მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ეშმაკისაგან გამოცდა

მათე 4, 1-11

იერიქონის დასავლეთით, იუდეას უდაბნოს მთებს შორის, უსიამოვნოდ აღიმართება მაღალი, უნაყოფო და გაშიშვლებული მთა გამოცდისა. მისი ციცაბო კალთები მოფენილია უამრავი გამოქვაბულით, სადაც ქრისტიანული მოღვაწეობის აყვავების ხანაში მარხვასა და ლოცვაში იმყოფებოდნენ ღირსი მამები. ამ ველურ, გაუხარელ უდაბნოში, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გაატარა ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში მას შემდეგ, რაც იოანესგან ინება ნათლისღება. მაშინ, გვიყვება წმიდა მახარებელი მათე, იესო აღმოიყუანა... სულისაგან, არა თვითონ, საკუთარი ნებით, არამედ როგორც კაცი, რომელიც ენდობოდა წმიდა სულს, მასზე ხილულად რომ გადმოვიდა იორდანეში; იგი მიდის უდაბნოდ... გამოცდად ეშმაკისაგან. „თვითონ კი არ მივიდა, ამბობს წმ. ოქროპირი, არამედ სულიწმიდამ გაიყვანა უდაბნოში, რითაც გვასწავლა, რომ არ მივენდოთ განსაცდელში საკუთარ თავს“. ასე, თავის დროს, წმიდა მოციქული პავლეც, მინდობილი იყო რა სულიწმიდის წინამძღვრობას, ამბობდა საკუთარ თავზე: „და აწ, აჰა ესერა, მე კრული სულითა, მივალ იერუსალიმს“ (საქ. 20,22). „და შენც, ქრისტეს სახელით მონათლულო, როცა შენთან განსაცდელი მოვა, იცოდე, იმისათვის ხარ აღჭურვილი, რათა იბრძოლო; მაგრამ შენით ნუ გამოთხოვ განსაცდელს, არამედ როცა უფალი დაუშვებს შენზე, რომ შენ არ აიმაღლო თავი, რათა მათში იცნა ღვთის დახმარება, რათა შენ განმტკიცდე რწმენაში და მიიღო დიდების გვირგვინი. - ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა მაცხოვრის ნათლობისას, მან თავისი ადამიანური ბუნებით განსაკუთრებით იგრძნო განმარტოების საჭიროება. ვისაც ღმერთი გულმხურვალე ლოცვით თავის თავში განაცდევინებს რაღაც ახალს, ნათელსა და სასიხარულოს, ასეთმა იცის, თუ როგორი ძვირფასია სიწყნარე და განმხოლოებული ყოფნა. იესო ქრისტესთვისაც საჭირო იყო ხალხიდან მორიდება, რათა უდაბნოში, უფალთან პირისპირ, თავის ზეციურ მამასთან საუბარში, მკაცრი მარხვითა და ლოცვით განმტკიცებულიყო იმ უდიდესი მწუხარებისა და სატანჯველების დასათმენად, რაც მას ელოდა ჩვენი გადარჩენისათვის. როგორც ადამიანს, ჩვენს უფალს კარგად ესმოდა მთელი სიმძიმე მოსალოდნელი ბრძოლებისა და გრძნობდა მოთხოვნას, რათა განმარტოებაში თავისი ზეციური მამისათვის გადაეშალა უძლურება კაცობრიული ბუნებისა, რაც მას მიღებული ჰქონდა, და კიდევ გამოეხატა სიყვარული და მადლიერება მის მიმართ იმის გამო, რაც მან იორდანეში განიცადა: „ნახე, - ამბობს წმ. ოქროპირი, სად მიიყვანა იგი სულმა: ქალაქში კი არა, ანდა მოედანზე, არამედ უდაბნოში, რათა ეშმაკს შეძლებოდა მისი შემოწმება არა მარტო შიმშილით, არამედ უკაცრიელი ადგილითაც“. „ჩვენც, ეშმაკი განსაკუთრებით მაშინ გვესხმის თავს, როცა ხედავს რომ განმარტოებაში ვართ, უმეტესად კი მაშინ, როცა ვრჩებით რჩევის გარეშე და მინდობილნი მხოლოდ საკუთარ განსჯასა ვართ. ევასთანაც იგი მაშინ მივიდა, როცა ის იყო მარტო, ქმრის გარეშე“.

