მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

განრღვეულის განკურნება კაპერნაუმში

მათე 9, 1-8

არ გეუფლებათ განა ზოგჯერ გულისწყვეტა იმის გამო, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, რომ ჩვენს დროში არც ისე ხშირია მადლიანი განკურნებანი და ღვთის განსაკუთრებული კეთილმოქმედებანი, ანდა ისე ცხადად არ ვლინდებიან, როგორც ამას ვხედავთ სახარებაში? ეს სამწუხაროდ ხდება ჩვენივე მიზეზით: - „თქვენი ცოდვები გაშორებენ, და არიან თქვენსა და ღმერთს შორის“- ამბობს წინასწარმეტყველი. ამ ჭეშმარიტებას განსაკუთრებით ცხადად ხსნის სახარების მოთხრობა განრღვეულის განკურნებისა კაპერნაუმში.

- და შევიდა ნავსა, - გვიყვება წმ. მათე, და წიაღხდა წავიდა გერგესეველთა ქვეყნიდან, სადაც განკურნა ეშმაკეული, და მოვიდა გადაცურა ზღვა და მივიდა თვისად ქალაქად, ანუ კაპერნაუმში, სადაც იმყოფებოდა მუდამ, თავისი თავმდაბლური ბუნების გამო, ქალაქში შესული მაცხოვარი ცდილობდა რომ სხვებისათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ მალე გახდა ყველასათვის ცნობილი, რომ იგი დაბრუნდა ქალაქში, ამიტომ სახლთან, სადაც შეჩერდა (შესაძლოა, როგორც უწინ, ეს იყო პეტრე მოციქულის სახლი), იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ კარებთან როცა იგი სახარების მოძღვრებას ქადაგებდა, აღარც კი იყო ადგილი. მსმენელთა შორის იყვნენ ფარისევლები და სჯულისმეცნიერნი ყოველი მხრიდან, არა მარტო მეზობელი გალილეიდან, არამედ იუდეადან და იერუსალიმიდანაც კი. ისინი სულისათვის სასიკეთოდ კი არ იყვნენ მოსულნი, არამედ უფრო იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინათ ახალი მასწავლებლისათვის, რომელსაც არ ჰქონდა უფლება სწავლებისა: იმათ გულებში უკვე მაშინ ჩაისახა ქრისტეს მიმართ შური და გაჩნდა სურვილი, რომ რაიმე ღვთის სჯულის საწინააღმდეგო ეპოვათ მის მოძღვრებაში. უფალი არ ეწინააღმდეგებოდა მათ, რომ მისულიყვნენ იმ სახლში, სადაც ჩერდებოდა იგი, და ცდილობდა ჩაეგონებინა მათთვის, როგორც საღვთო წერილის მცოდნეთათვის, ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მასზე. - ახლაც თავისი სწავლა მან დაამოწმა სასწაულებით: „და ძალი ღმრთისა იყო განკურნებად მათდა“ (ლკ. 5,17).

