მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ქრისტეს დაკრძალვა

მათე 27, 57-61

ის იყო მღვდელმთავრები გამოვიდნენ პილატესაგან, საბრალო ნებართვით სიცოცხლე მოესწრაფათ ჯვარცმულთათვის ახალი საწამებელი საშუალებით, რომ პილატესთან წარდგა ახალი მთხოვნელი, რომელსაც სურდა მიეღო ნებართვა ჯვარიდან გადმოეხსნა და დაეკრძალა იესოს სხეული. ეს იყო იოსებ არიმათიელი. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიათ, იუდეას ქალაქიდან, სადაც დაიბადა წინასწარმეტყველი სამუელი, - სახელით იოსებ, სინედრიონის ცნობილი წევრი, ადამიანი მართალი და პატივცემული, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა სინედრიონის ყოვლად უსამართლო სხდომაში, იესოს რომ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, და რომელსაც ჰქონდა ცათა სასუფევლის მოლოდინი, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესოსა, იყო იესოს ფარული მიმდევარი, იუდეველთა შიშის გამო. ქალაქი არიმათია მდებარეობდა იერუსალიმიდან გალილიისაკენ მიმავალ გზაზე; შესაძლოა უფალმა არა ერთხელ გაიარა მასზე, და იოსებს ჰქონდა შესაძლებლობა მასთან საუბრებისა, ისე რომ ეს სინედრიონისათვის დაფარული ყოფილიყო. ვერ ნახულობდა რა ვერავითარ საშუალებას უდანაშაულოს გადასარჩენად, იოსები არც გამოცხადებულა უმაღლესი სამსჯავროს სხდომაზე, შეიძლება ისეც იყო, რომ ეშმაკმა მღვდელმთავრებმა, ჰქონდათ რა ეჭვები მისი უფალთან სიახლოვისა, მოძებნეს საშუალება, რათა იოსები საერთოდ მოერიდებინათ ამ საქმისაგან. „მოკლედ, უმოქმედობა იმ დროს, როცა ასე საზიზღრად გადაწყდა ბედი იესო ქრისტესი, უდავოა, რომ ძალზედ მძიმე იქნებოდა კეთილშობილი იოსების გულისათვის, რომელსაც აწუხებდა სულმოკლეობა, რომ დაუცველი დარჩა უდანაშაულო მაშინაც, როცა მას ვერანაირი გამოქომაგება ვერ უშველიდა“ (მთ.ეპ.ინოკენტი). შეიძლება ისეც იყო, რომ იოსები დიდი გულისტკივილით მიაცილებდა იესოს გოლგოთაზე, დაინახა მისი ტანჯვა-წამება, მოისმინა მისი ლოცვა მტრებისათვის, მისი სიკვდილისწინა წამოძახილები, ნახა თუ მისმა ღვთაებრივმა მასწავლებელმა როგორ განუტევა სული (ინ. 19,30)... და აი მის გულში აგიზგიზდა დაუოკებელი სურვილი, - არ დაეშვა, უკიდურეს შემთხვევაში, ის შეურაცხყოფა, რომელიც ელოდა ქრისტეს უსულო სხეულს მისი მტრებისაგან. ჩვეულებრივ, დასჯილთა გვამები ხდებოდა ნადირებისა და ფრინველების საჯიჯგნი, ანდა იმარხებოდა დამნაშავეებთან ერთად. უდავოა, რომ სინედრიონი მოინდომებდა ქრისტეს დამარხვას ჩამოხრჩობილ საშიშ დამნაშავეთა სასაფლაოზე. კეთილშობილი სული იოსებისა აღაშფოთა ამ ერთმა აზრმაც კი, რომ შეიძლება მისთვის დიდად პატივსაცემი მასწავლებლის ასეთი დამარხვა. არაჩვეულებრივი სიმამაცით აენთო იგი. „დაე, - ფიქრობდა იგი, - პილატემ და სინედრიონმა იფიქრონ ჩემზე, როგორც უნდათ, დაე, აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ სინედრიონის წევრები, მე მაინც გავაკეთებ ჩემსას, უკანასკნელ პატივს მივაგებ ჩემს მასწავლებელს. ადამიანები შეუბრალებელნი იყვნენ მის მიმართ სიცოცხლეში: როგორ შეიძლება შეუბრალებლობა მიცვალებულისადმი?“ (მთ.