მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იუდასაგან ქრისტეს გაცემა

მათე 26,45-56

დასრულდა დიდი ლოცვითი გმირობა იესო მაცხოვრისა. ლოცვამ გააძლიერა მისი სული, მისმა ადამიანურმა ნებამ მთლიანად მიუძღვნა თავი ზეციური მამის ნებას, - თავისი ადამიანური ნებით იგი უკვე ავიდა ჯვარზე და გაეკრა; მხოლოდ სხეულის ატანაღა იყო დარჩენილი, და ტანჯვა-წამებისათვის თავის მიცემა. ხედავდა რა ყოველივეს, რაც მას უნდა შემთხვეოდა დაასრულა ლოცვა და მესამედ, უკვე უკანასკნელად, მივიდა თავის მოწაფეებთან და ძილისაგან გამოაღვიძა მარტო სამი კი არა, არამედ დანარჩენებიც. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ საყვედურითა და მწუხარე სიყვარულით: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ; საქმე უკვე დასრულდა, დრო, როცა შეგეძლოთ ჩემთან გაგეზიარებინათ მწუხარებანი, გავიდა: აჰა, ესერა, მოახლოებულ-არს გადამწყვეტი ჟამი, ღვთის განგებულებით განაზღვრული და ძე კაცისა მიეცემის ხელთა ცოდვილთასა. ადექით, წავიდეთ გამცემელთან შესახვედრად, - იგი უკვე ახლოსაა: აღჰსდეგით, წარვედით ამიერ; აჰა, ესერა, მოიწია მიმცემელი ჩემი. ამ სიტყვებით მას უნდოდა ეჩვენებინა მოწაფეთათვის - ამბობს წმ. ოქროპირი - „რომ მასზე აღსრულდა ცოდვილთა ბოროტი საქმე არა მისი ცოდვების გამო, რომ ყველაფერი, რაც მის თავს ხდებოდა, არ იყო აუცილებლობით გამოწვეული, ანდა სისუსტის მიზეზით, არამედ უმაღლესი განგებულებით, რამეთუ იგი წინასწარ ხედავდა, რომ მოვიდოდნენ მისი მტრები, და ამის მიუხედავად, არსად გაქცეულა, არამედ წავიდა მათთან შესახვედრად“. რამხელა სიმტკიცე, დიდებულება და სიმშვიდე გაისმის ჩვენი უფლის ამ სიტყვებში! „შეიძლება ვიფიქროთ - ამბობს მთ. ეპ. ფილარეტი (ჩერნიგ.), რომ ამას ამბობს არა ის, რომელიც ჩვენ ვნახეთ ორიოდე წუთის წინ მწუხარებისგან ღონემიხდილი. როგორი საკვირველი გადასვლა მოხდა დარდისა და სისუსტის მდგომარეობიდან სიმტკიცისა და შეურყევლობის მდგომარეობაში! იგი თავად მიდის მტრებთან შესახვედრად, იგი თავისიანებსაც უხმობს მათთან მისასვლელად. იგი მიდის გარკვეული ხედვით თავისი მომავლისა, იგი ხედავს სულით იუდას, რომელსაც ჯერ ვერ ხედავდნენ მოწაფენი, - ხედავს და უწოდებს ნამდვილ სახელს მათ, რომლებმაც უნდა განაგონ მისი ბედი“.

