მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის გამოცხადება გალილეის მთაზე

მათე 28, 16-20

წმ. მახარებელი მათე არაფერს ამბობს უფლის გამოცხადებაზე თავის მოწაფეებთან, როგორც პირველსავე დღეს თავისი აღდგომისა, ასევე შემდგომ. ყველა გამოცხადებათაგან იგი მხოლოდ ერთს აღწერს, ყველაზე საზეიმოს რაზეც უფალი განსაკუთრებით წინასწარმეტყველებდა ჯერ კიდევ სიკვდილამდე, რომელიც მიუთითებდა თავად, მკვდრეთით აღმდგარი, და ანგელოზებიც - სიკეთის მაუწყებლები, აღდგომის დღეს. ამ გამოცხადებამდე აღდგომილი ნახეს მხოლოდ მისმა უახლოესმა მოწაფეებმა და რამდენიმე კეთილმოსავმა დედამ: არც სამოცდაათმა მოწაფემ, არც სხვა მორწმუნეებს ჯერ კიდევ არ ეხილათ თვალით თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებელი და კმაყოფილდებოდნენ თვითმხილველთა დამოწმებით. ახლა იგი ეჩვენა, წმ. მოციქულ პავლეს თქმით, ხუთასზე მეტ ადამიანს. დღესასწაულთა გასვლის შემდეგ, ასრულებდნენ რა უფლის ბრძანებას, ხოლო ათ-ერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილიას. იქ ექვსი მათგანი ღირსი გახდა უფლის გამოცხადებისა ტიბერიის ზღვაზე, რაზეც გვიყვება წმ.იოანე. შეიძლებბა ამ გამოცხადებისას უფალმა უბრძანა მათ შეკრება მითითებულ ადგილზე. და ისინიც უამრავ მორწმუნესთან ერთად, შეიკრიბნენ მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესო. ამ გამოცხადებას მიტრ. ფილარეტის შენიშვნით, ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ, რაც შეიძლება მეტს დაენახა, სხვა გამოცხადებისას უფალი ეჩვენებოდა ერთს ან ბევრს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, როგორც უეცარი მომნახულე ან მგზავრი, ხოლო ამ გამოცხადების შესახებ გააფრთხილა მოწაფენი და ამისთვის მიუთითა ადგილიც „რათა წარვიდნენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“. მთის სახელწოდება არ შემორჩა: ალბათ ეს იყო თაბორის მთა, სადაც მან ფერისცვალება ინება და მოსთხოვა მოციქულებს დუმილი ამ დიდებულ სასწაულზე თავის აღდგომამდე, ახლა კი დაარღვია ეს დუმილი; შეიძლება ეს იყო ნეტარების მთა, რომელიც უფლის დიდებული საუბრის შემდეგ მორწმუნეებს კარგად დაამახსოვრდათ. იხილეს იგი, და თაყუანის ჰსცეს მას, როგორც ღმერთს. ხოლო რომელნიმე - რა თქმა უნდა არა თერთმეტ მოწაფეთაგანი, არამედ უფლის მორწმუნენი ხუთას გაილეველთაგან, რომლებიც არ იყვნენ მზად აღდგომილის შემდგომი გამოცხადებებისათვის, რისთვისაც მზად იყვნენ მოციქულები, შეორგულდეს, შეირყნენ რწმენაში უყურებდნენ კი სინამდვილეში აღდგომილ უფალს? ასე შეემთხვათ ადრე მოციქულებსაც, როცა მათ აღდგომიდან პირველ დღეს, პირველად იხილეს იგი კარდახშულ სახლში: მაშინ ისინიც ფიქრობდნენ, რომ ხედავდნენ მოჩვენებას. „გაიკვირვე იმათი სიყვარულით ჭეშმარიტებისადმი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - რომ ისინი არ მალავენ თავიანთ შეცოდებებს, იმასაც კი, რაც მათ შეემთხვათ ბოლო დღეებში. მოკლედ ეს შეორგულებულნიც კი განმტკიცდნენ ამ გამოცხადებით. მოწაფეთა ეს დაეჭვება, რაც ასე ხშირადაა ნახსენები სახარებაში, გამოდგება ძლიერ მტკიცებად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ოცნებებით გატაცებულნი, არამედ გულდასმით იკვლევდნენ ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებას.