ეპ. ფილარეტი ჩერნ.). ესე მოვიდა, ანუ როგორც გამოთქვამს წმ. მარკოზი „იკადრა“, მტკიცე გადაწყვეტილებით „შევიდა“ პილატესა და გამოითხოვა გვამი. მიმართა თხოვნით, რომ ნება დაერთოთ ჯვრიდან ჩამოეხსნა გუამი იესოსი, რათა დაეკრძალა იგი. „ახლა იგი სასიკდილოთ იმეტებდა თავს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რადგანაც ამით აღძრავდა საკუთარი თავისადმი საყოველთაო სიძულვილს, როცა აცხადებდა თავის სიყვარულს იესოს მიმართ და ბედავდა მისი გვამის გამოთხოვას, და არც დაუხევია უკან, ვიდრე საწადელს არ მიაღწია; გაბედა არა მარტო გვამის მიღება, არამედ მისი ახალ სამარხში დაკრძალვა, რითაც აჩვენა თავისი სიყვარულიცა და მამაცობაც“. იგი არ შეუშინდა იმასაც, რომ მიცვალებულის შეხება, სჯულის მიხედვით, შებღალავდა კაცს შვიდ დღეს, და შესაბამისად მოარიდებდა მას ყველა წმიდა წეს-ჩვეულებასა და სიხარულს პასექის შვიდეულისა. საყვარელი მასწავლებლისათვის იოსები ახლა მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა.

„იოსების თხოვნა პილატესათვის იყო პირველი ცნობა, - ამბობს მთ.ეპ. ინოკენტი, - რომ იესო უკვე მომკვდარიყო. მთავარი დიდად გააკვირვა ასეთმა ნაჩქარევმა სიკვდილმა, რადგან მან გამოცდილებით იცოდა, რომ ჯვარცმულნი საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდნენ სიცოცხლეს. არ ჰქონდა რა არავითარი მიზეზი ეჭვი შეეტანა იოსების სიმართლეში, მან მაინც ისურვა დაწვრილებით გაეგო ყოველივე, მაშინვე იხმო ასისთავი, რომელიც იესოს ჯვართან იდგა. „დიდი ხანია მოკვდა?“ - იკითხა მან და როცა ასისთავმა დაამოწმა, რომ იესო სინამდვილეში მოკვდა, მაშინ პილატე ურძანა მიცემად გუამი იგი მისი, იესოსი. პილატემ ეს სიხარულით გააკეთა, რათა ცოტათი მაინც დაემშვიდებინა საკუთარი სინდისი, რომელიც მას აწუხებდა უსამართლო განაჩენის გამო, ეს იყო როგორც მსხვერპლი, რომელიც პილატემ მიაგო მართლის თხოვნას, უსამართლოდ განსჯილს“. და აი, ის იყო მხედრებს მიეყენებინათ ქრისტეს სხეულისათვის უკანასკნელი შეურაცყოფა, რაც აცხადებდა მათ არაადამიანურობას, რომ იოსები მივიდა გოლგოთაზე იესოს გვამის ჯვარიდან ჩამოსახსნელად. მასთან ერთად, იგივე საქმისათვის მივიდა ნიკოდიმოსი, სწორედ ის, რომელიც ერთხელ იყო იესოსთან ღამით და მოისმინა უფლისაგან დიდებული საუბარი სულიერ განახლებაზე, ხელახალშობაზე, აუცილებელ პირობაზე, ცათა სასუფეველში მოსახვედრად, სწორედ ის, რომელმაც ერთხელ სინედრიონში, ყველას გასაგონად, თქვა: „განა ჩვენი კანონი სჯის იმ კაცს, თუკი მას წინასწარ არ მოუსმენენ, თუ რა გააკეთა?“ იოსების მსგავსად, ნიკოდიმოსიც მდიდარი იყო და ითვლებოდა სინოდრიონის წევრად; და ასევე ფარულად მიეკუთვნებოდა იესო ქრისტეს მოწაფეთა რიცხვს და გაცხადებით ყველასთან ერიდებოდა მასზე მსჯელობას მღვდელმთავართა შიშით. და ახლა იოსების მსგავსად, მასაც გასჩენოდა კეთილშობილი სურვილი, თავის გაწირვით დაეფარა თავისი უწინდელი სულმოკლეობა, ზოგჯერ თითქმის გარდაუვალი, მაგრამ ყოველთვის დამამძიმებელი სულგრძელთათვის. თუ ნიკოდიმოსმა არ გაიზიარა იოსების გაბედულება პილატესთან პრეტორიაში მისვლისა იესოს გვამის გამოსათხოვად, ეს მოხდა არა იმის გამო, რომ გულმოდგინება ეკლდა, არამედ საჭიროებით: ეს დრო მან გამოიყენა დაკრძალვისათვის საჭირო ნივთების მოსამზადებლად“ (მთ.ეპ. ინოკენტი). ამასთან არც იყო საჭირო მისი პილატესთან გამოჩენა: საკმარისი იყო მთავართან მისვლა ერთი იოსებისა, როგორც იმ საფლავის პატრონისა, სადაც ფიქრობდა იესოს დაკრძალვას. ცხადია, რომ ორი მეგობარი, ორი საიდუმლო მოწაფე იესო ქრისტესი, მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებით, და იოსებიც წარსდგა პილატესთან, როგორც კეთილი პატრონი, რომელიც ითხოვდა პილატესაგან ნაბართვას ძვირფასი სტუმრის თავისთან მისაღებად.