და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა, იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი, მახვილებითა და წათებითა, მღუდელთ-მთავართაგან და მოხუცებულთა ერისათა. გეთსამანიის ბაღის შემაღლებული ადგილიდან, მთვარის შუქზე, უკვე ადვილად შესამჩნევი გახდა ხალხი, რომელიც წამოვიდა იერუსალიმის აღმოსავლეთის კარიბჭედან, გადაიარა კედრონის შენაკადი და გაემართა გეთსამანიის ბაღისაკენ. იუდამ გააკეთა ეშმაკის საქმე. და აი ბრბო, შუაღამის სიჩუმეში, უახლოვდებოდა გეთსამანიის ბაღს, მას წინ მიუძღოდა ადამიანი, რომლის სახეზეც ადვილად დაინახავდა კაცი ბოროტებას, გამცემლობას, დაბნეულობასა და შიშს. ეს იყო უბედური იუდა... ისინი მიდიოდნენ იმის შესაპყრობად, რომელიც ისეთი მშვიდი და უწყინარი იყო, რომ სანათურიც კი არ ჩააქრო დაუცველ ადგილზე. ისინი მოდიოდნენ ანთებული ფარნებითა და ჩირაღდნებით, „მიუხედავად იმისა, რომ იყო სრული მთვარე. თითქოს საგანგებოდ იყო დასაჭერი ვიღაც მიწისქვეშეთში. დაცვასა და მსახურებს, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ უწყებული, თუ ვის წინაამდეგ იყვნენ გამოსულები, ეს იცოდნენ მხოლოდ იქ მყოფმა სინედრიონის წევრებმა. ღამის სიბნელე და დიდი ხეების ჩრდილი გააძნელებდა უფლის ცნობას. ამიტომ საჭირო იყო რაღაც ნიშანი, რათა ამით ეცნოთ, თუ ვინ იყო შესაპყრობი. იუდამ, ამისათვის შეარჩია ამბორი: ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად, და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და ატარეთ ფრთხილად, რომ უვნებლად წარვადგინოთ იქ, სადაც ჯერ არს, რათა არ აღშფოთდეს ხალხი... „ოხ, როგორი ბოროტის საქმით დაიმძიმა იუდამ სული! - ამბობს წმ. ოქროპირი, - „როგორი თვალით უყურებდა იგი მაშინ მასწავლებელს? როგორი ბაგეებით ეამბორა მას დამნაშავე სული! რაზე ფიქრობდა, რამ გააბედინა ასეთი საქციელი? მას იმედი ჰქონდა მასწავლებლის სიმშვიდისა, მაგრამ სწორედ ამ სიმშვიდეს ყველაზე მეტად უნდა გაენადგურებინა იგი და ყოველგვარი გამართლება ჩამოერთმია მისთვის“. „მაგრამ აერჩია, თუნდაც ბოროტების გარეშე“, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი - გაცემის ნიშნად ის მოქმედება, რომელიც ქრისტეს მცირე კრებულში მიჩნეული იყო მეგობრობისა და სიახლოვის გამოხატვად, და ასე გამოარჩევდა მას რაბინების საზოგადოებიდან, სადაც მოწაფენი ღებულობდნენ ამბორს რაბინთაგან, თავად კი ვერ ბედავდნენ მის მიცემას, - ეს იყო არა მარტო ბოროტება, არამედ უგუნურობაც, რომელიც გარეგნულად გაკვირვებაში მოიყვანდა თვით გულთამხილველებსაც“. და მეყუსეულად მოუხდა იესოს და ჰრქუა: გიხაროდენ მოძღუარ! მოგესალმები, მასწავლებელო, და ამბორს უყო მას. „რომელი წმიდა ადამიანი შეძლებდა თავისი გამცემელისაგან ამბორის მშვიდად მიღებას? შენ კი, ზეცის სიმშვიდევ, მდაბლად და რამის მწუხარე სიყვარულით, ეუბნები გამცემელს: ჩემო მეგობარო, რატომა ხარ აქ? (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნ.). ხოლო იესო ჰრქუა მას: მოყუასო, რაისათვის მოსულხარ? - რაბი, რაბი, გაიმეორა იუდამ, და სიტყვა შეეყინა ბაგეებზე: - მაშინ უფალმა ნაღვლიანი საყვედურით შეაჩერა იგი: „იუდა! ამბორის ყოფითა მიჰსცემა ძესა კაცისასა?“ (ლკ. 22,48), იმას გასცემ, ვისაც ასე ძალიან უყვარდა, ასე გიცავდა შენ, ასეთი პატივის ღირსი გაგხადა, რომ იყავი მისი ერთ-ერთი უახლოესი მოწაფეთაგანი? „როგორი ძალით გვეუბნება ჩვენი ეს ზეციური სიმშვიდე: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა!“ აი როგორ უნდა გადავიტანოთ წყენანი, ახლობელი ადამიანებისგან მიღებული, ჩვენი მეგობრებისგან, ნათესავებისგან, იმ ხალხისგან, რომელთათვისაცბევრი სიკეთე გაგვიკეთებია! უწოდა რა უბედურ მოწაფეს მეგობარი, უფალს სურდა ეჩვენებინა მისთვის, რომ ღვთაებრივი სიყვარული ჯერ კიდევ მზად იყო მიეღო იგი და ახლაც აჩვენებს სიყვარულის ტკივილს უბედურ მოწაფეზე; სიყვარულის სულით სურდა უფალს შეერბილებინა და განეკურნა მისი სულის ჭრილობა! აი სიყვარული, რომელიც არ ფიქრობდა თავის საშიშროებაზე და ზრუნავდა მტრის მძიმე მდგომარეობაზე!“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნ.). - უფლის ეს სიტყვები საკმარისი იყო, რათა გამცემლისთვის დაენახვებინა საკუთარი თავი. მან მთელი სიშიშვლით წარმოადგინა მისი საშინელი საქციელი. რა შეეძლო ეპასუხა დამნაშავე მოწაფეს თავისი მასწავლებლისა და უფლისათვის? იგი დუმდა, რადგან ბოროტი საქმე თავისას ამბობდა, იმიტომ, რომ თავისი კეთილისმყოფელის წინაშე არაფერი ჰქონდა სათქმელი, როგორც ამას გამოხატავს წმ. ეკლესია საგალობელში: „რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა, განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა? ნუ უკუე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკუე, სერობასა ტაბლისა მისგან, განგაყენა, ანუ სხუათა ფერხნი დაჰბანნა, და შენ უგულებელგყო? ჰოი რაოდენთა კეთილთა, დამავიწყებელ იქმენ... (დიდი პარასკევის საკითხავი).

