მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იესო ქრისტე პილატესა და იროდის სამსჯავროზე

მათე 27, 11-14

აღსრულდა ყოველივე, რაც დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა უფალმა ჩვენმა იეო ქრისტემ თავის თავზე; იგი მიეცა მსჯავრს წარმართი პილატესა. ხოლო იესო დადგა წინაშე მთავრისა მის, ეს მთავარი, ანუ პონტოელი პილატე იყო რომაელი მმართველი იუდეისა და მის მოაზღვრე მხარეების - სამარიისა და იდუმეისა; იგი ჩვეულებრივ ცხოვრობდა ქალაქ კესარიაში, ხმელთაშუაზღვის ნაპირას, მაგრამ პასექის დღესასწაულზე, უსაფრთხოებისათვის ყურადღების გასაძლიერებლად გადმოდიოდა ხოლმე იერუსალიმში, სიონის მთაზე მდებარე დიდებულ სასახლეში, რომელიც აშენებული იყო ჰეროდე მეფისაგან, რომელმაც ამოხოცა ბეთლემში ათასობით ყრმა. „ქრისტეს გამოჩენა, დატყვევებულის სახით, უდავოა, რომ პილატესათვის არ იყო სრულიად მოულოდნელი; გასაკვირი და უცნაური იყო ის, რომ მის გასამტყუნებლად მთელი სინედრიონი იყო მოსული კაიაფას მეთაურობით, და ამასთან ასე ძალიან ადრე, ისეთ დღეს, როცა ყოველი ისრაელთაგანი, მხურვალე და მოჩვენებითი მორწმუნეც კი ცდილობდა, რაც შეიძლება გარიდებოდა წარმართებსა და საერთოდ წარმართულ სამყაროს, რათა არ დაეკარგა სჯულისადმი სისუფთავე, რომელიც ასე აუცილებელი იყო პასექის აღნიშვნისათვის. მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, რომელნიც, უფლის სიტყვებით თუ ვიტყვით, აქლემებს ნთქავდნენ, არ დაავიწყდათ უმნიშვნელო კოღოს შეფასებაც“ (მთ. ეპ. ინოკენტი). წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ ისინი არ შევიდნენ პრეტორიაში, რათა არ შებღალულიყვნენ, რადგან იმ დღეს პასექის დაყენება ეკუთვნოდათ, ისინი შეჩერდნენ სასახლის წინა მოედანზე, რომელიც მოფენილი იყო მრავალფერი ფილებით რომაული წესისამებრ, სადაც ყველას თვალწინ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები: აქვე იდგა მოსამართლის, პროკურატორის სავარძელი. „სინედრიონის წევრებმა შეატყობინეს პილატეს, რომ ისეთ საქმეზე ელოდნენ მას, რომლის გადადება არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, არც ის დავიწყებიათ, მოებოდიშათ იმის გამო, რომ სჯული არ აძლევდა მათ უფლებას რათა შიგნით შესულიყვნენ პრეტორიაში, პირადად საქმის მოსახსენებლად. „საცოდავი ხალხი! დაბრმავებული ცრუმორწმუნენი“ - ალბათ ასე ფიქრობდა მათზე ქედმაღალი რომაელი მმართველი, შეურაცხყოფილი იმით, რომ მისი ქვეშევრდომნი, მის სახლს მიიჩნევდნენ ისეთ არაწმიდა ადგილად და ღვთისაგან საძულველად, რომ შესვლასაც კი ერიდებოდნენ იქ. მაგრამ რომაელები ყოველთვის იწყნარებდნენ დამორჩილებულ ხალხთა შეხედულებებს, ამიტომაც პილატე მაშინვე გამოცხადდა მოედანზე“ (მთ. ეპ. ინოკენტი). რომაელმა მმართველმა ჰკითხა მათ: „რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამის ზედა?