„იოსებს გოლგოთის მახლობალად ჰქონდა ბაღი, სადაც იყო კლდოვანი ადგილები. ერთ-ერთ კლდეში, იუდეველთა წესისამებრ, გამოკვეთილი იყო გამოქვაბული სამარხად. იგი წააგავდა ოთახს, რომელიც იყო საკმაოდ ფართო და იმდენად მაღალი, რომ იქ მდგარი ადამიანი ძლივს თუ მიაღწვდენდა ხელს გამოქვაბულის ჭერს. სამარხი სრულიად ახალი იყო, მასში ჯერ არავინ მოეთავსებინათ, და იოსებს უეჭველია, რომ იგი თავისთვის და ახლობლებისთვის სურდა. ამ ადგილის ფლობა, რომელიც თითქოს არცთუ სასიამოვნო იქნებოდა გოლგოთასთან სიახლოვის გამო, რადგან სულ რაღაც ასიოდე ნაბიჯი აშორებდა მას, - ამჯერად იოსებისა და ქრისტეს სხვა მეგობრებისათვის მეტად გამოსადეგი გახდა, რადგან მოსახერხებელი იყო არა მარტო უფლის დასამარხად დაუყოვნებლად, არამედ იმისთვისაც, რომ შემდგომში დაუბრკოლებლად მოსულიყვნენ ქრისტეს საფლავზე, რათა იქ მწუხარების ცრემლი ეფრქვიათ. ამიტომ უწმინდესი გვამი უფლისა მაშინვე გადაასვენეს იოსების ბაღში. ღვთის განგებულებამ ამაშიც გამოავლინა თავისი წინდახედულება: თუკი გამოქვაბულში, სადაც იყო გადაწყვეტილი იესოს გვამის დაკრძალვა, უკვე იქნებოდა სხვა გარდაცვლილთა გვამები დაკრძალული, მაშინ იესოს მტრებს შემდგომში შეეძლოთ ეთქვათ ბოროტებით, რომ აღდგა არა უფალი, არამედ სხვა, ანდა იგი აღდგა არა თავისი ძალით, არამედ ვიღაც მართალის ძვლების შეხებით, როგორც ერთხელ მოხდა ისრაელთა მეფეების დროს, როცა აღდგა მიცვალებული ელისე წინასწარმეტყველის ძვლებთან შეხებით. ასეთ ცილისწამებათა უაზრობის მიუხედავად, მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და დაებრკოლებინათ მცირედმორწმუნენი. მაშინვე იწყეს დაკრძალვისათვის მზადება“ (მთ. ეპ. ინოკენტი). ნიკოდიმოსმა მოიტანა მთელი ასი ფუნტი არომატი. ეს იყო ნაზავი მურისა და ალოესი. მური - კეთილსურნელოვანი არაბული ხის ფისი იყო, ალოე კი უფრო ძვირფასი, ასევე კეთილსურნელოვანი მცენარე, რომელიც იზრდებოდა ინდოეთში. ერთიცა და მეორეც იხმარებოდა დაკრძალვისას, როგორც სურნელებისათვის და კიდევ როგორც საშუალება, რომელიც სხეულს იცავდა სწრაფი ხრწნისაგან. ისინი გამოიყენებოდა როგორც მშრალი, ისე თხევადი სახით. უფლის სხეულის საცხებლად ისინი გამოიყენებულ იქნა ზეთის სახით. იოსებმა თავის მხრივ შეიძინა ახალი, სუფთა არმენაკი, ანუ თხელი და ძვირფასი ქსოვილი. და მოიღო გუამი იგი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმინდასა. უფლის სხეულის სუფთა წყლით განბანვის შემდეგ, ეცხო ნელსაცხებლები და შემდეგ შეხვეულ იქნა არმენაკში ფართე ზეწარით, ხოლო თავი და სახე დაჰფარეს სუდარით, - გრძელი პირსახოცით. შემდეგ მთელი სხეული შეკრული იქნა არტახებით, როგორც იკვრებიან ხოლმე პატარა ბავშვები. სწორედ ასეთი სახით იქნა საფლავში დადებული ლაზარეც, უფალმა რომ აღადგინა მკვდრეთით. „ყველასათვის ნათელია, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ იოსები და ნიკოდიმოსი ფიქრობდნენ ქრისტეზე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე“ და მას მარხავდნენ სამუდამოდ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, თუმცა კი იჩენდნენ მის მიმართ დიდ სიყვარულს. მაგრამ ეს ნიშნები ღრმა პატივისცემისა ღვთიური მიცვალებულისადმი იქცა შემდგომში უცილობელ მოწმობად მისი აღდგომისა. შეუძლებელი იყო სხეულზე ასე მჭიდროდ მიწებებული არმენაკისა და ამ სუდარის უცებ მოცილება უსულო გვამიდან, და სხვათა შორის კვირის გათენებისას, ეს სახვევები და ეს სუდარა დაკეცილი ელაგა თავისუფალ ადგილას, იქ სადაც ადრე უფალი იწვა. „დროის სიმცირე არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაეცვათ ყველა სხვა წესი დაკრძალვისა. შაბათის გასვლის შემდეგ ფიქრობდნენ დარჩენილის შესრულებასაც, - ამბობს მთ.ეპ. ინოკენტი, - როცა ძველი აღთქმის სჯულს უკვე აღარ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ახალი აღთქმის კანონს“.

და დადვა იგი იოსებმა უფლის უწმინდესი გვამი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკვეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. გამოქვაბულის შესასვლელი მჭიდროდ ამოქოლეს უზარმაზარი ქვით, ისეთი, რომლის დაძვრაც ძნელი იყო რამდენიმე ადამიანისთვისაც კი. ასეთი სიფრთხილე აუცილებელი იყო იუდეაში, სადაც დაძრწოდა ბევრი მტაცებელი ნადირი და ფრინველი, მაგრამ ეს სრულიად ზედმეტი იყო იმისათვის, რომელიც სამარეშიც კი რჩებოდა უფლად ცისა და ქვეყნისა. ასეთი დიდი პატივით, ასეთი კეთილმოსაობით შესრულდა დაკრძალვა ჩვენი უფლისა. და როგორი საკვირველი სიზუსტით აღსრულდა ამასთან ისაიას წინასწარმეტყველება: „მიეცა სამარხი ბოროტთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში“ (ეს. 53,9). წინასწარმეტყველი თითქოს იდგა გოლგოთაზე და ყველაფერი ჩაიწერა, რაც კი იხილა: მან აღნიშნა ადამიანურ ბოროტებათა შეკრება და ქრისტეს მიმართ კეთილმოსაური სიყვარულიც. როგორც ჯვარიდან გადმოხსნისას, ასევე დაკრძალვისას, იქ ესწრებოდნენ უფლის ერთგული დედები, რომლებიც ადრე იდგნენ უფლის ჯვართან: და იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას. „იოსებისა და ნიკოდიმოსის დიდი გულმოდგინება არ აძლევდა მოსვენებას მათ გულმოდგინებას: ისინი მხოლოდ უყურებდნენ, სად და როგორ მარხავდნენ უფალს. იესოსადმი მათ ფაქიზ სიყვარულს არ გამოეპარა ის, რომ მათაც შეეძლოთ გამოეტეხათ მიცვალებულისადმი თავიანთი პატივისცემა, და ამიტომ განიზრახეს მოემარაგებინათ კეთილსურნელოვანი საცხებლები, რათა შაბათის გასვლისთანავე მოსულიყვნენ საფლავთან და ეცხოთ თავიანთი მასწავლებლის სხეულისათვის. ასეთი გადაწყვეტილება მათ მიიღეს რა თქმა უნდა იოსების თანხმობით, რომელსაც ისეთი სიყვარული ჰქონდა უფლისა, რომ მთელ გამოქვაბულს ამოავსებდა კეთილსურნელებით, მაგრამ არ უნდოდა გადაღობებოდა ადამიანთა ფაქიზ მონდომებას, ბავრად ნაკლები ქონების მქონეთ, მაგრამ ისევე დიდსულოვანთა და დამფასებელთ ქრისტეს ხსოვნისა! - დაკრძალვის დასასრულს, ყველა ვინც კი მასში მონაწილეობდა, განერიდა იქაურობას... მაგრამ წმინდა დედები კიდევ დიდხანს არ განშორებიან ძვირფას საფლავს, სადაც იფარებოდა მათი ფასდაუდებელი საფასე, მათი ღვთაებრივი მასწავლებელი. მხოლოდ მაშინ, როცა მზე მოეფარა მთებს, როცა დადგა ჟამი ქალაქის კარიბჭის დახშვისა, რომლითაც შეიძლებოდა