„უფლის აღდგომით დადგა დრო, რათა მიეცა მათთვის ცხადი, ნაცადი გაგება სასუფეველზე, ამბობს მიტრ. ფილარეტი. - ამისათვის აღდგომილი უფალი ეცხადება მისი წინასწარი მითითებით გალილიაში შეკრებილ მოწაფეებს და უცხადებს თავის გამეფებას იმ სამეფოში, რომლის მოახლოებასაც წინასწარმეტყველებდა“. მოუხდა მათ იესო და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, როგორიც აქამდე მქონდა მე, როგორც ღმერთს. „ახლა ცხადად ჩანს, რომ უწყებული სამეფოს მეფე არის აღდგომილი ქრისტე; მისი სამეფო ზეციურია იმიტომ, რომ მისი აღმდგარი ცხოვრება არის უკვე არა მიწიერი, არამედ ზეციური, მაგრამ მისი მეფობა არ შემოიფრგლება მხოლოდ ზეცით, არამედ ვრცელდება მთელ დედამიწაზეც, განსკუთრებით იმისთვის, რათა მასზე მყოფი მორწმუნე ადამიანები ქვეყნიური, არასრული, მოკვდავი ცხოვრებიდან გადაიყვანოს ზეციურ ცხოვრებაში, სრულში, უკვდავში, ზეციური სასუფევლის ნეტარებაში“ (მიტრ. ფილარეტი). როგორც ღმერთს, მას გააჩნია მარადიული შეუზღუდავი უფლება ყოველივეზე, რაც მისგანაა შექმნილი; ახლა კი, თავისი აღდგომით, მან მიიღო ეს უფლება თავისი ადამიანურობითაც, როგორც ქვეყნიერების გამომხსნელმა.

„ჯვარზე სიკვდილამდე და ქრისტეს აღდგომამდე, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - ადამიანისათვის, ცოდვათა და ცოდვის დასჯით სამოთხიდან გამოდევნამდე, სამოთხე და ზეცა გაერთიანებული იყო მარადიული მართლმსაჯულებით, და არ ჩანდა ძალა, მათი დამარღვეველი; ჯოჯოხეთის ბჭენი, იქ შემავალი ცოდვილებით იყო ავსილი, და არ ჩანდა უფლება, მათი იქიდან განმდევნელი. აღდგომილი ქრისტე არის „წმიდა იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქვს კლიტე დავითისი“ ანუ ჯვარი, „რომელი იგი განაღებს, და არა ვინ დაჰხშას"(გამოცხ. 3,7). მას აქვს მიცემული უფლება ჯოჯოხეთის გახსნისა და იქიდან ადრე გასამართლებულთა ამოყვანისა, ზეცის გაღებისა და შეწყალებულთა იქ შეყვანისა. როგორ მრავალფეროვან სახეებში ვლინდება მისი ყოველი უფლება ზეცას, ეს ჩვენი ცნობიერებისათვის მიუღწეველია. თუკი მას გააჩნია ყოველი უფლება, მაშინ არ არის აქ არავითარი უფლება და ძალა, რომელიც არ მორჩილებდეს მისას. ავრცობს რა მადლის უფლებას თითოეული მორწმუნის სულზე და მის მიერ დაარსებულ ეკლესიაზე, იგი ასევე ავრცობს თავისი სიბრძნის, მადლისა და სიმართლის უფლებას, როგორც ადამიანის ხილულ ცხოვრებაზე, ასევე მთელი ბუნების სამეფოზე. მისი სიბრძნისა და სიკეთის უფლების ქვეშ მაცოცხელბელი მზე ანათებს, ქარი ქრის, ღრუბლები წვიმას ადენენ, წყალი რწყავს და აცოცხლებს, მიწა იღებს ადამიანისთვის საჭირო კეთილ სახმარს. მისი სიბრძნისა და სიკეთის უფლების ქვეშ იბადება ადამიანი, ჩნდება ოჯახი, იზრდება, მტკიცდება და ხარობს ხალხი, შენდება, ფუძნდება და მაღლდება სამეფო. მისი სიკეთისა და სიმართლის შეურაცხმყოფელთა უფლების ქვეშ მზე არის მწველი, ჰაერი სასუნთქად ხრწნადი, ღრუბლები უშენენ ელვის სასიკვდილო ისრებს, წყალი ტბორავს ადგილებს, მიწა უარს ეუბნება ადამიანს სიკეთის მოცემაზე. მისი სიკეთისა და სიმართლის შეურაცხმყოფელთა უფლების ქვეშ, ამ უფლებებისადმი უყურადღებო ადამიანს აკლდება ნათელი და ვარდება სიძვაში, ირღვევა ოჯახი, ხალხი არის შფოთში, სამეფო არის შერყეული, მშვიდთათვის მშვიდი, ხოლო ანგარებანებისათვის მკაცრი. უფლება მისცა ზეციურმა მამამ თავის მხოლოდშობილ ძეს, ქრისტე მეუფეს, თავისი წინასწარი განსაზღვრებით: „ითხოვეთ ჩემგან და მოგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა; ჰმწყსნე იგინი კუერთხითა, რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი“ (ფს. 2,8,9). ახლა, როდესაც ქრისტე აღდგა, და როცა მას, როგორც ღმერთკაცს, მიეცა ყოველი უფლება ზეცას და მიწას, არა მარტო ზეცა შეიქმნა მიწისათვის ახლობელი, არამედ მიწაც ისე დაუახლოვდა ზეცას, რომ ძნელია მოიძიო მათ შორის ზღვარი და განსხვავება; ანგელოზები, რომლებიც იაკობმა იხილა კიბეზე აღმავალნი და ჩამომავალნი (შექ. 28,12), ახლა დასებით დაიარებიან ზეცაში“.