“ სინედრიონის წევრები ასეთ კითხვას არ ელოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ პილატე უბრალოდ დაამტკიცებდა მათ განაჩენს და მისცემდა მათ უფლებას იესოს დასჯისა, და ამასთან ისეთი სასჯელისას, რომელსაც ისინი მიუთითებდნენ. - „უკეთუმცა არა ბოროტის მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე, - უტიფრად უპასუხეს სინედრიონის წევრებმა. - უფლის მტრები იმედოვნებდნენ, რომ მათი აზრი საკმარისი იქნებოდა ყველა დამოწმებაზე მეტად. - „მაშინ, - ბრძანა მმართველმა, - თუ თქვენ გინდათ, რომ მე ეს ადამიანი განვსაჯო საქმის გამოუძიებლად, რაღა საჭიროა ჩემი მონაწილეობა? „მოიყვანეთ ეგ თქვენ და ჰსჯულისა თქვენისაებრ განიკითხეთ ეგე“. და ისე დასაჯეთ, როგორც იცით თქვენ. მე არ მინდა გავერიო თქვენს საქმეში. „მაგრამ მისი დანაშაული, - უპასუხეს ურიებმა, - იმსახურებ სიკვდილით დასჯას, რისი უფლებაც არა გვაქვს ჩვენ: „ჩუენდა არავისი ჯერ არს მოკულაი“, რადგან იგი თავს აცხადებს მესიად, ისრაელის მეფედ; ჩვენ კი ვერ მივუსჯით მას სიკვდილს, შენი ნების გარეშე“. - მახარებელი იოანე ამასთან ერთად შენიშნავს: „რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი იესოისი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ“, ანუ რომაული სასჯელით, ჯვარზე გაკვრით, საჯარო სიკვდილით, დაყოვნებით, წინასწარ მოფიქრებულით, სისაძაგლით, ყველაზე მტანჯველით, ცეცხლზე დაწვაზე უარესით, ყოველგვარ სიკვდილზე უფრო საშინელით... და აი, მისი მტრები, მოირიდეს რა ყოველგვარი ბრალდებანი ღვთის საგმობი, რომელთაც წარმართი მოსამართლის თვალში არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა, იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღვივებენ ყოველგვარ სალანძღავს, საიდანაც შეიძლება მიხვედრა იმისა, რომ ისინი უფალს ბრალად სამ რამეს სდებდნენ: რომ თითქოს იგი აშფოთებდა ხალხს, კრძალავდა კეისრისათვის ხარკი მიცემას და ვითომ უწოდებდა თავს ქვეყნის მეფეს. „ეს გულმოდგინება მღვდელმთავრებისა, კეისრის სასარგებლოდ, პილატეს მეტად უცნაურად უნდა მოჩვენებოდა. მაგრამ წაყენებული ბრალდებანი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ არ აძლევდა ნებას მსვლელობისათვის გვერდი აეარა. საჭირო იყო შედგომოდა დაკითხვას. პილატემ პირველ ორ ბრალდებას არავითარი ყურადღება არ მიაქცია, როგორც უეჭველ ცილისწამებას, მაგრამ როგორც ერთგულმა მსახურმა რომის კეისრისა, საჭიროდ ჩათვალა იესო ქრისტესათვის ეკითხა უკანასკნელი ბრალდების შესახებ. სურდა რა ბრალდებულისთვის მიეცა მეტი თავისუფლება, რათა მას ეხსნა თავისი პიროვნება და საქმეები, პილატე შევიდა პრესტორიაში და იესოს ნიშანი მისცა, რომ გაყოლოდა“ (მთ. ეპ. ინოკენტი), და უფალიც, აქამდე რომ არასოდეს ჰქონდა ფეხი დადგმული სამეფო სასახლეში, შეიყვანეს დიდებულ დარბაზში, რომელიც ოქროთი მორთული და შემკობილი იყო. ის, ვინც უფლებდა ზეცასა და დედამიწაზე, ქვეყნიერების მსაჯული, ეხლა იდგა წარმართი მსაჯულის წინ... როგორი დიდი თავისდამდაბლებაა! დამნაშავე ადამი დაიმალა