მაშინ - ნათესავებმა ან სხვა გულშემატკივრებმა მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე ეს იყო ძლიერ დამბლადაცემული ადამიანი, საერთოდ რომ ვეღარ ფლობდა სხეულის ნაწილებს, რომელსაც შესაძლოა ენაც კი ჰქონდა წართმეული. ამ მძიმე ავადმყოფს, როგორც ჩანს, უდიდესი სურვილი გასჩენოდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მიეღწია ღვთაებრივ მკურნალ-მასწავლებელთან; წმინდა მარკოზი ამბობს, რომ იგი ოთხ კაცს მიყავდა, ამასთან მარკოზი და ლუკა ჰყვებიან, რომ სახლთან როგორც იქნა მიიტანეს იგი, მაგრამ სიმრავლის გამო ვერაფრით შეძლეს ხალხის გარღვევა და კარებში შესვლა, ამიტომ ავადმყოფი აიყვანეს სახლის სახურავზე, გახსნეს ჭერი და იქიდან ჩამოუშვეს ცხედარი ზუსტად იმ მცირეოდენ ადგილას, რომელიც უფალსა და მის წინ შეკრეილ ხალხს შორის დაეტოვებინათ მაცხოვრისადმი კეთილმოსაობის გამო; - აღმოსავლეთში სახლები უმეტესად წარმოადგენდა ოთხკუთხა ნაგებობას, რომლის შუაგულშიც ეზო იყო მოქცეული, ე.ი. სახლი ეზოს ეკრა გარს. შესაძლოა, მაცხოვარი, მეტი სიფართოვის გამო, ხალხს სახლის ოთახში კი არ ასწავლიდა, არამედ ეზოში, რომელსაც, მზის მცხუნვარებისაგან დასაცავად თხელი ტყავით ან ქსოვილით ფარავდნენ. ამ საფარებლის მოცილება სულ ადვილად შეიძლებოდა ისე, რომ ხალხისათვის, რომელიც ეზოში იყო შეკრებილი, არავითარი საფრთხე არ შეექმნათ. სახლის სახურავები იყო ბრტყელი, რომელსაც გარს მოაჯირი ერტყა. იქ თავისუფლად შეეძლო სული მოეთქვა კაცს, ამიტომაც სახურავებზე ასასვლელად სახლს ეზოდან ან ქუჩიდან კიბეები ჰქონდათ მიდგმული. ადვილი შესაძლებელია, რომ მძიმე ავადმყოფის გულშემატკივრებს, ამ კიბეებით ესარგებლათ რათა სახურავიდან ჩამოეშვათ სხეული იესოსთან. ცხადია, რომ ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ისინი თავიანთი მოქმედებით გამოხატავდნენ ქრისტესადმი დიდ რწმენას.

„მაცხოვარი, - მბობს წმინდა ოქროპირი, ყოველთვის არ ითხოვდა რწმენას მწუხარეთაგან, მაგალითად რომ ვერ უხმობდნენ გონებას ან ავადმყოფობის გამო იგი წართმეოდა მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რწმენა რომ არ ჰქონოდა, არც მისცემდა ნებას, რომ სახურავიდან ძირს ჩაეშვათ, იგი კი დათანხმდა ყველაფერზე; რომ სახლიდან გამოეყვანათ, აეყვანათ სახურავზე და იქიდან ქრისტესთან ჩაეშვათ რას არ მოიფიქრებს ძლიერი სურვილი კაცისა, როგორი კეთილგონიერია სიყვარული. ჭეშმარიტად, „ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს, და რომელი ირეკდეს განეღოს“ (ლკ. 11,10).

რამდენადაც განრღვეულმა და მისმა შემწეებმა აჩვენეს ასეთი რწმენა, უფალმა იმდენადვე გამოაჩინა თავისი ღვთაებრივი ძალა: იხილა იესომ სარწმუნოებაი მათი, და ჰრქუა განრღუეულსა მას, თავისი ცოდვების შემცნობს, ეხლა გაუბედავად რომ უმზერდა ყოველივეს მკურნალ იესოს: ნუ გეშინინ, შვილო! მოგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი, რომლებიც ასე აშფოთებენ საცოდავ შენს სულს! აი, მაგალითი იმისა, როცა ყოველი სიკეთის მომცემი, წყალობას იქამდე გვაძლევს, ვიდრე ამას ჩვენ შევთხოვდეთ, და ეს წყალობა ჩვენს სათხოვარზე მეტია. აი, ხილული გამართლება იმ ჭეშმარიტებისა, რომ რწმენით ლოცვას წმიდა საიდუმლო ზეთისკურთხევაშიც შეუძლია ავადმყოფს უშველოს, როგორც ამას გვასწავლის წმიდა მოციქული იაკობი: „ლოცუამან სარწმუნოებისამან აცხონოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდუა რაიმე ექმნეს, მიეტეოს მას“ (იაკ. 5,15).

„მართლაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება, - მსჯელობს მიტროპოლიტი ფილარეტი: ერთი რწმენა ღებულობს ამას... მის მოწყალებაზე არ არის მარტო საქმე, ასევე საჭიროა, რომ საქმე არ იქცეს ჩვენს რწმენად, მაგრამ როგორც ერთს სწამს, მეორე კი იკურნება, ერთს სწამს, სხვას კი ცოდვები იპატიება? - სული სხეულზე მეტია, მადლი ბუნებაზე უმეტესი; რწმენა აღემატება განსჯას, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სხეულისათვის გაუგებარია, როგორ მოქმედებს მადლი; გონებისათვის მოუწვდომელია, როგორ მოქმედებს რწმენა. მოკლედ, არის გარკვეული შესაძლელობა, რათა „სარწმუნოებით გვიცნობიეს“(ებრ. 11,3) თვით რწმენა და მისი მხსნელი მოქმედებაც, სახარებაში მოხსენიებული განრღვეულის მსგავსი სულები, ერთის მხრივ, რწმენით ისწრაფოდნენ ქრისტესაკენ, მეორე მხრივ - კაცთმოყვარებითა და თანაგრძნობით ეკვროდნენ განრღვეულს; და ხედვდა იესო მათ რწმენას, და მადლი გადავიდა მისგან მათი სულების მეშვეობით განრღვეულის სულსა და სხეულზე, და განრღვეულის სული რწმენით გაიხსნა მადლის მისაღებად“ - ცოდვებში, - სულის ამ სნეულებებში, უმეტესად იმალება მიზეზი ხორციელი სატკივრებისაც: სხეულის დამბლა, დარღვევა, შეიძლება მომხდარიყო ვნებების მონებისა ან მომეტებული სმისგან. გულთამხილავი უფალი ხედავდა ავადმყოფის მწუხარე სულს, ხედავდა რომ იგი უფრი მეტად თავისი ციდვების შეცნობით იტანჯებოდა, ვიდრე სხეულის სიდამბლავით: ამიტომ, ყველაზე უწინ ანადგურებს ავადმყოფობის მიზეზს - ავადმყოფს პატიობს მის ცოდვებს, უწოდებს რა მას მშობლიური სიყვარულით თავის შვილს, - პატიობს როგორც ამის უფლების მქონე, რითაც აჩვენებდა თავის თანასწორობას მამა ღმერთთან. იგი თავის მტრებსაც კი აიძულებს, რომ მათაც ეღიარებინათ მისი ღვთაებრივი ღირსება.

„მაცხოვრისათვის, - ამბობს წმ. ოქროპირი, უცხო იყო პატივმოყვარეობა: იგი მაშინვე როდი შეუდგა განრღვეულის სხეულის განკურნებას, არამედ თავისი მტრებიდან ელოდა იგი საამისო მიზეზს, და ამიტომ პირველად მკურნალობს უხილავს, ანუ სულს, ცოდვების მიტევებით, - რამაც განრღვეულს მიანიჭა განკურნება, ხოლო მკურნალს არ მოუტანა დიდი დიდება, მწიგნობრებმა, რომლებიც ბოროტებით იყვნენ სავსენი, და სურდათ რა ღვთის გმობაში იესო დაედანაშაულებინათ, უნებურად ადიდეს იგი განკურნებისათვის“.

და აჰა ესერა, მწიგნობართაგან ვიეთმე ჰსთქუეს გულთა შინა მათთა თავიანთ გულებში გაიფიქრეს: ვითარმედ ესე ჰგმობს, - ისაკუთრებს იმას, რაც მხოლოდ ღმერთის კუთვნილებაა, „ვინ არს ესე, რომელი იტყვის გმობასა? ვის ხელეწიფების მიტევება ცოდუათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ (ლკ. 5,21). რაღატომ ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ იმას, რომ ეს ღვთაებრივი მასწავლებელია სწორედ ის, რომელმაც უკვე მოახდინა უამრავი სასწაული და რომელიც განცხადებით ეუბნება მათ: „დაღაცათუ ჩემი არა გწამს, საქმენი გრწმენედ“ (ინ. 10,38), ვის სიტყვას ემორჩილებოდნენ ეშმაკები, ქალი, ზღვა და ყოველგვარი ადამიანური ავადმყოფობანი?.. მათ არ შეეძლოთ გაცხადებით გამოეთქვათ თავიანთი აზრი, ისინი ბოროტებას სჩადიოდნენ თავიანთი სინდისის წინაშე, თვალთმაქცობდნენ, ვითომ ღვთის დიდებისათვის ირჯებოდნენ, სინამდვილეში კი ღმერთსა გმობდნენ, „მაგიერს მიუზღავდნენ მას თავიანთი ვნებებისათვის, ფიქრობდნენ კი, რომ შურს იძიებდნენ ღვთის გმობისათვის“. - „ისინი ოცნებობდნენ, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, რომ თითქოს ღმერთს არ შეუძლია იმოქმედოს სხვანაირად და არც უნდა იმოქმედოს, სჯულის გარეშე, ისე, რასაც გაიაზრებენ და მას მიაწერენ ებრაელთა ბრძენი მწიგნობრები“. და აი მაცხოვარმა ისარგებლა მათი ამ საიდუმლო გმობით, რათა უფრო ცხადად ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ღირსება; და უპირველესად, მან განაცხადა დაფარული გულისნადები, „შენ, რომელმან უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული“ (2 ნეშტ. 6,30). დავითი ამბობს: „რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო“ (ფს. 7,9). წინასწარმეტყველი იერემია ბრძანებს: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას“ (იერ. 17,9). და თვით ღმერთიც ამობობს: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფ. 16).