ჯერ არასოდეს მოესმინათ მოციქულებს ასეთი უფლების სიტყვები თავიანთი მასწავლებლის პირიდან; ადრე იგი ამბობდა, რომ ყველაფერი მას მიეცა მამისაგან, მაგრამ მათ ეს სიტყვები ესმოდათ მიწიერი მეფობის მნიშვნელობით; ახლა მათ ესმით, რომ მათი მასწავლებლის უფლება ვრცელდება ზეცაშიც. ასე ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს: რამდენადაც ახლა ყველაფერი ჩემს ხელისუფლებაშია, ამიტომ წადით ამ ქვეყანაზე, მე ვიქნები თქვენი მცველი და მფარველი; წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, არა მარტო იუდეველები, არამედ ყველა ხალხი, რადგან მთელი ქვეყნიერება გამოხსნილია ჩემი სისხლით, - ასწავლეთ და ნათელს ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, დაბადეთ ადამიანები ახალი ცხოვრებისათვის, მადლიანისა და მარადიულისთვის, საიდუმლო ნათლისღების მეშვეობით, რაც იქნება სახე - სიმბოლო სიკვდილისა ცოდვილისათვის, და შობისა და აღდგომისა ღვთიურთათვის. და არა მარტო შეიყვანეთ ისინი ჩემ ეკლესიაში ნათლობის საიდუმლოთი, არამედ უხელმძღვანელეთ მათ ცხოვრებაში სასუფევლის გზაზე, მოამზადეთ ისინი მარადიული ცხოვრებისათვის, და ასწავებდით მათ დამარხუად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, ყველა ჩემი მცნება და დადგენილება, ყველაფერი, რაც კი გასწავლეთ თქვენ. - „შეხედე, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, - უფლის საუბარი როგორ მოიცავს ორივე ტოტს ქრისტიანული სიკეთისა; ღვთისმეტყველებისა და კეთილმოქმედებისა. გეშინოდეთ, ძმანო, ვიცით რა, რომ თუ არ დავიცავთ ერთს, მაშინ ვერ ვიქნებით ქრისტეს სრული მონები რადგან მოგვეთხოვება დაცვა ყოველივესი“.

ამ მოთხოვნას - ყოველი ხალხის სწავლებას - არ შეიძლებოდა მოციქულები არ შეეშფოთებინა, რადგან მათი მასწავლებელი ყოველთვის უქადაგებდა მხოლოდ თავის ხალხს და აცხადებდა კიდეც, რომ იგი იყო მოვლენილი მხოლოდ ისრაელთა დაღუპული ცხვრების გადასარჩენად, ახლა კი ავალებს მისვლას ყველა ხალხთან... ვინ არიან ისინი, ღარიბი გალილეველი მეთევზენი, რომ მათ მოიარონ მთელი ქვეყანა, როცა მათ გააჩნდათ მხოლოდ მცირეოდენი წარმოდგენა ვიღაც ხალხების არსებობაზე, როცა ისინი თავიანთ ქვეყანაშიც კი, მშობლიურ ენაზეც, ძლივს თუ ახერხებდნენ თავიანთი მასწავლებელის მოძღვრების გადაცემას, და ამისთვის მუდამ მას სთხოვდნენ შეწევნას გასარკვევად; ახლა კი - როგორ მოივლიან ისინი მთელ ქვეყანას, ურწმუნო ხალხებს, და ამასთან მარტონი, მასწავლებლის გარეშე, რომელიც ახლა მათ თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება? სიყვარულით სავსე გულთამხილავი მათ შეშფოთებაში ხედავს და ამცნებს მათ, მათი სახით კი ყოველ მორწმუნეს, მთელ თავის ეკლესიას, უდიდეს აღთქმას. ნუ მეტყვით მე წინააღმდეგობებზე, - ეუბნება იგი მათ: და აჰა ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოვლადძლიერი თქვენთანაა მუდამ, ნურაფრის გეშინიათ, - მე თქვენთან ვარ, ჩემს ყველა ჭეშმარიტ მორწმუნესთან, ყოველთვის, ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ!