ღმერთი-მსაჯულისაგან. უდანაშაულო ადამი კი ახლა დგას წარმართი მაჯულის წინ, ვისთვის? ჩვენ ცოდვილთათვის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარ მეუფე ჰურიათაი? - გულთამხილავმა იცოდა, რომ პილატეს ესმოდა იტყვა „მეფე“ მხოლოდ ქვეყნიური მეუფის მნიშვნელობით, ხოლო იგი, უფალი, იყო მეფე არა ქვეყნიური გაგებით, არამედ სულიერი მნიშვნელობით. პილატესათვის იმისი თქმა, რომ იგია მეფე, ნიშნავდა იმას, რომ მსაჯული შეეყვანა უნებურ შეცდომაში, ხოლო იმისი თქმა, რომ არ იყო მეფე, ნიშნავდა შეცოდებას ჭეშმარიტების წინაშე. ამიტომაც უფალმა ჰკითხა პილატეს: „შენ თავით თვისით იტყვი მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთვის?“ - პირლატეს არ შეეძლო ასეთი კითხვა მიეცა უფლისათვის თავად. იესო ქრისტეს ცხოვრებაში არაფერი იყო ამისი მიზეზი; თუ პილატე ეკითხებოდა შემასმენელთა ჩაგონებით, იქამდე იგი უნდა ჩაფიქრებულიყო; შეიძლება კი ერწმუნა, რომ სინედრიონს, რომელსაც ასე სძულდა რომის ხელისუფლება, თავი გამოედო კეისრის ხელისუფლების დასაცავად? განა შეიძლებოდა კეირისათვის სინედრიონის ასეთი ერთგულების ნდობა? ამაყი რომაელი მთავარი იმან შეურაცხყო, რომ უფალმა დაანახა მას, თუ როგორი წინდაუხედავი იყო მისი კითხვა: „მე ხომ არა ვარ იუდეველი“, თქვა მან, რომ ვირწმუნო იუდეველთა ოცნებანი ვიღაც დაპმყრობელ მეფეზე, რომელსაც ისინი მოელიან? შენმა თანამემამულეებმა და მღვდელმთავრებმა დაგდეს ბრალი, როგორც დამნაშავეს, რომელმაც მეფის სახელი მიითვისა; და მე, როგორც პროკურატორმა, მათი სურვილის წინააღმდეგ უნდა მოგიწყო დაკითხვა, თუმცა მე თავად აქამდე ვერაფრი დავინახე კანონის საწინააღმდეგო. ასე რომ, რა გააკეთე შენ? რით მიეცი საბაბი მათ იმისა, რომ ეძებ მეფობას? მიპასუხე. ჰრქუა მას იესო: შენ თავით თვისით იტყვი მაგას, შენ მართალს ამბობ, რომ მე ვარ მეფე. მაგრამ ჩემი მეფობა არაა ამქვეყნისა, არაა მიწიერი მეფობა, რომელსაც იუდეველნი მოელიან. ჩემი მეფობა რომ ყოფილიყო ამქვეყნისა, მაშინ ჩემი მსახურები კიდეც გაირჯებოდნენ ჩემთვის, რათა მე არ მივცემოდი იუდეველთ დასასჯელად. მაგრამ ახლა ჩემი მეუფება არაა აქ, ამიტომაც იგი სრულიად უსაფრთხოა რომაელთათვის. „მეფობა“ საეჭვოდ ჟღერდა მისთვის, მით უფრო, რომ იესო ქრისტეს მტრებს შეეძლოთ განემარტათ იგი საზიანოდ. - „უკეთუ მეუფე ხარ შენ? - ჰკითხა ისევ პილატემ, და ამით აგრძნობინა, როგორი უადგილო იყო ეს სიტყვა ბრალმდებელისათვის, უფალმა მიუგო: „შენ იტყვი, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი; ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“. ამ იტყვებით უფალმა აჩვენა, რომ ფარული მინიშნება პილატესი, რათა მორიდებოდა საკუთარი თავის მეფედ მოხსენიების საშიშროებას, სრულიად არ ეხებოდა უფალს რადგან იგი სინამდვილეში არის მეფე სრული მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ერთად-ერთი მეფე, მარადიული, მაგრამ ცხადია, სრულიად უსაფრთხო რომის ხელისუფლებისათვის“.

პილატეს არ შესწევდა უნარი გაეგო უფლის ნათქვამი ჩვენეული, ქრისტიანული გაგებით; მაგრამ იგი იცნობდა წარმართ ბრძენთა თხზულებებს, რომელთაგან ერთი ამბობდა: „შენ ხარ მეფე, თუ ცხოვრობ კეთილი საქმეებით“. ასეთი მნიშვნელობით გაიგო უფლის სიტყვები პილატემ. როგორც წარმართს, მას არ სწამდა, რომ ხალხს შეეძლო ეცნო ჭეშმარიტება, ამიტომაც თვლიდა რა უფალს უბრალო მეოცნებედ, უთხრა მას: „რაი არს ჭეშმარიტებაი?“- ჯერ არც ერთ ბრძენს არ გადაუწყვეტია ეს საკითხი, ნუთუ შენ, უბრალო იუდეველს შეგიძლია მისი გადაწყვეტა?“ და ამ სიტყვებით მაშინვე გავიდა გარეთ პრეტორიიდან და გამოუცხადა იუდეველთ, რომ იგი იესო ქრისტეს ცნობს სრულიად უდანაშაულოდ. ასე, წარმართი იცავს იუდეველთა მესიას იუდეველთა წინამძღოლებისაგან; - ჭეშმარიტად ეს მესია „თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არ შეიწყნარეს“ (ინ.1.11). პილატეს სიტყვებმა მწარედ შეურაცხყვეს სინედრიონის წევრები. გამოდის, რომ მთელი სინედრიონი იყო ბრმა, არ იმსახურებდა ნდობას, და ცილს სწამებდა უდანაშაულო ადამიანს? ... შეიძლებოდა ამის დაშვება? მაგრამ ბოროტ ბრალმდებლებს მოუწიათ თავიანთი ბოროტების დაფარვა. უფრო მეტი გააფრთებით იწყეს იესო ქრისტეს დადანაშაულება, ბევრ რამეში ბრალის დადება, როგორც ამბობს წმ. მარკოზი. მაინც რაში? - უდავოდ წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორი არეულობანი შეიძლებოდა მომხდარიყო ხალხში, თუკი ასეთი უნარიანი ადამიანები დაუსჯელად მიითვისებდნენ ტიტულს მეფისა; შეეძლოთ მაგალითად დაესახელებინათ, იუდა გალილეველის ამბოხება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. შეეძლოთ მიეთითებინათ უფლისადმი ხალხის საგანგებო მიდრეკაც, მის მიმდევართა სიმრავლეზე, რომლებიც ელიან მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას, რათა გაერთიანდნენ და იმოქმედონ გაცხადებულად. შეეძლოთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად წარმოედგინათ უფლის ზოგიერთი საქმეც, მაგალითად, ტაძრიდან მოვაჭრეთა განდევნა და სხვა. მხოლოდ მის სასწაულებზე დადუმდნენ. სხვათა შორის მოიხსენიეს, რომ მას ბევრი მიმდევარი ყავდა გალილეაში. უფალმა არაფერი უპასუხა ამ ბრალდებებს. და შესმენასა მას მღდელთ-მთავართასა და მოხუცებულთასა არარაი მიუგო. იგი ხედავდა, რომ ყოველგვარი პასუხი უსარგებლო იყო. მათ თავად კარგად იცოდნენ, რომ სიცრუეს ამბობდნენ უდანაშაულოზე, რომელიც ეხლა იდგა როგორც უმანკო კრავი მისი მპარსველების წინაშე. ეს ურთიერთდაპირისპირება ბრალმდებლებსა და ბრალდებულს შორის პილატესათვის გასაკვირი იყო. მაშინ რჰქუა მას პილატე: რატომ არაფერს მპასუხობ? არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? მაგრამ იესო აგრძელებდა მდუმარედ ყოფნას. და არარაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად. რომაელს, რა თქმა უნდა, ჯერაც არ ენახა დამნაშავის სკამზე მჯდომისაგან მსგავსი რამ, „მან იცოდა იესო ქრისტეს უდანაშაულობა, იცოდა, იგი სიტყვის ძალით როგორ იზიდავდა ხალხს და აიძულებდა მტერს გაჩუმებას, ამიტომაც ეხლაც შეეძლო თავის დაცვა ცილისწამებისაგან, ცილისმწამებელთა დანაშაულება, და სწორედ ეს აკვირვებდა, რომ ბრალდებულს არ სურდა ბრალმდებელთა საწინააღმდეგოს თქმა თავის სასარგებლოდ“. (ეპ.