ამრიგად, სურდა რა ეჩვენებინა, რომ იგი არის ღმერთი, მამის სწორი, მან გახსნა და აღმოაჩინა ის, რაზეც მწიგნობრები მხოლოდ ფიქრობდნენ თავიანთ თავზე გულში, რადგან ეშინოდათ ხალხისა. მაგრამ აქაც უფალმა გამოაჩინა დიდი სიმშვიდე: იცნოდა იესო „გულის-ხმა-ჰყო სულითა“ (მრკ. 2,8) ზრახუანი მათნი, და ჰრქუა მათ: რასა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ ჩემზე გულთა შინა თქუენთა, თუმცა ამას სიტყვებით არ გამოხატავთ? მე ვიცი - რასაც თქვენ გულებში ფიქრობთ: „ასე ყველასათვის ადვილია განდიდება: იარე და თითოეულს უთხარი: „მოგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“. მაგრამ სად არის მტკიცება იმისა, რომ ცოდვები, სინამდვილეში ეპატიაო? ეს ხომ ღვთის საქმეა, ეს ხომ ისაა, რაც ადამიანის თვალისათვის არის დაფარული. მარტო სიტყვებით კი არა, საქმით დგვიმტკიცე, რომ შენ გაქვს უფლება ამის თქმისა, რომ შენ არ ცრუობ, როცა ისაკუთრებ ცოდვების მიტევების უფლებას“. მართლაც არავის შეუძლია აპატიოს ცოდვები, იმის გარდა, ვინც ხედავს ადამიანთა ფიქრებს, იცოდეთ, რომ მე ვხედავ თქვენს გულში ნადებს.

