მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იგავი ტალანტებზე

მათე 25, 14-30

ქალწულებზე იგავში ქრისტემ გვაჩვენა, რას ითხოვს იგი ჩვენი მორწმუნე გულისაგან, ტალანტებზე იგავში კი გვასწავლის, როგორ უნდა მოემსახუროს ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნე თავისი ნებით, მთელი თავისი მოღვაწეობით. უგუნური ქალწულების სამწუხარო ხვედრმა უნდა მოგვარიდოს გულგრილობასა და დაუდევრობას სულიერ ცხოვრებაში, აქ კი ზარმაცი მონის ხვედრი განიკითხავს ჩვენს უზრუნველობასა და უსულგულობას ჩვენი მოწოდების საქმეში, მოყვასის სიკეთისათვის ჩვენს მსახურებში. ქალწულებზე იგავი ჩვენგან ითხოვს დიდ გულმოდგინებას ღვთისმოსაობასა და მოყვასის შეწყალებაში, ტალანტებზე იგავი კი მოვალეობის მთელი მონდომებით აღსრულებას, რათა მხიარულნი და არა დამწუხრებულნი წარვდგეთ ღვთის წინაშე ანგარიშწორებისათვის ბოლო დღეს. უმიზეზოდ როდი წარმოთქვა უფალმა იგავი ქალწულებზე, ტალანტებზე იგავის წინ. „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს“ (სიბრ. 1,4): არწმინდა გულიდან ვერ გამოვა სრულიად სუფთა, ანგარო, წმინდა სურვილები და მოქმედებანი. მიტომ თითოეული ყველაზე უწინ უნდა გაისარჯოს თავისი გულის განწმენდაზე ბოროტი ვნებებისაგან, რათა გაზარდოს მასში წმინდა გრძნობები ლოცვისა და სიყვარულისა, შემდეგ კი მოემსახუროს მოყვასს იმ ნიჭით და ტალანტით, რაც მას მიღებული აქვს ღვთისაგან. ასეთი განაწესი სულიერი საქმისა: ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლებოდეს ლაპარაკი თავისი სიზარმაცისათვის მობოდიშებაზე. „მე ჯერ კიდევ არასაკმარისად გავისარჯე საკუთარი გულის ვნებათაგან განსაწმენდად, საკუთარი თავისათვის, მე ჯერ არ ვარ მზად გავისარჯო მოყვასის გადასარჩენად. საკმარისია ჩემთვის ზრუნვა საკუთარი სულისათვის“... თავად არ უნდა აღძრა გმირობისათვის თავი, მაგრამ, როცა ხმობს ღმერთი, მიგანიშნებს შემთხვევაზე - არ უნდა მოირიდო იგი: აი, ამას გვასწავლის უფალი ტალანტებზე იგავით.

გინდათ იცოდეთ, - თითქოს ასე ეუბნება უფალი თავის მოციქულებს, - როგორ მოიქცევა ძე კაცისა თავისი მოსვლისას და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რომლებიც მის მისვლას მოველით? მოისმინეთ კიდევ ერთი იგავი; ვითარცა იგი რაჟამს წარვალნ კაცი შორეულ მოგზაურობაში და მოუწესნ მონათა თვისთა, არა დაქირავებულ მუშებს, არამედ იხმობს თავის საკუთარ მონებს, რომელთაგანაც შეეძლო მკაცრად მოეკითხა გაუმართლებლობისათვის, და მისცის მათ მონაგები თვისი, გადასცა მთელი თავისი კაპიტალი, ფული, და რომელსამე, უფრო მეტად გულმოდგინესა და ნიჭიერს მისცა ხუთი ქანქარი, და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად - კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და უნარის მიხედვით, რათა მათ ეს ფული ესარგებლებინათ, და მეყუსეულად წარვიდა. ბატონის არ ყოფნაში, თითოეულ მონას შეეძლო ემოქმედა თავისუფლად, როგორც თავად ისურვებდა. ასეც მოხდა. პატიოსანი და კეთილსინდისიერი მონები მაშინვე შეუდგნენ საქმეს: ხოლო წარვიდა რომელმან იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა ჩაუშვა ის საქმეში, და შესძინა თავისი გარჯითა და მონობით სხუაიღა ხუთი ტალანტი, ეგრეთვე მოიქცა ის მონა, რომელმან იგი ორი მიიღო და მანაც შესძინა სხუაი ორი. მაგრამ ასე როდი მოიქცა მესამე მონა; ხოლო რომელმან იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვერცხლი იგი უფლისა თვისისა, მას არ უნდოდა გარჯა, თავის დატვირთვა საზრუნავებით, - მას უნდოდა ესარგებლა ბატონის არყოფნით, რათა თავისუფლად და უზრუნველად ეგრძნო თავი.

შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა, დაბრუნდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყუა-ჰყო მონათა მათ თანა, თავის მსახურებს მოსთხოვა ანგარიში. სიხარულით გამოცხადდნენ თავიანთ ბატონთან ერთგული და პატიოსანი მონები: და წარმოდგა, რომელმან იგი ხუთი ქანქანი მიიღო, და მოართუა მას სხუაიღა ხუთი ქანქანი, რომელიც მან შრომითა და გარჯით მოიპოვა, და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქანი მომეც მე, აჰა ესერა სხუაიღა ხუთი ქანქანი შევსძინე, მიიღე ისინი შენ, ჰრქუა მას უფალმან მისმან, რომელიც მეტად კმაყოფილი დარჩა თავისი მონის გულმოდგინებითა და ერთგულებითა: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; მე მოგანდობ შენ უფრო მეტს. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა, გაიზიარე ჩემთან ერთად სიხარული, იყავი მონაწილე ჩემი სადღესასწაულო ლხინისა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰქრუა: უფალო, ორი ქანქარა მომეც მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე: მიიღე ისინი, ჰრქუა მას უფალმან მისმან, რომელმაც, ასევე იყო რა გახარებული მონის ერთგული სამსახურით, მის მიმართაც გამოხატა თავისი კეთილი განგებულება: კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. - დადგა რიგი უკანასკნელი მონისა. არ არის ძნელი მისახვედრი, რატომ დააყოვნა მან ბოლომდე მისვლა: მას სინდისი აშინებდა, გაურკვევლობაში იყო, არ იცოდა როგორ ემოქმედა, თავისი უზრუნველობისათვის თავი როგორ ემართლებინა. მართალია მან არ გააბნია მიბარებული თანხა მსგავსად უსამართლო გამგებლისა, არ გაფლანგა მიცემული ქონება ცუდად, მსგავსად უძღები შვილისა, არც გაასესხა ათობით ათასობით ტალანტი შეუბრალებელ მონის მსგავსად, მაგრამ მან არ შეასრულა თავისი ბატონის ნება, მან გამოიჩინა შეუწყნარებელი სიზარმაცე და მოუქნელობა; შურის გრძნობა თავისი ბედნიერი მეგობრების მიმართ მასში მისი უმოქმედობის გამო შიშის გრძნობაც, საკუთარი ჯავრი და წყენა გადაწყვიტა თავის ბატონზე გადმოენთხია და აი, ამ ბოროტი გადაწყვეტილებით, როგორც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, ყველაფერზე წავიდა და ბატონთან კადნიერად შევიდა: მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, ვიცი მკაცრი და შეუბრალებელი ხარ, მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეს, და შემეშინა შენგან მიცემული ფულის დახარჯვა, რომ საერთოდ არ დამეკარგა იგი, და ამისათვის მკაცრი სასჯელი არ მიეღო შენგან, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა, ჩავფალი მიწაში, რათა უკიდურეს შემთხვევაში შენთვის უკლებლივ მაინც დამებრუნებინა: მიიღე თანხა უკან; აჰა ესერა შენი შენთანა არს. არც მეტი არც ნაკლები, იმდენი, რამდენიც მოცემული გქონდა. მან თავიც კი მოიწონა იმით, რომ ბატონს ყველაფერი უკლებლივ დაუბრუნა. თითქოს ვერც კი შეამჩნია, რომ დიდად შეურაცხყო ბატონი, როცა მას მკაცრი და შეუბრალებელი