მიქაელი). თვით მტრები უნდა მოეყვანა გაკვირვებაში იესოს სიმშვიდეს, ბრალდებულის მდუმარებას. რას ფიქრობდნენ ამის გამო ისინი? „მათ შესაძლოა ეჩვენებოდათ, რომ გალილეველმა მასწავლებელმა დაჰკარგა სიახლოე სულთან, ანდა ზედმეტად მიენდო პროკურატორისაგან მის შეწყალებას, ანდა მოელოდა ხალხისგან შეწევნას... მოკლედ, უფლის დუმილი მის მტრებს აწყობდათ; თუ იგი ალაპარაკდებოდა, მაშინ შიში გაუჩნდებოდათ, რომ იგი მოიძიებდა არა მარტო თავისი მოქმედების უდანაშაულობას, არამედ პირადად სიძულვილს მისი მტრებისას მის მიმართ, რომ მას შეეძლო პილატეს ყურადღება მიექცია მისი სასწაულებისაკენ, რაც აიძულებდა მას საქმე განეხილა დაწვრილებით, ეს კი მოითხოვდა ბევრ ცნობას და დროს, რისგან თავის არიდებასაც ასე ესწრაფებოდნენ იესოს მტრები“. მათ კარგად ესმოდათ, რომ პილატეს საერთოდ არ სწამს მათი კეისრისადმი ერთგულება, რომ იგი სულში დასცინოდა მათ ბოროტ მიმბაძველობას. ისინი ხედავდნენ, რომ ეს უწყინარი სიმშვიდე იესოსი, ეს გამოუთქმელი დიდებულება მისი სახისა და გამომეტყველება, ყველაფერი განაწყობდა ბრალდებულის სასიკეთოდ. ეს კი უფრო მეტად აღვივებდა მათში შეუპოვრობას, მათ დაჟინებულობას ცილისწამებასა და ბრალდებაში. ისინი უტიფრად მივიდნენ პილატესთან მოთხოვნით, რათა მალე დაესრულებინა საქმე - იესო განესაჯა. პილატემ იწყო ძებნა საშუალებებისა, თუ პატიმარს სასჯელისაგან ვერ იხსნიდა, უკიდურეს შემთხვევაში მისი განსჯა თავიდან მაინც აერიდებინა. და მოხერხებულმა რომაელმა მოიძია კიდეც ეს საშუალება. წმ. ლუკა მახარებლის თქმით, მან ბრალმდებლებს მიმართა ასეთი კითხვით: „თქვენ ამბობთ, რომ იგი აღაშფოთებდა ხალხს გალილიაში. „უკუეთუ გალილეაით არს კაცი ესე? - „გალილეველია“ - ერთხმად მიუგეს ბრალმდებლებმა იმ იმედით, რომ ეს ზემოქმედებას მოახდენდა პილატეზე, რომელიც არ იყო კეთილად განწყობილი გალილეველთა მიმართ და იმყოფებოდა მტრულ დამოკიდებულებაში გალილიის მმართველ იროდი ანტიპასთან. მაგრამ პროკურატორს გონებაში სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. იმის საბაბით, რომ არ სურდა გარეულიყო იმ საქმეში, რომლის გარკვევაც ეკუთვნოდა სხვას, პილატემ გადაწყვიტა იესო ქრისტე იროდისათვის გაეგზავნა, რომელიც იმ ხანად იერუსალიმში იმყოფებოდა პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით. ამასთან პილატე იმედოვნებდა, რომ ასეთი მოულოდნელი ანგარიშგება წაადგებოდა იროდი დიდის შთამომავალთან მის შერიგებას. აი, რატომ გაუგზავნა იროდის ღვთიური ტყვე ასე ჩქარა, ისევე როგორც იგი მიიყვანეს სინედრიონიდან, ანუ ბორკილდადებული დაცვის თანხლებით. იქითვე გაეშურებოდნენ მღვდელმთავრები და სინედრიონის წევრები, რადგან მათ არ ჰქონდათ არავითარი უფლება შეწინააღმდეგებოდნენ საქმის ერთი სასამართლოდან მეორეში გადატანას“ (მთ. ეპ. ინოკენტი).