უნდა შევნიშნოთ, რომ პირველი ადამი ეშმაკისაგან გამოიცადა მშვენიერ სამოთხეში; იგი განიდევნა სამოთხიდან და მთელი დედა-მიწა მოაკლდა ამის გამო ღვთის კურთხევას: უდაბნოები ატარებენ გამოკვეთილ ბეჭედს ღვთის წყევისა. მეორე ადამი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ეშმაკისაგან გამოიცადა უდაბნოში; მან სძლია მტერს და ადამიანთა მოდგმას დაუბრუნა სამოთხე. უდაბნოში გარეული მხეცები ეძიებენ თავიანთთვის თავშესაფარს მათი დაუძინებელი მტრის ადამიანისაგან, რომელიც ერთ დროს იყო მათი კეთილი ბატონი და მეფე, ქრისტე მაცხოვარს კი, როგორც ღმერთკაცს, არ მოუტანია უდაბნოში ადამიანთა ასეთი გაბოროტება უტყვ ქმნილებებთან, ამიტომაც უდაბნოში ყოფნისას ისინი მარტო მყოფ მაცხოვარს უშიშრად ეხვივნენ გარს და ისევე ემორჩილებოდნენ, როგორც უწინ მორჩილებდნენ ადამს ქვეყნიურ სამოთხეში. აი, ამიტომაც წმიდა მახარებელი მარკოზი ასე გამოკვეთით აღნიშნავს, რომ: „და იყო მხეცთა თანა“ (მრკ.1,18).

ცოდვის სამგვარი სურვილით გამოიცადა სატანისაგან ჩვენი შორეული წინაპარი სამოთხეში: ხორციელი სურვილით: „ხე კარგია საკვებად“; თვალის სურვილით: „ის სასიამოვნოა თვალისათვის“; და ქვეყნიური სიამაყით: „იქნებით, როგორც ღმერთები“ (შექ. 3,5-6.) ამგვარადვე გამოსცადა მან მაცხოვარიც. იყო რა მთლიანად ჩაძირული ლოცვაში და ფიქრობდა მხოლოდ თავის მოსალოდნელ უდიდეს მსახურებაზე, იესო ქრისტეს სავსებით დავიწყებოდა საკვების მიღება. მაგრამ ორმოცდღიანი მკაცრი მარხვის გასვლის შემდეგ, მან როგორც ადამიანმა, იგრძნო შიმშილი, და იმარხა ორმეოცი დღეი და ორმეოცი ღამეი და მერმე შეემშია. რიცხვი 40 წმიდა წერილში გვახსენებს ან ცოდვისათვის სასჯელს, (40 დღე იწვიმა წარღვნისას, 40 წელი იმოგზაურეს ურიებმა უდაბნოში, ანდა სინანულს (მოსეს მარხვა, ნინეველთა სინანული და ა.შ). ვერ დაიცვა მარხვა პირველმა ადამმა სამოთხეში; უფალმა იესო ქრისტემ, მეორე ადამმა, შეავსო იგი, დაითმინა ყველაზე მკაცრი მარხვა და დაამარცხა გამომცდელი. მას თვითონ არ ჭირდებოდა ეს მარხვა, მაგრამ სურდა ჩვენთვის მოეცა იგი, როგორც ბოროტის დამარცხების საიმედო იარაღი. „აქედან მიხვდი, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, რა დიდი სიკეთე და როგორი ძლიერი საშუალებაა მარხვა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად“; „შეიცანი და ისწავლე, რომ ნათლობის წყლით განბანილი არ უნდა მიეცეს სიმაძღრესა და სმას“. - ორმოც დღეს იმარხულეს ადრე დიდმა წინასწარმეტყველებმა მოსემ და ილიამ; ქრისტე მაცხოვარმაც არ ისურვა გარდამეტება აღნიშნული წმიდანების მარხვისა, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი მისი განკაცებისა, და რათა მოწინააღმდეგეს - ეშმაკს გაეგო, რომ იგი არ გაექცა ბრძოლას. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორი ეშმაკობითა და სივერაგით იქცევა სატანა: მაშინ კი არ გამოვიდა, როცა იესო ლოცულობდა, არამედ დაელოდა დროს, როცა იესოს შეემშია და ამ შიმშილითვე მაცხოვარმა მისცა მას საშუალება, რათა მიახლოებოდა მას: თავისი ღვთაებრიობით უფალი ეშმაკისთვის მიუვალია“. „თუ ეშმაკმა თავხედურად შეძლო მიახლოება თვით იესო ქრისტესთან, რომელთანაც მას არაფერი ჰქონდა საერთო, ცოდვისა (ინ. 14,30), მაშინ ადვილი მისახვედრია, რამდენჯერ უფრო ეტანება იგი ადამიანს და საერთოდ ამ ქვეყანას, რომელსაც ცოდვასთან და ბოროტებასთან ძალზედ დიდი წილი აქვს“.