„მზაკრული ამბორით გაცემული მაცხოვარი უჩვენებს თავის მტრებს, რომ იგი მათ თავს გადასცემს საკუთარი ნებით, რომ მისი სულის გარეშე ვერც გამცემელი, ვერც ისინი ვერაფერს შეძლებდნენ. მიმართა რა ხალხს, იესომ ხმამაღლა იკითხა: ვის ეძიებთ?“ (მთ. ეპ. ინოკენტი, ხერ.). „იესო ნაზარეველს“ - უპასუხეს იქიდან. „მე ვარ“ - მიუგო იესომ. „მოისმინეს რა ეს სიტყვები, შეიარაღებული დაცვა, როგორც რაღაც დიდი დარტყმისაგან, ჩავარდა დიდ დაბნეულობაში, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - ბევრმა უნებურად უკან დაიხია, ბევრი კი შიშისაგან მიწაზე დაემხო. იესოს ბაგეთაგან გამოსულ მოკლე სიტყვებში ჩანდა, რომ რაღაც საიდუმლო ძალა იყო ჩადებული, დაუძლეველი და ყოვლისშემძლებელი. თითქოს ელვამ გაიელვა იმათ სახეებზე და ეს იყო შედეგი არაჩვეულებრივი სულიერი ძალისა, რასთანაც ახლა შერწყმული იყო წმიდა გადაწყვეტილება ჯვარზე ასვლისა, - და გარკვეული ანარეკლი ღვთიურობისა, რომელიც იყო იესო ქრისტეს სხეულში. როცა ხალხის ბრბო დამშვიდდა პირველი შიშის შემდგომ, იესო მიუახლოვდა მათ და ხელახლა ჰკითხა: „ვის ეძიებთ“? ბრბომ უპასუხა უფრო თამამად, რომ ეძებდა იესო ქრისტეს. ზოგიერთები მსახურთაგან, უფრო უტიფარნი, შეეცადნენ მოწაფეთა შეპყრობასაც. „გარნა არ გითხარით, - უპასუხა ქრისტემ, - რომ ეს მე ვარ? თუ მე მეძებთ, მაშინ მიატოვეთ ისინი. დაე, წავიდნენ“. დაცვა უნებურად დაემორჩილა, მათთვის ჯერ კიდევ საშიშ ხმას. ასე აღსრულდა წინასწარმეტყველებით სიტყვა იესო ქრისტესი: „ვითარმედ რომელნი მომცენ მე, არა წარჰსწყმიდე მათგანი არც ერთი“. (ინ. 18,9) - მაშინ მოუხდეს და დასჰხდეს ხელნი მათნი იესოს ზედა, და შეიპყრეს იგი.