იროდი ანტიპასათვის, რომელმაც უსირცხვილო მოცეკვავე გოგონას საჩუქრად უბოძა უფლის წინამორბედის თავი, ეხლა მის სასახლეში იესო ქრისტეს გამოჩენა მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, როგორც ამბობს მახარებელი ლუკა „ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესო, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაი მრავლით ჟამითგან, ამისათვის რამეთუ ესმოდა მისთვის“ (ლკ. 23,8). „მაგრამ თუ სურდა, რაღა უშლიდა ხელს რომ იგი ეხილა? განა მაცხოვარი ხშირად არ მოგზაურობდა გალილეაში? - კითხულობს მთ. ეპ. ფილარეტი (ჩერნიგ.); იესო იქ იმყოფებოდა ქალაქებშიც და სოფლებშიც, წყალზედ და უდაბნოშიც. ვინ არ იცოდა იქ იესო ქრისტე? ვისთან არ მისულა იგი, თუკი ვინმეს ამისი სურვილი ჰქონდა? იროდმა ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა, რათა დაახლოებოდა სასწაულმოქმედს. განა შეიძლება ამის მიხედვით განვსაზღვროთ, რომ ეს სურვილი ჰქონდა მას, და მით უფრო გაიხარა, როცა მან იესო დაინახა? დიდმა სასწაულმოქმედმა იროდის სასახლეში გამოჩენით, მხოლოდ დააცხრო პატივმოყვარება იროდისა. ამასთან თვით პილატემ გაუგზავნა მას განსასჯელად ეს სასწაულმოქმედი, რომელზეც ასე ბევრს ამბობდნენ ყველგან, რომელიც ეხლა მის უფლებაშია“...

„პილატესაგან წარგზავნილებმა, რა თქმა უნდა, აუხსნეს იროდის საქმის ვითარება, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მაგრამ იროდი არ ფიქრობდა საქმის გამოძიებას, რომლისთვისაც იგი ისევე უმნიშვნელო იყო, როგორც პილატესათვის. იგი ეხლა ფიქრობდა იმაზე, რომ ბრალდებული, რომელიც უწინ იმუქრებოდა ტანჯვითა და სიკვდილით, რათა შეწყალებისკენ მიედრიკა იგი, მის წინაშე გამოაჩენდა თავის ყოვლისშემძლეობასა და ხელოვნებას, საკვირველებათა სახით: „სწადოდა ხილვად რაისამე სასწაულისა ყოფასა მისგან“ (ლკ. 23,8). და აი, ცნობისმოყვარე დესპოტისაგან წამოვიდა უამრავი კითხვა. მახარებელი არაფერს ამბობს, რაზე იწყო მან კითხვა; მაგრამ ის რომ ეს უამრავი კითხვა საქმეს არ ეხებოდა, ამას აჩვენებს უფლის მდუმარება. ყველაზე უფრო სარწმუნოა ის, რომ იროდი მას ეკითხება უკვე მოხდენილ სასწაულებზე, მაგრამ უფალი აქაც იგივე დიდებაშია, როგორშიც იგი დავინახეთ თავისი მოღვაწეობის დაწყებისას, როცა უდაბნოში გამოცდილმა, ზიზღით მოირიდა სატანისაგან შეთავაზებული - პირადი სარგებლობისათვის გამოეყენებინა სასწაულთა მოხდენის ნიჭი. უდავოა, რომ თუკი იროდი იხილავდა რაიმე სასწაულს, საკვირველების მოქმედს გაათავისუფლებდა