყნიური გარჯა ძალზედ მცირეა იმქვეყნიურ საბოძვართან შედარებით (წმ. ეფრემ ასური). ამიტომ არასწორი და ცრუა სწავლება კათოლიკებისა რაღაც ზედამსახურებათა შესახებ წმიდანებისა. ღვთის სამსჯავროზე: მართალი ძნიად განერეს“ (1 პეტ. 4,18). სულელი ქალწულები წავიდნენ ზეთის საყიდლად, - ამბობს წმ. ოქროპირი. - მაგრამ ამით ვერ მიიღეს ვერანაირი სარგებელი: იესო ქრისტე გვაჩვენებს, რომ ჩვენ კიდეც რომ შევიქნეთ ადამიანთაგან დიდად შეყვარებულნი შემდგომ სიკვდილისა, ეს ჩვენ ვერ აგვარიდებს წამებასა და სატანჯველს. მათთვის უსარგებლო იყო თვით გულმოდგინებაც კი, რადგან იგი არ იყო აქ, იქ კი ეძებდნენ გამყიდვლებს, ასევე ვერ მოუტანა სარგებელი მდიდარს, როცა იგი კაცთმოყვარე შეიქმნა, იწყო ზრუნვა და წუხილი თავისი ნათესავებისათვის. ის, რომელიც მის წინ მწოლიარე გაჭირვებულს გულგრილად უვლიდა გვერდს, ახლა ეშურება გეენისაგან იხსნას ისინი, რომელთაც უკვე ვეღარ ხედავს: მაგრამ ახლა ყველაფერი უაზრობაა“...

„და დაეხშა კარი“... რომელი კარები ? ეს არის კარები, განხმული აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, რათა დაამკვიდროს აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან, ცათა სასუფეველში. ეს ის კარებია, რომელიც გვეუბნება; „ჩემსკენ მომავალს, არ განვაგდებ“. ახლა ის ღიაა, მაშინ კი სამუდამოდ დაიხურება. მკვლელები მიდიან და მათ უშვებენ იქ, მეზვერნი და მეძავნი მიდიან და ღებულობენ, და კარები მათთვის არ იხურება, რადგან ქრისტე პატიობს მონანულებს. მაგრამ რას ამბობს იგი შემდგომ? და დაეხშა კარი „აღარავისი სინანული, აღარავისი ლოცვა, აღარავისი გოდება აღარ იქნება შესმენილი. დაიხურა კარი, რომელმაც მიიღო დავითი სიძვით დაცემისა და კაცისკვლის შემდგომ, რომელმაც არა მარტო არ მოირიდა პეტრე მისი სამჯერ განდგომის შემდგომ, არამედ გასაღებებიც უბოძა მას სასუფეველისა... კარები დაეხშა და მოისმის ხმა საშინელი: არ გიცნი თქუენ“. მე არ გღებულობთ თქვენ, რადგან თქვენ არ გინდოდათ ჩემი ცნობა. მე ვერ მივიღებ ისეთ სიყვარულს, რომელიც არ არის შერწყმული ჩემგან შეყვარებულებისადმი გულმოწყალებასთან: „განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ. 7,23)... უგუნურ ქალწულთა სამუდამოდ ხვედრი გადაწყდა და კარები მათთვის აღარასოდეს გაიხსნება. „ცათა სასუფეველი, - ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით, არის ადგილი, სადაც მტერი ვერ შედის, და საიდანაც მეგობარი ვერ გამოდის“. მრავალი ძალისხმევის შემდგომ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - უამრავი გარჯის შემდგომ, უმკაცრესი ბრძოლებისა და ძლიერ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე გამარჯვების შემდეგ, სირცხვილისაგან თვალებდათხრილი ქალწულნი განეშორნენ ჩამქრალი სანათურებით... არაფერი ისე არ აბნელებს ქალწულებს, როგორც მოწყალების ნაკლებობა“.

ცდილობს რა მოგვარიდოს ჩვენ ასეთი ხვედრი, უფალი ამბობს: „იღვიძებით უკვე, რამეთუ არ იცით დღე იგი, რაცა ჟამი“. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ ხშირად იმეორებს იესო ქრისტე ამ სიტყვებს, რითაც გვაჩვენებს, რომ სიკვდილის ჟამის უცოდინარობა სასარგებლოა ჩვენთვის. სად არიან ისინი, რომლებიც ეწევიან უზრუნველ ცხოვრებას და იქადიან: ჩვენ გარდაცვალებისას ყველაფერს დავუტოვებთ ღარიბებს? დაე, მოისმინონ მათ ეს სიტყვები და გამოსწორდნენ. ბევრი, ძალზედ ბევრი, იქნა მოტაცებული სიკვდილისაგან უეცრად, ისე, რომ ვერც კი მოასწრეს ახლობლებისათვის რაიმეს თქმა. „უცნობია ყველასათვის ჟამი სიკვდილისა, რადგან ის რომელმაც აღუთქვა მონანულს პატიება, არ პირდება მცოდველს ხვალინდელი დღის დადგომას. „ამიტომ ხშირად ვიმეოროთ ჩვენს გულში დამამშვიდებელი ეკლესიური გალობა: „აჰა ესერა სიძე მოვალს ღამესა, და ნეტარს არს მონა იგი, რომელი იპოვის მღვიძარედ: ხოლო ვაი არს მონისა მისი, რომელი იპოვის უდებებით. იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არ გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთუე და ჰხმობდი, წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ“ (დიდი ოთხშაბათის ტროპარი).