„ვერ ხედავ, ამბობს წმ. ოქროპირი, - მის ძალებს? არა მარტო მათთან იქნება, არამედ ყველასთან, რომელთაც მათ შემდგომ ექნებათ მისი რწმენა. რადგან მოციქულები ვერ იცხოვრებდნენ ქვეყნის დასასრულამდე, არამედ იგი ეუბნება ყველა მის ერთგულს, როგორც ერთ სხეულს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებსაც, იერემიას, მოსეს, იეზეკიელს, იგი ეუბნებოდა: მე თქუენ თანა ვარ. ახლაც იგივეს ეუბნება თავის მოწაფეებს. ხედავ? როგორი განსხვავებაა ამათ შორის. ისინი ხშირად ეურჩებოდნენ რა უფალს ერთ რომელიმე ხალხთან გაგზავნაზე, ესენი კი იგზავნებიან მთელ დედამიწაზე და არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამთ. ქვეყნის დასასრულზე იმიტომ შეახსენებს მათ, რათა უფო მეტად მიიზიდოს ისინი თავისთან, და რათა მათ მარტო ახლანდელი მწუხარებისთვის კი არ ემზირათ, არამედ მომავალი დაუსრულებელი სიკეთეებისთვისაც. მწუხარებანი, - ამბობს იგი, - რომელიც თქვენ შეგხვდებათ, დასრულდებიან ამ ცხოვრებასთან ერთად, რადგან დასრულდება ეს ცხოვრებაც. ის სიკეთენი კი, რაც უნდა მიიღოთ, - მარადიულია, როგორც ეს თქვენთვის ხშირად მითქვამს. ამგვარად განმტკიცებულნი და გამხნევებულნი სულიერად, ასევე ქვეყნის ბოლოს გახსენებით, გააგზავნა ისინი ქვეყნად“.

„ქრისტიანო“ - გვასწავლის მიტრ. ფილარეტი, - გწამს უფლის სიტყვა: „მე თქუენ თანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"? თუ გწამს, მაშინ უნდა ირწმუნო ისიც, რომ ახლაც, მსგავსად აღდგომის შემდგომ პირველი დღისა, უფალი ეცხადება მის მორწმუნეებსა და მოყვარულებს და ანიჭებს მათ გულებს ღვთიურ სიხარულსა და მშვიდობას. გაისარჯე შენც, რათა მიიზიდო ეს მადლიანი წვევა გულმოდგინე ლოცვით, ღვთის სიტყვის შესწავლით უფლის მიერ ნამცნები კეთილი საქმეებით, უმეტესად კი შენთვის მომკვდარისა და შენთვის აღდგომილის სიყვარულით. უხმე ზეციურ სტუმარს, შესაფერისად მოემზადე მის მისაღებად წმიდა საიდუმლოებებით, უფრო გულმოდგინედ, ვიდრე ამას აკეთებ ქვეყნიური სტუმრების მიღებისას. და თუ იგი გეწვევა თავისი ღვთიური ნუგეშით, გაფრთხილდი, რომ არავინ წაგართვას ეს სიხარული. ნუ ჩაძირავ შენს გულს ქვეყნიერ და ხორციელ სიამოვნებებში; როგორც სანათური, წყალში ჩავარდნისას ქრება, ასევე თუ ჩაფლავ შენს გულს ხორციელ ტკბობასა და ქვეყნიურ ვნებებში, სულიერი სიხარულის ნათელი ჩაქრება შენში და სულს შენსას ისევ დაეუფლება სიბნელე და სიკვდილი. დაე, დაგვიფაროს ამისგან ჩვენ, ყველანი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, სინათლემ, სიცოცხლემ და სიხარულმა საუკუნოდ“. - „ვმადლოდეთ უფალს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რომელიც იმყოფება ჩვენთან მარადის. მას შვენის ყოველი დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

განსრულდა დიდება ღვთისა.