როგორი სახით ეჩვენა უფალს ეშმაკი, ამაზე მახარებლები არაფერს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო მტრისაგან მარტო აზრით ჩაწვეთება ბოროტი გულისთქმისა, არამედ აშკარად გამოცხადებული ბოროტი სული - სატანა. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: ტყუილად არ სარგებლობ შენი ძლიერებით შენივე მიწიერი მოთხოვნებისათვის; რა აუცილებელია შიმშილის მოთმენა? უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, აი უდაბნოს ქვები, ისინი საოცრად წააგავენ პურს: ჰსთქუ, რათა ქუანი ესე პურ იქმნენ. შენთვის ეს ხომ არაფერი არ არის: მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმაა საჭირო და პურად გადაიქცევა ეს ქვები. და შენც დაიკმაყოფილებ შიმშილს, და მასთან ერთად დაამტკიცებ, რომ შენ ნამდვილად ხარ ღვთის ძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ გირწმუნებს, თუ ამისი გაკეთებაც კი არ ძალ-გიძს? გამომცდელმა არ თქვა: თუ შენ ხარ მოშიებული და მოწყურებული, რადგან ფიქრობდა, რომ ამისი შერცხვებოდა იესოს, არამედ თქვა: თუ შენ ხარ ძე ღვთისა, - რადგან იმედი ჰქონდა, რომ მოხიბლავდა მას ქებით. ამავე დროს არ იცოდა რა ეფიქრა იესოზე: უბრალო კაცია თუ არა იგი: მან მოისმინა იორდანეზე ზეციური ხმა, - რომელიც იესოს უწოდებდა ღვთის ძეს; გაიგონა იოანესგან დიდებული დამოწმება ქრისტეზე; მაგრამ უცებ ხედავს მას მოშიებულსა და მოწყურებულს და ვერ გაერკვია: როგორ შეიძლებოდა რომ მოშიებოდა ღვთის ძეს? ეს მიუხვედრელობა ეშმაკისა ისმის მის სიტყვაშიც. უფლის განკაცების საიდუმლო ეშმაკისთვის საგანგებოდ იყო დაფარული; მისი წარმოდგენით იესო არ იქნებოდა მეტი მართალ ადამიანზე, რომელსაც სათნო საქმეებისათვის იშვილებდა უფალი, და, რა თქმა უნდა, თავისი სატანისეული კანონით, მას არ შეეძლო რომ არ ჰქონოდა შური იესოსი, მაღალი პატივისა გამო, როგორც შეშურდა პირველი ადამისა. მან არ დაივიწყა თავისი ძველი ხელოვნება, რითაც მან ადამი აცდუნა, იმით კი ათასობით ადამიანი დაღუპა. იგივე საცდურით შეეცადა იესო ქრისტეს შიმშილის დაცხრომას; მაგრამ ამ თითქოს კეთილი სურვილით, იგი შეეცადა რომ ქრისტეს შეეწყვიტა მოთმინება და სხეულის განცხრომისათვის ბოროტად გამოეყენებინა ძალა სასწაულმოქმედებისა.