„გაიაზრეთ, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, როგორი იქნებოდა ყოვლისმხილველობის გაცხადება იმათთვის, ვისზედაც მიანიშნებდა იგი. მათ ეგონათ, რომ საშიში არ იქნებოდა ხალხის წინაშე მათი არაკეთილი აზრების მხილება. როგორი შეშფოთებულები და დამცირებულნი იქნებოდნენ ისინი, როცა სწორედ ის გაცხადდა, ყველას წინაშე, რასაც საგულდაგულოდ მალავდნენ გულში, როცა გამოიცნო არა მარტო მათი დაფარული ზრახვები, არამედ მათი დამამცირებელი მდგომარეობაც, რომ ისინი იყვნენ არა გულწრფელნი და სულმოკლენი; როცა უფლის სასწაულებრივი სიტყვებითა და მოქმედებით, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მათი ზრახვები იყო არა მარტო უსაფუძვლო, არამედ დანაშაულებრივი“, რა უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევენ შენ ცოდუანი შენნი, განაგრძობს მაცხოვარი, ანუ სიტყუად: აღჰსდეგ და ვიდოდე? რა უფრო ადვილად გეჩვენებთ თქვენ: სხეულის განკურნება დამბლისაგან თუ სულის გათავისუფლება ცოდვისაგან? რა თქმა უნდა, სხეულის განკურნება. მაგრამ რადგან სულის განკურნების დანახვა შეუძლებელია, ხოლო სხეულის განკურნება ადვილად დასანახია, ხოლო ჩემი სიტყვენი თქვენ დიდების მოყვარებად მიგაჩნიათ, აი თქვენ სხვაგვარი დასაბუთება, ჩემი ღვთაებრივი ხელმწიფების დასამტკიცებლად: მე გავაცხდებ თქვენს დაფარულ ზრახვებს. - თქვენ გაჩუმებულნი ხართ? თქვენ მზად ხართ უარყოთ თქვენი ფარული ზრახვები? მაშინ მე მესამე მტკიცებასაც მოვიტან ჩემი ღვთაებრიობის დასამოწმებლად: მე განვკურნავ სხეულს ავადმყოფისას. ეს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია, ვიდრე სულის განკურნება, სხეულს კურნავდნენ ღვთის ძალით წმინდა ადამიანებიც; მაგრამ ეს სასწაული აშკარაა: ხილულის მეშვეობით უხილავში უნდა დარწმუნდეთ. ჩემი საქმით, ახლა ყველას წინაშე რომ მოვიმოქმედებ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ „რომელი იგი ხატი ღმრთისა იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა“ (ფილ. 2,6) რომ მე არ ვითვისებ ადამიანთა ცოდვების მიტევების უფლებას, ხოლო რათა უწყოდეთ, რამეთუ ხელმწიფება აქუს ძესა კაცისასა, რომელიც არის განხორციელებული ღვთის ძე, ქუეყანასა ზედა, ეხლაც, როგორც ღმერთს, აქვს არა ვინმესგან მიცემული, არამედ საკუთარი, ღვთაებრივი უფლება მიტევებად ცოდუათა: ამის შემდეგ, მაშინ უფალი ამოუბრუნდა ავადმყოფს და ჰრქუა განრღვეულსა მას - აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი, და წარვედ სახიდ შენდა! ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ სურდა მას, რომ ეცნოთ მამა ღმერთის სწორად. მან არ თქვა რომ ძე კაცისას სჭირდებოდა სხვისგან შეწევნა, არამედ თქვა: „ხელმწიფება აქუს“. და ეს მან თქვა არა პატივმოყვარეობის გამო, არამედ იმისათვის, რომ მტრები დაერწმუნებინა იმაში, რომ იგი არ გმობდა ღმერთს, როცა თავს მამა ღმერთის სწორად აცხადებდა. როცა თავიდან ესაუბრებოდა განრღვეულს. მაშინ ჯერ კიდევ მთლად გარკვევით არ მოიხსენია თავისი უფლება, რადგან არ თქვა: მე შეგინდობ შენ ცოდვებს, არამედ თქვა: „მოგეტევნენ შე ცოდუანი შენნი“; მაგრამ როცა ამაში უნდა დაერწმუნებინა მტრები, უკვე ცხადად გამოთქვა თავისი უფლება: „ხელმწიფება აქუს“. უფალი ყოველგან ცდილობდა წარმოედგინა გარკვეული და უტყუარი მტკიცებანი, ასევე იყო აქაც: განრღვეულისათვის ცოდვების პატიების დასამტკიცებლად, ჯანის სიმრთელეს უბრუნებს მის სხეულს; ამის დასამტკიცებლად კი სთხოვს თავისი ქვეშაგების აღებას, რათა მის მიერ მოხდენილი სასწაული ვინმეს სიცრუედ არ მიეჩნია“. და ყველას გასაოცრად, მისმა სიტყვამ მაცოცხლებელი ძალა შეიტანა მძიმე სნეულში, რომელსაც აქამდე არაფერი შეეძლო, და განრღვეულმა მაშინვე შეასრულა მკურნალის ბრძანება: და იგი მეყუსეულად აღჰსდგა, და წარვიდა სახიდ თვისად - მან მხნედ გაარღვია აქ შეჯგუფებული ხალხი.

„შეიძლება იკითხოთ, - ამბოს მიტროპოლოტი ფილარეტი: რა უფრო გასახარი მოსასმენი იყო განრღვეულისათვის: „მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“, თუ „აღსდეგ... და წარვედ“? - მე ვფიქრობ, რომ მიტევების სიტყვა იმდენად სასიხარული იყო მისთვის, რამდენადაც სული და სიმრთელე სულისა უფრო მნიშვნელოვანია სხეულსა და მის ჯანმრთელობაზე“. - ეხლა უკვე ყველას შეეძლო დაენახა, რომ მომხდარი სასწაული - არ იყო ოცნება: ავადმყოფობის მოწმეები, უფალმა გახადა მოწმეებად საკვირველი გამოჯანმრთელებისა, ავადმყოფის სრული განკურნებისა და მან, თითქოს ასე მიმართ განკურნებულს: „მე მინდოდა შენი ავადმყოფობით მათი განკურნებაც, რომელთაც თავი ჯანმრთელად მიაჩნდათ, სიმანდვილეში კი სულით არიან ავად; მაგრამ რადგან ეს არ სურთ მათ, წადი სახლში და გამოასწორე ისინი, ვინც იქა გყავს. - ხედავ, როგორ გვიჩვენებს უფალი, რომ იგი არის შემოქმედი სულისა და სხეულისა? რადგან ავადმყოფს კურნავს, როგორც სხეულის, ისე სულის დამბლისაგან, და ხილულის მეშვეობით გვიხსნის უხილავს“.