იერუსალიმში შესვლა, ისინი იძულებულნი გახდნენ გულისტკივილით განშორებოდნენ წმინდა საფლავსა და იოსების ბაღს. მაგრამ რას შეედრებოდა ამ კეთილმორწმუნე დედების მწუხარებას უწმინდესი ქალწულის, უფლის კურთხეული დედის მწუხარება? ახლა მის ფაქიზ გულში, მის უწმინდეს სულში ბასრი მახვილი გაეყარათ, რაც მას უწინ მართალმა სვიმეონმა უწინასწარმეტყველა! მთელი მისი ფიქრები, მთელი გრძნობები მიმართული იყო თავისი ღვთაებრივი ძის დაკარგვისაკენ, და მწარე ცრემლებით სდიოდა მას თვალთაგან ნაკადულებად! უდავოა, რომ მის დედობრივ მწუხარებას იზიარებდნენ წმინდა დედანიც - მოწაფენი უფლისა. წმინდა ეკლესია, დიდი პარასკევის საგალობელებში, საოცრად შემძვრელად აღწერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტირილს ქრისტეს დაკრძალვისას. მაგრამ იმავე საგალობელში იგი ამბობს: რომ მომკვდარი და ხორცით დაკრძალული ჩვენი უფალი, როგორც უკვდავი და ყველგანმყოფელი ღმერთი, თავისი კურთხეული დედის კვნესასა და ოხვრას უგდებდა ყურს, და საიდუმლოდ აუწყებდა მის მწუხარე სულს: „ნუ მტირ მე დედაო მხილუელი, საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად მიღე, თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღვთაებრივ და მაღალ ვყუნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით, დაუცხრომელად შენნი მგალობელნი“ (ღვთისმშობლის ტირილის კანონი).

მსჯელობდნენ რა იესო ქრისტეს დაკრძალვაზე, ღვთის სიტყვის კეთილმოსავი განმმარტებლები სხვათა შორის გამოთქვამენ შემდეგ აზრსაც: „მიწა ხარ და მიწად მიიქეც“ (შექ. 3,19), ეთქვა დაცემულ ადამს: ამიტომ მეორე ადამს ეკუთვნოდა, თუნდაც მცირეოდენი ხნით, მიწაში ჩასვლა, მის წიაღში ყოფნა. და აი იგი, დაკრძალვის გზით, ჩადის მიწის გულში, როგორც მეორე ადამი. უფლის დაკრძალვა საჭირო იყო იმიტომაც, რომ კიდევ უფრო დაერწმუნებინა ხალხი თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში. იგი უნდა დამარხულიყო, რათა ჩვენს სამარხებში შემოეტანა სიცოცხლე და ძალა თავისი მაცოცხლებელი სამარიდან, რათა საფლავებში მყოფთათვის აღდგომა და სიცოცხლე მიენიჭებინა. უფალი უნდა დამარხულიყო, რათა განეფანტა, რამდენადაც შესაძლებელია, შიში და წყვდიადი ჩვენი სამარეებისა, რათა მორწმუნე სულს შეძლებოდა თქმა იმედით: „ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტოსაგან, რამეთუ ჩემ თანა ხარ“ (ფს. 22,3) უნდა მიეღო იესოს დამარხვა, რათა ჩვენი სამარხები განეწმინდა და ასევე ჩვენი დამარხვა, და მასთან განეწმინდა წიაღი მიწისა. საჭირო იყო, სხეულით მისი დამარხვა და შესაბამისად მისი სულის ჯოჯოხეთში ჩასვლა. ჩვენი სულიერი მზე სამარეში ჩავიდა, მაგრამ არ ჩაქრა, არამედ მხოლოდ მცირე ხნით დაიფარა, რათა მოხვედრილიყო სხვა სამყაროში, სულთა სამყაროში, აქედან გასულებისაში და ამოსულიყო, რათა ისინი რწმენის ნათლით გაენათლებინა და სინათლის სამეფოში შეეყვანა. ასე, რომ მან, დიდმოწყალემ, ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ არა მარტო გადმოვიდა ზეციდან დედამიწას, არამედ ავიდა ჯვარზე, ჩავიდა მიწაში და ჯოჯოხეთში ჩააღწია ჩვენი გადარჩენისათვის“.

უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლა

წმინდა მახარებლები არაფერს გვეუბნებიან ჯოჯოხეთში ჩასვლაზე, მაგრამ წმ. მათე მოგვითხრობს სხეულით აღმდგარ გარდაცვლილ წმინდანებზე; და რადგანაც უფლის ჯვარზე სიკვდილამდე, ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული, როგორც ცოდვილების, ისე მართალთა გარდაცვლილების შემდგომ ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, ცხადია, რომ გარდაცვლილი წმინდანების აღდგომა არ იქნებოდა, თუკი მათ სულებს ჯოჯოხეთიდან არ გაათავისუფლებდა უფალი. „ჩვენი მხსნელი ჩავიდა ჯოჯოხეთში, თავისი ნებითა და თავისი უფლებით, ჩავიდა იმისათვის, რათა ისევ მალე ამოსულიყო ჯოჯოხეთიდან, ჩავიდა ერთი, რათა იქიდან ამოეყვანა მრავალი, ვინც კი რწმენით ელოდა მის მოსვლას. რათა ცოცხალმა ადამიანებმა წარმოიდგინონ მთელი დიდებულება ამ შემთხვევისა, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც ძლიერმა მეფემ იერიშით აიღო მისი მოწინააღმდეგე ქალაქი, სადაც საპყრობილეში იტანჯებოდა უამრავი ტყვე, მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც, ითმენდნენ რა დიდ უნუგეშობას, ყოველ დღე ელოდნენ სიკვდილს. ქალაქის აღების შემდგომ, გამარჯვებული თავად ისწრაფვის საპყრობილისაკენ, თავისუფლებას ახარებს იქ დატყვევებულებს და გამოყავს ისინი თავისთან გარეთ. განა აქ, ამ საპყრობილეში, არ ექნება ადგილი განსაკუთრებულ სიხარულსა და ლხინს? განა თავად გამარჯვებული არ უწოდებს ამ წუთს დაუვიწყარს ცხოვრებაში? - ამის მსგავსად უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლაც იყო ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე დიდებული აღდგომილი უფლისათვის, რადგანაც მასში ყველაზე ნათლად იქნა მოძიებული მისი უკიდურესი სიყვარული ცოდვილი კაცობრიობისადმი და უმაღლესი ძლევამოსილება მისი, კაცთა მოდგმის მტერზე. იგი თავისი სულით ჩავიდა არა მარტო ტანჯულის სახით, რადგან ჯვარი მოიცავდა მთელ რიგ სატანჯველებს, არამედ როგორც სიკვდილისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი. „რათა აღავსოს თავისით ყოველი, ზეცა აღივსო მისი ღვთიური დიდებით, დედამიწა კი სავსეა მისი ტანჯვა - წამებით; საჭირო იყო ჯოჯოხეთიც აღვსილიყო მისი ძალით“ (მთ. ეპ. ინოკენტი).