რა უნდა ითქვას ქრისტე მაცხოვარზე? - იგი პირდაპირ ამბობდა იმას, რასაც ეშმაკი ფარავდა; მას არ ერცხვინებოდა, რომ შიოდა და სწყუროდა, მაგრამ არაფერში არ სურდა ეშმაკს დამონებოდა, რათა ჩვენთვისაც ესწავლებინა, რომ ყური არ ვუგდოთ ბოროტს მაშინაც კი, როცა იგი ჩვენთვის რაიმე სასიკეთოს ჩაგვაგონებს. შემდგომში, იგი მართლაც მოითხოვდა ეშმაკებისაგან დუმილს, როცა ისინი ღვთის ძეს უწოდებდნენ მას ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს მეორე სჯულის წიგნში: რამეთუ არა პურითა ხოლო ჰსცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა (მეორე, 8,3). პურის მსგავსი ბევრი სხვა საშუალებაც აქვს უფალს ადამიანის გამოსაკვებად. შენ გინდა, რომ მე მოვახდინო სასწაული საკუთარი კმაყოფილებისათვის, მაგრამ მე ამას არ ვიზამ. ასეთი სასწაული საჭირო რომ ყოფილიყო, მაშინ თავად ღმერთი მოახდენდა ჩემთვის ამას. მაგრამ იგი არაფერს ახდენს, ე.ი. საჭირო არაა. ამიტომ მე უნდა მოვითმინო შიმშილი, ვიდრე ღმერთი არ ინებებს ჩემს დაპურებას. მე მოვახდენ სასწაულებს, მაგრამ არა ჩემთვის, არამედ ღვთის სადიდებლად და ადამიანთა გადასარჩენად. თუკი თმაც ღვთის ნების გარეშე არ ჩამოვარდება თავიდან, მითუმეტეს ღმერთი არ დაუშვებს რომ მოვკვდე შიმშილისაგან; მხოლოდ საჭიროა ყველაფერში მივენდო ღვთის კეთილ განგებულებას. ღმერთს შეუძლია თავისი ერთი სიტყვითაც კი ჩვენი შიმშილის დაცხრომა. ადამიანს გამოკვებაზე უფრო აუცილებელი სურვილები აქვს: სულიერი საკვები, ხორციელზე უფრო საჭიროა. ჩემი საკვებია - „რათა ვჰყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა, და აღვასრულო საქმე მისი“ (ინ. 4,34). ასევეა საუბარი ღმერთთან, ლოცვა, რომელიც ჩემთვის ყველა საკვებზე უფრო ტკბილია.

ასე უნდოდა ეშმაკს ემხილებინა იესო ქრისტე ღვთის განგებულების ურწმუნოებაში, მაგრამ მაცხოვარმა მთლიანად მიანდო იმედი თავის ზეციურ მამას და არ ისურვა თავისი სხეულის სასწაულით დაკმაყოფილება. სხეულიდან განსაცდელს მან თავშეკავებით სძლია. მაგრამ ეშმაკმა კარგად იცის, რომ როცა ადამიანის დამარცხება ვერ ხერხდება ღორმუცელობით, ადვილად შეიძლება მისი მოხიბლვა სიამაყით, ფუჭი დიდებითა და პატივმოყვარეობით. პატივმოყავრეცა და ანგარებისმოყვარეც ხშირად ივიწყებენ საჭმელს, რადგან თავიანთი პატივისა და სიმდიდრის საქმეებით არიან დაკავებულნი, მან კი, რომელმაც სძლია ხორციელ მოთხოვნებს, და თავი წარმოიდგინა უსაფრთხოდ, ადვილად შეიძლება დაივიწყოს და ვერ შეამჩნიოს, თუ როგორ ეპარება მას სხვა მხრიდან მტერი. და აი, სატანა შეეცადა გამოეცადა ქრისტე, ღმერთზე უსაზღვროდ მინდობითა და სულიერი სიამაყით. მაშინ წარიყუანა იგი ეშმაკმან, იძულებით კი არ შეეცადა მისი ნების საპირისპიროდ გაეყოლა, არამედ უბრალოდ შესთავაზა მას გაყოლოდა და ახლდა თან წმიდასა ქალაქსა იერუსალიმს. და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა; ალბათ სოლომონის სტოას მახლობლად, საიდანაც, ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თქმით, შეუძლებელი იყო ქვევით ცქერა, კედრონის შენაკადისაკენ, თავბრუსხვევის გარეშე, ისე მაღლა იყო. და იწყო შეუმჩნევლად ცილისწამება ღვთისა: და ჰრქუა მას: „აი შენ თქვი, რომ ღმერთზე ხარ მინდობილი მთლიანად, რომელიც არ დაუშვებს შენს სიკვდილს; აჩვენე საქმით შენი მტკიცე რწმენა, შენი ღმერთზე მინდობა; ღმერთმა შენ შვილი გიწოდა, მაგრამ განა ამით არ შეგიყვანა ხიბლში? უკეთუ სინამდვილეში ძე ხარ ღმრთისა, მაშინ გამოაჩინე შენი ღვთაებრივი ძალა. ხედავ, ქვევით არის ხალხი; მათ ის უნდა აჩვენო, რომ შენ ხარ ღვთის ძე, ამიტომ გარდაიგდე თავი... შენ, რა თქმა უნდა, დაგიცავენ ანგელოზები, ხალხი დაინახავს შენი გადარჩენის სასწაულს, და მესიად გაღიარებს შენ; შენ ეყრდნობი საღვთო წერილს: სწორედ წერილი გვასწავლის მივენდოთ ღმერთს და მინდობილს პირდება ღვთის შეწევნას, რამეთუ წერილ-არს ფსალმუნებში, ვითარმედ ანგელოსთა მისთა დაუბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარჰსცე ქუასა ფერხი შენი (ფს. 90,11-12). ეს აღთქმულია ყოველი მორწმუნისათვის: თუ შენ ხარ ძე ღვთისა, მით უმეტეს, ღმერთი შენთვის ყველაფერს გააკეთებს, თუკი შენ ისურვებ.

ასე ეშმაკურად აბამდა თავის ქსელს მტერი. მან დაინახა, რომ წმიდა წერილი, ღვთის სიტყვა, იყო კანონი ქრისტე მაცხოვრის ცხოვრებისათვის, ამიტომ ისიც შეეცადა დაყრდნობოდა წმიდა წერილს, ოღონდ თავისებურად, თავისი ბოროტი მიზნების შესაფერისად, განემარტა იგი. მაგრამ ამ ბოროტ შეგონებებსაც უფალმა საღვთო წერილიდან უპასუხა სიმშვიდითა და უბრალოებით: ჰრქუა მას იესო: მართალია წერილში არის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ წერილის ამ სიტყვებით კაცმა განზრახ არ უნდა ჩაიგდოს საფრთხეში თავი, განგებ არ უნდა შეამთხვიოს თავს განსაცდელი. შენ მოიტანე წერილიდან სიტყვები: „ანგელოსთა მისთა დაუბრძანებიეს შენთვის“, მაგრამ არაფერი თქვი იმაზე, რაც იქვე წერია შემდეგ: „ყოველთა შინა, გზათა მისთა“, ის კი, რასაც შენ მე მთავაზობ, - არ არის გზა, ღვთისაგან განსაზღვრული. იგივე წმიდა წერილში, მეორე სჯულის წიგნში (6,16) წერილ არს: არა განჰსცადო უფალი ღმერთი შენი. ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ღვთისაგან სასწაულის მოთხოვნა არის ცოდვა, მართალია უფალი მზადაა სასწაული მოახდინოს იმათთვის, რომელთაც იგი სწამთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად დიდი საფრთხეა, და არა მაშინ, როცა ეს ადამიანს თავში მოუვა: - ასეთი პასუხით, - ამბობს წმ. ოქროპირი, უფალი გვასწავლის, რომ ეშმაკი უნდა დავამარცხოთ არა სასწაულებრივი ნიშნებით, არამედ უბოროტებითა და სიმდაბლით და არაფერი ვაკეთოთ ფუჭი დიდებისათვის, თავის გამოჩენისათვის. როგორი დიდებული მაგალითია ყველასათვის, ვინც კი სულიერი სიამაყითაა დაავადებული, ვისაც ღვთის რჩეულად მიაჩნია თავი, და ყოველგვარი საჭიროების გარეშე განსაცდელებს ითხოვს თავისით! როგორი გაკვეთილია იმისთვისაც, ვინც სათავისოდ, თავისი გაგებით ცდილობს ღვთის სიტყვის განმარტებას! მაცხოვარმა გვაჩვენა, რომ არ შეიძლება ცალკეული ადგილების ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოღება ისე, რომ სხვა დანარჩენ ადგილებს, იგივე საღვთო წერილისა, არ მივაქციოთ ყურადღება. სწორედ ასე იქცევიან ისინი, რომელნიც თავიანთი სიბრძნის მიხედვით განმარტავენ ღვთის სიტყვას. ასე აკეთებენ სექტანტები და მათი მსგავსნი. ნეტავი ეფიქრათ მათ: ვის ემსგავსებიან ამით?