მახარებლები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როგორ განეწყვნენ ამ სასწაულისადმი ფარისევლები: ალბათ მათზე კარგი არაფერი ეთქმოდათ, ხალხს კი, თუმცა თავისი უბრალოების გამო, არ შეეძლო იქამდე ამაღლება, რომ ღვთაებრივი სასწაულმოქმედში ეცნო თვით უფალი ღმერთი და იესო ქრისტე დიდ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ, და მაინც, მათ ამაყ სჯულისმცოდნეებზე უფრო გონივრულად ესმოდათ: იხილა რა ესე ერმან მან, და უკვირდა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოჰსცა ესე ვითარი ხელმწიფება კაცთა. კეთილკრძალული შიშით ამბობდა ხალხი: „უდიდებულესი დიდება დღეს; არა სადა ესრეთ ვიხილეთ“ (ლკ. 5,26; მრკ. 2,12). „ისიც არ იყო ცოტა, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ისინი უფალს აყენებდნენ ადამიანებში ყველაზე მაღლა და აღიარებდნენ ღვთისაგან მოვლენილად. იუდეველებს ეს რომ მტკიცედ ჩაებეჭდათ გონებაში, შემდეგში მცირედ-მცირედ საბოლოოდ მაინც მიხვდებოდნენ, რომ ქრისტე არის ღვთის ძე“.

ქრისტე მაცხოვარი, განრღვეულზე მოხდენილი სასწაულის შემდგომ, აღარ დარჩა კაპერნაუმში, „რათა, - როგორც შენიშნავს წმ. ოქროპირი, - თავისი ყოფნით არ გაეძლიერებინა მწიგნობრებში შური, ამიტომ განერიდა იქაურობას. ასევე ჩვენც არ უნდა გავაღიზიანოთ ჩვენი მტრები მათთან ყოფნით, არამედ იმისათვის, რომ შევარბილოთ მათი მრისხანება, უმჯობესია, დავუთმოთ და მოვერიდოთ“. „ძმებო, - გვასწავლის მიტროპოლიტი ფილარეტი, - ქრისტესა და სახარებას ახლა საქმე აქვს არა მწიგნობრებთან და იუდეველებთან, არამედ ჩვენთან. გავიაზროთ მისი ყოვლისმხილველი მოქმედება ჩვენზე. ხომ არ შემოდის ზოგჯერ ჩვენს გულებშიც უსამართლო ან ვნებიანი განსჯა, სიძულვილი, შური, სიავე, უკანონო გულისთქმა, და განა ჩვენც უზრუნველად არ ვგრძნობთ თავს იმით, რომ ყოველივე ეს არ არის გაცხადებული? როგორ ვიტყუებთ ასეთ დროს თავს! თუ გულში ბოროტი აზრი შევუშვით და არ მოვიშორეთ იგი, ჩვენ უკვე დავმდაბლდით სინდისის შინაგანი სარკის წინ. მაგრამ ეს კიდევ არ არის საკმარისი; არის მოწმე დაფარულისა, ბევრად უფრო საპატიო და მრისხანე: ყოველ ჩვენს დაფარულ ფიქრებთან ერთად იმყოფება ყოვლისმხილველი ღმერთი. დადგება დრო, როცა ეს ყოველივეს მხილველი და მამხილებელი ეჩვენება ყველას, როცა „მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისა, და განაცხადნეს ზრახუანი იგი გულთანი“ (1 კორ. 4,5). მაშინ გვიანი იქნება საუკუნო სირცხვილისაგან დამალვა, და ამ შერცხვენილებმა და შეშინებულებმა ტყუილ-უბრალოდ „იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა, და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ“ (ლკ. 23,30). ჯობია, ახლავე დავიწყოთ ჩვენი გულებიდან ამ ზრახვების განდევნა, რომელთაც ბოლოს შეუძლია შეგვრცხვინონ ზეცისა და მიწის წინაშე“.