რას აკეთებდა ჩვენთვის უფალი ჯოჯოხეთში? - წმ. მოციქული პეტრე ამბობს, რომ იგი იქაც ქადაგებდა. მას საქმით უნდა ეჩვენებინა, რომ იგია ნათელი ჭეშმარიტი მთელი ქვეყნისა, ნათელი ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა წყვდიადში მყოფთათვისაც. ვის უქადაგებდა იგი იქ? „რომელნი იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ-გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესათა, შემზადებასა მას კიდობნისასა“ (1 პეტ. 3,20). მაგრამ თუ ეს უბედური ცოდვილებიც კი ღირსნი გახდნენ მათთვის სასარგებლო ადამიანთა მხსნელის ქადაგებისა, მით უფრო მოუთმენლად უნდა მოუსმინონ მას ჯოჯოხეთის ტყვეთაგან მათ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებისას არ აჩვენეს შეუპოვრობა და არაწმინდება ნოეს თანამედროვეთ, და ამიტომაც მათზე უფრო ახლოს იყვნენ ჯოჯოხეთის საშინელი წყვდიადიდან გამომყვან კარებთან. მართალთა სულები არ იზიარებდნენ იქ იმ საშინელ ხვედრს, რომელშიც იმყოფებოდნენ ცოდვილთა სულები; და მაინც, მართლაც არ ჰქონდათ ძალა, რომ თავი დაეღწიათ სულთა საშინელი სამყოფელისათვის და ამაღლებულიყვნენ ზეციურ ნათელში, სადაცაა ღვთის საყდარი: ზეციური ბჭენი მათთვის ჯერ დახშული იყო.

რაზე უქადაგებდა უფალი ჯოჯოხეთში მყოფთ? - რა თქმა უნდა, გადარჩენაზე, სიკვდილზე დიდ გამარჯვებაზე, იმაზე, რომ აღსრულდა ყველა ძველი აღთქმა-დაპირება, შესრულდა გამოსყიდვა პირველშობილი ადამისა და მთელი მისი მოდგმისა, გაიხსნა სამოთხის კარნი ყველასათვის, ვისაც კი აქვს მაცხოვრის რწმენა. შეიძლება წარმოდგენა იმისა, როგორი სიხარული ახლდა თან ჯოჯოხეთის ამ საშინელი სამყოფელიდან სულების გამოსვლას, როცა ქვეყნიურ საპყრობილეთაგან განთავისუფლებულნი დიდ სიხარულს ვეღარ ერევიან! მაშინ მთელი ძალით გაცხადდა სიტყვა ღვთისა: „რამეთუ არა მოვედი წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მთ. 9,13).

„ქრისტე ღმერთი, - ამბობს ეკლესიის ძველი მასწავლებელი ტერტულიანე, - მოკვდა როგორც კაცი და დაიმარხა წერილის მიხედვით, შეასრულა ის კანონიც, რაც დამახასიათებელია ყველა მოკვდავისთვის, შევიდა ჯოჯოხეთში, და ვიდრე ავიდოდა ზეცაში, იგი ჩავიდა დედამიწის უფსკრულში, რათა თავის თანამგზავრებად გაეხადა პატრიარქები და წინასწარმეტყველები“. „როგორი სახით მოხდა თავად ამოყვანება სულებისა ჯოჯოხეთიდან? განა შეუწინააღმდეგებლად დაუთმო თავისი საუკუნო მონაპოვარი სიბნელის მთავარმა უფალს? შეუწინააღმდეგებლად და უბრძოლველად, თუმცა უდიდესი სირცხვილითა და წუხილით, უკამათოდ და უბრძოლველად; თუმცა ხედავდა თავისთან ჩასვლას ადამიანის სულისა, მაგრამ ეს სული შემოსილი იყო ღვთის ყოვლისშემძლეობით; ხოლო თავად უკვე დამარცხებული და დამხობილი იყო გოლგოთაზე ჯვარით. უდიდესი სირცხვილითა და წუხილით, რადგან სიბნელის მთავარი ახლა კარგად ხედავდა ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა გამოსულიყო მისი სიკვდილის საუფლოდან, ისიც კი უნდოდა, რომ გაქცეულიყო და დამალულიყო ღვთის ნათლისაგან, მის წინ რომ ელავდა, მაგრამ იესოს ყოვლისშემძლე მოქმედებამ გააჩერა, ჩამოართვა ყველა ნიშანი უფლებისა და ხელმწიფებისა, რაც მას ერტყა გარს, როგორც თვითმარქვიას, და პავლე მოციქულის გამოთქმით „განძარცუნა მთავრობანი იგი და ხელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგი კადნიერებით“ (კოლ. 2,15) ყველას წინაშე, რომელთაც მიატოვეს მისი ტყვეობა, და ვინც მასთან იყო დარჩენილი“ (მთ.