უწოდა, რითაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა: თუ ბატონი მკაცრია, მაშინ მით უფრო უნდა გარჯილიყო მისი ნების შესასრულებლად და შიშიც მეტად უნდა ჰქონოდა; თუ ბატონი ითხოვდა სხვისასაც, მით უფრო არ მოითხოვდა იგი თავისას? და ბატონმაც მაშინვე წარმოთქვა თავისი სამართლიანი განაჩენი ამ ზარმაც და უტიფარ მონაზე: მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! ბოროტო, იმიტომ რომ თავის დაცვას ცდილობ ჩემზე ცილისწამებით და გინდა მომატყუო სიცრუით, და მედგარო ზარმაცო, როგორც ამას ამტკიცებ საქმით, მე გაგასამართლებ შენივე სიტყვებით: უწყოდე იცოდი რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიეს: დავუშვათ მე მართლა ასეთი ვარ, როგორც შენ წარმომიდგენ: მკაცრი, ულმობელი, შეუბრალებელი, მაგრამ შენ ხომ მაინც გევალებოდა ჩემი ნების აღსრულება, თუ სიყვარულითა და ჩემი ერთგულებით არა, როგორც ამას აკეთებენ სხვები, შიშის გამო მაინც, რომ მე მკაცრად მოგთხოვდი და ეს შენ შეგეძლო გაგეკეთებინა ყოველგვარი ზიანისა და საკუთარი თავისადმი მტრობის გარეშე: ჯერ იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, ჩემი ფული უნდა მიგეცა მიმოქცევაში, და ნამატს მოიტანდა იგი, შენი გარჯის გარეშეც, თუმცა იმდენს არა, რამდენს იგი მოიგებდა მაშინ, როცა შენ ამისათვის კეთილად გაირჯებოდი, თავს არ დაზოგავდი მონდომებითა და კეთილგონიერებით. შენ თავად არც კი დაგჭირდებოდა გარჯა ჩემი თანხის დაბრუნებისათვის: და მომცავედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. - შემდეგ ბატონმა მიმართა სხვა მსახურთ და უთხრა მათ: ეს მონა მე ბრალსა მდებს ანგარებაში, თუმცა ახლა მან დაინახა, თუ როგორ უხვად დავაჯილდოვე ჩემი ერთგული და გულმოდგინე მონები. ამიტომ მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. დაე, მან იცოდეს, რომ მე სიძუნწის გამო კი არ ვითხოვ ტალანტების გამრავლებას, არამედ თქვენივე კეთილდღეობისათვის. ვინც კეთილად შრომობს, იგი თავის მონაგებს ამრავლებს, ხოლო უზრუნველი და დაუდევარი იმასაც კარგავს, რაც მისი იყო: რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; შრომისმოყვარესა და გამრჯეს ხალისით აძლევენ ყველაფერს, ამიტომაც მათ ყოველივე უხვად აქვთ, ხოლო რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. ის, რასაც მოუქნელი და ზარმაცი თავისად თვლის, გადავა მუყაით და გამრჯე ადამიანთა ხელში. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა: და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა, ჩააგდეთ ყველაზე ღრმა და ბნელ საპყრობილეში: მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილათაი - დაე, იქ მთელი თავისი ცხოვრება უნუგეშობაში მყოფმა იტიროს და აუტანელ მწუხარებათა გამო კბილები აკრაჭუნოს!... და ამას რაი იტყოდა, როცა იგავი დაასრულა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ვისაც სურს იყოს ყურადღებიანი, იმან კარგად მოისმინოს და ყოველივე კეთილად გაითავისოს!

მივყვეთ უფლის ამ კეთილ მოწოდებას, ჩავწვდეთ მისი ღვთაებრივი იგავის აზრს, რათა მივიღოთ აქედან სულისათვის სარგებელი და ავირიდოთ უსარგებლო მონის ხვედრი. „ბატონი ამ იგავაში მოასწავებს შემოქმედ ღმერთს, ყოველივეს მჭვრეტელს, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - რომელიც თავის მონებს, ანუ მისგან შექმნილ ადამიანებს აძლევს მრავალგვარ მადლიან ნიჭს, განსაკუთრებით აქ იგულისხმება ღმერთკაცი იესო ქრისტე, რომელიც ამაღლდა რა ზეცას, „აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8), როგორებიცაა: სული წმიდის წყალობა, წმიდა სახარება, საიდუმლოებები და საერთოდ, მისი ღვთიური ძალით მოგვეცემა ჩვენ ყოველივე კეთილი ცხოვრებაში (2 პეტ.1,3). ეს განსხვავებული ტალანტები მოგვენიჭება თითოეულს „მსგავსად ძალისა თვისისა“, ანუ ჩვენი ქვეყნიური მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად. მოციქულებმა, მათზე სული წმიდის გადმოსვლის დღეს, მიიღეს განსაკუთრებული მადლიანი ნიჭი, რაც მათ სჭირდებოდათ თავიანთი დიდი მსახურების შესასრულებლად; მათი მემკვიდრენი, - ეკლესიის მოძღვარნი, ხელდასხმის საიდუმლოში ღებულობენ ასევე ღვთიური მადლის საბოძვარს“, უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს“. ყოველი ქრისტიანი ეკლესიის საუდუმლოებებით ღებულობს უფლის მადლის წყალობას, რომელიც განამტკიცებს მას სულიერ ცხოვრებაში, მკურნალობს მის სულიერ და ხორციელ უძლურებას, ანათლებს მის ოჯახურ ცხოვრებას, აკურთხებს ყოველ მის კეთილ წამოწყებას. ამ მადლიანი საბოძვარის გარდა თითოეული ადამიანი ღვთისაგან ღებულობს ბუნებით წყალობას: სხვადასხვა საშუალებასა და ხერხს ღვთისა და მოყვასის სამსახურებლად: ზოგი - ნიჭიერებითა და ბუნებით მიმადლებულო გონიერებით, ხელოვნებით, ცხოვრებუსეული და სულიერი გამოცდილებით, ზოგიც ფულადი სახსრებით და ა.შ. ყველა ეს ნიჭი ღვთისა იგავში იწოდება ტალანტებად. ღმერთმა იცის ვის რამდენი სჭირდება, ვინ რამდენის გამოყენებას შესძლებს სასიკეთოდ, და ამის შესაბამისად წყალობასა და ნიჭს კიდეც ანაწილებს: ვის ხუთ ტალანტს აძლევს, ვის ორს. ვიღაცას კი მხოლოდ ერთს. ღვთის მადლი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, არ აიძულებს და ამძიმებს მის ბუნებას, არ აყენებს ყველას ერთ დონეზე. ღმერთი, როგორც ყველას მოყვარული მამა, არიგებს თავის წყალობას ადამიანისდა მიხედვით. ვისაც არ ემარჯვება საზოგადოების მსახურება, იგი შეიძლება გამოსადეგი იყოს ახლობელთათვის ყველაზე უმდაბლეს საფეხურზეც. როგორც მთელი სხეული არ არის თვალი, არც ყური, ასევე ეკლესიაში არაა ყველა მმართველი და მასწაველებლი. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ადამიანი ნაკლებნიჭიერი შრომობს იმაზე უფრო მონდომებით, ვინც უფრო ნიჭიერი და უნარიანია, მაგრამ არის ზარმაცი და მოუქნელი; ქრისტეს იგავი სწორედ გვაწავლის, რომ ვინც მეტი მიიღო, მას მეტიც მოეთხოვება, მაგრამ მანაც, რომელმაც მიიღო ნაკლები, უნდა მისცეს ანგარიში. საერთოდ უნიჭო და უგუნური ადამიანები არ არსებობენ. ღმერთს: „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი“ (1 ტიმ. 2,4), ამიტომაც თითოეულს აძლევს თუნდაც ერთ რომელიმე ნიჭს, როგორც საშუალებას ცხონებისას. დიდი იყო ტალანტი სარეფთელი ქვრივისა? ერთი მუჭა ფქვილი და ცოტაოდენი ზეთი ჰქონდა მას შემორჩენილი, მაგრამ მან გაამრავლა იგი, გამოკვება რა ილია წინასწარმეტყველი. ხოლო მცირეოდენი შესაწირი სახარებისეული ქვრივისა, უფლის მიერ იქნა შეწირული და უფრო ძვირად შეფასდა, ვიდრე ფარისეველთა მდიდარი შეწირულობანი. „მართალია, - აგრძელებს მირტ. ფილარეტი, - ყველაფერი დამოკიდებულია მიცემულ ტალანტებზე, ურომლისოდაც მონები დარჩებოდნენ არაფრის გარეშე - უსარგებლონი, მაგრამ მარტო ერთი მიღება კი არა, არამედ საქმის კეთება და შემატება ახარებს უფალს და გასაოცარია, რომ რომელთაც მეტი აქვთ მიცემული, უფრო მეტის შემატებს ცდილობენ, ხოლო რომელმაც ნაკლები მიიღო, საერთოდ არ შეეცადა ესარგებლებინა მიცემული, რომ ჩვენ არა ვართ მოციქულნი, არც წმიდანები, არც მართალნი, არა გვაქვს მათი მადლი, და ამით თითქოს გვინდა გავამართლოთ ის, რომ ჩვენ ნაკლები გვაქვს სულიერი გმირობანი და სათნოებები. ხედავთ, ბოძებული ღვთის მადლი შეიძლება იქცეს ჩვენს განსასჯელად, რამეთუ მადლის მიმცემი არის ყოველივეს მხედველი და უკიდურესი მოწყალების შემდგომ სრულიად სამართლიანი მსაჯული: არ უშვებს, რომ მისი მადლი იქნას უნაყოფოდ გაბნეული და რათა უძლურების საფარს ქვეშ არ დაიმალოს ბოროტება და სიზარმაცე, იგი იტაცებს მოუფრთხილებელ და უსარგებლო წყალობას და გამოუსადეგარ მონას ტოვებს წყვდიადსა და სატანჯველში“.

იგავში ნათქვამია, რომ ბატონი მოვიდა „შემდგომად მრავლისა ჟამისა“. ამით უფალი ისევ მიუთითებს იმაზე, რომ მისი მოსვლა არც ისე ჩქარა იქნება როგორც ამას ფიქრობდნენ მოწაფენი. - აღნიშვნის ღირსია როგორი სიხარულით წარდგნენ ბატონთან ერთგული და მუყაითი მონები. მათი სინდისი არის სუფთა და დამშვიდებული; მათ შეასრულეს თავიანთი საქმე, როგორც შეეძლოთ. ბატონისადმი მადლიერების გრძნობით, რამეთუ მან ანდო მათ თავისი კაპიტალი. ისინი თავიანთ თავს კი არა, ბატონს მიაწერდნენ თავიანთ წარმატებას, თითოეული ამბობს: შენ მომეცი და მეც შევძინე მას. ე. ი. შენ რომ არ მოგეცა მე ვერაფერს შევიძენდი. ასე მდაბლად უყურებენ მართალნი თავიანთ საქმეებს. მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა გააკეთა ეს საქმე - ამბობს მოციქული პავლე. ჩვენ ვართ არაფრად ღირებული მონები... ასეთი მართალი ადამიანებისათვის სიკვდილიც კი არ არია საშიში. იგი მათთვის საქმიანი დღის დასასრულია, არც ღვთის სამსჯავროა საშიში მათთვის, რადგან მათი გული წინასწარ გრძნობს, რომ ისინი მოისმენენ ღვთისაგან სანატრელ ხმას; „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“, მიიღებთ იმას, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, არც გულს უნატრია. ერთგული მონისათვის არ არსებობს იმაზე მეტი ჯილდო, ვიდრე იყოს უფალთან და უმზიროს თავად უფლის სიხარულს, - ეს არის ყველაზე მაღალი ჯილდო“ - ამბობს ნეტარი იერონიმე.