ახლა უკვე უფლის მოწაფეებმა დაინახეს საითკენ მიდიოდა საქმე და აღელდნენ. დაცვის გაუბედაობამ და იესოში საკვირველი სულის მოწმობამ მიიყვანა ისინი იმ აზრამდე, რომ მოძღვრის დასაცავად გამოეყენებინათ ძალა, „ხომ არ ჯობია მათ გავუსწორდეთ მახვილით?“ - კითხულობდნენ ისინი და როცა სხვები ამას განიზრახავდნენ, პეტრემ უკვე დაიწყო მოქმედება. და აჰა, ერთმან იესოს თანამან, მიჰყო ხელი და იხადა მახვილი, და ჰსცა მონასა მღუდელთ-მთავრისასა, სახელით მალქოსს, - შესაძლოა პირველს, რომელმაც გაბედა იესო ქრისტეზე ხელის აღმართვა, - და წარჰკუეთა ყური მისი. მაგრამ მცირეოდენი წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფალთადმი უცხო იყო უფლისათვის. „შეჩერდით“, თქვა მან და მაშინვე შეახო რა ხელი მალქოზის ყურს, განკურნა იგი. ეს ნიშნავდა, რომ ის მართლაც ბოროტებას უხდიდა სიკეთით, რასაც კიდეც ასწავლიდა სიტყვით. პეტრე მოქმედებდა, რა თქმა უნდა, უფლისადმი სიყვარულით, მაგრამ მოქმედებდა გონიერების გარეშე, ამიტომაც მხოლოდ გაანაწყენა უფალი. მან დაივიწყა მკაცრი გაკვეთილი, რომელიც მას მიეცა უფლის ფერისცვალების შემდგომ, როცა მის წინააღმდეგობაზე უფლის წამების გამო, უფალმა მკაცრად უთხრა მას: „განვედ ჩემგან, სატანა!“ ახლა მან ისურვა უფლის წინააღმდეგობა უკვე საქმით, როგორც მაშინ ეურჩა სიტყვით. ამიტომაც მოისმინა ახალი შეგონება უფლისაგან. მაშინ ჰრქუა მას იესო: მიაქციე მახვილი ადგილსავე თვისსა: რამეთუ ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, - ყველა ვინც აღმართავს მახვილს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მახვილითა წარჰსწყდმნენ. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიძს ვედრებად მამისა ჩემისა, მე რომ ეს მესურვა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა თქვენს მაგივრად, თორმეტი მოწაფის ნაცვლად, უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოსთა? მაგრამ იმ შემთხვევაში, და ვითარმე აღესრულნენ წერილნი, როგორღა შესრულდება წინასწარმეტყველება, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად, რომ მესიამ უნდა დაითმინოს ტანჯვა, და მოკვდეს ქვეყნიერების ცოდვებისათვის? „ასწავლის რა პეტრეს სახარებისეულ ცხოვრებას, უფალი აძლევს დარიგებას, რათა არ გამოიყენოს მახვილი ღვთისათვისაც რომ სურდეს ვინმეს სამაგიერო მიზღვა“ (ნეტ. თეოფილაქტე).

„უფალმა განკურნა მონა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - და მოახდინა დიდი სასწაული, რასაც შეეძლო განეცხადებინა მისი სიმშვიდეც და ყოვლისშემძლეობაც, ფაქიზი სიყვარულიცა და მორჩილებაც მოწაფისა. რატომ არ თქვა მან: ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ შემიძლია მათი დაღუპვა, იმიტომ, რომ მოწაფეებს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ მასზე სათანადო წარმოდგენა. რამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა იგი მათ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილამდე“ და კიდევ: „თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე“. ცოტა ხნის წინ მწუხარე იყო და ანგელოზისაგან განძლიერდებოდა. ასე რომ, რამდენადაც იგი აჩენდა თავში ბევრ ადამიანურს, მით უფრო არ დაიჯერებდნენ, როცა იგი იტყოდა: ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ შემიძლია დავღუპო ისინი? ამიტომაც ასე ამბობს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიძს ვედრებად მამისა ჩემისა?„მაგრამ აქაც ისევ აჩვენებს თავმდაბლობას, როცა ამბობს: „წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოსთა“. თუ ერთმა ანგელოზმა შემუსრა ათასობით შეიარაღებული მებრძოლი, ნუთუ ქრისტესთვის შეიქმნებოდა საჭირო ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი ათასი კაცის წინააღმდეგ? არა, მან ეს თქვა თავისი მოწაფეების შიშისა და სისუსტის გამო, რადგან ისინი შიშისაგან დაილივნენ?“ ზეცისა და ქვეყნის უფალს შეეძლო ზეციდან გადმოეყვანა ცეცხლი მტრებზე, როგორც სოდომელებზე, და დედამიწაც მისი ბრძანებით განირთხმებოდა მათ ფეხქვეშ, როგორც კორე და დათანის დროს, მაგრამ მას არ სურდა ეს.