ასე, რომ ეშმაკმა ვერ შეძლო დაეჭვებითაც უფლის დამარცხება. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დაეკარგა რწმენა მისი დიდებისმოყვარებითა და ანგარებით დამარცხებისა. შეიძლება იგი ასეც სჯიდა: „ხომ არ შევცდი მე, როცა ეს კაცი მივიჩნიე სასწაულმოქმედად? მართლაცდა, მას ჯერ არც ერთი სასწაული არ მოუხდენია, მე კი სასწაულს ვითხოვდი მისგან; იგი იმიტომაც არ დამყვა მე, რომ არ შეუძლია სასწაულის მოხდენა. ეხლა გამოვცდი ყველაზე საიმედო საშუალებას: მოვხიბლავ მას დიდების სურვილით“... - ნუ გაიკვირვებ, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - რომ ეშმაკი ცდიდა რა ქრისტეს, ხან აქეთ აწყდებოდა, ხან - იქით. როგორც სასიკვდილო ჭრილობის მიღების შემდეგ, სისხლის დენისაგან მიღებული ძლიერი თავბრუსხვევის მქონე მეომარი, მიედ-მოედება ყველა მხარეს, ასევე ისიც, ქრისტესაგან ორჯერ უკვე დამარცხებული, იმას ამბობს, რაც მოუვიდა თავში... კვალად წარიყუანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა. - გადმოცემა მიუთითებს იგივე იუდეას უდაბნოს მთაზე, სადაც პირველად გამოიცადა ქრისტე, - ამ მთიდან ცხადად იშლება მთელი იორდანის მხარე მკვდარი ზღვიდან გალილიის ზღვამდე; სწორედ ამ მთიდან ეშმაკმა უჩუენნა მას - იესო ქრისტეს, - ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდება მათი - ყველაფერი, რაც კი არსებობს დედამიწაზე მშვენიერი, საუკეთესო, უმდიდრესი... ყველაფერი ეს სატანამ აჩვენა ერთი თვალის მოკვრით, ოცნებით ანდა მოჩვენებით, მისცა თვალთახედვა განსაკუთრებული, რადგან ადამიანი უფრო ადვილად ბრკოლდება იმით, რასაც ხედავს, ვიდრე იმით, რაც მას ესმის. თვითონ ეშმაკი უყურებდა ბოროტი სიხარულით: იგი ხარობდა იმით, რომ მოასწრო მილიონობით ადამიანის დაცემა და მოქცევა ცოდვისა და კერპთთაყვანისმცემლობის ტყვეობაში, რითაც მათ მიაყენა უამრავი უბედურება და სატანჯველი. მას იმედი ჰქონდა, რომ ის მცირერიცხოვანი მართალნი, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ებრაელთა შორის, მალე გახდებოდნენ მისი კუთვნილნი: იგი შესძლებდა მათ შეცდენასა და დაღუპვასაც... ქრისტე მაცხოვარი კი ქვეყანას უყურებდა უდიდესი წუხილით: იგი წუხდა ადამიანთა ცოდვებისათვის. იგი სიყვარულით ფიქრობდა: რამდენი ტანჯული და დაჩაგრული გული ელოდა მისგან შვებას, რამდენი სიბნელეში