„მიმღებელი ხუთი და მიმღებელი ორი ტალანტისა ღირსი გახდა ერთნაირი წყალობისა; ეს ნიშნავს, რომ მცირეს მოქმედიც მიიღებს დიდის მოქმედთა პატივის სწორს, თუ კი მისდამი მოცემულ სიკეთეს, როგორიც მცირეც არ უნდა იყოს იგი, კეთილად გამოიყენებს საჭიროების მიხედვით“ (ნეტარი თეოფილაქტე). - საყურადღებოა, რომ იგავში გამოუსწორებლად გვევლინება ერთი ტალანტის მიმღებელი მონა. შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო ხუთი ტალანტის მიმღებელიც; სამწუხაროდ, ცხოვრებაში არც თუ იშვიათად გვხვდება, როცა ღვთისაგან უხვად დაჯილდოებულ ადამიანებს, ასევე ბუნებითი სიკეთითა და სხვა ქვეყნიური საფასეებით მდიდართ არ სურთ ამ სიკეთეთა გამოყენება ღვთის დიდებისათვის. მაგრამ უფალი ასეთად იგავში წარმოგვიდგენს მონას ერთი ტალანტით, რათა გვასწავლოს, რომ მაღალი და აღიარებული მოვალეობა კი არა, ის კი არა, ბევრი თუ ცოტა მოგეცა ტალანტი, არამედ ის, რამდენად ერთგულად შეასრულე შენი ვალი. - აი რით შეიძლება გაიმართლო ღვთის მართლმსაჯულებაზე თავი. „სხვა იმ ფიქრით იმშვიდებს თავს, - ამბობს მიტ. ფილარეტი, - რომ მე არა ვარ ისეთი, როგორც ბოროტი მონა, რომელმან ჩაფლა მიწაში მოცემული ტალანტი და არაფერი გააკეთა კარგი: მე რაღაცას მაინც ვაკეთებ, მთლად უბედურება არ არის ის, რომ ზოგიერთ მცნებას ვერ ვიცავ, რომ გარკვეულ დროს ვერ ვუთმობ ღმერთს, როგორც ეკუთვნის მას, ის რომ ზოგი ჩემი სიკეთე პირადი კმაყოფილებისკეენაა მიმართული... ოხ, უგუნურო ჩემო თავო, შენ ისე არ მსჯელობ, როგორც სჯის ყოვლად მართალი ჩვენი უფალი, მხოლოდ მცირე სიკეთის ერთგულს აძლევს იგი ბევრს, და ამიტომაც, როცა არ ერთგულებ მცირეს, შენ თავად არიდებ შენ თავს უფლებას ბევრზე“... გასაოცარია ზარმაცი მონის უტიფრობა, მას არ რცხვენია თავის ბატონს პირისპირ უწოდოს შეუბრალებელი და ხარბი. ასევე დამყაყებულ და გამოუსწორებელ ცოდვილს შეუძლია იქამდე მივიდეს, რომ დაადანაშაულოს უფალი ღმერთი თავის დაღუპვაში, რომ თითქოს ღმერთი მოუწოდებს კაცს შრომისაკენ და არ აძლევს მას საჭირო უნარს და ძალას, ჰკიდებს ტვირთს და არ ატკბობს მის გულს. ზარმაცი მონა თავს იწონებს იმით, რომ ტალანტს მთლიანად უბრუნებს ბატონს. მაგრამ ამისთვის როდი მისცა ბატონმა მას ტალანტი, რათა მარტო შემოენახა არამედ, რათა გაემრავლებინა კიდეც იგი. მაგალითად, იმისათვის კი არ აძლევს უფალი სიმდიდრეს ადამიანს, რომ ციხეში გამოუსადეგრად ჩაკეტოს იგი, არამედ იმისათვის, რომ კეთილს უყოფდეს მოყვასს და ამ მხრივ გაამრავლოს ღმერთის დიდება; იმისათვის კი არ გვაძლევს უფალი გონებას, სიტყვას, ძალასა და ნიჭიერებას, ხორციელსა და სულიერს, რათა ადამიანმა არაფერი გააკეთოს, არამედ იმისათვის, რომ ყველაფერი ეს გამოიყენოს ახლობელთა სასიკეთოდ და ამ გზით კიდევ უფრო განამტკიცოს საკუთარ თავში ეს ღვთის სიკეთენი ღვთისავე დიდებისათვის და თავის გადარჩენისათვის. ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან სწორედ ის მოვაჭრენი, რომელთაც უნდა განამრავლონ ჩვენი ტალანტები: მონაგები - მათთვის არის კეთილი საქმეები, ჩვენი სწავლების მიხედვით, ღვთისადმი გამოხატული მადლიერებანი იმ სიკეთისთვის, რაც მათ ჩვენგან აქვთ მიღებული, და მათი ლოცვებით ჩვენი გადარჩენა მარადიული ცხოვრებისათვის. - სინამდვილეში, ღვთისათვის ამ სიკეთეთა დაბრუნება შეუძლებელია: წყალობა და მოწოდება ღვთისა დაურღვეველია, - ამბობს მოციქული, ისინი შეიძლება ან გამრავლდეს, ანდა საერთოდ დაიკარგოს. და ზარმაცი მონა მხოლოდ იქადის, რომ თითქოს იგი თავისი ნებით აბრუნებდა უკან ტალანტს. სინამდვილეში ტალანტი მას ჩამოერთმევა. „მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე“ - ამბობს ბატონი. ასევე ემართებათ მათაც, ვინც არ იყენებს ღვთის წყალობას ღვთის დიდებისათვის. ყველა ქვეყნიურ სიკეთეს სტაცებს ადამიანს სიკვდილი, სულიერი და ხორციელი ძალები და შესაძლებლობები, თუ ადამიანი არ ასარგებლებს იმათ, ხშირად ჩლუნგდება, უმოქმედობისაგან თანდათან ღარიბდება, ასე, რომ სიცოცხლის ბოლოს არცთუ ისე იშვიათად, ადამიანი მხოლოდღა წარმოისახავს, რომ იგი ფლობს მათ, სინამდვილეში კი ნებისმიერი საქმისათვის გამოუსადეგარია. ასე აღსრულდება მათზე ქრისტეს სიტყვა: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს: და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მოვეეღოს მისგან.“ ჩვენც ხშირად ვხედავთ, რომ ნიჭიერი და უნარიანი, მაგრამ ზარმაცი კაცის ადგილზე დგება სხვა, უფრო გულმოდგინე და მონდომებული და ამგვარად მდიდრდება იგი იმ ტალანტით, რომელიც ნიჭიერს წაერთვა, აი, რატომ ამბობს წმ. ოქროპირი: „ვინც მიიღო ნიჭი სიყვარულისა და სწავლებისა სხვათა სიკეთისათვის, და არ ასარგებლებს მათ, იგი თავად ღუპავს ნიჭიერებას... ასე, რომ, ყური მივუგდოთ ამ სიტყვებს ვიდრე ამისი დროა, უნდა ვიზრუნოთ ტალანტის შესაძენად, რადგან თუ აქ ვიქნებით ზარმაცნი და ვიცხოვრებთ უზრუნველად, იქ, მომავალში არავინ გაგვიწევს ჩვენ თანაგრძნობას. ცრემლის მდინარენიც რომ ვღვაროთ მაშინაც კი. შენ არა ხარ ღატაკი იმ ქვრივ დედაკაცზე მეტად, არც პეტრე და იოანე მოციქულთა წოდებაზე დაბლა დგახარ, რადგან ისინი გამოსული იყვნენ სრულიად უბრალო ხალხიდან და არც რაიმე განათლება ჰქონდათ. ამიტომაც მოგვცა ღმერთმა ნიჭი სიტყვისა, ხელი, ფეხი, სიძლიერე სხეულისა და გონება, რათა ყოველივე ეს გამოვიყენოთ ჩვენ საკუთარი ხსნისათვის და მოყვასის სასიკეთოდ. სიტყვა გვჭირდება ჩვენ არა მხოლოდ გალობისა და მადლიერებისათვის, არამედ სხვათა სწავლებისა და ნუგეშისათვის. თუ ასე ვსარგებლობთ იმ სიკეთენით, მაშინ მივემსგავსებით უფალს, ხოლო თუ პირიქით, - მაშინ ვემსგავსებით ეშმაკს“.