უკანასკნელი სიტყვები, რაც მოწაფეებმა გაიგონეს თავიანთი მოძღვრის ბაგენიდან, იყო მკაცრი საყვედური მხედართა უფროსებისა და ფარისევლების მიმართ. მათი პირვანდელი შიში ახლა სრულიად დაიკარგა. დიდი წინასწარმეტყველი თავად ჩაბარდა მათ, - იგი მათთვის გახდა ტყვე, რომელსაც შემწე არ ჰყავდა. არც ზეცამ დაიქუხა, არც ანგელოზები გამოჩენილან ზევიდან მის გასათავისუფლებლად, არც ზეციური ცეცხლი დაატყდა ვინმეს თავს. ისინი უყურებდნენ უბრალო, დაღლილ, უიარაღო კაცს, რომლის დაკავებისას რამდენიმე გალილეველი კაცი თუ ძრწოდა შიშისაგან. ახლა უკვე მღვდლები და უხუცესნიც მიუახლოვდნენ მას კადნიერი ცნობისმოყვარეობით. საკვირველ გამოვლინებას უფლის ღვთაებრივი ძალისა, სიტყვებზე „მე ვარ“, საკვირველ განკურნებას მალქოზისა და პეტრეს მკაცრ გაფრთხილებას, რითაც უკრძალავდა მის დაცვას, - ყოველივე ამას ისინი უნდა დაერწმუნებინა, რომ იესო მათ ნებით ჩაბარდა. აქამდეც ცდილობდნენ ისინი მის შეპყრობას, მაგრამ ამაოდ. მათ თვალებში კი, ბოროტი სიხარულით რომ იყო ანთებული, არ ჩანდა მცირეოდენი აჩრდილიც იმის ცნობისა, რომ მათ არაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ მისთვის, ეს თავად რომ არ ესურვა მას... ამიტომაც უფალმა უდანაშაულოს ღირსებით მიმართა მათ მამხილებელი სიტყვით: მას ჟამსა ჰრქუა იესოს ერსა მას - მიმართა ბრბოს: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახვილითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითიდღედ, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეები, თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯდე და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. როცა მე გასწავლიდით, თქვენ არ დამაკავეთ, ხოლო, როცა გავჩუმდი, მაშინ თავს დამესხით. მე ვიყავი ტაძარში და არავინ მაკავებდა, ახალა კი შუაღამისას, შეიარაღებულები მოხვედით... მაგრამ ახლა თქვენი დროა და სიბნელის უფლება, ღმერთმა ასე დაუშვა და მე დავემორჩილები არა თქვენს ძალადობას, არამედ ღვთის ნებას. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულნენ წიგნნი წინაისწარმეტყუელთანი.

„შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რას აკეთებს იგი მათი შეგნებისათვის. ხან მიწაზე ამხობს მათ, ხან მათი მსახურის ყურს განკურნავს, ხან აშინებს სიკვდილით, როცა თქვა: „მახვილითა წარწყმდენ“, „ასეთმა შეერთებამ დიდებულისა და თავმდაბლობისა, ძალისა და დაუცველობისა, კიდევ რაღაც მცირე ხანს შეაჩერა აბობოქრებული ბრბო“, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. სხვათა შორის, მოწაფეებმა ისარგებლეს რა მათი დაბნეულობითა და დაუჯერებლობით, ერთი მეორის მიყოლებით იწყეს იქიდან გარიდება ისეთი სიჩქარით, რომ ერთმა იმათთაგანმა, შემდგომში აღწერდა რა ამ მდგომარეობას, საჭიროდ მიიჩნია თქვა: მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. გაიქცა ანთებული პეტრეც და მოყვარული იოანეც. ამის შემდეგ, როცა დაინახეს, რომ ღმერკაცს არ უნდა რაიმე ზომებს მიმართოს თავის დასაცავად, შიშმა მაშინვე სძლია ყველა დანარჩენ გრძნობას და აიძულა ეფიქრათ მხოლოდ თავის გადარჩენაზე. ამისათვის კი ჰქონდათ მხოლოდ ერთი საშუალება - სწრაფი გაქცევა“. ასე აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა მაცხოვარმა. ისინი ახლა მეტად იყვნენ თავისები, როგორც პატარა ბავშვები, მასწავლებელზე დიდებულმა ბორკილებმა, მტრების საშინელმა შესახედაობამ დიდად შეაშინა ისინი და დაიფანტნენ. დადგება დრო და მათზე აღსრულდება უფლის სხვა სიტყვებიც - ისინი დაადგებიან მწუხარებათა გზას. ახლა კი - შეგვინდევ ადამიანურო სიმტკიცევ! შენ ბევრს პირდები და ცოტას კი ასრულებ...