მყოფი მოელოდა ნათელს მისგან!.. და იგი ადამიანთა ცოდვილი მოდგმისათვის სიყვარულით იწვოდა, ადამიანთა გადასარჩენად სიკვდილი სწყუროდა... ვინ იცის? იქნებ იმ აზრმა, რომ მალე დადგებოდა დასასრული ეშმაკის მეფობისა, რომელიც მან ღვთისაგან მიიტაცა, რომ მალე ჯვარით შეიმუსრებოდა თავი გველისა - შემაცდენელისა, - შეიძლება ამ აზრმა სიხარული მოჰფინა ღვთაებრივ სახეს მაცხოვრისა... ეშმაკმა კი, ვერ ხვდებოდა რა საიდუმლოს მისი სულისა, იფიქრა, რომ ეს იყო სიხარული მოკეთისა, რომ თითქოს ქრისტე მზად იყო დაყოლოდა ცდუნებას. და აი, იგი დაეშურა ამის გამოყენებას: და ჰქრუა მას: მე ვხედავ ეხლა, რომ შენ არა ხარ ღვთის ძე; შენ ვერ შეძელი ქვის პურად გადაქცევა; შენ არ ისურვე დაყრდნობოდი ღვთის ძალას, - ერთი სიტყვით: შენ არ გინდა გამოცდა ღვთისა. მაგრამ შეიძლება იქცე - მესიად, ისე რომ არ გამოსცადო უფალი. მე მზად ვარ დაგეხმარო შენ ამაში. შეხედე: რასაც უყურებ, მთელი ქვეყნიური მეუფება, ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე...

აი, როგორ უტიფრობამდე მივიდა სატანა: იგი საკუთარ თავს მიაწერს ხილულ ქვეყანაზე უფლებას, იმას, რაც მხოლოდ ღვთის კუთვნილებაა და ითხოვს, რომ უფალ იესო ქრისტეს მისთვის, როგორც ღმერთისათვის თაყვანი ეცა... მას სურს, რომ ქრისტე განდგომოდა თავის დიდებულ საქმეს - ადამიანთა მოდგმის გადარჩენას და, პატივისა და, ქვეყნიური ანგარების გამო გამხდარიყო მორჩილი მონა მისი - სატანისა!.. ამ უკანასკნელ გამოცდაში ეშმაკმა თავი მოუყარა მთელ თავის ჯოჯოხეთურ ცდუნებათა ძალას. პატივსა და სიმდიდრეს, რომელთაც იგი სთავაზობდა, მიყავს კაცი ფუფუნებასთან, სხეულის ტკბობასთან და სიამაყესთან, თვითდაჯერებასა და ფუჭ დიდებასთან. იგი იმ სამეფოს მოწყობას სთავაზობდა მას, რომელზედაც ოცნებობდნენ ებრაელნი, ცოდვასთან შებრძოლების გარეშე რომ სურდათ, ტანჯვათა გადატანის გარეშე, უწვალებლად. ეს აღარ იქნებოდა სამეფო ღვთისა, ზეციური სამეფო, არამედ მხოლოდ მიწიერი, ადამიანური, სადაც უმაღლეს მეუფედ ქრისტე მაცხოვარი კი არა, არამედ ის ეშმაკი-მაცდური იქნებოდა. ჩვენი უფლისა და მისი მოყვარული გულისათვის, გამოცდა იმაში მდგომარეობდა, რომ ეშმაკი სთავაზობდა მთელს ქვეყანაზე უფლებას ასე იოლად და იაფად: თაყვანი მეცი და ყველაფერი შენი იქნება... რა საჭიროა ეწამო და მოითმინო სატანჯველნი?..