ეპ. ინოკენტი). „ჩავიდა რა ჯოჯოხეთში, ამბობს წმ. კასიანე, ქრისტემ თავისი დიდების ბრწყინვალებით განაბნია შეუღწევადი წყვდიდადი ტარტაროზისა, და დაარღვია რკინის ჭიშკარი, დაამსხვრია ბორკილები, და წმიდა ტყვენი, რომელთაც აჩერებდა ჯოჯოხეთურ წყვდიადში ტყვეობიდან გამოხსნილნი თავისთან აიყვანა ზეცას“. „ჯოჯოხეთი, - წმ. ოქროპირის სიტყვით, - უფლისაგან იყო დატყვევებული, დამხობილი, შეურაცხყოფილი, მოკვდინებული, ჩამოგდებული, შებოჭილი“. „უფალი ჩადის ჯოჯოხეთში, - მსჯელობს წმ. ირინეოსი, - ახარებს იქაც თავის მოსვლასა და ცოდვების მიტევებას მათ, რომელთაც სწამთ იგი; ხოლო ირწმუნა იგი ყველამ, ვინც კი მოელოდა, ანუ ყველამ მისი მოსვლის აღთქმულებმა და მაუწყებლებმა და მისი მცნებების შემსრულებელმა მართლებმა, წინასწარმეტყველებმა და მამამთავრებმა“.

მშვენივრად არის აღწერილი მაცხოვრის ჩასვლა ჯოჯოხეთში წმ. ეკლესიის მიერ დიდი შაბათის საგალობლებში: „შთამოხუედ ქვეყანად ჰხსნად ადამისა, და არღარა ჰპოვე იგი ქვეყანასა ზედა მეუფეო, ვიდრე ჯოჯოხეთამდე ჰშთახედ მეძიებელი ჰოი სიხარული იგი, ჰოი, სიტკბოება იგი მრავალი, რომელიცა აღავსენ, ჯოჯოხეთს შინა განაბრწყინუე რა ნათელი წყუდიადსა შინა მყოფთათვის. რაჟამს ჰშთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღვთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ჰღაღადებდნენ, ცხოვრების მომცემელო, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა“ „თავის ზეიმი - უფლის დღესასწაული არის მთელი სხეულისა და მისი ნაწილების დღესასწაული, ანუ ყოველი ჩვენთაგანის, ყოველი მისი ნაწილების დღესასწაული, ანუ ყოველი ჩვენთაგანის, ყოველი მისი მორწმუნის სიხარული. ჩვენ არ ვმონაწილეობთ პირადად ქვეყნიური მეფის საგმირო საქმეებში, და მაინც ვხარობთ და ვდღესასწაულობთ, როცა იგი არის გამარჯვებული, იპყრობს ქალაქებსა და ქვეყანას. როგორ არ უნდა ვხარობდეთ ჩვენი ზეციური მეუფის გამარჯვებით? რადგან, ჩვენ ყველა, ადამიანები, ვართ ერთი სხეულის ნაწილები. როცა გამოჯანმრთელდება ერთი ნახევარი სხეულისა, ეს არ შეიძლება გასახარი არ იყოს სხეულის სხვა ნაწილისათვის“. ყოველი ადამიანი, რომელიცაა შთამომავალი პირველშექმნილი ადამისა, არის ჩვენი ძმა: როგორ არ უნდა გავიხაროთ ჩვენ იმათი სიხარულით, როცა ისინი, ძველი აღთქმის მართალნი, ჩვენს უფალს მიყოლილთ, შევიდნენ უბრწყინვალეს ღვთის სამოთხეში? მაგრამ ამ დამამშვიდებელ ნუგეშთან ერთად, მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლა ჩვენ გვაძლევს გაფრთხილებასაც: უფალი ერთხელ ჩავიდა იქ, სადაც შემდეგ უკვე აღარ ჩავა: ვინღა ჩავა იქ, რომ გამოგვიხსნას ჩვენ ცოდვილნი, თუკი ჩვენ ცოდვების გამო ჯოჯოხეთში ჩავიყრებით?