მოსალოდნელი საფრთხისაგან; მაგრამ სასწაული მოეხდინა იროდის გულის მოსაგებად ნიშნავდა წმიდა სულის შეურაცხყოფას, რომლის ძალითაც იგი მოქმედებდა, ეს ნიშნავდა სიწმიდის ღორებთან დაგებას... ვერ დაიკმაყოფილა რა თავისი ცნობისმოყვარეობა, იროდი განაწყენებული დარჩა. მღვდელმთავრებმა მაშინვე შენიშნეს ეს და ისარგებლეს რა მისი გაღიზიანებით, იწყეს იესო ქრისტეს დადანაშაულება, ამტკიცებდნენ, რომ იგი ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა და აშფოთებდა რა ხალხს, დიდი ხანია, იმსახურებს სიკვდილით დასჯას“. მაგრამ იროდმა, პილატეზე ცუდად არ იცოდა, რას წარმოადგენდნენ სინედრიონის წევრები, და შეიძლებოდა თუ არა მათ შეხედულებებზე დაყრდნობა. ხოლო უფლის მდუმარება და კითხვების უპასუხოდ დატოვება ალბათ იმითი ახსნა, რომ იესოს არ შეეძლო მის წინაშე ისეთი სასწაულის მოხდენა, რაც ღირსი იქნებოდა მისი მეფური ყურადღებისა. „აქამდეც, მას ნაკლებად სწამდა ხმები ქრისტეს სასწაულებზე, რასაც იგი რაღაც ხელოვნებას მიაწერდა; ეხლა კი, სრულიად იყო დარწმუნებული, რომ პატიმარი მოახენდა მისთვის სასწაულს, ეს რომ შეძლებოდა - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. - იროდმა მიიღო იგი დახელოვნებულ კაცად, რომელიც უბრალო ხალხში სასწაულმოქმედად გამოჩნდა, ხოლო განათლებული ხალხის თანდასწრებით იძულებული გახდა გაჩუმებულიყო, მაგრამ იგი ხელისუფლებისათვის არ წარმოადგენდა საშიშროებას. ასეთი ხალხი, - ფიქრობდა იროდი, იმსახურებდა არა სიკვდილს, არამედ დაცინვას და თავად პირველად იწყო ეს. სასახლეში მყოფნი მაშინვე შეუერთდნენ თავიანთ მბრძანებელს, ყოველი მხრიდან გაისმოდა მწარე დაცინვა, ბოროტი მუქარა და უხეში ხუმრობანი. ძე კაცისა იქნა გამასხარავებული ანტიპას სასახლის მსგავსში. ყოველგვარი დაცინვის ბოლოს, იროდმა ბრძანა იესო ქრისტესათვის ჩაეცმიათ გამორჩეული სამოსელი, რითაც იმოსებოდნენ რომში ისინი, რომელნიც ემზადებოდნენ ხალხისაგან რაიმე დიდი თანამდებობის მისაღებად. ასე ფიქრობდა დამცინავი დესპოტი, რათა ასე შეემოსა ის, რომელიც უგუნურად წარმოიდგენდა თავს იუდეველთა მეფედ. და ამ სამოსელით მიავლინეს იესო ქრისტე პილატესთან უკან... მისი გათავისუფლება იროდის არ სურდა, ალბათ იმიტომ, რომ მღვდელმთავრები არ გაეღიზიანებინა; ამასთან ფიქრობდა, რომ სანაცვლო გაგებით გადაეხადა პილატესათვის. და ეჩვენებინა, რომ იგი ამის შემდეგ აღარ იყო მისი მოძულე. მართლაც, ლუკა მახარებლის შენიშვნით „და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი“.