ო, ღმერთო, ჩვენ ცოდვილთაგან რომელი გაუძლებდა ამოდენა ცდუნების წინაშე დგომას? მტერი ჩვენი არა გვცდის სამეფოებით: რაღაც წვრილმანებიც კი ზოგჯერ საკმარისი ხდება იმისათვის, რომ ჩვენ ვეთაყვანოთ მას. - მაგრამ მან, ყველას დამღუპველმა, არ იცოდა საქმე ვისთანა ჰქონდა; არ იცოდა, რომ ღვთის ძის წინაშე იგი მამა ღმერთსა გმობდა. და უფალმა იესომ ვეღარ მოითმინა ასეთი საშინელი ღვთის გმობა: მაშინ ჰრქუა მას იესო - უთხრა ისევე მშვიდად, მაგრამ ამავე დროს, თავისი ღვთიური და მბრძანებლური სიტყვით: წარვედ ჩემგან გამშორდი, სატანა - მოწინააღმდეგევ ღვთისა! და თავისი ღვთაებრივი მოქმედება საღვთო წერილის სიტყვებით დაამოწმა: რამეთუ წერილ-არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-ჰსცე, და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. ხედავთ, სადამდე გაგრძელდა ეს ბრძოლა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - ქრისტემ არ დაუშვა ანგელოზთა გამოჩენა, რათა ამას არ გაექცია ის, ვისი დაჭერაც სწადდა მას, მაგრამ როცა იგი დაამარცხა და აიძულა, რომ გაქცეულიყო მისგან, მაშინ გამოჩნდნენ ანგელოზები. როგორ ეხმარებოდნენ უდაბნოში ანგელოზები უფალს, - ამაზე არაფერია ნათქვამი: შეიძლება მათ მოართვეს უფალს საზრდო, რომელიც მას სჭირდებოდა, და ამ გზით, სასწაულებრივად, თავისი ნების გარეშე, დააკმაყოფილეს მასში შიმშილის გრძნობა.

ყველაფერი ეს შენთვის მოხდა, ქრისტიანო, ისურვე მაცხოვარის გამარჯვება და მიემსგავსე მას. თუ, ეშმაკის რომელიმე მსახური მოგეახლება, და მოინდომებს შენს დაცინვას და გეტყვის: „გადაადგილე მთა, თუ შენ სასწაულმოქმედი და დიდი ადამიანი ხარ“, შენ ნუ შეძრწუნდები და მშვიდად უპასუხე მას, როგორც ქრისტე მეუფემ უპასუხა: „არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“. მარტო ერთი მეუფე კი არ გამოსცადა ეშმაკმა, ყოველი მისი მონის წინააღმდეგ აწყობს იგი იმავე ხლართებს, არა მარტო თვითონ, არამედ ამას აკეთებინებს ხალხს, ჩვენ ძმებსა და ახლობელ ადამიანებსაც; რა უნდა ვქნათ ჩვენ? არანაირად არ უნდა ვენდოთ მას, უნდა მოვიძულოთ იგი, და რაც უფრო ბევრს დაგვპირდება, მით უფრო უნდა განვეშოოთ მას. იგი ჩვენთან ეწევა შეურიგებელ ბრძოლას: ჩვენ იმდენს არ ვზრუნავთ ჩვენი გადარჩენისათვის, რამდენსაც იგი ზრუნავს ჩვენს დასაღუპად. მასთან ძლევამოსილ იარაღად უნდა ვიქონიოთ ღვთის სიტყვა: ამ იარაღით თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოიპოვა ბოროტების თავზეც გამარჯვება, რაც ჩვენთვის კეთილმისაბაძი მაგალითია. და აღნიშნული სულიერი მახვილის სამჯერ მოქნევით, ეშმაკი ბრძოლის ველს დამარცხებული და შერცხვენილი განერიდა. შეიარაღდი შენც, ქრისტიანო, ღვთის სიტყვით, იქონიე შენს ხსოვნასა და გულში მუდამ, და არანაირი ბოროტების დამარცხება შენთვის შეუძლებელი არ იქნება. და ჩვენც, ბოროტზე გამარჯვების შემდგომ, ანგელოზები სიხარულით შეგვეგებებიან და დაგვიცავენ ჩვენს გზებზე ცხოვრებისა.